საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/632 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 თებერვალი 2016 20:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“; 55-ე მუხლის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“; 63-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“; ამავე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №632) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 10 მარტს.
2. №632 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 26 თებერვალს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებას, დანიშნოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შესაძლებელია, რომ განაჩენით დადგინდეს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რის საფუძველსაც წარმოადგენს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. აქვე დადგენილია სასჯელთა იმ მოცულობის ოდენობა, რომლის პირობითად ჩათვლაც შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გარეშე და რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესთან, კერძოდ, თუ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი. ეს ვადა წარმოადგენს ერთ მესამედს მძიმე დანაშაულის, ხოლო სასჯელის ნახევარს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“. რაც შეეხება ამავე კოდექსის 63-ე მუხლს, მასში პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლებია მოცემული. მისი პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაუშვებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მსჯავრდებულის წარსულში ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის დაუშვებლობის წინა პირობას წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ისეთ მსჯავრდებულს, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში „სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, თუ მას ჩადენილი არა აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს, ხოლო მისი მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის შემდგომაც მან აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული იმავდროულად წარმოადგენდა წარსულში მძიმე გაზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, სადავო ნორმების საფუძველზე, დაუშვებელია მისთვის პირობითი სასჯელის, ისევე როგორც კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა. აღნიშნული კი გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა, დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებით შემოთავაზებულ პირობებს, რომლით გათვალისწინებული შემსუბუქებული სასჯელის დანიშვნის უფლებაც, საპროცესო შეთანხმების არარსებობის პირობებში მოსამართლეს არ გააჩნდა.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მინიჭებული აქვს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა. მისი აზრით, დასახელებული წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტს, რომელიც სადავო ნორმებიდან გამომდინარე, სრულად არის მოქცეული არა სასამართლოს, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამართლიანი სასამართლო მოიცავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების განხორციელების უზრუნველყოფის გარანტიებს. ამასთან, ეს უფლება როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ შინაარსს ატარებს და, ერთი მხრივ, გულისხმობს სასამართლოზე ხელმისაწვდომობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების სრულყოფილ, ეფექტურ სამართლებრივ დაცვას.
9. მოსარჩელე მხარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, კანონმდებლის ვალდებულებად მიიჩნევს ისეთი ნორმატიული წესრიგის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას - სრულყოფილად შეძლოს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა იყოს ილუზორული და ის უფლების დაცვის რეალურ შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილია ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც რაციონალური საფუძვლის არარსებობის პირობებშიც კი, ტოვებს ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფრთხეს და არ ანიჭებს მოსამართლეს უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები სასჯელი ან პირობითად ჩათვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი.
11. მოსარჩლე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სასამართლოს უზენაესობის პრინციპთან არის კავშირში და გულისხმობს სასამართლოების მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდვიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველაზე შესაფერისი, მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო სადავო ნორმები გამორიცხავს სასამართლოების მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას.
12. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს.
2. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის რიგ ნორმებს, რომელთა თანახმადაც, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს სასჯელის შეფარდების მომენტში პირისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლის ან კანონით განსაზღვრულზე ნაკლები სასჯელის შეფარდება, თუკი მხარეებს შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მოსამართლეს დაუბრკოლებლად, საკუთარი შეხედულებით შეეძლოს პირისთვის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა ან პირობითი სასჯელის დანიშვნა.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ ამ დებულებით ინსტრუმენტული უფლებებია გარანტირებული, მისი მიზანია, უზრუნველყოს ამა თუ იმ მატერიალური უფლების ან სამართლებრივი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა და არა თავად რომელიმე მატერიალური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ... ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კოსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ჰქონდეს ამ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის ეფექტური მექანიზმები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სისხლისსამართლებრივი სანქციის შეფარდებისას მოსამართლე მოქმედებს მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში. სისხლის სამართლის ნორმის სანქციის ნაწილში სასჯელის უმდაბლესი და უმაღლესი ზღვრის დადგენით, კანონმდებელი მოსამართლეს ანიჭებს შეფასების თავისუფლებას, კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით პირს შეუფარდოს ჩადენილი ქმედების ადეკვატური სასჯელი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნები დაცულია, როდესაც განსასჯელს კანონით გათვალისწინებული სასჯელი სამართლიანად შეეფარდა, ამასთან, პროცესუალური უფლებებისა და პრინციპების სათანადო დაცვისა და უზრუნველყოფის პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება. სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის №1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, კონკრეტული ქმედების დანაშაულად განსაზღვრა, მისთვის პასუხისმგებლობის დაწესება თუ ამ პასუხისმგებლობის ზომისა და ფორმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციადაა მიჩნეული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის №1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
5. სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელზე ნაკლები ოდენობით ან შემამსუბუქებელი გარემოებებით მისი მოხდის დანიშვნა წარმოადგენს დამოუკიდებელი მატერიალური უფლების მინიჭების მოთხოვნას, რასაც არ გააჩნია ინსტრუმენტული ბუნება. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონის საფუძველზე დადგენილი სასჯელი მის დასაძრახ (გასაკიცხ) ქმედებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მძიმეა, არაპროპორციულია, მაშინ იგი უფლებამოსილია, იდავოს თავად ამ სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუმცა არა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, არამედ კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც მატერიალური უფლებების შინაარსს განსაზღვრავენ. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის ზომის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, პირის მატერიალური შინაარსის მქონე უფლების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს. სასამართლოსათვის კანონით განსაზღვრული სასჯელის მოცულობის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება ვერ მიიჩნევა რაიმე კონკრეტული, მატერიალური შინაარსის მქონე უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმად. სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია არის კანონით დადგენილი და კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელის შეფარდება. სამართლიანი სასამართლოს უფლება კანონით განსაზღვრული სასჯელის სასამართლოს მიერ სამართლიანად შეფარდებას არეგულირეებს და არა თავად კანონით სასჯელის განსაზღვრის სისწორეს, ადეკვატურობას ან/და პროპორციულობას. სასამართლოს უფლებამოსილების იმგვარად გაწერა, დამნაშავის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელი, ვერ იქნება განხილული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუქნტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე სადავო ნორმებს ასაჩივრებს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. აღნიშნული თვალსაზრისით, მოსარჩელე უთითებს, რომ პროკურატურა, სასამართლოსგან განსხვავებით, აღჭურვილია შეუზღუდავი უფლებამოსილებით, საპროცესო შეთანხმებით განსაზღვროს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომაზე ნაკლები სასჯელი ან გაითვალისწინოს სასჯელის პირობითად ჩათვლა. მისი აზრით, აღნიშნული უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს სასამართლოს.
9. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ მიდგომას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ, მართალია, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ბრალდების მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომაზე ნაკლები სასჯელის დაწესება ან/და სასჯელის პირობითად ჩათვლა, თუმცა საპროცესო შეთანხმება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, რაც გამორიცხავს ამ პირის განსჯის პროცესიდან სასამართლოს ჩამოცილებას და მასზე პროკურატურის აბსოლუტურ კონტროლს. საპროცესო გარიგების დადების შემთხვევაში პირის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის შეფარდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე არ ხდება სასამართლოს, როგორც პირის „განსჯის“ უფლებამოსილების მქონე ორგანოს პროკურატურით ჩანაცვლება.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, №632 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნას.
11. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
12. №632 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი. აღსანიშნავია, რომ მოცემული კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა, თუმცა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (2015 წლის 24 ივნისი, №3714-IIს) განხორციელებული ცვლილების შედეგად, იგი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეწყდეს წარმოება №632 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №632 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“; 55-ე მუხლის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“; 63-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება,“; ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №632 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა