ა(ა)იპ „ახალგაზრდა თაობა“ და ა(ა)იპ „ახალი ძალა საქართველოსთვის“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/1594 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ახალგაზრდა თაობა“ და ა(ა)იპ „ახალი ძალა საქართველოსთვის“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1594) მომართეს ა(ა)იპ „ახალგაზრდა თაობამ“ და ა(ა)იპ „ახალი ძალა საქართველოსთვის“. №1594 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1594 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პირბადის გამოყენება აუცილებელია ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას, ხოლო ამავე დადგენილების მე-5 მუხლი ადგენს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“
5. მოსარჩელეთა განმარტებით, 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლი ითვალისწინებდა პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, 2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №368 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას, თუმცა ამგვარი ცვლილება არ განხორციელებულა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დასჯად ქმედებად გათვალისწინებული იყო მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა. ამისდა მიუხედავად, საქართველოს მთავრობის №368 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების გამო, ხდებოდა პირთა დაჯარიმება ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. მოსარჩელე მხარის პოზიციით, რამდენადაც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ამ პერიოდის განმავლობაში პირთა დაჯარიმება და მათთვის სანქციის დაწესება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი და გაუქმდეს მათ საფუძველზე გამოცემული პირთა დაჯარიმების ოქმები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
2. №1594 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლს. სადავო ნორმების თანახმად, პირბადის გამოყენება აუცილებელია ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას, ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ რამდენადაც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ამ პერიოდის განმავლობაში პირთა დაჯარიმება და მათთვის სანქციის დაწესება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
3. №1594 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ იურიდიული პირები - ა(ა)იპ „ახალგაზრდა თაობა“ და ა(ა)იპ „ახალი ძალა საქართველოსთვის“. სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ კი, ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ტარების დავალდებულება უშუალოდ ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებიდან აშკარად იკითხება, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართავს საკუთარი უფლებების დასაცავად, კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული არაა, რომ სადავო ნორმებით, მოსარჩელე იურიდიულ პირებს რაიმე ფორმით ეზღუდებათ რომელიმე ძირითადი უფლება. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ იგი დაობს იმ ფიზიკურ პირთა უფლებების დასაცავად, რომლებიც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე დაჯარიმდნენ ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირთა უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1594 კონსტიტუციური სარჩელი არის ”actio popularis“ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1594 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ახალგაზრდა თაობა“ და ა(ა)იპ „ახალი ძალა საქართველოსთვის“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი