ა(ა)იპ "ახალგაზრდა თაობა" და ა(ა)იპ "ახალი ძალა საქართველოსთვის" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1594 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ “ახალგაზრდა თაობა", ა(ა)იპ “ახალი ძალა საქართველოსთვის" |
თარიღი | 19 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის #368 დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის #368 დადგენილებით დამტკიცებული პირბადის ტარების წესი - მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ა1 - ქვეპუნქტი და მე-5 მუხლი | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი, მ-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით. შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს და შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეები არიან საქართველოს იურიდიული პირები (არასამთავრობო ორგანიზაციები), რომლებიციც მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება დარღვეულია.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმატიული აქტის შინაარსი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ამით ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. შესაბამისად, არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის წინაპირობები და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები უფლებამოსილები არიან იდაონ სადაო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციოა სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციურ დანაწესთა შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოში სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველოფის პროცესში. შესაბამისად, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი(საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ,,კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე") მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებათაგან რომელიმეს დარღვევას, ადგილი აქვს დისკრიმინაციას და/ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია დარღვეული უფლებისა და თავისუფლების თუ თანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 311 დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძლვები. სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით, შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, მასში (სარჩელში) მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,ა“ და ,,ე“ , ასევე ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად. სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სადაოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N 368 დადგენილების (კონკრეტულად აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის "ა1" ქვეპუნქტი, ასევე ამავე დადგენილების მე-5 მუხლი - სადაოა აღნიშნული მუხლების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, კონკრეტულად კი კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული მათი უფლებები და თავისუფლებები. დავის საგანს წარმოადგენს კანონის (მთავრობის დადგენილებების) კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
(42-11 პრიმა მუხლით 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე გამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ანტიკონსტიტუციურად და ბათილად ცნობის შესახებ)
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის 368-ე დადგენილების (პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ) 1-ლი მუხლის მიხედვით ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად პირბადის გამოყენება აუცილებელია: ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას (აღნიშნული ცვლილება #368 დადგენილებაში შევიდა 2020 წლის 3 ნოემბრს - დადგენილება #660), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ მიმართა საქართველოს პარლამენტს ასკ 4211 მუხლში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე - საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის რეგისტრაციის ნომერია 07-2/542/9. აღნიშნული საკითხი ბიუროზე უნდა გასულიყო 2020 წლის 16 დეკემბერს, თუმცა არანაირი განხილვა არ მომხდარა.
ასევე, 2021 წლის 10 თებერვალს კიდევ ერთხელ შევიდა იგივე კანონპროექტი პარლამენტში (რეგისტრაციის ნომერი - 07-3/31/10, ინიციატორები - საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერიძე, ვლადიმერ კახაძე) - რომელიც თავის რიგში განიხილეს დაჩქარებული წესით (ბიუროზე გატანილ იქნა 2021 წლის 15 თებერვალს) და 18 თებერვალს მიიღეს კანონი - ანუ ცვლილება ასკ 4211 მუხლში. ამ კანონს 2021 წლის 18 თებერვალს აწერს ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ კანონის მე-2 მუხლში წერია, რომ ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ორგანული კანონის "ნორმატიული აქტების შესახებ" მე-7 მუხლი კი პირდაპირ გვეუბნება, რომ "საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ" - ანუ, "დადგენილება" არის კანონქვემდებარე აქტი და მას არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან უპირატესი ძალა.
საქართველოს მოქალაქეები 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე (კანონის მიღებისა და გამოქვეყნების დღემდე) ჯარიმდებოდნენ #660 დადგენილების საფუძველზე, რაც საქართველოს ორგანული კანონის "ნორმატიული აქტების შესახებ" მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არის უკანონო, ანუ იურიდიული ძალის არ მქონე. მეტიც, "საჯარიმო ქვითარში" იწერებოდა 42-11 პრიმა მუხლი - ღია სივრცეში პირბადის წესის დარღვევა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საჯარიმო ქვითარში იწერება - 4211 პრიმა მუხლი - "პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით".
2020 წლის 3 ნომებრის მდგომარეობით (2021 წლის 18 თებერვლამდე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211-ე მუხლის პირველი ნაწილში იყო შემდეგი ჩანაწერი - პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. 2021 წლის 18 თებერვალს კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ამავე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ჩანაწერით - პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით
2020 წლის 3 ნოემბრიდან (#660 დადგენილების მიღების მომენტისათვის - ანუ #368 დადგენილებაში ცვლილების შეტანით) 2021 წლის 18 თებერვლამდე - კანონში ცვლილების შეტანასა და გამოქვეყნებამდე ასკ[1]-ის 4211-ე მუხლი განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დახურულ და არა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ამასთანავე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ფიზიკური პირის დაჯარიმებას ღია საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობის გამო.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2020 წლის 15 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო #368 დადგენილება, სადაც განსაზღვრა პირბადის ტარების წესი (დახურულ სივრცეში განსაზღვრა პირბადის ტარების აუცილებლობა), რომლის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასკ 4211 პრიმა მუხლით. აღნიშნული დადგენილების მიღების დროისათვის იყო ასახული ასკ-ში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე (საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა - რეგისტრაციის ნომერი 07-3/465/9, ინიციატორები - საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ინიციატორები ითხოვდნენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას).
ასკ - მუხლი 230. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.
ასკ - მუხლი 2341. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა.
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.
ასკ - მუხლი 236. მტკიცებულებანი.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ასკ - მუხლი 237. მტკიცებულებათა შეფასება.
ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში.
ასკ - მუხლი 264. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი.
ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
შესაბამისად, მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეების დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან და რადგანაც ასკ-ში ამ მომენტისათვის არ არსებობდა შესაბამისი ჩანაწერი და არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ პერიოდში არღვევდნენ გადაადგილებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211-ე მუხლის პირველ ნაწილს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ გაეუქმებინათ შესაბამისი ჯარიმები, რის პასუხადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანლის ალექსანდრე დარახველიძის ხელმოწერით, სადაც ასევე დაუსაბუთებელია ამ პერიოდში დაწერილი ჯარიმების ლოგიკურობა და კანონიერება (მითითებულია ასკ-სთან კავშირის არ მქონე მიზეზები) - შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 12.02.2021 წლის N MIA 8 21 00338574 წერილი - სრულყოფილად, ობიექტურად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია ჩემ მიერ მითითებული გარემოებები, შესაბამისად გადაწყვეტილებაში არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ არის დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით.
გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ სასამართლო პრაქტიკაში არსებობს უკვე აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების (გაბათილების) პრაქტიკა - 2021 წლის 10 მარტს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ (საქმის ნომერი - 100510321004271649) გააუქმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც იყო გამოწერილი 2020 წლის 25 დეკემბერს - 4211 პრიმა მუხლით - ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო - გააუქმა საჯარიმო სანქცია. აღნიშნულს საქმეში #100510321004271649 - საჩხერეში მცხოვრებ მოქალაქე გ.ჭ. ადმინისტრაციული ჯარიმა გაუუქმდა - სამართლებრვი შეფასების ნაწილში განმარტება - 6.6-6.7-6.8-6.9-6.10-6.11 პუნქტებში
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან ვითხოვთ:
1. ანტიკონსტიტუციურად სცნოთ 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე გამოწერილი ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები - მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
კანონის ფარგლებში მოხდეს ყველა მოქალაქის იდენტიფიცირება, ვინც გადაიხადა აღნიშნული ჯარიმა და დაუბრუნდეს ყველა მოქალაქეს გადახდილი თანხა.
[1]ასკ - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა