ზოხრა მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/1376 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ზოხრა მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1376) მიმართა ზოხრა მამედოვმა. №1376 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 7 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს.
2. №1376 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.
4. №1376 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. №1376 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე საერთო სასამართლოს გზით დაობს იმ ხელშეკრულების ბათილობაზე, რომელიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა, ზოდადად, დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტს, არამედ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, ზოგადად, საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტიები ვრცელდება ქონებაზე, რომელსაც პირი ფლობს კანონიერად, ხოლო ქონების მესაკუთრედ პირი ითვლება მანამ, სანამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით საპირისპირო არ დამტკიცდება. დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილების შედეგად, საკუთრების სხვა პირზე გადაცემით წაგებული მხარე სრულად კარგავს საკუთრებას, იმის მიუხედავად, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და აქვს უფლება, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო ან/და საკასაციო წესით. მოსარჩელე მხარის მითითებით, იძულებით საკუთრების უფლების დათმობა უნდა მოხდეს მარტოოდენ კანონიერ ძალაში შესული, საბოლოო გადაწყვეტილებით. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი საპროცესო ღონისძიების საფუძველზე განხორციელებული ჩარევა საკუთრების უფლებაში არაკონსტიტუციურია.
8. მოსარჩელის განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც. მოსარჩელე მხარის მითითებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აზრს დაკარგავს, თუკი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად პირს მიადგება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შემდგომში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებითაც ვერ იქნება გამოსწორებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნივთების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად რეალიზაციის შემთხვევაში, გამოირიცხება უფლების აღდგენის შესაძლებლობა.
9. №1376 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედებით მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, კერძოდ, დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაში დაკარგავს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას, რის შედეგადაც მოსარჩელე მცირეწლოვან ოჯახის წევრებთან ერთად დარჩება საცხოვრებლის გარეშე. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტზე და აღნიშნავს, რომ ნორმის შეუჩერებლობის შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილება ვერ გახდება სადავო ქონებაზე მისი საკუთრების აღდგენის საფუძველი.
10. 2020 წლის 30 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა მოსარჩელის გარდაცვალების შესახებ და წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. 2020 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობით მიმართა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა და აცნობა მოსარჩელის ზოხრა მამედოვის გარდაცვალების შესახებ. წერილს თან ერთვის გარდაცვალების მოწმობა.
3. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე ზოხრა მამედოვის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე ზოხრა მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1376) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1376 კონსტიტუციურ სარჩელზე („ზოხრა მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი