საქართველოს მოქალაქეები - ნატალია დვალი, ნინო დანელია და გიორგი მელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/705 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 21:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ნატალია დვალი, ნინო დანელია და გიორგი მელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№833-რს;12/07/2013, ვებგვერდი, 25/07/2013) მე-2 მუხლის 31 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №705) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ნატალია დვალმა, ნინო დანელიამ და გიორგი მელაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2015 წლის 24 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№833-რს;12/07/2013, ვებგვერდი, 25/07/2013) მე-2 მუხლის 31 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან მანამდე არსებული სამეურვეო საბჭოს წევრები ამ კანონის 21 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, რის შემდეგაც მოხდა მათი დასაქმება მონიტორინგის საბჭოს სახით შექმნილ ახალ ინსტიტუციაში.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონმდებლის ვალდებულებას არა ახალი ინსტიტუციის შექმნა, არამედ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობა წარმოადგენდა. მონიტორინგის საბჭოს შექმნა კი არ არის მოსამსახურისთვის კანონით „დაკისრებული მოვალეობის“ ჯეროვანი საპირწონე. უფლების ნაკლებად მზღუდავ გზად შესაძლოა განხილულიყო სამეურვეო საბჭოს წევრების ჩანაცვლება მარტივი როტაციის პრინციპით და არა მონიტორინგის საბჭოს შექმნა.
7. ამასთან, მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოებს შორის ფუნქციური თვალსაზრისით არსებულ განსხვავებაზე. კერძოდ, მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაშინ, როდესაც სამეურვეო საბჭოს რეალური ბერკეტები გააჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის პროცესში.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობაზე და სადავო ნორმა გამოაცხადოს ძალდაკარგულად, რადგან ისინი შეიცავენ იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№833-რს;12/07/2013, ვებგვერდი, 25/07/2013) მე-2 მუხლის 31 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმით „გაუქმდა სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილება“, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას.
3. სადავო ნორმა ადგენს, რომ ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების მომენტის შემდეგ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრები მონიტორინგის საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად შექმნილ სისტემაში - მონიტორინგის საბჭოში. ამავე პუნქტის პირველი წინადადება კი განსაზღვრავს წესს, რომლის მიხედვითაც დგინდება ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, შეუდგეს მუშაობას. აღნიშნული წესის მიხედვით, ახალარჩეული სამეურვეო საბჭო „უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულია საბჭოს არანაკლებ 7 წევრისა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებით, სწორედ ახალარჩეული საბჭოს უფლებამოსილების ცნობის დამდგენი ნორმა იქნა მიჩნეული მანამდე არსებული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ცნობა თავისთავად გამოიწვევს მოქმედი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
4. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ანალიზით ირკვევა, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემას წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და არა, თავისთავად, ახლად შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრობის უფლებამოსილების დაკისრება. სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს არა სადავოდ გამხდარი ნორმა, არამედ, ამავე პუნქტის პირველი წინადადება, რომელზეც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავოდ გამხდარ ნორმას. შესაბამისად, №705 კონსტიტუციური სარჩელი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. №705 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე შუამდგომლობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად სადავო ნორმატიული აქტი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად.
6. როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის მცდარ აღქმას. კერძოდ, სადავო ნორმა არ ადგენს სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სწორედ სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის დამდგენი ნორმა. შესაბამისად, სასამართლოსთვის ნათელია, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურ ნორმებს არ აქვთ იგივე შინაარსი. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №705 („საქართველოს მოქალაქეები - ნატალია დვალი, ნინო დანელია და გიორგი მელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. არ დაკმაყოფილდეს №705 კონსტიტუციურ სარჩელში („საქართველოს მოქალაქეები - ნატალია დვალი, ნინო დანელია და გიორგი მელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაყენებული მოთხოვნა „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№833-რს;12/07/2013, ვებგვერდი, 25/07/2013) მე-2 მუხლის 31 პუნქტის მე-2 წინადადების განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა