უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/21/628 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 ოქტომბერი 2017 17:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის (2013 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №628) მიმართა უცხო ქვეყნის საწარმომ „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“-მა („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“). კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 19 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 13 ოქტომბერს.
2. №628 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს“. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით (2013 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კი, „ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავის სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, ამასთან ადგენს მისი შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2011 წლის 27 იანვარს როსტომ კურტანიძეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აუქციონის წესით გასხვისდა ქ. ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზ. №522-576-ში მდებარე 30 013,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ შემძენი 2014 წლის პირველ თებერვლამდე აღნიშნულ მიწაზე ააშენებდა ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს. ამავე წლის 18 ნოემბერს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში“ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, შემძენს ზემოთ ხსენებულ მიწაზე 2012 წლის პირველ სექტემბერს უნდა დაეწყო ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2016 წლის პირველ მაისამდე.
6. 2011 წლის 8 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, როსტომ კურტანიძეზე გასხვისებული მიწა შეიძინა უცხო ქვეყნის საწარმომ „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“-მა („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“). ხელშეკრულების თანახმად, როსტომ კურტანიძის მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელად გადავიდა ახალ შემძენზე. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის საწარმომ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მშენებლობის 2012 წლის პირველ სექტემბერს დაწყება. აღნიშნულის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 27 იანვარს გაფორმებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. 2014 წლის 27 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №01-19/252 ბრძანებით 2011 წლის 27 იანვრის გარიგება შეწყდა ცალმხრივად. შედეგად, ქ. ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზ. №522-576-ში მდებარე 30 013,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსარჩელეს არ უბრუნებს ნასყიდობის ფასის სახით გადახდილ თანხას, რის გამოც უცხო ქვეყნის საწარმომ „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“-მა („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: ა) ბათილად ცნობილიყო 2011 წლის 27 იანვარს გაფორმებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ მე-6 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლის თანახმად, გამყიდველის მხრიდან ოქმის ცალმხვრივად მოშლისა და უძრავი ქონების გამყიდველისათვის საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში მყიდველს არ დაუბრუნდებოდა მის მიერ გაწეული დანახარჯები და ბ) დავალებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოსარჩელისათვის დაებრუნებინა მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სახით გადახდილი თანხიდან - 1652715,00 ლარიდან, "ბე"-ს სახით გადახდილი თანხის - 495 214,50 ლარის გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა 1157500,50 ლარი. 2014 წლის 5 დეკემბრის №2/1515-2014წ. გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება და შესაბამისი გარიგების გაფორმება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე №628 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან მიმართებით საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შებოჭილია კანონით გაწერილი პირობებით და მისი დისკრეცია არ არის არც გაცემის პირობების და არც შემძენი სუბიექტის დადგენა. მოსარჩელეთა აზრით, ეს კონკრეტული შემთხვევა გამორიცხავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას და უნდა ჩაითვალოს, რომ მისი ქმედება - მის საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრების უფლების გადაცემა მოსარჩელეზე, წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ გარიგებას. აღნიშნულ ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შესაბამისად, ამგვარი გარიგება არ უნდა ექვემდებარებოდეს სადავო ნორმებით დადგენილ რეგულირებას და უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესებით.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების არარსებობის პირობებში დავა მოწესრიგდებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით, რაც სრულიად სხვა სამართლებრივ შედეგამდე მიიყვანდა გარიგების შეწყვეტას.
10. №628 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ პრინციპს, კერძოდ, სადავო ნორმებით დაწესდა რეგულირება, რომლის თანახმადაც, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ყველა იურიდიული პირი არ არის კანონის წინაშე თანასწორი. სადავო ნორმის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სუბიექტი სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით. ეს სუბიექტი კი სახელმწიფოა, რომელიც გარიგების დარღვევისას უკან იბრუნებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ხოლო ხელშეკრულების მეორე მხარე ვერ იბრუნებს გაწეულ ხარჯებს, ანუ ის ვერ აღდგება პირვანდელ მდგომარეობაში.
11. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მისი საკუთრების უფლებაც, რადგან სადავო ნორმების მოქმედების გამო დარღვეულია საჯარო წესრიგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რესტიტუციის პრინციპი. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები რეალურად წარმოადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამდგენ ნორმას და სანქციის სახით აწესებენ პირისათვის საკუთრების ჩამორთმევას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის N57-უ.ს.რ.ს. კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის, შეიცვალა აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი.
4. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
6. მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლთან და 45-ე მუხლთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
8. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, რადგან ნორმის რეგულირების ფარგლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
10. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ხდება იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ პირთა წრესთან მიმართებით ახდენს სადავო ნორმა მის დიფერენცირებას. იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, ქონების გამყიდველი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. გაუგებარია, მოსარჩელე, ამ შემთხვევაში ქონების მყიდველი, რატომ მიჩნევს, რომ ქონების გაყიდვა და მისი ყიდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის შესადარებელ ურთიერთობებს წარმოადგენს და სახელმწიფოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგებისას ხელშეკრულების რომელიმე მხარის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევას განაპირობებს. სარჩელში ასევე არ გვხვდება დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლებდა ქონების გამყიდველი ნებისმიერი სხვა პირი იმავე პირობებში მოეხდინა მისი ქონების გასხვისება. შესაბამისად, სარჩელში არ არის იდენტიფიცირებული არც დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორის დიფერენცირებაზეც მოსარჩელე მიუთითებდა.
11. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ნეიტრალური ხასიათისაა ნებისმიერ პირთა წრის მიმართ. მის საფუძველზე არ ხდება გარკვეულ პირებთან მიმართებით უკეთესი უფლების დადგენა მოსარჩელესთან შედარებით. სადავო ნორმებით სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველთათვის თანაბრად ხდება კონკრეტული პირობის წაყენება. სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაასაბუთებდა, თუ რა კატეგორიის პირებთან მიმართებით არის იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში.
12. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი №628 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მისი განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე იგი არახელსაყრელი პირობებით დებს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას, რაც იწვევს მისი საკუთრების უფლების შეზღუდვას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა არეგულირებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემთხვევებს. მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფომ პირობები მის მიმართ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეცვალა (მოსარჩელის შემთხვევაში, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ნორმა გაავრცელა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არ გაიზიარა და მიუთითა, რომ სადავო ნორმა ვერ გავრცელდებოდა მის ამოქმედებამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N3/ბ-05-16წ.). აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა არ ახდენს გარიგების დადების იძულებას, პრივატიზაციის ხელშეკრულება იდება მყიდველის თავისუფალი ნების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან სადავო ნორმის მიმართების სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სახელმწიფო კონტრაჰენტის მიერ გარიგების პირობაზე წინასწარი თანხმობის შემთხვევაშიც კი არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ქონების პრივატიზებისას გამოიყენოს სადავო ნორმებით დადგენილი სახელშეკრულებო პირობა.
14. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს როგორც უკვე არსებულ საკუთრებას, ასევე ადამიანის უფლებას, შეიძინოს იგი ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვა მართლზომიერი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ახდენს იმის იდენტიფიცირებას, თუ საკუთრების უფლების რომელი კომპონენტის დარღვევას ახდენს მის მიმართ სადავო ნორმა, სარჩელში არ გვხვდება არგუმენტაცია, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლების რომელიმე კომპონენტის შეზღუდვას დაასაბუთებდა.
15. აშკარაა, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს სახელმწიფოს როგორც ქონების გამსხვისებელსა და კერძო პირს, როგორც ქონების მყიდველს შორის ქონების ნასყიდობის ურთიერთობას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ წარმოაჩინოს სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართება, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს მის უფლებას, საკუთრება შეიძინოს სადავო ნორმით დადგენილზე უკეთესი პირობებით.
16. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის უფლება, საკუთრება შეიძინოს მესაკუთრესთან თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული გარიგების გზით, ამ გარიგებით გათვალისწინებული პირობებით. სადავო ნორმა მოსარჩელის ხელშეკრულების თავისუფლებას ამ თვალსაზრისით არ ზღუდავს, ვინაიდან მისთვის წინასწარ ცნობილია მის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობები და იგი თანხმობას აცხადებს მასზე. ამავე დროს, სარჩელში არ გვხვდება რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ, მიუხედავად გარიგების მხარეთა ნების თავისუფლების უზრუნველყოფისა, სადავო ნორმა მაინც ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, შეიძინოს საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელე არ მიუთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების გარიგების ან სხვა რაიმე ფორმით მართლზომიერად შეძენის შესაძლებლობის შეზღუდვაზე. იგი არ მიუთითებს, რაიმე ისეთ ფაქტორზე, რომელმაც შეიძლება მოსარჩელე მხარისათვის თავისუფალი ნების ფარგლებში გარიგების დადების შესაძლებლობის მინიჭების მიუხედავად მაინც გამოიწვიოს საკუთრების უფლების შეზღუდვა. სასარჩელო არგუმენტაცია შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ ქონების პრივატიზებისას სახელმწიფო საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს და, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უნდა მოწესრიგდეს.
17. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №628 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
18. №628 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 45-ე მუხლს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ახდენს რომელიმე უფლების დეკლარირებას, არ განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების ნორმატიულ შინაარსს და ფარგლებს. მისი მიზანი არის კონსტიტუციის სხვა მუხლებით დეკლარირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, მათი არსის გათვალისწინებით იურიდიულ პირებზე გავრცელებისთვის კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა ... ეს ნორმა ეხება არა რომელიმე უფლების შინაარსს, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დამატებითი სუბიექტის განსაზღვრას. შესაბამისად, იურიდიული პირები, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას ვერ მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელ ნორმაზე და ვერც მასთან მიმართებით რომელიმე ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14,15).
19. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი N628 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №628 კონსტიტუციურ სარჩელზე („უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის (2013 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №628 კონსტიტუციური სარჩელი („უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა