საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/1360 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - მიხელ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა; მოწმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი - მარიამ კერესელიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1360) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 22 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 6 თებერვალს.
2. №1360 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება − გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“.
4. №1360 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია.
5. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შესატყვისად მიაჩნია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, მოითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
7. სახალხო დამცველის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები კრძალავენ საერთო სარგებლობის გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვების, ტრანსპორტის და აქციისთვის საჭირო სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსებას. ამასთან, სადავო რეგულირების გამოყენება ხდება, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის ტექსტიდან მსგავსი წესის ამოკითხვა ლოგიკურად არ უნდა ხდებოდეს, თუმცა მას ასეთი შინაარსი მიენიჭა პრაქტიკაში გამოყენების შედეგად. სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი წერილი, რომლებიც, მისი პოზიციით, ადასტურებენ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
8. სახალხო დამცველის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის თავისუფლებას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს შეკრების ადგილას რაიმე ობიექტის განთავსების შესაძლებლობასაც. ამასთან, სახალხო დამცველის აღნიშვნით, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია, კარვის განთავსება წარმოადგენდეს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელ საშუალებას (მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში).
9. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას საერთო სარგებლობის გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების აკრძალვას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა იწვევს უფლების შეუქცევად დარღვევას, ვინაიდან აქციის მონაწილეები მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეკრება ან მანიფესტაცია განახორციელონ იმ ფორმით, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად შეესაბამება საკუთარი მოთხოვნების შინაარსს. ამასთან, ზოგ შემთხვევაში, აქციის ხასიათიდან გამომდინარე, შეკრება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ასეთ შემთხვევაში კარავი შესაძლებელია, იყოს შეკრების კონსტიტუციური უფლების ეფექტურად განხორციელების ერთადერთი, ძირითადი საშუალება. გარდა ამისა, შეკრება და მანიფესტაცია ყოველთვის იმართება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მოცემულ საზოგადოებაში და მოცემულ დროს არის აქტუალური ან აქციის ორგანიზატორებს სურთ, რომ გახადონ ასეთად. ამიტომ ნებისმიერი მცირე პერიოდიც კი, რა დროსაც ისინი ვერ ახერხებენ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვას მათ მიერ შერჩეული ფორმით, განაპირობებს შესაბამისი ძირითადი უფლების შეუქცევად დარღვევას.
12. მოპასუხის აღნიშვნით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით. შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციისას უკანონო ქმედებების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა დგება სწორედ დასახელებული დებულებით. მოპასუხის აღნიშვნით, სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევისთვის. ამასთანავე, მოპასუხის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მხოლოდ განმარტების გაკეთება არ არის საკმარისი სადავო ნორმისათვის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის მინიჭებისთვის. სადავო ნორმის ამ ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს. შესაბამისად, შეზღუდვა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან.
13. მოწმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლის განმარტებით, სადავო ნორმას არ გააჩნია სახალხო დამცველის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, სადავო ნორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ არც ერთხელ არ გამოყენებულა შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას და არც ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ არის შედგენილი ამ საფუძვლით. მოწმის აღნიშვნით, სადავო ნორმა, როგორც წესი, გამოიყენება სამშენებლო მასალების, გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ გადაკეტვის, ასევე სარეკლამო ხასიათის აბრებისა და რეკლამების განთავსებისას და არა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისას.
14. მოწმის აღნიშვნით, შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში კარვის განთავსება მომდინარეობს პირთა კონსტიტუციური უფლებიდან და ამის შესაძლებლობას არც სადავო ნორმა გამორიცხავს. ამასთან, მოწმის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონია რამდენიმე სასამართლო დავა კარვის განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა კარვის განთავსების აკრძალვის საფუძვლად არც ერთხელ არ გამოყენებულა სადავო ნორმა. მოწმის აღნიშვნით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე და 1741 მუხლებზე დაყრდნობით და არა მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1360 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საერთო სარგებლობის გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსება. ამგვარი აკრძალვა კი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების უფლებას.
3. იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმებიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნამდვილად გამოიყენება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვის და სხვა დროებითი კონსტრუქციების, ასევე პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების აკრძალვის საფუძვლად. დასახელებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აპელირებს სადავო ნორმების საფუძველზე შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვის და სხვა დროებითი კონსტრუქციების, ასევე პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს არა, ზოგადად, სადავო ნორმის საფუძველზე ხსენებული ობიექტების განთავსების აკრძალვის იდენტიფიცირება, არამედ კონკრეტულ ვითარებაში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობისას მსგავსი შეზღუდვის გამოყენების შესაძლებლობა.
5. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია, ერთი მხრივ, კარვისა და აქციისთვის საჭირო სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვა, ხოლო, მეორე მხრივ, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების შეუძლებლობა.
6. კარვის და სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მსგავსი შინაარსით განმარტება და მასში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვის განთავსების ამკრძალავი წესის ამოკითხვა არალოგიკურია, თუმცა სადავო ნორმას ამგვარი შინაარსი შესძინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი პრაქტიკაში გამოყენებით.
7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, იკრძალება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება. დასახელებულ ნორმაში ჩამოთვლილი არც ერთი შეზღუდვიდან ნათლად არ გამომდინარეობს და არ არსებობს კარვის განთავსების აკრძალვის თავისთავადი საფრთხე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს უშუალოდ სადავო ნორმის ტექსტიდან აქციის მიმდინარეობისას კარვის განთავსების ამკრძალავი წესის ამოკითხვის ნათელ, ცხად შესაძლებლობას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, არ მიუთითებია სადავო ნორმის განმარტების რაიმე მეთოდზე, რომელიც ნორმის ტექსტიდან მის მიერ გასაჩივრებული წესის ამოკითხვის შესაძლებლობას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენებას არალოგიკურად მიიჩნევს. ამდენად, მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს სადავო ნორმის ტექსტიდან გამომდინარე შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვის განთავსების აკრძალვის შესაძლებლობას.
8. ამგვარად, სადავო ნორმა შესაძლოა, მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა დადასტურდება სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით.
9. მოსარჩელე მხარემ, როგორც უკვე აღინიშნა, ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის დასადასტურებლად და გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით მისი გამოყენების პრაქტიკის წარმოსაჩენად წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წერილი, რომლებშიც მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით აეკრძალათ აქციის მონაწილეებს კარვის განთავსება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა სადავო ნორმაზე და განმარტა, რომ ხსენებული ნორმის შესაბამისად, იკრძალება გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო განთავსება.
10. აღსანიშნავია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას კარვის განთავსების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არსებობს საერთო სასამართლოების თანმიმდევრული პრაქტიკა. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/6098-18 საქმეზე მიღებული 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. ანუ, მას საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გარანტირებული აქვს უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდგება მოქმედ კანონდებლობას“. დასახელებულ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდა, ვინაიდან აქციის წევრებს სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობისას დაერთოთ ნება, განეთავსებინათ კარავი. ამასთანავე, ხსენებულ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს კარვის განთავსების შესაძლებლობა მიეცათ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარედ, გზიდან 100 მეტრის მანძილზე. ხსენებულ განჩინებაში სახელდებით არის მითითებული: „სასამართლო, შექმნილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა უფლება - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსონ კარავი და ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, უკვე რეალიზებულია, მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა ინტერესი მიღწეულია და ამ დავის ფარგლებში აღარ არსებობს დავის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი“.
11. მაშასადამე, შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას კარვის განთავსება საერთო სასამართლოს მიერ შეკრების კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილად არის დანახული. ამასთანავე, ხსენებულ საქმეზე აქციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიეცათ შესაძლებლობა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის ღერძიდან 100 მეტრის მანძილზე, განეთავსებინათ კარავი.
12. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ორი წერილის მიღმა სახალხო დამცველიც მიუთითებს არაერთ შემთხვევაზე, როდესაც აქციის მონაწილეები, სადავო ნორმის არსებობის მიუხედავად, გზის ღერძიდან 100 მეტრის მანძილზე ათავსებდნენ კარვებს. სახალხო დამცველი თავადაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი ორგანოს მიერ არასდროს მომხდარა ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და პირის დაჯარიმება. სადავო ნორმის ამგვარი განმარტება და მისი გასაჩივრებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა არ გაიზიარა არც მოპასუხე მხარემ და არც საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული წერილები იმ პირობებში, როდესაც განსხვავებულია საერთო სასამართლოების და თავად ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია აკრძალვის შინაარსთან დაკავშირებით, ვერ იქნება მიჩნეული ნორმის იმგვარ ავტორიტეტულ განმარტებად, რომელიც სადავო რეგულირების მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით გამოყენების ადმინისტრაციულ პრაქტიკას დაადასტურებდა.
13. სახალხო დამცველის აღნიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა აქციაზე მომიტინგეებს მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა, იგი ასაჩივრებს სადავო ნორმას წარმოდგენილი ორი წერილის და, შესაბამისად, ორი უკანონო შემთხვევის არსებობის გამო. ხსენებულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ბუნებრივია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმისთვის მინიჭებული კონკრეტული განმარტება, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს თავად კანონთან, შესაძლოა, ესა თუ ის ორგანო ახდენდეს ფაქტების არასწორ შეფასებს ან/და სამართლებრივი ნორმებით არასწორ კვალიფიკაციას. თუმცა აღნიშნული, თავისთავად, ნორმის პრობლემურობაზე არ მიუთითებს და, ყოველ ასეთ შემთხვევაში, ზღვარი ნორმის კონსტიტუციურობაზე არ გადის. ბუნებრივია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ისევე როგორც შეცდომის დაშვების საფრთხე არსებობს ნებისმიერი სამართლებრივი მოწესრიგების შემთხვევაში. პრაქტიკულად შეუძლებელია საქმის არასწორად გადაწყვეტის, შეცდომის დაშვების რისკის აბსოლუტურად გამორიცხვა. აღნიშნულ რისკებს სამართლებრივად აზღვევს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). შესაბამისად, ნორმის არასწორად განმარტების/გამოყენების შემთხვევაში, პირს აქვს უფლებაშემზღუდველი აქტის საერთო სასამართლოთა სისტემაში გასაჩივრების და, ამგვარად, დარღვეულ უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთარი კონსტიტუციური მანდატიდან გამომდინარე კი, მოკლებულია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების კომპეტენციას. „საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შეფასებით, რაც პრინციპულად განსხვავდება კანონიერების პრობლემის გადაწყვეტისგან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/2/434 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს მხოლოდ ნორმატიული წესის კონსტიტუციურობაზე და არა სამართალშემფარდებლის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების მართებულობაზე.
14. მაშასადამე, დასახელებული ორი წერილი, რომლებზეც სახალხო დამცველი აპელირებს, საერთო სასამართლოების და თავად ადმინისტრაციული ორგანოს საპირისპირო პრაქტიკის არსებობის პირობებში, ვერ გახდება ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი და მის საფუძველზე, იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს კარვისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსება.
15. განსახილველ საქმეში ასევე შესაფასებელია, სადავო ნორმის საფუძველზე, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმის ტექსტის იმ ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ იკრძალება გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსება და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის დასახელებულ სიტყვებზე დაყრდნობით, ხდება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების აკრძალვა.
16. სადავო ნორმის მსგავსი შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და საქმეზე მოწმედ მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი. მოწმის მითითებით, სადავო ნორმა არ გამოიყენება შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას და ხსენებული ნორმით პასუხისმგებლობა დგება სარეკლამო პლაკატების, აფიშების განთავსების შეთხვევაში. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სახალხო დამცველიც დაეთანხმა იმ პოზიციას, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას აქციის მონაწილეები ათავსებენ პლაკატს, ტრანსპარანტს, აფიშას და, ამ თვალსაზრისით, არ ხდება ნორმის პრაქტიკაში გამოყენება გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით. თუმცა სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მან ხსენებული ნორმა გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის საფუძველზე. ამდენად, შესაფასებელია დასახელებული წერილის შინაარსი და ის, თუ რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს ნორმის ავტორიტეტულ განმარტებად და სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსით გამოყენების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
17. სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილია მის მიმართვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი პასუხი. კერძოდ, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ 2017 წლის 13 ოქტომბრის N04-2/14276 წერილში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სურდათ ბანერების განთავსება, რის საშუალებასაც, თავდაპირველად, მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ ამგვარი შესაძლებლობა მიეცათ. სახალხო დამცველი მოითხოვდა შსს-ის ადმინისტრაციის უფროსისაგან განმარტებას, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით არ ეძლეოდათ აქციის მონაწილეებს ბანერების განთავსების შესაძლებლობა გარკვეული დროის განმავლობაში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 13 დეკემბრის პასუხში განმარტებულია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე ადგილი ჰქონდა რკინის კონსტრუქციის დამონტაჟებისა და ტრანსპარანტების განთავსების მცდელობის ფაქტს. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილით აკრძალულია გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს უნებართვოდ პლაკატის ან ტრანსპარანტის განთავსება, შექმნილ ვითარებაში გარკვევამდე, აქციის მონაწილეებს არ მიეცათ რკინის კონსტრუქციის დადგმის საშუალება.
18. მაშასადამე, წერილისა და მიღებული პასუხის შესაბამისად, ნათელია, რომ აქციის მონაწილეებს მხოლოდ გარკვეული დროის პერიოდის განმავლობაში შეეზღუდათ პლაკატის/ტრანსპარანტის განთავსება. ხოლო შექმნილ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, მათ მიეცათ მისი განთავსების უფლებამოსილება. დასახელებული წერილი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმა კრძალავს შეკრების კონსტიტუციური უფლების ფარგლებში გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსებას. უფრო მეტიც, წერილიდან ნათლად იკვეთება ის, რომ აქციის მონაწილეებს, საბოლოოდ, მიეცათ პლაკატის განთავსების შესაძლებლობა. სადავო ნორმაში გასაჩივრებული ნორმატიული წესის არსებობისა და შეკრებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას მისი გამოყენების შესაძლებლობის დაშვების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამგვარ ნებართვას ვერ გასცემდა. სხვაგვარად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, შესაბამის ორგანოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში აქვთ რეაგირების ვალდებულება და არა ამგვარი უფლებამოსილება. მაშასადამე, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი ვერ ადასტურებს სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი წერილის მიღმა მოსარჩელე მხარეც დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც ერთ სხვა შემთხვევებში არ მომხდარა პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების აკრძალვა. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების დამადასტურებელი დამაჯერებელი არგუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები.
19. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევების შესწავლის მიზნით, საკუთარი ინიციატივით, ქალაქ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან გამოითხოვა აქტები, რომლებშიც საერთო სასამართლოებმა იმსჯელეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ასევე, სასამართლომ გამოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგენილი ყველა ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ქალაქ ქუთაისის, ბათუმის, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც განიხილავენ ხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, არასდროს შეუდგენიათ ოქმი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვის ან პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის განთავსების შემთხვევებში.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სადავო ნორმაში არ ხედავს მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსს და პრაქტიკაში არ იყენებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას განთავსებული პლაკატის, ტრანსპარანტის ან/და აფიშის აკრძალვის საფუძველს.
21. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს სადავო ნორმის ტექსტზე, რომელიც მიუთითებს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის უნებართვოდ განთავსების აკრძალვაზე. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „„შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით“; ხოლო მანიფესტაცია განიმარტება, როგორც „მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით“. შესაბამისად, კანონის ტექსტი სახელდებით მიუთითებს აღნიშნული უფლებით სარგებლობისას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობაზე. შეკრების კონსტიტუციური უფლების ფარგლებში პლაკატის, ტრანსპარანტის გამოყენება ტიპურ, ამ უფლების რეალიზებისათვის დამახასიათებელ ატრიბუტს წარმოადგენს და აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი, ეფექტური და სასურველი საშუალებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის #ბს-680-680(კ-18) განჩინების შესაბამისად, „... კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულია უფლება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად“. ამდენად, შეკრების თავისუფლება მოიცავს პლაკატების, ტრანსპარანტების გამოყენების უფლებას, რაც არ საჭიროებს შესაბამისი ორგანოებისგან რაიმე ნებართვას. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმის ტექსტი ადგენს პასუხისმგებლობას დასახელებული ობიექტების უნებართვოდ განთავსებისთვის, შეზღუდვა ლოგიკურად ვერ დაუკავშირდება შეკრების თავისუფლების ფარგლებში მათი გამოყენების შემთხვევებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული პრაქტიკის არარსებობის მიღმა, არც სადავო ნორმის ტექსტი იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის მასში ამოკითხვის ნათელ და თავისთავად შესაძლებლობას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი. მაშასადამე, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს სადავო ნორმის საფუძველზე შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი №1360 დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1360 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი