გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1597 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ფუტკარაძე |
თარიღი | 26 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილი: “ ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 7 თებერვლის N1/გ-111-21 განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ამოღების ღონისძიების კანონიერების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე.(იხ: დანართი 1).
განჩინებიდან ირკვევა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - ზაზა შერვაშიძის 2020 წლის 29 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - ზაზა შერვაშიძის მიერ, 2020 წლის 29 ნოემბრის 19:47 საათიდან 30 ნოემბრის 01:57 საათამდე დროის შუალედში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება.
ამის შემდგომ 2020 წლის 30 ნოემბერს, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა - ალექსანდრე ძირკვაძემ, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2020 წლის 29 ნოემბრის 19:47 საათიდან 2020 წლის 30 ნოემბრის 01:57 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩის N91-ში მდებარე შპს „ონლაინ მეჯიქის“ ადმინისტრაციულ შენობაში გამომძიებელ ზაზა შერვაშიძის მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების და მისი შედეგების კანონიერად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ გიორგი ფუტკარაძის(მოსარჩელის) სავარჯიშო მოწყობილობების (ე.წ ტრენაჟორების) ამოღება.
ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული განჩინების იმ პირისთვის ჩაბარებას, რომლის კერძო საკუთრების მიმართაც ხდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მოსარჩელის ადვოკატმა სასამართლოდან გამოითხოვეს აღნიშნული განჩინება, რომელიც ჩაბარდათ 2021 წლის პირველ თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამარლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრეს 2021 წლის 2 თებერვალს და მოითხოვეს საგამოძიებო ღონისძიების უკანონოდ ცნობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 48 საათიანი ვადა აითვლებოდა განჩინების აღსრულებიდან და არა განჩინების ჩაბარების მომენტიდან. კერძოდ, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ანუ 48 საათში და გასაჩივრების ვადა აივლება განჩინების აღსრულებიდან, რაც გულისხმობს განჩინების გასაჩივრების უფლების რეალიზებას, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირი ინფორმირებული გახდება განჩინების გამოტანისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების(განჩინების აღსრულება) შესახებ“(იხ: დანართი 1, გვ 7-8).
შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო ნორმა ართმევს შესაძლებლობას მის საკუთრებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში განჩინების ჩაბარების მომენტიდან, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც დაცული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგანი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი აწესრიგებს სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. ამისგან განსხვავებით, 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს 112-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესისგან განსხვავებულ საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. ხოლო 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით აღნიშნული მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება 207-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის გასაჩივრების ვადაც აითვლება განჩინების აღსრულების მომენტიდან.
112-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება შესაძლოა იყოს ორგვარი: 1) როდესაც სასამართლოს განჩინება გამოაქვს მხარის მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებამდე (112-ე მუხლის პირველი ნაწილი) და 2) როდესაც სასამართლოს განჩინება გამოაქვს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შემდეგ (112-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ორივე შემთხვევისთვის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების აღსრულებიდან. მოსარჩელე სადაოდ ხდის მხოლოდ112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხს. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებისთვის დადგენილი 48 საათიანი ვადის არსებობას, წინამდებარე სარჩელში სადავოა მხოლო განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტი, რომელსაც სადავო ნორმა განჩინების აღსრულებიდან ითვალისწინებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო და უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“.[1] საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ [2].
კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.[3] ამ ყველაფრის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობა, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდეგში „ხვედელიძის საქმე“) მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმით განსაზღვრული წესი (რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში) ადგენდა გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის ხელშემშლელ ბარიერებს, კერძოდ, პირს ართმევდა შესაძლებლობას, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაცნობოდა დასაბუთებულ დადგენილებას, მისი შინაარსის მიხედვით გადაწყვიტოს, სურდა თუ არა გასაჩივრება და წარედგინა არგუმენტირებული/ დასაბუთებული საჩივარი.[4]
სადავო ნორმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში განჩინების აღსრულების მომენტიდან 48 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს იმ პირისთვის განჩინების ჩაბარების ვალდებულებას, რომლის კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასაც ზღუდავს საგამოძიებო მოქმედება. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს განჩინების გასაჩივრება ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა.[5] ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებად ცნობის ან დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების შემთხვევაში ითვალისწინებს საჩივრის დასაბუთებულობის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც შესაძლოა საჩივარი არ იქნეს მიღებული წარმოებაში.
ამდენად, სადავო ნორმის მიხედვით, მოსარჩელეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრება შეუძლია განჩინების აღსრულებიდან 48 საათში, ისე, რომ მისთვის უცნობია ის გარემოებების, რის საფუძველზეც სასამართლომ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიება მიიჩნია კანონიერად, შესაბამისად მას ერთმევა შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროს სურს თუ არა გამოიყენოს სამართლიანი სასამართლოს უფლება საკუთარი უფლებების დასაცავად. ასეთ დროს მესაკუთრეს მხოლოდ გამომძიებლის დადგენილება ბარდება, ჩხრეკისა და ამოღების დაწყების შესახებ. სასამართლო 24 საათის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს ჩხრეკისა და ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხდომაზე დასწრების გზით მესაკუთრე ვერ გაიგებს, რა მიიჩნია მოსამართლემ გადაუდებელ აუცილებლობად. ამასთან, თუკი პირი მაინც გადაწყვეტს განჩინების გასაჩივრებას, არსებობს იმის საკანონმდებლო საფუძველი, რომ საჩივარი არ იქნეს წარმოებაში მიღებული დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
ის, რომ სადავო ნორმა იწვევს კონსტიტუციის სწორედ 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას, ამაზე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი პრაქტიკაც. კერძოდ, საქმეზე „შპს უნისერვისი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(შემდგომში უნისერვისის საქმე) საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომელიც კრძალავდა ამოღებაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გამოცემულ დადგენილების(განჩინების) სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. სასამართლომ აღნიშნული ნორმები არაკონსტიტუციურად სცნო კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შეესაბამება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას. ამასთან კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლის არსებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(შემდგომში „ქებურიას საქმე“) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 27-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ: „განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგეს ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკის საფუძველს, რაც შესაბამის უფლებამოსილ პირს აღჭურავს უფლებით, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს პირისა თუ კონკრეტული სივრცის ჩხრეკა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთის ამოღება. ჩხრეკის დროს ხდება ადამიანის იმ სფეროში შეჭრა, რის მიმართაც მას, როგორც წესი, კონფიდენციალურობის ინტერესი და მოლოდინი გააჩნია. შესაბამისად, ასეთი საკითხები თავისი არსით განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ “პირად სივრცესა და კომუნიკაციას“. ამდენად, სადავო ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება.“ ვინაიდან კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტიც პირდაპირ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლის არსებობას და შესაბამისად, ნორმა რომელიც ჩხრეკისას სასამართლოს მონაწილეობას ზღუდავს (გამორიცხავს), ასეთ ნორმას შესაძლოა მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტთანაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რა განაპირობებს საგამოძიებო მოქმედების ერთ შემთხვევაში კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტში, ხოლო მეორე შემთხვევაში კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩარევას. ქებურიას საქმის მიხედვით, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა პირის ნების საწინააღმდეგოდ ადამიანის იმ სფეროში შეჭრა, რომლის მიმართაც არსებობს კონფიდენციალური ინტერესი. კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე ნაწილი ასეთ შემთხვევაში ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობას (წინასწარ ან პოსტ-ფაქტუმ ჩხრეკის დაწყების შემდეგ). ხოლო უნისერვისის საქმის მიხედვით, მაშინ, როდესაც სადავო ნორმა პირს ართმევს პირს უფლებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევა. ვინაიდან სადავო ნორმა ეხება სასამართლოს განჩინების მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების საკითხს, გამოსაყენებელია უნისერვისის საქმე, რადგან სახეზეა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული წესი ადგენს გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის ხელშემშლელ ბარიერს. გასაჩივრებული ნორმით იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ განჩინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში პირს არ აქვს შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებას, იმასთან დაკავშირებით არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩასატარებლად და ამის შემდეგ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი - ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა.
ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების კონტექსტში მნიშვნელოვანია ამერიკის უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Groh v. Ramirez, 540 U.S. 551 (2004) https://supreme.justia.com/cases/federal/us/540/551/. ამსაქმეში რამირესის რანჩოში ჩხრეკა ისე ჩატარდა, რომ მოსამართლის განჩინებაში არ იყო აღნიშნული ის, თუ კონკრეტულად რა საგნის ან მტკიცებულების ამოღებას ისახავდა მიზნად ამგვარი ჩხრეკა. მოსამართლისათვის წარდგენილ შუამდგომლობაში ოფიცერი გროჰი აცხადებდა, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რამირესის სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო სატყორცნი საშუალება და ტყვიები. ოფიცერი გროჰი შუამდგომლობაში ითხოვდა აღნიშნული საბრძოლო საშუალებების და მათი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ამოღებას. ამის მიუხედავად, მოსამართლის განჩინებაში არაფერი იყო ნათქვამი, არც იარაღზე, არც საბრძოლო მასალაზე, არც მათი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ამოღებაზე. მოპასუხე რამირესის ცოლს, ჩაბარდა მოსამართლის განჩინების ასლი, სადაც არაფერი იყო ნათქვამი იმ საგანზე, რის პოვნასაც ჩხრეკა ემსახურებოდა. შუამდგომლობა, სადაც ჩხრეკის შედეგად ამოსაღები საგანი იყო აღწერილი, შენობის მესაკუთრეს არ ჩაბარებია.
როგორც სააპელაციო, ისე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამ შემთხვევაში დაადგინეს კონსტიტუციის მეოთხე შესწორების დარღვევა. სააპელაციო სასამართლოს თქმით, განჩინება იყო უკანონო, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული კონკრეტულად რა საგანი უნდა ყოფილიყო ამოღებული. ჩხრეკის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის ზეპირი განცხადებები, რაც გააკეთა როგორც ჩხრეკის ჩატარებამდე, ისე მას შემდეგ, არ იყო საკმარისი, განჩინებაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ ხარვეზით მესაკუთრეს წაერთვა შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებლის ქმედებაზე ედავა სასამართლოში, თუ ის გასცდებოდა ჩხრეკის თაობაზე სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლოს პოზიცია გაიზიარა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომაც (უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება დაწერა მოსამართლე სტივენსმა). სასამართლოს თქმით, კონსტიტუციის მეოთხე შესწორების თანახმად ჩხრეკასა და ამოღებაზე არ შეიძლება გაცემული იყოს განჩინება, თუკი არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რაც დასტურდება შუამდგომლობით, რომ ჩხრეკას დაქვემდებარებული კონკრეტულ ადგილიდან ამოღებული უნდა იქნეს კონკრეტული საგანი ან დაკავებული უნდა იქნეს კონკრეტული პირი. მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის მოთხოვნა - განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტული საგანი. ამის გამო ითვლება რომ გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის პირობებში ჩატარდა არასანქცირებული ჩხრეკა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თქმით: „მესაკუთრის მიერ მაგისტრატის განჩინებაში აღნიშნული დეტალური გარემოებების ცოდნა არის იმის გარანტია, რომ ჩხრეკის ჩამტარებელი პირი არ გასცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. დეტალური განჩინების ცოდნით მესაკუთრე დარწმუნდება მისი საკუთრების ჩხრეკის აუცილებლობაში და არ მისცემს გამომძიებელს დეტალური განჩინებით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობას. თანამდებობის პირის მიერ ჩხრეკის ჩატარებისას მესაკუთრისათვის ჩხრეკის თაობაზე განჩინების წარდგენა ამცირებს უკანონო და ადამიანის პირადი ცხოვრების ზედმეტად შემზღუდველი ქმედების ჩადენის შესაძლებლობას.“
ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმით, თავისთავად ჩხრეკის ან ამოღების დასრულებამდე, მესაკუთრეს შესაძლოა არ შეექმნას დეტალური წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებად, როგორ დაასაბუთა ის შემთხვევა, რომ თუკი პროკურატურა ჩხრეკის ან ამოღების განჩინების მიღების ლოდინში დროს დაკარგავდა, ამასობაში მესაკუთრე გაანადგურებდა გამოძიებისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას ან გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ ინფორმაციის მისაღებად მესაკუთრეს სჭირდება იმ სასამართლოს განჩინების გაცნობა, რომელმაც დააკანონა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა და ამოღება. მხოლოდ ამგვარი განჩინებით საბუთდება გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. თუკი მესაკუთრე ამ განჩინების წაკითხვის შედეგად ჩათვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება, ბუნებრივია მას აღარ გაუჩნდება განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების სურვილი. მეორეს მხრივ, თუკი შენობის მესაკუთრე, განჩინების წაკითხვის შემდეგ ჩათვლის, რომ გამოძიებას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, ჩხრეკის თაობაზე განჩინების მისაღებად, ისე რომ ამ განჩინების მისაღებად საჭირო დროის განმავლობაში მტკიცებულებები არ განადგურდებოდა, ასეთ შემთხვევაში, განჩინების გაცნობიდან, 48 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მესაკუთრეს, გადაუდებელი გარემოების არსებობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების ზემდგომ, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესაძლებლობა. სხვაგვარად, იქმნება თვითნებობის და სამართალდამცავი ორგანოების კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მოქმედების საფრთხე.
3. ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების დიდი მნიშვნელობისა, იგი არ არის აბსოლუტური და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“[6]. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე”[7]. ამდენად, წინამდებარე დავის მიზნებისთვის პირველ რიგში უნდა დადგინდეს რას შეიძლება წარმოადგენდეს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები თანაზომიერების ტესტს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამდენად, მოსარჩელის აზრით, მოცემულ შემთხვევაში შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად შეიძლება დასახელდეს ისეთი ინტერესი, როგორიცაა ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დანაშაულის დროული აღკვეთა და პრევენცია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მოსარჩელის ადვოკატი ქუთაისის სააპელაციო საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრის წარდგენისას მიუთითებდა, ხვედელიძის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის გამოყენების აუცილებლობაზე, რაზეც სასამართლომ შემდეგნაირად უპასუხა: „სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქალაქე გიორგი ფუტკარაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - სალომე ღოღობერიძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყო დაინტერესებული პირისთვის მისი გადაცემიდან, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირმა, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი, გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზებით არ მოითხოვოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ სასამართლოს განჩინების გადაცემა და მისი გასაჩივრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და შემდეგ მისი შეხედულებით, მოითხოვოს განჩინების გადაცემა და გადაცემიდან 48 საათში გაასაჩივროს იგი სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (მაგ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას), ან საერთოდ სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რაც არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ნორმებს.“(იხ. დანართი 1, გვ 10-11). ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ თუკი განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მიჩნეული იქნება განჩინების ჩაბარების დრო, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმის ბოროტად გამოყენების საფრთხე, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას. შესაბამისად, უნდა განვიხილოთ სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას ამართლებს თუ არა ისეთი ლეგიტიმური მიზნები, როგორიცაა: (1) ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დანაშაულის დროული აღკვეთა და პრევენცია. (2) გასაჩივრების სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია.
(1) ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დანაშაულის დროული აღკვეთა და პრევენცია,
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დანაშაულის დროული აღკვეთა და პრევენცია წარმოადგენს ისეთ ღირებულ საჯარო ინტერესებს, რომელის საფუძველზეც შესაძლოა კანონმდებელმა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით გარკვეული შეზღუდვები დააწესოს. თუმცა, თანაზომიერების პრინციპის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ უფლება შემზღუდველი ღონისძიება იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. ამდენად, უნდა შემოწმდეს რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის - რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
სადავო ნორმის მიხედვით, მოსარჩელეს ერთმევა შესაძლებლობა წინასწარ ინფორმირებულმა განსაზღვროს სურს თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების - ჩხრეკის და ამოღების კანონიერების შესახებ განჩინების სასამართლოში გასაჩივრება. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ პირს არ ბარდება განჩინება, ხოლო საკუთარი ინიციატივით განჩინების გამოთხოვისა და მიღების შემთხვევაში უკვე გასულია განჩინების გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, მოსარჩელეს უწევს ბლანკეტურად გაასაჩივროს განჩინება, თუმცა მას ერთმევა შესაძლებლობა საჩივარში მიუთითოს იმ სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის არსებობა/არარსებობაც განაპირობებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მცდარობას კანონიერად ცნობილი საგამოძიებო მოქმედების შესახებ. ვინაიდან სადავო ნორმა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში წარდგენილი საჩივარი საჩივრდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, მნიშვნელოვანია შემოწმდეს რა ბედი ელის ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის საჩივარს. ამისთვის, ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს რას ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონირების შეფასებისას.
როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით ამოღების წინაპირობას წარმოადგენს დასაბუთებული ვარაუდის არსებობა. კოდექსის მე-3 ნაწილის მე-11 ნაწილის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, საჭიროა ასევე სახეზე იყოს კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი მაინც. საკონსტიტუციო სასამართლომ ქებურიას საქმის სამოტივაციო ნაწილის 73-ე პუნქტში აღნიშნა, რომ: „თუ სახეზე იქნება გადაუდებელი აუცილებლობა ანუ ვითარება, როდესაც ფიზიკურად ვერ ხერხდება სასამართლო ნებართვის აღება შესაბამისმა პირმა ადამიანის პირადი სივრცის უფლების შეზღუდვიდან 24 საათში უნდა აცნობოს სასამართლოს ამის შესახებ და დაასაბუთოს როგორც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ღონისძიების საჭიროება, ასევე, იმის საჭიროებაც, თუ რატომ გახდა საჭირო ამ უფლების შეზღუდვა [...]გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა დაკავშირებულია, დროის სიმცირის გამო ჩხრეკის შესახებ სასამართლოს ბრძანების მიღების შეუძლებლობასთან. თუმცა ხსენებული, რა თქმა უნდა, არ ცვლის ჩხრეკის დასაბუთებულობის მტკიცების ვალდებულებას ან/და მტკიცების სტანდარტს. მოსამართლემ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემოწმებისას ის ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში, რომელიც მის დაწყებამდე არსებობდა.“ ამდენად, აუცილებელი გადაუდებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების a posteriori სასამართლო კონტროლისას მოსამართლემ უნდა შემოწმდეს ორი გარემოება: 1. არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის; 2. არსებობდა თუ არა საგამოძიებო მოქმედების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საჭიროება. ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში განჩინების გასაჩივრებისას მოსამართლემ უნდა შეამოწმოს რამდენად მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ დასახელებული გარემოებები.
207-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში წარდგენილი საჩივარი იყოს დასაბუთებული. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ წყვეტს აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს. ამის შემდეგ საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. ამდენად, შესაძლოა მომჩივანის საჩივარი არაპერსპექტიული აღმოჩნდეს ჯერ კიდევ დასაშვებობის ეტაპზე და დაუშვებლად იქნეს ცნობილი დაუსაბუთებლობის საფუძვლით. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე დასაშვებად მიიჩნევს საჩივარს, იგი უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე მის გარეშე. 207-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მოსამართლეს საჩივრის განხილვისთვის აქვს 72 საათიანი ვადა. შესაბამისად, თუკი მოსამართლემ საჩივარი მაინც სცნო დასაშვებად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სცენარი - წარმოდგენილ საჩივარში არგუმენტების არ არსებობის გამო საჩივარი არ დააკმაყოფილოს. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა იწვევს მოსარჩელისთვის აპელაციის უფლების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობის მოსპობას, ვინაიდან მისთვის უცნობი სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისას მას ერთმევა შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინოს არგუმენტირებული საჩივარი, რაც ამცირებს საჩივრის წარმატებულობის პერსპექტივას. მოპასუხე მხარემ შესაძლოა მიუთითოს, რომ მოსარჩელის საგამოძიებო მოქმედების ადგილზე ყოფნით და პროკურორის დადგენილების გაცნობით მას, გარკვეული წარმოდგენა აქვს, თუ რა საფუძვლებს შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო განჩინების გამოტანისას. თუმცა, აღნიშნული არგუმენტი არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, რადგან სასამართლო აფასებს საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი პირების მოქმედების კანონიერებას სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირებით, რაც მოსარჩელისთვის ვერ იქნება ცნობილი საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირებისგან. ამასთან, ეს გარემოებები მოსარჩელისთვის ცნობილი ვერ იქნება ვერც სასამართლოსგან, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო მის მიერ გამოტანილი განჩინება არ ბარდება მოსარჩელეს.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია გადაუდებელი აუცილებლობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან, რამდენად შეუქმნის საფრთხეს ზემოთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრეს მიეცემა შესაძლებლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს არა განჩინების აღსრულების, არამედ მისი ჩაბარების მომენტიდან. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ არსებულ პირობებში მოსარჩელეს ეზღუდება უფლება სრულად გაცნობიერებულად გადაწყვიტოს საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს თუ არა სასამართლოს და თუკი მაინც მიმართავს სასამართლოს, საჩივარს არ აქვს წარმატებულობის მაღალი პერსპექტივა. ამას კი განაპირობებს გასაჩივრების სადავო მექანიზმის არსებობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თუკი მას განჩინების გასაჩივრება შეეძლება მისი ჩაბარების მომენტიდან ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს როგორიცაა გამოძიების ჯეროვანი ჩატარება, დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია საფრთხე არ შეექმნება. მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოაწყოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს გამოძიების ჯეროვანი წარმართვა, დანაშაულის იარაღის მოპოვება, მტკიცებულებების შეგროვება თუ სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით შესაძლებელია დანაშაულის/შესაძლო დანაშაულის აღკვეთა და მისი სამომავლო პრევენცია. თუმცა, წინამდებარე დავაში უნდა შეფასდეს საგამოძიებო მოქმედების წარმართვის შემდეგ, ანუ მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებები დამაგრებულია (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერადაა ცნობილი) იმ პირის მიერ, ვისი პირადი სივრცეც დაირღვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმის სრულყოფილად სარგებლობამ შეიძლება თუ არა ზიანი მიაყენოს გამოძიების ინტერესებს და დამაგრებული მტკიცებულებების ბედს.
იმ პირობებში როდესაც მტკიცებულება კანონიერად არის მოპოვებული და რეალურად არსებობდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის როგორც დასაბუთებული ვარაუდი, ასევე გადაუდებელი აუცილებლობა, გასაჩივრების უფლების გამოყენება ხელს ვერ შეუშლის ამ მტკიცებულების დამაგრებას. ხოლო, თუ მტკიცებულება უკანონოდ არის მოპოვებული, მესაკუთრის ინტერესი უპირატესია გამოძიების ინტერესებთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას დანაშაულის პრევენციის ინტერესთან მიმართებაშიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ არის გამოსადეგი საშუალება ისეთი ლეგიტიმური მიზნების დასაცავად, როგორიცაა გამოძიების ჯეროვნად წარმართვა, დანაშაულის აღკვეთა და პრევენცია.
სააპელაციო განხილვა ხელს უწყობს იმ საკითხის განხილვას, კანონიერად იქნა თუ არა მტკიცებულება მოპოვებული - კერძოდ არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება, არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მტკიცებულება ინახებოდა კონკრეტულ ადგილას ან პირთან. თუკი არც გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა, არც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არის დაკმაყოფილებული, გამოძიების ინტერესიც უკანა პლანზე იწევს პირადი ცხოვრების სფეროს და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შედარებით. იმავდროულად, სამართლებრივი სახელმწიფოს და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი, არ უშვებს კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო დარწმუნდება, რომ მტკიცებულების მოპოვებამდე არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და არ იყო დაკმაყოფილებული გადაუდებელი ვარაუდის სტანდარტი, კონსტიტუციის მოთხოვნა არის ის, რომ ასეთი მტკიცებულება დაუშვებლად იქნას ცნობილი. ამ შემთხვევაში ან არ არსებობს ჯეროვანი გამოძიების ინტერესი ან ეს ინტერესი უკანა პლანზე გადადის, სამართლებრივ სახელმწიფოს არსებობის ინტერესთან შედარებით.
თუ სააპელაციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებას და დაკმაყოფილებული იყო დასაბუთებული ვარაუდის მოთხოვნები, ამით ხდება ჯეროვანი გამოძიების და დანაშაულის პრევენციისა და მისი აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის ეფექტურად მიღწევა. იმის მიუხედავად, სააპელაციო გასაჩივრების ვადის ათვლა მოხდება მესაკუთრის მიერ განჩინების გაცნობის მომენტიდან, თუ ჩხრეკისა და ამოღების აღსრულების მომენტიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის გზით მოპოვებული მტკიცებულება დამაგრებულია და კანონიერად არის ცნობილი. ამ მტკიცებულებას არ ემუქრება არავითარი განადგურების საფრთხე, თუ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ სცნო ამ მტკიცებულების მოპოვების ფაქტი და არ გამოაცხადა ეს მტკიცებულება დაუშვებლად. ამგვარად გასაჩივრების ვადის ათვლა ჩხრეკისა და ამოღების აღსრულების და არა განჩინების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარების, მომენტიდან არის ჯეროვანი გამოძიების, დანაშაულის ჩადენის პრევენციის და აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის ვარგისი საშუალება.
(2) გასაჩივრების სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია.
როგორც საქმეზე თანდართულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებიდან ირკვევა, მოსამართლემ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად განჩინების მხარისთვის ჩაბარების შემთხვევაში დაინახა ისეთი საფრთხე, როგორიცაა გასაჩივრების მექანიზმისა და მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული უფლებრივი კომპონენტები მიმართულია პირის მიერ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის რეალიზებისთვის. მაშინ როდესაც პირის მიმართ ხდება ისეთი საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას, თავად პირის ინტერესშია სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებით დაიცვას საკუთარი უფლებები. ამავეს იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც ხვედელიძის საქმის სამოტივაციო ნაწილის 26-ე პარაგრაფში: „როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესებშია, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. პირიქით, ასეთ შემთხვევაში იგი თავად უკეთ გადაწყვეტს, მის რომელ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა და რა მოცულობით ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით“.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაცვის მხარის სტრატეგიას შესაძლოა წარმოადგენდეს მართლმსაჯულების გაჭიანურება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს აღნიშნულ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევის პრევენცია. სადავო ნორმის მიხედვით, გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან და არა მისი გასაჩივრების უფლების მქონე პირისადმი ჩაბარებიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზოგიერთ შემთხვევაში თავად ითვალისწინებს გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად განჩინების/განკარგულების ჩაბარებიდან. მაგალითად, საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით, დაპატიმრების შესახებ განკარგულება შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. ასევე, 156-ე მუხლის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს ისეთ შემთხვევას, როგორიცაა გასაჩივრების ვადის ათვლა განჩინების/განკარგულების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან. შესაბამისად, მოსამართლის მიერ იმაზე მითითება, რომ მოსარჩლემ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო შესაძლოა არ მოითხოვოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ სასამართლოს განჩინების გადაცემა და მისი გასაჩივრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და შემდეგ მისი შეხედულებით მოითხოვოს განჩინების გადაცემა და გასაჩივრების უფლების რეალიზება, არ წარმოადგენს რეალისტურ საფრთხეს გასაჩივრების მექანიზმისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებისა. როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გასაჩივრების ვადის ათვლას განჩინების/განკარგულების ჩაბარების მომენტიდან, რაც თანდართულ განჩინებაში მითითებულ საფრთხეების ჰიპოთეტურობასა და არარეალისტურ ხასიათზე მიუთითებს. ამდენად, წინამდებარე დავის მიზნებისთვის სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამართლებისთვის არ გამოდგება ისეთი ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა გასაჩივრების სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია.
გარდა ამისა, უფლების ბოროტად გამოყენებას სასამართლომ შეიძლება ებრძოლოს უსაფუძვლოდ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით ან არ დაკმაყოფილებით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულების დამაგრების (კანონიერად ცნობის შემდეგ) უსაფუძვლოდ წარდგენილი საჩივარი ხელს არ უშლის იმას, რომ ეს მტკიცებულება პროკურატურამ ბრალდების სასარგებლოდ გამოიყენოს, სანამ სააპელაციო სასამართლოში ან წინასასამართლო სხდომაზე მისი უკანონოდ მოპოვების ფაქტი არ დადასტურდება. ასე, რომ საჩივარი გაჭიანურების მიზნითაც რომ იყოს წარდგენილი, ეს ზიანს ვერ მიაყენებს ამგვარი საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამამართლებელი ლეგიტიმური მიზნები არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე ხვედელიძე, II-6
[4] იქვე, II-20
[5]
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა