ჰოვჰანნეს სარდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1574 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 18:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ჰოვჰანნეს სარდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 164-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 1,0411 და 237.602გრამის ოდენობით უკანონო გასაღებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 164-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 239.7755 გრამის ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1574) მომართა სომხეთის მოქალაქე ჰოვჰანნეს სარდარიანმა. №1574 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 15 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს.
2. №1574 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311, 313 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (2021 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-5 ნაწილი ადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, მათ შორის, ისეთი ქმედებისთვის როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო გასაღება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი სასჯელის სახედ გასაზღვრავს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას, მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა და გასაღება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1/1758-18) მოსარჩელე მსჯავრდებულად იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით გასაღებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის. განაჩენის თანახმად, მოსარჩელემ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობის (237.602 გრამი) და დიდი ოდენობის (1,0411 გრამი) ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ასევე უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (239.7755 გრამი) ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე. მოსარჩელეს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
6. მოსარჩელის განმარტებით, ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი და მისი პროდუქტები – მარიხუანა, კანაფის ზეთი, კანაფის ფისი. ამ ნივთიერების შემცველობის გარეშე კანაფის დასახელებულ პროდუქტებს არ ექნებოდა ნარკოგენული ეფექტი და არ მოხდებოდა მათი ბრუნვიდან ამოღება. შესაბამისად, თავისი არსით, მარიხუანისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შეძენა, შენახვა და გასაღება წარმოადგენს ერთმანეთის იდენტური საფრთხის შემცველ ქმედებებს.
7. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ზომას წარმოადგენს 10 წელი, მაშინ, როდესაც ტეტრაჰიდროკანაბინოლის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის დაწესებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის პირები, რომლებმაც გაასაღეს ტეტრაჰიდროკანაბინოლი უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პირების მიმართ, რომლებმაც გაასაღეს მარიხუანა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედება არსებითად იდენტურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ორი იდენტური ქმედების შემადგენლობა და არსებითად განსხვავებული სანქციები, რაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი უთანაბრდება ისეთი მძიმე დანაშაულებებისთვის დაწესებულ სანქციებს, როგორებიცაა – მკვლელობა და გაუპატიურება, რაც ხაზს უსვამს სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის აშკარად არაპროპორციულ ხასიათს. შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
9. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით მოწვეულ იქნეს ექსპერტი დავით ოთიაშვილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1574 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 164-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 1,0411 და 237.602 გრამის ოდენობით უკანონო გასაღებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; აგრეთვე, სადავოა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 164-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 239.7755 გრამის ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის პირველი დეკემბრის (რეგისტრაციის ნომერი 1037-VIმს-Xმპ) საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ამასთანავე, ზემოხსენებული ცვლილება ამოქმედდა 2021 წლის 15 დეკემბრიდან, ე.ი. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1574 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1574 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ემუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1574 კონსტიტუციურ სარჩელზე („ჰოვჰანნეს სარდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე