საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N712 |
ავტორ(ებ)ი | მაკა გველესიანი |
თარიღი | 14 იანვარი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - მაკა გველესიანი, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადავო ნორმების მოქმედებით. აღნიშნული სადავო ნორმების არსებული ბუნდოვანი ნორმატიული შინაარსით ილახება როგორც პირადად ჩემი ასევე ყველა იმ პირის კონსტიტუციური უფლებები, რომელთაც ამ საკანონმდებლო ნორმების ამოქმედებამდე მიიღეს ერთ საფეხურიანი, ოთხ წლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოები არსებით ყურადღებას არ აქცევენ საგანმანათლებლო პროგრამის არსის განმარტებას (აღნიშნულის მნიშვნელობაზე არც სადავო ნორმები ამახვილებენ არსებით ყურადღებას) და ხელმძღვანელობენ, მხოლოდ სასწავლო წლების რაოდენობით, რის შედეგადაც ილახება ჩემი კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 32-ე მუხლი, 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცული უფლებები. კერძოდ, სადავო ნორმების გამოყენების შედეგად შესაძლებლობა მერთმევა მონაწილეობა მიივიღო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში, ჩემთვის სასურველ ვაკანტურ ადგილებზე. კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა რეგულირების საგნის გათვალისწინებით, არსებობს უშუალო მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვები: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რაც განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველი პუნქტთან, 32-ე მუხლთან, 35-ე მუხლის პირველი პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტებთან მიმართებაში, რადგან პირდაპირ შემხებლობაშია აღნიშნული კონსტიტუციური ნორმებით დაცულ პირის უფლებებთან. ცალსახაა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით”და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოედგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის დადგენა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიღებულია 01.11.2013. N1489 ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: “2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“ აღნიშნული ცვლილება შეტანილი იქნა 13.05.2005წლის N1444 კანონით. აღნიშნული ნორმების არსებული ბუნდოვანი ნორმატიული შინაარსით ილახება როგორც პირადად ჩემი ასევე ყველა იმ პირის კონსტიტუციური უფლებები, რომელთაც ამ საკანონმდებლო ნორმების ამოქმედებამდე მიიღეს ერთსაფეხურიანი, ოთხ წლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოები არსებით ყურადრებას არ აქცევენ საგანმანათლებლო პროგრამის არსის განმარტებას (აღნიშნულის მნიშვნელობაზე არც სადავო ნორმები ამახვილებენ არსებით ყურადღებას) და ხელმძღვანელობენ, მხოლოდ სასწავლო წლების რაოდენობით, რის შედეგადაც ილახება ჩემი კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, 32-ე მუხლით, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლით და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცული უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის, თანახმად: ‘’ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ ჩემთან მიმართებაში აღნიშნული კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე მიუთითებს შემდეგი გარემოება: 1991-1995 წლებში ვსწავლობდი პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის ,,სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტში”, რომელიც დავამთავრე წარჩინებით, რის შედეგადაც მომენიჭა იურისტის და ეკონომისტის კვალიფიკაცია და გადმომეცა აღნიშნულის დამადასტურებელი დიპლომი. ჩემს მიერ ოთხწლიანი უმაღლესი განათლების მიღების ინტერესს წარმოადგენდა იმ დროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ვინაიდან ჩემი ოჯახიც განიცდიდა მატერიალურ გაჭირვებას, მინდოდა მუშაობის მალე დაწყება, რათა დავხმარებოდი მშობლებს. ამავე მიზეზით არ ჩავაბარე ასპირანტურაში, რისი უფლებაც იმ დროს მოქმედი კანონით მქონდა მონიჭებული, ვინაიდან ჩემი დიპლომი და განთლება თანაბარი იურდიული ძალის იყო სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომისა (ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის ზემდგომ ე.წ. ,,საფეხურს” წარმოადგენდა ასპირანტურა (დღეს მდგომარეობით მოქმედი დოქტურანტურა). 1995 წლის 10 ნოემბერს მიმიღეს სტაჟიორად საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში და სამუშაოდ გამგზავნეს ქ. რუსთავის ადვოკატურაში. 1996 წლის 10 მაისს გავხდი საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და სამუშაოდ გამგზავნეს ქ. რუსთავის ადვოკატურაში. 2003 წლის 8 მარტს ჩავაბარე პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2003 წლის 8 ნოემბერს ჩავაბარე ადვოკატთა საერთო ტესტირება. 2005 წლის 1 მარტს გავთავისუფლდი საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რიგებიდან საქართველოს კანონის ,,ადვოკატთა შესახებ” 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. 2005 წლის 29 მარტს მიმიღეს იურდიული ბიურო ,,გიორგი დავითაშვილის” ამხანაგობაში-ადვოკატად. 2005 წლის 5 ნოემბერს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2006 წლის 23 იანვარს გავთავისუფლდი იურდიული ბიურო ,,გიორგი დავითაშვილის” ამხანაგობის წევრობიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. 2006 წლის 20 თებერვალს დავინიშნე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2013 წლის თებერვალში გავთავისუფლდი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნული ვარ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც ამჟამადაც ვახორციელებ უფლებამოსილებას, რომლის ვადაც მეწურება 2016 წლის 20 თებერვალს. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ვინაიდან მიღებული მაქვს ოთხწლიანი უმაღლესი განათლება მერთმევა უფლება ჩემი კანდიდატურა წარვუდგინო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოხდეს ჩემი კანდიდატურის განხილვა ახალი ვადით მოსამართლედ განსამწესებლად. ამ ნორმატიული აქტების მოქმედება გამოიწვევს ჩემთვის გამოუსწორებელ შედეგებს, შესაძლებლობა მერთმევა მონაწილეობა მიივიღო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე, ჩემთვის სასურველ ვაკანტურ ადგილებზე. 1966 წლის 16 დეკემბრის ,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტის“ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 26-ე მუხლის თანახმად: ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს კანონით და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის, როგორიცაა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში #1/4/557,571,576 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, მითითებულია, რომ: ,, II 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და მნიშვნელობა. “თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები. კანონის წინაშე თანასწორობა – ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება #1/1/539 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება #1/3/534 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 2). `კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ...ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები“ და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება #1/3/534 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 2). 5. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა - ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან “თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება #1/3/534 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 3). სწორედ ,,...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები“ და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1).“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ნორმა მართლაც წარმოადგენს რა თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ და საერთაშორისო ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას, ამ პრინციპის საპირისპიროდ, 2005 წლამდე დამთვარებული უმაღლესი განათლების მქონე პირები, დამოკიდებული ვხვდებით ,,გრიგორიანულ კალენდარზე”, სადაც არ არის გათვალისწინებული ჩვენს მიერ უმაღლეს სასწავლებელში საგნების სწავლის კურსი, პროგრმა, რაზედაც მეტყველებს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად არ ხდება ნასწავლი პროგრამის შესაბამისი შესწავლა და გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სასწავლო წლების დაანგარიშებით, რის გამოც აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენოს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად: ,,ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. პროფესორ ჯ.ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სტუდენტებიდან ჩემს გარდა სხვა კურსდამთვარებულები ასრულებდნენ და ასრულებენ მოსამართლის უფლებამოსილებას. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ზ/აღნიშნულ ინსტიტუტში ჩვენ მივიღეთ შესაბამისი უმაღლესი იურდიული განათლება. ჩემი განათლების ხარისხზე ვფიქრობ ნათლად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ინსტიტუტის გამოცდების წარმატების ჩაბარების გარდა ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა, პროკურატურისა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დანიშნულება, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულების N696 მიხედვით, წარმოადგენდა "საგამოცდო კომისიის მიზანია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა პროფესიული დონის შემოწმება ტესტური და წერითი გამოცდების ჩატარებით". საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის N 131 ბრძანებულებით კი მუხლი 1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნები იყო: 1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი (კანდიდატი) მოსამართლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი. ასევე, ამჟამად მოქმედი „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების მიხედვითაც: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში - საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი იურდილი განათლება. იურისპროდენცია მიეკუთვნება საზოგადოებრივ მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალმხრივ ასპექტებს, კერძოდ, ადამიანთა თანაცხოვრების წესებს, რომლებიც ყოველდღიურ განვითარებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. ვინაიდან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი ყოველთვის იყო და არის მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა მიმაჩნია, რომ სწორედ ეს კრიტერიუმი იძლევა შესაძლებლობას შეაფასო პირს მოსამართლის თანამდებობის დაკავების მომენტისთვის გააჩნია თუ არა ,,შესაბამისი უმაღლესი იურდიული განათლება” და არა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნასწავლი პროგრამა. თუ არა ჩემი უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, მაშინ რას ემსახურება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით. კანონის ამ ჩანაწერით ხდება ჩვენი განათლების ხარისხის დისკრედიტირება და იზღუდება ჩემი და სხვა პირების უფლებები, ისეთი ხელევნური ბარიერით, რომლის გათვალისწინებაც განათლების მიღებისას შეუძლებელი იყო. ამგვარი სასწავლო კურსის არჩევის საფუძველი იყო მხოლოდ ეკონომიური სიდუხჭირე და არა სურვილი მიმეღო სხვაზე ნაკლები ხარისხის განათლება. ამ პირობებში უთანასწორობის გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფონი, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო სასწავლო წლების რაოდენობის გათვალისწინებით ისეთი განათლების მქონე პირებს ანიჭებს მაგისტრთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, რომელთაც ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მოკავშირე რესპუბლიკებში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლის ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც დღეს ან შეცვლილია ან საერთოდ გაუქმებული. საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. მიუხედავად აღნიშნულისა სადავო ნორმები აშკარად ხელყოფს ჩემს ღირსებას, რასაც ადასტურებს შემდეგი გარემოებები: საქართველოს საკონონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 საქმეში ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” საყურადღებოა ღირსების მცნების სამართლებრივ ასპექტში განმარტება, კერძოდ: ,,II 30. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი წერტილი ვერ იქნება პატივისა და ღირსების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება. როგორც ამ ნორმის მიზნებიდან, ასევე, მისი და მისი მსგავსი ნორმების სხვადასხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციებში შეტანის ისტორიული გამოცდილებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე, ღირსების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტება განსხვავებულია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. 31. ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთერთი სუბიექტური კონსტუტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას.” იმავე საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელის მოსაზრებად მითითებულია, რომ: ,, (I, 7. მესამე აბზაცი) ბრძანებულების სადავო ნორმებით არ მომხდრა მოსარჩელეთა ღირსების შელახვა. სადავო ნორმებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ მოსარჩელეთა მეცნიერული და პედაგოგიური კომპეტენცია, პროფესიული რეპუტაცია. რაც შეეხება პატივს, ის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტია, არ არის ღირსების თანასწორი კონსტიტუციური სიკეთე და არ უნდა გახდეს სადავო აქტებთან მიმართებით ფუნდამენტური კონსტიტუციური შეფასების საგანი.” ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მეერვე პუნქტის შინაარსი და თანმდევი შედეგი ჩემთვის როგორც სისხლის სამართლთა საქმეთა განმხილველი მოსამართლისთვის ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მოსამართლეებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა კანონის აღნიშნილი ჩანაწერი და შეეზღუდათ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის ზ/აღნიშნული სადავო ნორმის გაცნობისას თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად. ჩემს პატივსა და ღირსებას მიაგდგა ზიანი და დღესაც არ გამქრალა ამ ჩემთვის და სხვებისთვისაც უფლება შემზღუდველი ნორმით გამოწვეული დამცირება. 2006 წლის 20 თებერვლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებდი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ვმუშაობდი 2013 წლის 13 თებერვლამდე და განხილული მაქვს დაახლოებით: სს საქმე 1209, აღკვეთის ღონისძიება 4039, საგამოძიებო მოქმედებები 7388, სხვა კატეგორიის საქმეები 819. 2013 წლის 13 თებერვლიდან დღემდე ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სასმართლოში, სადაც განხილული მაქვს დაახლოებით: სს საქმე 742, აღკვეთის ღონისძიება 843, საგამოძიებო მოქმედებები 739, არაერთი სხვა კატეგორისს საქმე მაქვს განხილული და წინასასამართლო სხდომა ჩატარებული. ამ კანონმა გამომიყვანა იმ უამრავი ბრალდებულის, განსასჯელის, თუ მსჯავრდებულის მიმართ მატყუარა პიროვნებად, რომელსაც არ ჰქონდა ,,შესაბამისი უმაღლესი იურდიული განათლება“ (საქართველოს კონსტიტუცია 86-ე მუხლი, პირველი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი) და განიხილა მათი საქმე. მართალია, აღნიშნული ნორმის ვიწრო გაგება (რაც დამკვიდრებულია პრაქტიკაში) მართმევს, სხვა უფლებებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, მათ შორის მოსამართლის, მაგრამ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავება, ან გათავისუფლება არ არის არც პატივის და არც ღირსების შემლახველი. ამასთან, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან განხორციელებულ ცვლილებებთან სხვა კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული სადავო ნორმები არა მარტო ჩემ უფლებებს, არამედ სხვა პირთა უფლებებსაც ზღუდავს, შემდეგ გარემოებათა გამო: იმ პირებისთვის რომელთა საქმეები მე და ჩემსავით სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი მოსმართლეების მიერ იქნა განხილული, ნაკლებად საინტერესოა, ჩვენ 10 წლით, თუ უვადოდ ვიყავით დანიშნული, (სხვა ფუნქციალური ცვლილება მოსამართლის უფლება-მოვალეობებში არ მომხდარა). მათვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გამოიხატება მასში, რომ მათ მოსამართლეს ჰქონოდა შესაბამისი უმაღლესი განათლება, კვალიფიკაცია, პროფესიული რეპუტაცია, რომელიც მისცემდა საშუალებას განეხორციელებინა მართლმსაჯულება. სადავო ნორმებმა ეჭვს ქვეშ დააყენეს რა ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი, ჩემი კომპეტენცია და პროფესიული რეპუტაცია და სხვა უფლებების შეზღუდვასთან ერთად შელახეს ჩემი ღირსება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით. მიუხედავად კონსტიტუციური დანაწესისა საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთ კანონში განხორციელდა ცვლილება, სხვადასხვა სფეროში, რომლის მიხედვით, თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი და ძირითადი საფუძველია, პირს ჰქონდეს უმაღლესი განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, რამაც გაზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაზრდის მოქალაქეთა უმუშევრობას. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ზ/აღნიშნული ნორმით იზღუდება ასევე კონსტიტუციის მიერ 29-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ყოველ მოქალაქესთვის მინიჭებული უფლება, რომ დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დღეის მდგომარეობით კი, ჩემთვის პროფესიით, მოსამართლედ მუშაობის ამ თანამდებობად საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა რჩება (საქართველოს კონსტიტუცია 88-ე მუხლი, მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება), რაც მოკლებულია რეალურ შესაძლებლობას და უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, 2016 წლის 20 თებერვლიდან მერთმევა შესაძლებლობა ვიმუშაო მოსამართლედ საერთო სასამართლოების სისტემაში. პირადად მიმაჩნია, რომ ვაკმაყოფილებ არა მარტო ,,უმაღლეის განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, არამედ ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, თავად საკანონმდებლო აქტებში არსებული კოლიზიის გათვალისწინებით, შემდეგ გარემოებათა გამო: ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ვ) პუნქტის თანახმად: აკადემიური ხარისხი განმარტებულია, როგორც კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; (28.12.2012 N 187) ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად: 1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. (27.11.2015. N4582) 2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურებია: (28.12.2012 N 187) ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს; ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. იმავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. (10.08.2009 N 1611) იმავე კანონის 89-ე მუხლის 102 პუნქტის თანახმად; დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში (17.06.2011. N4792), როგორც უკვე მოგახსენეთ მე ჩემი უმაღლესი განათლებით უფლებამოსილი ვიყავი სწავლა გამეგრძელებინა ასპირანტურაში. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი სხვა აკადამიურ ხარისხებს გარდა მითითებული სამი საფეხურისა არ იცნობს და ზუსტადაა გაწერილი, თუ როგორ ხდება ერთი საფეხურის სწავლების შემდგომ სხვა უფრო მაღლა მდგომ საფეხურზე გადასვლა. კანონთა კოლიზიის დროს ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული ორი ან მეტი ნორმატიული აქტის წინააღმდეგობის შემთხვევაში. კოლიზია წყდება იმ ნორმატიული აქტის არჩევის გზით, რომელიც მიესადაგება კონკრეტულ შემთხვევას. ერთსა და იმავე ორგანოს მიერ გაცემულ აქტებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება უფრო გვიანდელი აქტი. სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. აღნიშნული კანონის ძირითადი, სპეცილური ნორმის მიხედვით, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით (17.06.2011. N4792 კანონი), არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხს გაუთანაბრდა პირი, რომელმაც დაამთავრა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. ამ ნორმის სხვაგვარად განმარტება შეუძლებელია, რადგან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს (მე-3 მუხლი) სწორედ, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის წარმოადგენს და შესაბამისად, კანონმდებელი ისეთი მაღალი მესამე საფეხურის სასწავლებლად არ დაუშვებს პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის განათლება. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება განხორციელებულია უფრო გვიან (17.06.2011. N4792), ვიდრე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მერვე პუნქტში, რომლის თანახმად: 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. (13.05.2005. N1444). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 საქმეში “საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განმარტებულია: ,,(II, 18, მესამე-მეოთხე, მეხუთე აბზაცები) ნებისმიერ შემთხვევაში, კანონში ჩადებული ნება ამ კანონის თვისებას უნდა შეადგენდეს და მისი განმარტების გზით წარმოჩენილი აზრი ამ კანონის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს. Gგანმარტების გზით არ შეიძლება კანონს მიეწეროს ის აზრი, რომელიც მან მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეიძლება შეიძინოს. სამართალშემფარდებელი არ შეიძლება გასცდეს იმ სადემარკაციო ხაზს, რომლის გადალახვის შემთხვევაში, იგი ინტერპრეტატორიდან კანონმდებლად იქცევა. იმავდროულად, სამართალშემფარდებელი არ უნდა აღმოჩნდეს კანონის ვიწროდ განმარტების ტყვეობაში, რაც სერიოზულად დააბრკოლებს კანონის ნამდვილი შინაარსის გამორკვევას და საფრთხეს შეუქმნის კანონის სიცოცხლისუნარიანობას. კერძოდ, კანონი გაუცხოვდება იმ სინამდვილისაგან, რომლის მოსაწესრიგებლადაც შეიქმნა იგი. კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის მრავალფეროვნება და მათი მუდმივი დინამიკურობა ავალდებულებს კანონგამომყენებელს, კანონიდან გამომდინარე ნების ფარგლებში ეგზისტენციალური შეფასება მისცეს მოვლენებს და მოახდინოს სამართლისა და ფაქტის ერთმანეთზე მორგება და მათი მშვიდობიანი თანაარსებობა. სამართალშემფარდებელი ვალდებულია, ყველა შემთხვევაში, დაიცვას ნორმის მოქმედების ფარგლები და არ გასცდეს კონსტიტუციის შესატყვის განმარტებას. კონსტიტუციის შესატყვისი განმარტების საკითხი მაშინ დგება, როცა კანონი აშკარად სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობებს შეიცავს და, სულ მცირე, ერთ-ერთი იქიდან კონსტიტუციური მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ განიმარტება. კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო თავად ნორმატიული აქტები, არამედ მათი განმარტებანიც. როდესაც ნორმატიული აქტიდან მხოლოდ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება იკითხება, ასეთ შემთხვევაში შეფასების საგანი ხდება თავად ნორმატიული აქტი და იგი უნდა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ნორმატიული აქტიდან იმავდროულად კონსტიტუციის შესატყვისი განმარტებაც იკითხება, ამ დროს შეფასების საგანი ხდება ნორმის განმარტების შემთხვევები. მისი ორგვარი განმარტების შესაძლებლობა ნორმას საეჭვოობის თვისებას სძენს. საეჭვოობისას კი მოქმედებს ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია და შესაბამისად, იგი უნდა განიმარტოს კონსტიტუციის შესატყვისად. სადავო ნორმის განმარტებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამართალში არსებული განმარტების მეთოდებით განიმარტება ყველა ნორმატიული აქტი, მათ შორის კონსტიტუცია. როცა დასაშვებია კონსტიტუციური ნორმა, რომელიც უკუძალის აკრძალვის გარანტიას ეხება, განიმარტოს ფართოდ, ანალოგიურად უნდა განიმარტოს სამართლის დარგობრივი ნორმები. როცა კონსტიტუციით შესაძლებელია პასუხისმგებლობის გაუქმება-დადგენა განიმარტოს ქმედების არსებობის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მდგომარეობა, რატომ არ შეიძლება სისხლის სამართლის სადავო ნორმაში მოცემული გამოთქმა ,,ქმედების დანაშაულებრიობის“ გაუქმება_დაწესება, გავიგოთ ქმედების ყოფიერების მსგავსი გამოვლინება.” აქედან გამომდინარე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის საკითხის გადაწყვეტისას და შესაბამისად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრთან გათანაბრებულ პირს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი) ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართევლოს კანონის ზ/აღნიშნულ ნორმების მოთხოვნათა დაცვით და არა მხოლოდ ზ/აღნიშნული კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის ბუნდოვანი ჩანაწერით და როდესაც იურიდიული სფეროს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო/კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც აღნიშნული ნორმატიული აქტების პრაქტიკაში დამკვიდრებას კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტებით (მხოლოდ სასწავლო წლების და არა პროგრამის გათვალისწინებით) ახდენს (რასაც ადასტურებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 2 ნოემბრის #1/172 გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, ჩემი ინსტუტუტის ორი კურსდამთავრებული, რომლებიც 10 წელი ახორციელებდნენ მოსამართლის უფლებამოსილებას არ იქნენ დაშვებული მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსის მე-2 ტურში, აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ერთვის სარჩელს დანართის სახით, ს.ფ..........), ასეთ შემთხვევაში შეფასების საგანი ხდება თავად ნორმატიული აქტი, კერძოდ, სადავო ნორმები ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი და ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვები: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” და ისინი უნდა ჩაითვალონ არაკონსტიტუციურად.
ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის - მაგისტრის და ბაკალავრის განსაზღვრა უკავშირდება ბოლონიის პროცესს, კერძოდ, როგორც ასევე თქვენთვისაც არის ცნობილი 1999 წლის 19 ივნისს ევროპის 29 ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა მსოფლიოს უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას (ბოლონიის დეკლარაცია), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროცესს. მჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე. ბოლონიის დეკლარაციის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე (ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაციის ბოლონია, 1999 წლის 19 ივნისი) თანახმად, ძირითადად ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი საფეხურებია. განათლების მეორე საფეხურზე დაშვების წინაპირობაა პირველი, სულ მცირე, სამწლიანი საფეხურის, წარმატებით დასრულება. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დასრულებისას მინიჭებული აკადემიური ხარისხი, როგორც კვალიფიკაციის შესაბამისი დონე, მისაღები უნდა იყოს ევროპული შრომის ბაზრისათვის. მეორე საფეხური, როგორც ეს მიღებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მინიჭებით უნდა დასრულდეს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, სახელმწიფომ, როდესაც მას არაერთმა მოქლაქემ გამოუცხადა ნდობა და უმაღლესი განათლება მიიღო 4 წლიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებისას, უნდა ეხელმძღვანელა საერთაშორისო ხელშეკრულებით, ბოლონიის დეკლარაციის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე (ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაციით ბოლონია, 1999 წლის 19 ივნისი) გათვალისწინებული ნორმით და უმაღლესი განათლების პირველი საფეხურად სულ მცირე, სამწლიანი საფეხურის წარმატებით დასრულება მიეჩნია და არ მიეღო ეს სადავო ნორმები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 03 ნოემბერის საქმე № N2/80-9 ,,ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მითითებულია, რომ: (II, 3, მე-9 აბზაცი) ,,საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი შეეხება შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს. ამ მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით." როგორც კონსტიტუცია ადგენს, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონით, ე.ი. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეთა შრომით უფლებებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას თავის მოქალაქეთა შრომითი უფლებები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ამაზე მეტყველებს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც ჩაწერილია: "შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ." კონსტიტუციური სარჩელით სწორედ ზ/აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მაქვს მოთხოვნილი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” არაკონსტიტუციურად ცნობა, რადგან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის თავად საქართველოს კონსტიტუციასთან. სახელმწიფო ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (შემდეგ სიტყვებს: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით”) იმგვარი განმარტებით, როგორსაც დღეს ახდენს აღიარებს, რომ 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც ჰყავდა მოსამართლედ დანიშნული ისეთი პირები, რომლებსაც არ აქვთ ,,შესაბამისი უმაღლესი განათლება” და არ გააჩნიათ ცოდნა, რომელიც ეფუძნება და აღრმავებს პირველ საფეხურზე მიღებულ განათლებას და ხშირად კვლევის კონტექსტში უზრუნველყოფს იდეის ორიგინალური განვითარების და/ან გამოყენების საფუძველს ან შესაძლებლობას, არ შეუძლიათ ცოდნისა და პრობლემების გადაჭრის უნარის გამოყენება ახალ ან უცნობ გარემოში თავიანთ დისციპლინასთან დაკავშირებულ ან მომიჯნავე(მულტიდისციპლურ) კონტექსტში, რა გააჩნიათ ცოდნის ინტეგრირების უნარი, შეუძლიათ თავი გაართვან სირთულეებს და არასრულ ან შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ მოსაზრებები, რომლებშიც მათი ცოდნისა და მოსაზრებების გამოყენებასთან დაკავშირებული სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები აისახება, არ შეუძლიათ თავიანთი დასკვნების საჯარო წარდგენა, მათი მკაფიო დასაბუთება შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალისტებთან, არ გააჩნიათ სწავლის ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც თვითგანმსაზღვრელი ან დამოუკიდებელი სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა. (კვალიფიკაციების სტრუქტურა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის თანახმად, 2005 წლის 19-20 მაისს უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების ბერგენის კონფერენციამ მიიღო კვალიფიკაციების საერთო სტრუქტურა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის, რომლის თანახმად სწორედ აღნიშნული კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს მეორე საფეხურის ე.ი. მაგისტრისა და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს). მიმაჩნია, რომ მთელი ეს ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი და ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მათი ძალაში დატოვების მაჩვენებელი სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს და არ შეიძლება ამ ნორმების პრაქტიკაში არასწორი აზრით დამკვიდრება, რადგან სადავო ნორმებმა ეჭვს ქვეშ დააყენეს ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი, ჩემი კომპეტენცია და პროფესიული რეპუტაცია, სწორედ აღნიშნულით შეილახა ჩემი ღირსება, ამავე დროს წამართვა საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება დავიკავო სახელმწიფო თანადებობა, კერძოდ, მოსამართლის თანამდებობა, აღნიშნული სადავო ნორმები ასევე ხელს უწყობს ჩემი და სხვა მოქალაქეთა უმუშევრად დარჩენას. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ხოლო მეოთხე პუნქტის თანახმად სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. მართალია, ისევე როგორც ჩემს მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ასევე თავად კონსტიტუციაც მიღებული მას შემდეგ რაც მე (1991 წელს) არჩევანი გავაკეთე ჩემთვის სასურველი ფორმით მიმეღო უმაღლესი განათლება, შემჭიდროებულ ვადებში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მინიჭებული დასვენების დღეებში სწავლის სანაცვლოდ, მაგრამ ჩემი არჩევანის სამართლებრივ კეთილსინდისიერებაზე, გონივრულ უნაკლო მოლოდინზე და ამჟამინდელი საკანონმდებლო რეგულაციებით მოქმედი კონსტიტუციური უფლების ხელყოფაზე მეტყველებს შემდეგი გარემოებები: საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1991 წლის 14 ივნისს შეტანილი იქნა ცვლილებები და 38-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ უფლებას უზრუნველყოფს მეურნეუბის სისტემა, საწარმოო ძალების ზრდა, უფასო და ფასიანი პროფესიული სწავლება, შრომითი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი სპეციალობათა სწავლება პროფესიული ორიენტაციისა და შრომითი მოწყობის სისტემათა განვითარება” იმავე კონსტიტუციის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ უფლებას უზრუნველყოფს ყველა სახეობის უფასო და ფასიანი სწავლება, ახალგაზრდობის საყოველთაო-სავალდებულო საშუალო განათლების ფართოდ განვითარება ცხოვრებასა და წარმოებასთან სწავლების კავშირის საფუძველზე.......” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილების ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასაწავლებლების შესახებ” თანახმად: 1 საქართველოს რესპუბლიკაში ნებადართულია დაარსდეს ფასიანი სასწავლებლები, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. 3. ფასიანი სასწავლებელი რეგისტრაციაში ტარდება არსებული კანონმდებლობისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. 4. ლიცენზიის მიღებისთვის აუცლიებელია, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმა, პროგრამა, პედაგოგიური პერსონალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 5. ფასიან სასწავლებელს უფლება აქვს: ვ) საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულს მიანიჭოს სათანადო კვალიფიკაცია და გასცეს შესაბამისი მოწმობა. 8. ფასიანი სასწავლებლის მსმენელები და თანამშრომლები სარგებლობდნენ სახელმწიფოს სასწავლებლისთვის დადგენილი ყველა შეღავათით. 9. ფასიანი სასწავლებლები თავიანთ საქმიანობას წარმათავენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის არასახელმწიფო საერო სასწავლებლების 1994 წლის 17 მარტის დებულების თანახმად: საქართველოს რესპუბლიკაში ნაბადართულია არასახელწიფო საერო სასწავლებელების დაფუძნება კვალიფიკაციის დამადასტურებელი სათანადო მოწმობის (დიპლომის, ატესტატის) გაცემის უფლებით. არასახელწიფო საერო სასწავლებელები რეგისტრირდება არსებული კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მიღებისთვის აუცლიებელია, რომ არასახელწიფო საერო სასწავლებელების სასწავლო გეგმები, წესდება, პროგრამები, პედაგოგიური პერსონალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აკმაყოფილებდეს სასწავლებლისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს შპს პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/2256 ლიცენზია. 1997-2010 წ.წ. მოქმედებდა ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა განათლების სფეროში შედგებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან, ხოლო განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები იყო: საქართველოს მოქალაქეთა განათლების მიღების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა და დაცვა. ამავე კანონის მესამე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განათლების მიღება შეიძლება როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსტერნატის ფორმით. იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიის მქონე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. აღნიშნული ინსტიტუტი ფუქციონირებდა ზ/აღნიშნული კანონის მოქმედების დროსაც. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტის თანახმად: ,,ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.” შესაბამისად, შპს პროფესორ ჯ.ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილების ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასაწავლებლების შესახებ” თანახმად, კერძოდ, საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულს ენიჭებოდა სათანადო კვალიფიკაცია და გასცემდნენ შესაბამის მოწმობა. შესაბამისი საგნების სწავლის, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდგომ მომენიჭა, იურისტის და ეკონომისტის კვალიფიკაცია, როგორც აღნიშნულს ითავლისწინებდა ზ/აღნიშნული დადგენილება და ჩემი უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერი სხვა უმაღლესი განათლების დიპლომის თანაბარი იურდიული ძალის მქონე იყო და შემეძლო სწავლა გამეგრძელებინა, ასპირანტურაში. მე ვისარგებლე საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტიციითა და სხვა კანონებით მონიჭებული უფლებით და უმაღლესი განათლება მივიღე არასახელწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მიმაჩნია, რომ ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობდა შესაბამისი სასწავლო საგნების მიხედვით, ზოგი აღნიშნულ კურს გადიოდა ხუთ წლიანი სასწავლო კურსით, ზოგი 4 წლის (როგორც ჩვენს შემთხვევაში, მათ შორის შაბათ დღეს სწავლითაც), ვინაიდან ლიცენზიის მიღებისთვის აუცლიებელი იყო, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმა, პროგრამა, პედაგოგიური პერსონალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზას დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ჩემთვის არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლება მომხიბვლელი იყო იმ გარემოებითაც, რომ წარჩინებული სტუდენტები გათავისუფლებული იყვნენ სწავლის გადასახადისგან. შესაბამისად, გარდა პირველი სასწავლო წლისა, არ ვიხდიდი სწავლის საფასურს. შაბათ დღეს სრული დატვირთვით გვქონდა ლექციები და შესაბამისად, სასწავლებლის სასწავლო პროგრამა ხუთ წლიანი სასწავლო კურსის ნაცვლად დავამთავრეთ 4 წელში. ჩვენი ინსტიტუტი დაარსებული იყო ადვოკატთა კოლეგიის ბაზაზე, რის გამოც სტუდენტებმა, რომლებმაც წარჩინებით დავამთავრეთ ინსტიტუტი, მალევე დაგვასაქმეს ადვოკატთა კოლეგიაში. კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა რეგულირების საგნის გათვალისწინებით, არსებობს უშუალო მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტში ცვლილება განხორციელდა 13.05.2005 წელს. ამ კანონის ამოქმედების შემდგომ ადამიანი ინფორმირებულია სახელმწიფოს მიერ, რომ ამოქმედდა უმაღლესი განათლების ბაკალავრის, მაგისტრის აკადემიური ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმი და იგი ამ შემთხვევაში ახდენს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზებას და თავად ირჩევს მისთვის სასურველ განათლების ფორმას. ჩემთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ცვლილების განხორციელებამდე ვსწავლობდით და მივიღეთ უმაღლესი განათლება, საერთოდ არ იყო ცნობილი ზ/აღნიშნული აკადემიური ხარისხების თაობაზე, მითუმეტეს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც უმაღლესი განათლების დიპლომებს (სახელწიფო და არასახელმწიფო, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წლების მიხედვით) სხვადასხვა იურდიულ მნიშვნელობას ანიჭებდა არ არსებობდა. ფასიანი სასწავლებლის მსმენელები და თანამშრომლები სარგებლობდნენ სახელმწიფოს სასწავლებლისთვის დადგენილი ყველა შეღავათით. მიმაჩნია, სადავო ნორმის მიღებით სახელმწიფომ დაარღვია ჩემი უფლებები, ვინაიდან 1995 წელს უკვე დამთავრებული მქონდა უმაღლესი სასწავლებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 03 ნოემბერის საქმე № N2/80-9 ,,ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მითითებულია, რომ: (II, 2, მე-3 აბზაცი) ,,ყოველივე ზემოთ ნათქვამი შესაძლებლობას აძლევს სასამართლო კოლეგიას, გააკეთოს შემდეგი დასკვნა: მართალია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პირველ მუხლში არ წერია, რომ იგი აღიარებს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის კანონიერებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია არ იცავს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების მემკვიდრეობითობას; ამ დროს არც სახელმწიფო და არც საზოგადოებრივი წყობილება უკვე აღარ იყო სოციალისტური.” ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამოდინარე, მე ვისარგებლე სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტებითა და 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და მივიღე უმაღლესი განათლება და შესაბამისი დიპლომი, რომელიც თანაბარი იურდიული ძალის მქონე იყო სხვა სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომთან. სახელმწიფოს მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის დღეს მოქმედი ნორმა კი მართმევს უფლებას ჩემი დიპლომი იმ დროს გაცემული დიპლომების თანაბარი იურდიული ძალის მქონე იყოს, ვინაიდან ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, როდესაც ორივე შემთხვევაში, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმძღვანელო სტანდარტი ხუთ და ოთხწლიანი სწავლების შემთხვევაში ერთნაირი იყო და ლიცენზიის მიღებისთვის აუცლიებელი იყო, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმა, პროგრამა, პედაგოგიური პერსონალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზას დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნები, ხოლო საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულს ენიჭებოდა სათანადო კვალიფიკაცია და გასცემდნენ შესაბამის მოწმობას, სხვა შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ გაიცემოდა და არც შესაბამისი კვალიფიკაცია მომენიჭებოდა. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად: საქართველოს კონსტიტუცია არ თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ჩემს მიერ ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასვლის, გამოცდებზე ჩემი დაშვებისა და ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების ფაქტები ადასტურებს იმას, რომ დიპლომისა და შესაბამისი ცოდნის საფუძველზე, ნამდვილად განვახორციელე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები ზემოაღნიშნული პროფესიული გამოცდების ჩაბარების სახით; ასევე, იურიდიული სფეროს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო/კონსტიტუციური ორგანოების - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ჩემს სახელზე გაცემული დიპლომი, მიჩნეული იქნა საგანმანათლებლო, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩემი კანონიერი ნდობა ჩემს სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. მიმაჩნია, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება). გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით. გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის N1/1/126,129,158 საქმეში, ,,საქართველოს მოქალაქეები – (1) ბაჭუა გაჩეჩილაძის, სიმონ თურვანდიშვილის, შოთა ბუაძის, სოლომონ სანადირაძის და ლევან ქვაცბაიას, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძის, ნინელი ანდრიაძის, გურამ დემეტრაშვილის და შოთა პაპიაშვილის, (3) გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განმარტა: (III. მ-4 აბზაცი) ,,საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან და დასახელებული საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა აღნიშნული სოციალური უფლებები უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსით გათვალისწინებულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იმ უფლებებად, რომელთა დაცვის მძლავრი მექანიზმების შესაქმნელად სახელმწიფო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მართებული საშუალება”. სოციალური უფლებები კი აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის, ისინი მოიცავენ სულ მცირე განათლების, ოჯახის შექმნისა და შენარჩუნების უფლებას, მაგრამ ამასთანავე ხშირად „სამოქალაქოდ” ჩათვლილ ბევრ უფლებასაც. იმავე საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის N1/1/126,129,158 საქმეში, ,,საქართველოს მოქალაქეები – (1) ბაჭუა გაჩეჩილაძის, სიმონ თურვანდიშვილის, შოთა ბუაძის, სოლომონ სანადირაძის და ლევან ქვაცბაიას, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძის, ნინელი ანდრიაძის, გურამ დემეტრაშვილის და შოთა პაპიაშვილის, (3) გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განმარტებულია: III. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები შეეხება მათი იმ კატეგორიის სოციალური უფლებების დაცვას, რაც მართალია, ცალკე არაა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის ძალით, ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.” ამ პრინციპების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, როგორც ეს ჩანს კონსტიტუციის პრეამბულიდან, ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ,,… ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი”. კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად ასევე ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავსუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”. მოსარჩელეთა უფლებების საერთაშორისო-სამართლებრივ და საზოგადო მნიშვნელობაზე მეტყველებს ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარციის” 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ,,ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს აქვს სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნების და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უფლება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ეროვნული ძალისხმევის, საერთაშორისო თანმშრომლობის მეოხებით და, ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესატყვისად.” ამ დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი: ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს იყოს ისეთ ცხოვრებისეულ დონეზე, რომელიც გულისხმობს საკვების, ტანისამოსის, საცხოვრისის, სამედიცინო მოვლისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია თვით მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და დოვლათისათვის, ადამიანს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერეში დაუძლურების თუ, მისგან დამოუკიდებლად არსებობისათვის სხვა საშუალებების დკარგვის შემთხვევაში.” როგორც ეს დკლარაციის პრეამბულიდან ჩანს, ხალხები და სახელმწიფოები უნდა ესწრაფოდნენ მისი დებულებების თანდათანობით შესრულებას ეროვნული თუ საერთაშორისო ღონისძიებების მეშვეობით.” 1966 წლის 16 დეკემბრის ,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტის” ფაკულტატური ოქმის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-17 მუხლის თანახმად: ,, 1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. 2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან. 1948 წლის ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-12 მუხლის თანახმად: არავინ შეიძლება დაექვემდებაროს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და მიმოწერაში თვითნებურ ჩარევას, ისევე როგორც მისი პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. იმავე დეკლარაციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ყველას აქვს განათლების უფლება. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი _ ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის უნარის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას,შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. 1950 წლის 4 ნოემბრის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის” (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 27 აპრილიდან) მე-8 მუხლის თანახმად: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. 1950 წლის 4 ნოემბრის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის” დამატებითი #1 ოქმის, 2-ე მუხლის თანხმად: არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება. 1966 წლის 16 დეკემბრის ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის” (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტო) მე-13 მუხლის თანახმად: 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს. უმაღლესი განათლების მიღებისა და მუშაობის, გარკვეული კარიერული წინსვლის შემდგომ შევქმენი ოჯახი, შემეძინა სამი შვილი, რომლებიც არიან არასრულწლოვანები. მეუღლეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (2015 წელს გადაიტანა ინფაქტი). ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ მე. კანონმდებელმა სადავო ნორმების საფუძველზე განახორციელა ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა, კერძოდ, წამართვა აღნიშნულმა ნომებმა მოახდინეს ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დისკრედიტაცია, შემილახეს ღირსება, პატივი და პროფესიული რეპუტაცია. საინტერესოა, რომელი კონსტიტუციური პრინციპისა, თუ საერთაშორისო ნორმით იხელმძღვანელა სახელმწიფომ და რა სამართლებრივი საფუძვლის არსებობამ განაპირობა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმისა და შესაბამისად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ამ უფლება შემზღუდველი ნორმების მიღება. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩემთვის საერთაშორისო ნორმებითა და კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვა და უნდა იმოქმედოს არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგებით, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად უნდა მოხდეს სადავო ნორმებთან დაკავშირებით რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დაირღვეს არამარტო ჩემი (მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების), არამედ სამართლებრივად ჩემს მდგომარეობაში არსებული პირების კანონით დაცული ინტერესები. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის საფუძველზე მიმაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 საქმეში “საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განმარტებულია: ,, II. 4. სადავო ნორმების შესაფასებლად აუცილებელია გაირკვეს იმ სამართლებრივ კატეგორიათა შინაარსი, რომლებთან დაკავშირებითაც შემოიღო კონსტიტუციამ უკუძალის აკრძალვის წესი. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საქმე ეხება ქმედებას, რომელიც შეიძლება შეფასდეს სამართალდარღვევის კუთხით. კონსტიტუცია ზოგადად საუბრობს სამართალდარღვევაზე და უნდა ვიფიქროთ, რომ მასში არ მოიაზრება მარტო სისხლისსამართლებრივი დელიქტები. რაც შეეხება აღნიშნული პუნქტის მე-2 წინადადებას, კანონის უკუძალის აკრძალვა - დაშვება პასუხისმგებლობის კატეგორიასთანაა დაკავშირებული. პასუხისმგებლობა იქაა, სადაც სახეზეა სამართალდარღვევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის ინსტიტუციურ ერთიანობას და Aშესაბამისად, მათი შეფასებისას ლოგიკურ ურთიერთგანპირობებულობას. ამდენად, უკუძალის აკრძალვის გარანტიები მოცემულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის როგორც პირველ, ისე მე-2 წინადადებაში. კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი კონსტიტუციის ამ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს იურიდიული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონისათვის უკუძალის აკრძალვას.“ იმავე საქმეში მითითებულია, რომ: ,,II. 8. რადგანაც კანონის უკუძალა გულისხმობს წარსულში მომხდარი სამართლებრივი ურთიერთობების შედეგების შეცვლას, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რომელი კანონია გამოსაყენებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების შედეგების დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაირკვეს მოხდა თუ არა გვიან მიღებული კანონით ამ შედეგების შეცვლა. სამართლებრივი ურთიერთობის სხვადასხვა ელემენტი შეიძლება ხორციელდებოდეს არა დროის ერთ განსაზღვრულ მომენტში, არამედ სხვადასხვა დროს. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით თავისთავად იმის გარკვევა, თუ რომელი კანონია გამოსაყენებელი და როდის აქვს ადგილი ურთიერთობის სამართლებრივი შედეგების შეცვლას ანუ უკუძალას, შესაძლებელია არ იყოს ერთმნიშვნელოვანი. შესაბამისად, სამართლებრივ სივრცეში არა მარტო ის საკითხია პრობლემური თუ როდის შეიძლება ჰქონდეს და როდის არის აკრძალული კანონისთვის უკუძალის მინიჭება, არამედ რთულია იმის გარკვევაც, როდის გვაქვს საქმე კანონის უკუძალასთან. 9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ უტოვებს კანონმდებელს თავისუფლებას იმის გადაწყვეტისას, თუ როდის აქვს ან არ აქვს სამართალდარღვევებისა და მათ გამო პასუხისმგებლობის დამდგენ კანონებს უკუძალა. მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ათვლის წერტილი გამოსაყენებელი კანონის დასადგენად არის ქმედების განხორციელების დრო. შესაბამისად, იმის გადაწყვეტისას, პირის მიერ განხორციელებული ქმედება არის თუ არა სამართალდარღვევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირს მისთვის, კანონმდებელს გააჩნია სრულიად გარკვეული კონსტიტუციური დირექტივა, რომ გამოსაყენებელ კანონად უნდა ჩაითვალოს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონი. რომელიმე სხვა უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) კანონის გამოყენება სამართალდარღვევებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის ჩაითვლება უკუძალის მინიჭებად და კონსტიტუციის დარღვევადაც, თუ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ კანონთან არ გვაქვს საქმე.“ იმავე საქმეში მითითებულია, რომ: ,,II. 12. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს კანონის დასაშვები და აუცილებელი მოქმედების ფარგლები. კანონმდებლის დისკრეცია, მისი ნების მოქმედების ფარგლები, კონსტიტუციითაა შეზღუდული. ამაზე მეტყველებს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე…მუხლიც, რომლის თანახმად, კანონმდებელს შეუძლია, მიანიჭოს ნორმატიულ აქტს უკუძალა, მაგრამ მისი უფლებამოსილება შეზღუდულია კონსტიტუციით. საფრთხე რომ არ შეექმნას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, აღნიშნულ კანონში ხაზგასმითაა გამოყოფილი ის შემთხვევები, რასაც კანონმდებელი ვერ შეცვლის თავისი ნორმატიული ნებით. კერძოდ, “ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არა აქვს~. ამ დებულების უარმყოფელ ნორმას კანონმდებელი ვერ მიიღებს. კანონმდებელი ასევე შებოჭილია ამავე მუხლის იმ კონსტიტუციური დებულებით, რომ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან Aშემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.” ვინაიდან ათვლის წერტილი გამოსაყენებელი კანონის დასადგენად არის ქმედების განხორციელების დრო, ჩემს მიერ კი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ხორციელდებოდა 1991-1995 წწ, რა დროსაც საქართველოს რესპუბლიკაში ნებადართული იყო ფასიან სასწავლებლების დაარსება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით და ფასიანი სასწავლებლის მსმენელები და თანამშრომლები სარგებლობდნენ სახელმწიფოს სასწავლებლისთვის დადგენილი ყველა შეღავათით, შესაბამისად, კონსტიტუციითა და ნორამატიული აქტებით მონიჭებული უფლებებით ვისარგებლე მიივიღე უმაღლესი განათლება, მივიღე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა - დიპლომი, რომელიც თანაბარი იურდიული ძალის მქონე დოკუმენტი იყო, როგორც სხვა სახელმწიფო და 5 წლიანი სასწავლო წლის მქონე ინსტიტუტების მიერ გაცემული დიპლომებისა. სადავო ნორმები ზღუდავს და ამძიემებს არა მარტო ჩემ, არამედ საქართველოს არაერთი მოქალაქის სამართლებრივ მდგომარეობას, რომლებსაც ერთსაფეხურიანი, ოთხ წლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს, რის გამოც სადავო ნორმებს არ შეიძლება ჰქონდეთ უკუძალა. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ გათვალისწინებულია: თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. 2. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ენიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით. ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განთლება არ იყო დამაბრკოლებელი მემუშავა ადვოკატად, შემდეგ მოსამართლედ, არც რომელიმე გამოცდის ჩასაბარებლად, არც 2005 წელის 5 ნოემბერს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დროს (როგორც დღეის მდგომარეობით გავარკვიე სადავო ნორმა უკვე მოქმედი ნორმა იყო 2005 წლის 13 მაისიდან). დღეს, როდესაც კანონმდებელი სადავო ნორმების საფუძველზე მართმევს მოსამართლის თანამდებობის კვლავ დაკავების უფლებას, სამართლებრივად ეს ნორმები თავისი არსით ჩემსთვის სხვა არფერია, თუ არა ყოველგვარი მსჯავრდების გარეშე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა. ამ შემთხვევაში სსკ-ის ნორმა უფრო ჰუმანურია, ვინაიდან მათ მოქმედების ვადა მკაცრადაა განსაზღვრული, ხოლო ამ სადავო ნორმებით გამოწვეული შედეგი, განუსაზღვრელი ვადითაა და ჩემი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით კი შეიძლება სამუდამოც იყოს. უმაღლეს განათლების სფეროში გატარებულ რეფორმებმა შელახა ჩემი და სამართლებრივად ჩემს მდგომარეობაში მყოფი პირების კონსიტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით მონიჭებული უფლებები. ხვალ შეიძლება ,,იგივე წარმატებით“ განხორციელდეს რეფორმები სხვა სფეროებში და არ აღმოჩნდეს დაცული მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და პრინციპები. გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და ,,იგივე მიდგომით“ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა შესაძლოა აღმოვჩნდეთ არასრული ზოგადი განათლების მქონე. შესაბამისად, ვშუამდგომლობ, თქვენ წინაშე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების: ,,ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით” და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი