საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/711 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 21:13 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №711) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 6 იანვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №711 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის. 2015 წლის 3 ივნისის პროკურორის დადგენილების თანახმად, მოსარჩელემ 2013 წელს ვებსაიტზე ატვირთა პორნოგრაფიის შემცველი ფოტო-ვიდეო ფაილები.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და ვერ პასუხობს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს. გასაჩივრებული რეგულაცია დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გავრცელებას, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს პორნოგრაფიული ნაწარმოების კანონიერი გზით დამზადების ან გავრცელების მარეგულირებელ ნორმებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, იმისათვის, რომ სადავო ნორმა პასუხობდეს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, რომ მასში ნათლად იყოს გაწერილი ის შემთხვევები, თუ როდის ჩაითვლება პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოების დამზადება ან გავრცელება უკანონოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებული უდანაშაულობის პრეზუმფცია.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იძლევა იმგვარი წაკითხვის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება აპრიორი უკანონო ქმედებას წარმოადგენს. გასაჩივრებული რეგულაციის ამგვარი განმარტების შემთხვევაში ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის გასამართლებლად აუცილებელია, რომ მისი გავრცელება ლახავდეს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პორნოგრაფიული მასალის გავრცელება შესაძლებელია იმგვარად, რომ ამით სხვა პირებს არ მიადგეთ ზიანი.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, არსებობს შესაძლებლობა, რომ იგი მსჯავრდებულ იქნეს სადავო ნორმის საფუძველზე. ამრიგად, შესაძლოა, სადავო ნორმამ შეუქცევადად დაარღვიოს მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №711 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმას გააჩნია მიმართება კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან.
3. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის სრულყოფილი გამნმარტების საჭიროების წინაშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მუხლით განმტკიცებულია შემოქმედების თავისუფლებისა და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობის უფლებები. მოცემული რეგულაციის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს“. აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, პირი უფლებამოსილია არა მხოლოდ შექმნას შემოქმედებითი ნაწარმოები, არამედ საკუთარი სურვილისამებრ გაავრცელოს იგი, გარდა დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევისა.
4. კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი ედება პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის, კერძოდ, ვებსაიტზე პორნოგრაფიის შემცველი ფოტო-ვიდეო ფაილების ატვირთვისთვის. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის ავტორი არის თავად მოსარჩელე. მაშასადამე, საქმე ეხება არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ შექმნილი ნაწარმის გავრცელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის არასწორ აღქმას. სხვა პირის მიერ შექმნილი შემოქმედებითი ნაწარმოების, ისევე როგროც სხვა ინფორმაციის გავრცელება, თავისი არსით, წარმოადგენს არა შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სწორედ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი „იცავს საყოველთაო უფლებას, პირმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე „ირაკლი ქვემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-158).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლი იცავს ნაწარმოების ავტორთან კავშირში არმყოფი პირის მიერ ნაწარმოების გავრცელების უფლებას, შესაბამისად, №711 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმა არ განმარტავს, თუ რა შემთხვევაში წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული დებულებით გათვალისწინებული ქმედებები უკანონოს, რის გამოც ირღვევა პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
8. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულების შინაარსის არასწორ აღქმას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“, ამასთან, „ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ემსახურება რა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ადგენს საპროცესო გარანტიას, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სადავო რეგულაცია, თავისი შინაარსით, წარმოადგენს მატერიალური სისხლის სამართლის ნორმას. იგი ადგენს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს. გასაჩივრებულ რეგულაციას საერთოდ არ აქვს შემხებლობა სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხთან, მტკიცების ტვირთთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საპროცესო კანონმდებლობით. სადავო ნორმის საფუძველზე პირის ბრალდებისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის თითოეული კომპონენტის განხორციელების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს შორის.
9. ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №711 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №711 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა