ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/1536 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ.
დავის საგანი: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1536) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1536 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა, 2020 წლის 11 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს.
2. №1536 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. კერძოდ, დასადგენია აღნიშნული პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების, ხედვების, იდეოლოგიისა და სარეკლამო ბანერებიდან გამომდინარე, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.
4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, საკუთარი ქმედებებით, შეფარულად აჩვევენ საზოგადოების ნაწილს აზრს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია აღარ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას, საქართველო უნდა გადავიდეს ქვეყნის მოწყობის ახალ მოდელზე და აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ასევე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათავსა საარჩევნო სარეკლამო ბანერები, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც იქნა მოხსენიებული, როგორც ოკუპირებული, მასზე განთავსებული მითითებით „დაიცავი აჭარა“.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს შემოწმებული საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელე მოითხოვს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის შექმნის, საქმიანობის და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას“. შესაბამისად, ფიზიკური პირი არ წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლებამოსილ სუბიექტს.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1536 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციონაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1536 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი