საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/712 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2016 11:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე მუხლთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №712) მიმართა საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანმა. №712 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 18 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 28 დეკემბერს.
2. №712 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს, ხოლო ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი − ბაკალავრის დიპლომს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლეობის კანდიდატი. ერთ-ერთი ასეთი წინა პირობის თანახმად, აღნიშნულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 32-ე მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშვრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას. 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა 1991-1995 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ „სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტში“, რომლის დამთავრების შემდეგაც მიენიჭა იურისტისა და ეკონომისტის დიპლომი. მოსარჩელემ 2005 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2006 წლის 20 თებერვლიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან გადაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც უფლებამოსილების ვადა ეწურება 2016 წლის 20 თებერვალს.
6. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმები მას შესაძლებლობას ართმევს, ხელახლა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე. გასაჩივრებული რეგულაციების მიხედვით, მოსამართლედ არ შეიძლება აირჩეს ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. მოსარჩელემ უმაღლეს სასწავლებელში გაიარა ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რის გამოც მისთვის მინიჭებული დიპლომი უთანაბრდება ბაკალავრის დიპლომს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა, რადგან მხედველობაში იღებს არა პირის მიერ უმაღლეს სასწავლებელში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობას, არამედ აღნიშნული პროგრამის გასავლელად განსაზღვრული სასწავლო წლების ოდენობას. მოსარჩელემ ისარგებლა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული განათლების ფორმის თავისუფლად არჩევის უფლებით და უმაღლესი განათლება მიიღო სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ ისეთ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ინტენსიური სასწავლო კურსის ხარჯზე შეძლო იმ საგანმანათლებლო პროგრამის ოთხ წელიწადში გავლა, რომლის დასაძლევადაც სხვა სასწავლებლებში გათვალისწინებული იყო ხუთი სასწავლო წელი.
8. მოსარჩელის განცხადებით, მან, მის ხელთ არსებული დიპლომის საფუძველზე, 2005 წელს მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში, ხოლო 2006 წლიდან განწესდა მოსამართლედ, რამაც კიდევ უფრო გაამყარა აღნიშნული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის ხარისხი. სადავო ნორმებით გამოწვეულმა ცვლილებებმა კი ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც მოსამართლის კომპეტენტურობა და პროფესიული რეპუტაცია. აღნიშნულის გამო, მიიჩნევს, რომ შეელახა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ღირსების უფლება.
9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ადგენს უთანასწორო მოპყრობას. იმ პირთა დიპლომი, რომლებმაც აითვისეს არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს, მაშინ როდესაც იმ პირთა დიპლომი, რომლებმაც ანალოგიური მოცულობის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში, გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
10. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული გამოცდის შედეგები ცხადყოფს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლისთვის საჭირო კომპეტენციის კრიტერიუმს. მისი აზრით, სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დაწესება წარმოადგენს პირთა დასაქმების დამაბრკოლებელ გარემოებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლით განმტკიცებულ უფლებებს.
11. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ვეღარ ახერხებს მოსამართლეთა შესარჩევ კონსკურსში მონაწილეობის მიღებას, თავისი არსით, უტოლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, ხდება მსჯავრდების დაკისრება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესს.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
13. მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება, რადგან სადავო ნორმების მოქმედების პირობებში მოსარჩელე და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები ვერ შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ამგვარად, შესაძლოა, სადავო ნორმამ შეუქცევადად დაარღვიოს მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
14. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქმის არსებითად განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. იმავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. მოსარჩელე მაკა გველესიანმა 2016 წლის 18 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №712) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №712 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი