ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/1506 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი; მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1506) მომართა ლევან დარსალიამ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 29 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს.
2. №1506 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი და ადვოკატი უფლებამოსილი არიან, მიმართონ სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირების მოთხოვნით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მისი დანაშაულის ჩადენის მომენტში ან მის შემდგომ შეურაცხადობის თაობაზე და თუ მის იზოლირებას საჯარო უსაფრთხოების ინტერესი მოითხოვს. ამავე დებულების თანახმად, „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ბრალდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული საქმის ფარგლებში, საქმის პროკურორმა მოითხოვა მისი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის განთავსება. სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ სასამართლომ ისე მოათავსა ბრალდებული არა უმეტეს 20 დღის ვადით სამედიცინო დაწესებულებაში, რომ არ ჩაუტარებია ზეპირი მოსმენა. ამასთან, მას სადავო ნორმის თანახმად, შეეზღუდა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა..
6. მოსარჩელის განმარტებით, პროკურორის მიერ პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსების მოთხოვნისას სადავო ნორმა გამორიცხავს, ერთი მხრივ, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას. შესაბამისად, პირს ერთმევა ყოველგვარი შესაძლებლობა, პოზიცია გამოთქვას პროკურორის შუამდგომლობაზე და სასამართლოს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რათა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს შერაცხადობის საკითხის დადგენის მიზნით პირის სამედიცინო დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების საჭიროება.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა - იძულებით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარევას მის უფლებებში. შესაბამისად, სახეზეა ის ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს სასამართლოს გზით, თუმცა პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერება, რითაც თავიდან აირიდებს შეცდომის დაშვებისა და კანონის არასწორად გამოყენების რისკებს. იმავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ამგვარი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის პირველი წინადადება ადგენს პროკურორის ან/და ადვოკატის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ შეურაცხადი პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესაძლებლობას. ხოლო მეორე წინადადება ადგენს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.
3. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ხსენებული განჩინების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შესაძლებლობა და მისი გასაჩივრების აკრძალვა. იგი საერთოდ არ მიუთითებს სადავო ნორმის პირველი წინადადების საფუძველზე დადგენილი პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესაძლებლობის არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება მხოლოდ სადავო ნორმის მეორე წინადადებას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1506 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1506 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1506 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებულ არსებითად განსახილველად №1506 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი