ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1571 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:33 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-3 და მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 27-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 61 პუნქტის, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 27-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 34-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1571) მომართა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“. №1571 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2021 წლის 25 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1571 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ სადავოდ გამხდარი ნორმებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესდა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, კერძოდ, შეიზღუდა M2 კატეგორიის ავტობუსით მგზავრთა გადაყვანა, შეჩერდა სასწავლო პროცესი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესი წარიმართა დისტანციური სწავლების მეთოდებით, აიკრძალა სხვადასხვა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა და ასევე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების სადავო ნორმები ზღუდავს დღის კონკრეტულ საათებში პირთა გადაადგილებას, განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის წესებს, ადგენს კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვასთან, პირთა თავშეყრასთან და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ფიზიკური პირის კარანტინში/იზოლაციაში გადაყვანის წესსა და პირობებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე პირთა თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევის, საქართველოდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეთათვის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს აკადემიურ თავისუფლებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.
6. №1571 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები საქართველოს მოქალაქეს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რამდენადაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში, უწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსგავსი ტიპის ვალდებულება არ აქვთ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში თავისუფლდება კარანტინის გავლის ვალდებულებისგან, ხოლო ანალოგიური წესი არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რაც ამ უკანასკნელთ აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მოქალაქეობის ნიშნით. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირის კარანტინში/იზოლაციაში გადაყვანის წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დღის გარკვეულ საათებში პირთა გადაადგილების, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვასთან და პირთა თავყრილობასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს მთავრობას არ დაუსაბუთებია, კონკრეტულად რომელი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად დააწესა ასეთი მკაცრი რეგულაციები, ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვები ზედმეტად მკაცრია და არაპროპორციულად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით, საქართველოს მთავრობას გადაეცა ყველა ძირითად საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რაც არღვევს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს ძირითად უფლებათა შეზღუდვის წესთან მიმართებით.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის სააუდიტორიო სივრცეში სწავლების აკრძალვა, ერთი მხრივ, არღვევს მათი განათლების უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, მათ არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების და სკოლის მოსწავლეებთან მიმართებით, რადგანაც ეს უკანასკნელნი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას, ხოლო სტუდენტებს ცოდნის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სწავლის დისტანციური მეთოდების გამოყენებით.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
2. №1571 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების რიგ ნორმებს. სადავო ნორმები ადგენს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვასთან და პირთა თავყრილობებთან დაკავშირებულ წესებს, ასევე არეგულირებს ფიზიკურ პირთა მიმოსვლასთან და კარანტინის/იზოლაციის გავლასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით არაკონსტიტუციურად იზღუდება პირთა ძირითადი უფლებები, მაგალითად, კარანტინის/იზოლაციის გავლის წესთან მიმართებით იგი მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობის უფლება, სასწავლო პროცესის რეგულირებასთან დაკავშირებით იგი მიუთითებს სტუდენტების უფლებების დარღვევაზე, გადაადგილების შეზღუდვასა და რეგულაციებთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ ილახება ფიზიკურ პირთა კონსტიტუციური უფლებები.
3. №1571 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებიდან აშკარად იკითხება, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართავს საკუთარი უფლებების დასაცავად, კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული არაა, რომ სადავო ნორმებით პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ შეეზღუდა ან მომავალში შეეზღუდება რომელიმე კონსტიტუციური უფლება. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ იგი დაობს საქართველოს მოქალაქეთა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების და ფიზიკური პირების უფლებების დასაცავად, ხოლო თავად მოსარჩელე არ მიეკუთვნება არც ერთ ჩამოთვლილ პირთა წრეს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირთა უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1571 კონსტიტუციური სარჩელი არის actio popularis და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1571 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი