გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/1597 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუცურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1597) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 28 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1597 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის კერძო საკუთრებაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, კანონიერად იქნა ცნობილი აღნიშნული, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საერთო სასამართლოების მიერ მოსარჩელის განჩინების გასაჩივრების სუბიექტად ცნობისა, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს აღნიშნული განჩინების იმ პირისთვის ჩაბარებას, რომლის კერძო საკუთრების მიმართაც ხდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. შესაბამისად, მოსარჩელის ადვოკატმა სასამართლოდან გამოითხოვა აღნიშნული განჩინება, რომლის მხარისთვის ჩაბარების დროსაც კანონით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა გასული იყო. მოსარჩელემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა პირისთვის არა მისი ჩაბარების, არამედ მისი აღსრულების მომენტიდან, მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, გაასაჩივროს განჩინება, რომლის სუბიექტიცაა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების არა საკუთრივ ვადას, არამედ ვადის ათვლის მომენტს. კერძოდ, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია განჩინების აღსრულებიდან 48 საათში. მოსარჩელის განმარტებით, პირს, რომლის კერძო საკუთრებაშიც ტარდება საგამოძიებო მოქმედება, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ ბარდება, ხოლო საკუთარი ინიციატივით განჩინების გამოთხოვასა და მიღებას ობიექტურად სჭირდება იმდენად დიდი დრო, რომ ფაქტობრივად გამოირიცხება კანონით დადგენილ ვადაში განჩინების გაცნობისა და შემდგომ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, იმისათვის, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა არ დაირღვეს, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ პირს შეუძლია, სააპელაციო საჩივარი შეიტანოს განჩინების გაცნობამდე, თუმცა ამ შემთხვევაში მისთვის შეუძლებელი იქნება განჩინების მცდარობის დასაბუთება, რის გამოც დიდია ალბათობა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნიოს.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა ხდებოდეს მისთვის განჩინების ჩაბარების და არა აღსრულების მომენტიდან. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმით იქმნება მოცემულობა, რომ განჩინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირს არ აქვს შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩასატარებლად და ამის შემდეგ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან პირს, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეიძლება ილახებოდეს და რომლის კერძო საკუთრებაშიც ტარდება ჩხრეკა/ამოღება, არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს და ისარგებლოს გასაჩივრების რეალური შესაძლებლობით. კონსტიტიუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვის გამართლების სავარაუდო ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა, იყოს გასაჩივრების მექანიზმისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებაში ამგვარი ჩარევა გამოუსადეგარია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესებშია, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარის მიერ გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენების თეორიულ შემთხვევაშიც კი, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი მიუღწეველია, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების/განკარგულების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან.
9. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებას სასამართლო შეიძლება ებრძოლოს სააპელაციო სასამართლოში უსაფუძვლოდ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობით ან არ დაკმაყოფილებით. გარდა ამისა, საგამოძიებო კოლეგიაში უსაფუძვლოდ წარდგენილი საჩივარი შესაძლებლობას არ ართმევს ბრალდების მხარეს, გამოიყენოს გასაჩივრებული მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულება და მოითხოვოს მისი დასაშვებად ცნობა წინასასამართლო სხდომაზე. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების გაჭიანურება ან/და ხელის შეშლა, როგორც შედეგი, ვერ დადგება მხარისთვის განჩინების არა აღსრულების, არამედ მხარისხთვის ჩაბარების მომენტიდან 48 საათის შემდგომ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის მიცემით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1597 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1597 („გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი