საქართველოს მოქალაქეები - ნატალია დვალი, ნინო დანელია და გიორგი მელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N705 |
ავტორ(ებ)ი | ნატალია დვალი, ნინო დანელია, გიორგი მელაძე |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი:
1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები უფლებამოსილები არიან მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს;
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #№1/2/569 გადაწყვეტილება), თუმცა საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის იდენტური შინაარსის მქონე ნორმა;
5. გასაჩივრებული ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უფლებას;
6. დარღვეული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა;
7. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმადაც: „1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულია საბჭოს არანაკლებ 7 წევრისა. ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან მანამდე არსებული სამეურვეო საბჭოს წევრები ამ კანონის 21 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში“. კანონის თანახმად სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრებს შეუწყდათ უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოში და შეიქმნა ახალი ინსტიტუცია, მონიტორინგის საბჭო, სადაც დაინიშნენ წევრები „კანონით განსაზღვრული ვადით“ (აღნიშნული ვადა არცერთი კანონით არ იქნა განსაზღვრული). მონიტორინგის საბჭო გასაჩივრებული კანონის მეორე მუხლითაა დაფუძნებული. მისი ფუნქციები რადიკალურად განსხვავდება სამეურვეო საბჭოს ფუნქციებისგან. კანონის თანახმად მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. მას შეუძლია სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა სამეურვეო საბჭოსთვის და პარლამენტისთვის, რაც რადიკალურად განსხვავდება სამეურვეო საბჭოს ფუნქციებისგან, რომელსაც რეალური ბერკეტები გააჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის პროცესში. სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა საზოგადოებრივი გავლენებისგან დამოუკიდებლობის გარანტია. სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკდიებლობას კანონით განსაზღვრული გარანტიები იცავს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის განმარტებისას საქმეში - „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. - №1/2/569“ - მიუთითა: „კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს. ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელეოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“ (საკ. სასამ. გადაწყვეტილება, საქმე №1/2/569, სამოტივაციო ნაწილი, §1,2) საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს 29-ემუხლის 1-ლი პუნქტის მიზანს: „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.“ (საკ. სასამ. გადაწყვეტილება, საქმე №1/2/569, სამოტივაციო ნაწილი, §7) 2014 წლის 2 მაისს მიღებული კანონით მოხდა კიდევ ერთი გაუმართლებელი ჩარევა 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ უფლებაში, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადებული კანონის (საქმე №1/2/569) მსგავსი ნორმა. მონიტორინგის საბჭოში სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნა არ უნდა ჩაითვალოს 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უფლების დაცვად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს არა ახალი ინსტიტუციის შექმნა, სადაც არსებითად განსხვავებული ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა უფლების დაცვით მოსარგებლე პირს, არამედ „კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების“ ხელშეწყობა. მონიტორინგის საბჭოს შექმნა არ არის „დაკისრებული მოვალეობის“ ჯეროვანი საპირწონე. საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში მიუთითებს, რომ უფლების შეზღუვა უნდა მოხდეს ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ფორმით. სამეურვეო საბჭოს წევრების ჩანაცვლება შესაძლებელი იყო მარტივი როტაციის პრინციპით, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონითაა გათვალისწინებული. ამის ნაცვლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლითაც გაუქმდა სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილება, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დარღვევის სამწუხარო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურია. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი