ჰოვჰანნეს სარდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1574 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ჰოვჰანნეს სარდარიან |
თარიღი | 11 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი „
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1-ლი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის მე- 9 მუხლის, მეორე პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე- 9 მუხლის, მეორე პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 31-ე მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 311 მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 313 მუხლი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე კანონის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ჰოვჰანნეს სარდარიანი, რომელიც უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარე სარჩელით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ამავე კანონის 31-ე მუხლის მიხედვით: ,,კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით. შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, წაროდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძლვები. ამავე კანონის 311 მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტია ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით და მასში აღნიშნული უნდა იყოს :
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიღების/გამოცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება; ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ვ) მოთხოვნის არსი; ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ; ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს: ა)სადავო სამართლებრივი ტექსტი; ბ)მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები; გ)საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და დ)კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სარჩელში დაცულია ზემოხსენებული მუხლით დადგენილი მოთხოვნა და სარჩელი ფორმალურად გამართულია. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით. გასაჩივრებული ნორმატიული აქტის შინაარსი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ამით ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. შესაბამისად, არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის წინაპირობები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციურ დანაწესთა შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოში სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველოფის პროცესში. შესაბამისად, როდესაც პირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებათაგან რომელიმეს დარღვევას, ადგილი აქვს დისკრიმინაციას და/ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია დარღვეული უფლებისა და თავისუფლების თუ თანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,ა“ და ,,ე“, ასევე ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
სადავო საკითხი სადავო ნორმასთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სადაოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის სანქციის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასება საქართველოს უზენაესი კანონის, კონკრეტულად კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული მათი უფლებები და თავისუფლებები. დავის საგანს წარმოადგენს კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.
მოგახსენებთ, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის შემადგენლობით, 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1/1758-18) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენში მითითებულია, რომ ჰოვანნეს სარდარიანს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს კონსტიტუციის 33 -ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობებანი აქვთ. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ჰოვანნეს სარდარიანის საქმეზე სასამართლომ (როგორც საქალაქომ,ასევე სააპელაციო სასამართლომ)არასწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა და მას განესაზღვრა დისკრიმინაციული სასჯელი. უფრო მეტიც, აღნიშნული სასჯელის ზომა წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის ( 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად მე-17 მუხლი) მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომლის მიხედვითაც აკრძალულია და დაუშვებელია ადამინის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება და მე-11 მუხლით გარანტირებულ უფლებაში (კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სახეზეა დისკრიმინაციული მიდგომა). მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა/ჩანაწერი მართლსაწინააღმდეგოდ გვირღვევს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით ინკრიმინირებულად ცხადდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კი აღნიშნული ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მოსარჩელე ბრალდებულია სწორედ ზემოხსენებული მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. კერძოდ, 1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ; 2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღეა , კერძოდ ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების ჩამონათვალს, განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი. ზემოხსენებული კანონის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები სია #1-ის 157-ე გრაფაში, მოცემულია ტეტროჰიდროკანაბინოლი, რომელიც წარმოადგენს საერთო ნივთიერებას მცენარე კანაფისაგან ნაწარმოები პროდუქტებისათვის, როგორიცაა მარიხუანა (როგორც ნედლი, ასევე გამომშრალი), კანაფის ზეთი, კანაფის ფისი. სწორედ აღნიშნული ნივთიერების შეძენა, შენახვა გასაღებისთვის იხდის მოსარჩელე (დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ) სასჯელს.
2019 წლის 19 ნოემბრის დასკვნით, ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ფუძე, რომელიც მათ შორის, მარიხუანასაც აქცევს ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებად. ტეტრაჰიდროკანაბინოლის გარეშე მარიხუანა და მცენარე კანაფისაგან ნაწარმოები სხვა ნებისმიერი პროდუქტი არ იქნებოდა ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება, რადგან ვერ გამოიწვევდა ნარკოტიკულ თრობას და არ იქნებოდა ფსიქოაქტიური ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში, ნივთიერება არის ერთი და იგივე. შესაბამისად, მიუხედავად მისი ფიზიკური ფორმისა, სახეზეა ორი იდენტური ქმედება, რომელიც გათვალისიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და ამავე კოდექსის 2731 მუხლებით. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, იმავე მუხლის მე-6 ნაწილი კი- თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 -ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე, ხოლო მე10 ნაწილი ხუთიდან ათ წლამდე. შესაბამისად, მიმაჩნია რომ სასჯელის ის ზომა, რომელიც გამოიყენა სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიმართ დისკრიმინაციულია და არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა ბრლადებული/მსჯავრდებულებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიური შემადგენლობისათვის იხდიან 2731 მუხლით განსაზღვრულ სასჯელს (რაც დამეთანხებით ბევრად მსუბუქია). გამომდინარე აქედან მიგვაჩნია, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი (სანქცია) დისკრიმინაციულია და ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციას. მიუხედავად ადამიანის უფლებათა დაცვის მზარდი სტანდარტებისა, დისკრიმინაცია კვლავ რჩება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. იმის მიუახედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა, იგი ძალაში ტოვებს დისკრიმინაციული და კოლიზიური შინაარსის ნორმებს, რომლეთა ნორმატიული ჩანაწერი კონსტიტუციასთან შეუსაბამისობაში მოდის. გამომდინარე აქედან, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან ,როგორც უკვე ავღნიშნე, იწვევს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. კერძოდ, პირს რომელსაც 50 გრამი ან მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩნდება, მისი მსჯავრდება მოხდება დამამძიმებელი გარემოებებისათვის გათვალისწინებული სანქციით, ხოლო პირს რომელსაც 50-გრამზე ნაკლები რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება ქმედება უფრო მსუბუქი სანქციით დაკვალიფიცირდება. მიგვაჩნია, რომ კანონმდებელმა უნდა შექმნას მინიმალური გარანტიები იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა არსებითად თანასწორ პირებს დაუწესოს ერთნაირი სანქცია. აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული სიკეთეა თანასწორობის უფლება. წინამდებარე მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულიადისკრიმინაციარასის, კანის ფერის, სქესის,წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმატიული აქტის (გასაჩივრებული ნორმის სანქცია) უხეშად ხელყოფს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, უფრო ზუსტად ადგილი აქვს განსხვავებულ/დისკრიმინაციულ მიდგომას ანალოგიური შემადგენლობის ქმედებისათვის განსხვავებული სასჯელის ზომის გამოყენებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოადგენს იმ ნივთიერებას, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, მარიხუანას აქცევს მარიხუანად (რომლის უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის სასჯელის სახედ გამოიყენება შედარებით მსუბუქი სასჯელი). ტეტრაჰიდროკანაბინოლის გარეშე არც მარიხუანა და სხვა ნებისმიერი მცენარე კანაფისგან ნაწარმოები პროდუქტი არ იქნებოდა ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ვერ გამოიწვევდა ნარკოტიკულ თრობას (არ ექნებოდა ფსიქოაქტიური ზემოქმედება ადამიანზე). ტეტრაჰიდროკანაბინოლი იდენტურია მარიხუანაში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლისა, ორივე შემთხვევაში ნივთიერება არის ერთიდაიგივე. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები სია #1 157-ე და 164-ე გრაფა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები სია #1 -ის 92-ე გრაფაში მოცემული ნარკოტიკული საშუალებების, მარიხუანის შემთხვევაში ვიღებთ ორ იდენტურ ქმედებას, კონკრეტული ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების შეძენა-შენახვასა და გასაღებას. ერთის მხრივ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს (როგორც უკვე მოგახსენეთ) თავისუფლების აღკვეთას შიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ. მეორე მხრივ, სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე, ხოლო იგივე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისიწნებული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე.
ვინაიდან, როგორც უკვე ავღნიშნე, სახეზეა ორი იდენტური ქმედების შემადგენლობა და არსებითად განსხვავებული სანქციები, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული სიკეთის „ თანასწორობის უფლების“ არსებითი ხელყოფა.
დისკრიმინაციის ცნების ზოგად განმარტებას გვაძლევს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრვის შესახებ“, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ადამიანის უფლება იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან განმტკიცებულია არა-ერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია“-ზე. ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის,... თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმატიული აქტი უხეშად ხელყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. გასაჩივრებული ნორმის სანქციის მიხედვით, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან 14 წლამდე, მაშინ როდესაც ანალოგიური ქმედების შემადგენლობაზე დწესებული სასჯელის ზომა ბევრად მსუბუქია. აშკარაა, რომ სახეზეა არსებითად თანასწორი ბრალდებული/მსჯავრდებული პირების არათანასწორ უფლებრივ მდგომარეობაში მოქცევა. მსგავსი საკანონმდებლო დანაწესი არსებითან თანასწორ პირობებში მყოფ პირთა წრეს, არსებითად უთანასწორო მდგოამრეობაში აყენებს. საინტერესოა რა ლეგიტუმურ მიზანს და/ან დასაბუთებას შეიცავს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის შინაარსი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს პარლამენტი განსხვავებულ მიდგომებს უწესებს ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ/ბრალდებულ პირებს.
მიმაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის თანასწორობის უფლების ხელყოფა და იგი არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ექცევა, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ტეტრაჰიდროკანაბინოლი და არა მარიხუანას, თუმცა რეალურად ეს ორივე ნივთიერება ანალოგიური შემადგენლობისაა (რაც დასტურდება ექსპერტის დასკვნით). საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (2.1). ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით - „პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგავრი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“. საინტერესოა, ასეთი განსხვავება რომელ საზოგადოებრივ წესრიგს ან/და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის რეგულირების მიზანია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ მხედველობაში აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული დაწესებული აკრალვა თუ რამდენადაა მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება. მოცემულ შემთხვევაში ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი ანუ იგივე მარიხუანა არ წარმოადგენს დაწესებული აკრძალვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატურ საშუალებას. ქართველი კანონმდებელი არ იჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს სასჯელის ზომის განსაზღვრისას და ამიტომაც ადგენს განსაკუთრებით მკაცრი სასჯელის გამოყენების სტანდარტს, მაშინ როცა გერმანული მოდელი სხვაგვარ ხედვას გვთავაზობს მსუბუქ ნაკროტიკულ საშუალებებთან მიმართებით. მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს მიეკუთვნება კანაფი, კანაფის ფისი და პრეპარატები, რომლებიც კანაფის ფისს შეიცავენ მათ შორის ტეტრაჰიდროკანაბინოლი. თქვენი ყურადღება ასევე მინდა გავამახვილო საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ გამომშრალ და ნედლ მარიხუანას შორის განსხვავებაზე იმსჯელა და დაინახა, რომ ნედლ მარიხუანაში წყლის შემცველობა მეტია, რაც ზრდის მცენარის მასას ნარკოტიკული თრობის უნარის ზრდის გარეშე, რის გამოც კანონმდებლობაში რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ მეტია, გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით. ჩვენს შემთხვევაში, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ) კანაბინოიდია, რომელიც იდენტურია მარიხუანაში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლისა, ორივე შემთხვევაში ნივთიერება არის ერთიდაიგივე. მარიხუანის მოხმარების შედეგად დამდგარი თრობა (ფსიქოაქტიური ეფექტი) სწორედ მარიხუანაში შემავალი ფსიქოაქტიური ნივთიერების -ტეტრაჰიდროკანაბინოლის მიერაა გამოწვეული. შესაბამისად, (ექსპერტის დასკვნით) ტჰკ-ს მოხმარება და მარიხუანას მოხმარება გამოიწვევს იდენტურ თრობის მდგომარეობას. აღნიშნული ნივთიერება, ტჰკ მიიღება მცენარე კანაფიდან ექსტრაქციის გზით.
სასამართლოს ყურადღება მინდა გავამახვილო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, სადაც იგი პირდაპირი დისკრიმინაციის ფორმულირებას ახდენს. ევროპული სასამართლო გვეუბნება, რომ პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს „განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ“, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი დისკრიმინაცია გამოიხატება არსებითად ერთნაირი დანაშაულის შემადგენლობისთვის მსჯავრდებული/ბრალდებული პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობაში, რაც გამოიხატება შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ( შედარებით ერთნაირი დანაშაულებრივი ქმედების ამსრულებლების მიმართ) განსხვავებული სასჯელის ზომის განსაზღვრაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებას, როგორიცაა ამოღებული სითხის შემადგენლობა, რითაც მოხდა ქმედების კვალიფიკაცია და დისკრიმინაციული სასჯელის განსაზღვრა. ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ფუძე, რომელიც მათ შორის, მარიხუანასაც აქცევს ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებად. ტეტრაჰიდროკანაბინოლის გარეშე მარიხუანა და მცენარე კანაფისაგან ნაწარმოები სხვა ნებისმიერი პროდუქტი არ იქნებოდა ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება. განაჩენში მითითებულია, რომ ექსპერტები ადასტურებენ, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის მცენარე კანაფისგან გამოყოფილი ნივთიერება. სასამართლომ უნდა განმარტოს ნორმა და არ დაუშვას სისხლის სამართლის ფუძემდებლური პრინციპის დარღვევა, როგორც ნორმათა კოლიზიის შესახებ, ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია და ღირსებებითა და უფლებებით თანასწორი იბადება. დეკლარაციის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანი განურჩევლად ყოველგვარი განსხვავებისა - რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა, უნდა ფლომდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის მიხედვით კი ყველა ადამაინი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას, ყოველგავრი განსხვავების მიუხედავად კანონის თანაბრად დაცვის უფლება აქვს. ყველა ადამიანს უფლება აქვს თავი დაიცვას ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან, რომელიც არღვევს ამ დეკლარაციას.
გასაჩივრებული ნორმის სანქცია ასევე კოლიზიაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთესთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს ღირსებაშემლახავ სასჯელს (არათანაზომიერ და არაპროპორციულ სასჯელს). კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (ძველი რედაქციით მე-17 მუხლი) ადამიანს იცავს არათანაზომიერი და ღირსებისშემლახავი სასჯელისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ასეთად ჩაითვლება სასჯელი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებისთვის პირს დააკისრებს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. დამეთანხმებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეხედულებით, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად ითვლება დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაკისრებული აშკარად არაპროპორციული საპატიმრო სასჯელი. სასჯელი არის თუ არა არაპროპორციული, დამოკიდებული არ არის თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობასთან. მოცემულ შემთხვევაში, მიგვაჩნია რომ სახელმწიფო ადამიანის თავისუფლებაში საჭიროზე მეტი დოზით ერევა. მოცემულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზანს ანუ სამართლებრივი სიკეთის დაცვას არ ემსახურება გასაჩივრებული ნორმატიული აქტი, არამედ არათანაზომიერი სასჯელი წარმოადგენს კონსტიტუციის მიღმა განხორციელებულ ქმედებას. გარდა ამისა, სადაო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სანქციის გათანაბრება ისეთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის განკუთვნილ სანქციებთან, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშაულისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახლემწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ....[ ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციის დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, სხვათა უფლებები და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახაველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -19).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები წივევს ადამიანის ობიქტდათ განხილვას და უნდა შეფასდეს, როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთვარდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდეველი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში.
პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს. იურიდიულ საზოგადეობაში ფართოდ ცნობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამეტნის წინააღმდეგ და ასევე მისი თანამდევი გადაწყვეტილებები, მცენარე კანაფისგან მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების შესახებ ნედლ მარიხუანასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაშიც, სწორედ ამგავრი საკითხი იდგა, ვრცელდებოდა თუ არა ნედლი მარიხუანის შეძენა შენახვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა გამომშრალ მარიხუანას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი შემთხვევები N3/13/789 განჩინებით და 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 განჩინება დამძლევ ნორმად მიიჩნია. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ლოგიკას, იდენტურ ნივთიერებებთან მიმართებაში გავრცელდეს ის მიდგომა, რომელიც ამსუბუქებს პირის სასჯელსა და სამართლებრივ შედეგებს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ უნდა ისჯებოდეს სხვადასხვაგვარად, გაცილებით მკაცრად ერთიდაიგივე შენთხვევა, როგორც მარიხუანასა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემთხვევაში.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მსჯავრდებულს/ბრალდებულს უნდა განესაზვროს პროპორციული სასჯელის ზომა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაპროპორციული სასჯელი კოლიზიაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. აღსანიშნავია, რომ სადაო ნორმის პრობლემა წარმოადგენს, რომ სასჯელი, რომელიც მან განსაზღვრა თანაბრად მიემართება ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ სითხეს, მცენარეს. მაშინ როდესაც ნარკოტიკული ნივთიერებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში (როგორც უკვე მოგახსენეთ) სადაო ნორმა გავრცელდა ისეთ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ანალოგიურია მარიხუანისა (2731), თუმცა სასჯელის ზომა ბევრად მკაცრი და შეუსაბამობა, რაც არსებითად არღვევს მოსარჩელის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ფუნდამენტურ უფლებებს და არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მას.
საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები განისაზღვრება კონკრეტული მასებით და არ არის დაკავშირებული მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის ეკვივალენტურ ოდენობებთან, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა განსაზღვრულია, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით. აღნიშნული დანართის მიხედვით, მცირე ოდენობად ითვლება ამავე ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელთა მცირე ოდენობებსაც შეესატყვისება მე3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ გარაფაში ოდენობაზე ნაკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებს არ გააჩნია მცირე ოდენობა. შესაბამისად, ამგვარი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობა, მათ შორის ერთ მოხმარებისთვის საჭირო ან უფრო მცირე ოდენობა საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის კვალიფიცირდება როგოც დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ამასთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების კანონმდებლობით დადგენილი მცირე ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობას. მაგალითისთვის, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ერთი მოხმარებისთვის საჭიროა 1 გრამამდე მარიხუანა, მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობად ითვლება 5 გრამზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობის მარიხუანა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-92).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს რიგი ნარკოტიკული საშუალებების, მაგალითად, კანაფის პროდუქტების მოხმარების ეფექტები და ის საფრთხე, რასაც ამგვარი ნივთიერებების მოხმარება წარმოშობს საზოგადოებისთვის. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36), ასეთივე დასკვნა გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნული ნივთიერებების მოხმარებასა და მიჩვევასთან დაკავშირებით კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „№732 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა, ისევე როგორც №592, №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებ ინტენსიური გამოყენება შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. ზოგადად, ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო ალკოჰოლზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება. ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ მისი მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
ამრიგად, ხანგრძლივი ვადით მოხმარების შემთხვევაში შესაძლებელია, შეჩვევა და აბსტინენციის მდგომარეობა გამოიწვიოს ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების, მათ შორის, ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარებამ. თუმცა საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, გამოწვევებს უკავშირდება არა ნებისმიერი, არამედ - იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომლებიც სწრაფად იწვევს შეჩვევას და აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას. იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ახასიათებს სწრაფი შეჩვევა და ხანმოკლე ვადაში არ იწვევს აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას, ასევე იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა ზემოქმედების ქვეშ პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე ჰიპოთეტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების - თავისუფლების უვადო აღკვეთის გამოყენება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადების ჩამდენ პირებთან მიმართებით, როგორებიც არის კანაფის პროდუქტები, აგრეთვე სხვა ნივთიერებები, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას, აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას ან/და რომელთა ზემოქმედების ქვეშ პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, არ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადების დასჯის ნაწილში არის მიმართული საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისაკენ. თუმცა ეს ღონისძიებები საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას არ ემსახურება იმ ნივთიერებების მოხმარების ან/და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნაწილში, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის აგრესიულ, საზოგადოების უსაფრთხოების ხელყოფისკენ მიმართულ ქცევას. სწორედ ხსენებულის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, რამდენად წარმოადგენს სადავო სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა) ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აშკარად არაპროპორციულ საშუალებას.
გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, სადაო ნორმის გასაჩივრებული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის კრიტერიუმს, პრობლემურია მისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი, ატარებს ბლანკეტურ ხასიათს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-9 მუხლებთან. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმა უხეშად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ამიტომ უნდა გაუქმდეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა