ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/1408 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენა-შენახვას;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენა-შენახვისთვის.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - თამარ სამხარაძე; მოპასუხე მხარის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური; სპეციალისტი - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი-ნარკოლოგი - გური მენაბდიშვილი; მოწმე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი - ალექსანდრე დადიანიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1408) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ჩხეიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 7 მარტს. №1408 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 21 თებერვალს.
2. №1408 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველო ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას და აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/1746-17) მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების (0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი)) დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე რაოდენობის, შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და ის მიიჩნევა ადმინისტრაციულ გადაცდომად. კანონმდებლობის ამგვარი ლოგიკა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რა დროსაც არ არის დადასტურებული მისი გასაღების ან რაიმე ფორმით საზოგადოებაში გავრცელების მიზანი, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საფრთხის მქონე და, შესაბამისად, სისხლის სამართლისთვის საინტერესო აქტს.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ერთადერთ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ამავე ნორმით აკრძალული ქმედების (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) გენერალური, ზოგადი პრევენცია, თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი. დაუშვებელია პირის დასჯა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. იმ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ინკრიმინირებით, რომელიც არ წარმოშობს მისი გასაღების რისკებს, სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომლის თანახმადაც, ქმედების ინკრიმინირება, თანმდევი სასჯელით გამოიყენება, როგორც ultima ratio. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით ხდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ინსტრუმენტალიზება და სხვა პირთა მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებად ქცევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპთან.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანიც კონკრეტული პირის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა იქნება. ასეთ დროს სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ასეთი მიდგომა ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს და იწვევს პირის დაუსაბუთებლად მკაცრად დასჯას. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
9. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, თუკი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა (იგულისხმება აღნიშნული ქმედების ერთჯერადად განხორციელება), ზოგადად, ადმინისტრაციულ გადაცდომებში ექცევა, აღნიშნული ლოგიკა უნდა გავრცელდეს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოექცეს სისხლის სამართლის რეგულირების ფარგლებში, თუკი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თავად ნარკოტიკული საშუალების ბუნების გათვალისწინებით) ობიექტურად იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ არსებობს მისი სხვა პირისათვის გადაცემის ან საზოგადოებაში რაიმე ფორმით გავრცელების გონივრული და ხელშესახები რისკი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ არ/ვერ მოიხმარა მისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება და ამის გამო მას დაეკისრა იმაზე მკაცრი სანქცია, ვიდრე ამ ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში დაეკისრებოდა, ცალსახად მიუთითებს კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეზე მხოლოდ პირთა ერთი კატეგორიის მიმართ.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი არსებითად თანასწორია იმ პირების მიმართ, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, რომლის შეძენისა და შენახვისთვის მოსარჩელე მოექცა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ. ასევე, იგი არსებითად თანასწორად მიიჩნევს იმ პირებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისთვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
11. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები – 0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) არ წარმოადგენს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობებს. შესაბამისად, სადავო ნორმა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც მიემართება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
13. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე №1408 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე ჰორიზონტალური გრაფის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ 0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წარმოადგენს დიდ ოდენობას და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალური გრაფის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) წარმოადგენს დიდ ოდენობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა განსაზღვრავს სამართალდარღვევის შემადგენლობას, რომლის ჩადენაც თანაბრად დასჯადია ყველა პირისთვის. შესაბამისად, ნორმა ნეიტრალური შინაარსისაა და არ ადგენს რომელიმე პირთა ჯგუფის მიმართ განსხვავებული მოპყრობის წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ რეგულაციას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმით აკრძალული ქმედების კრიმინალიზების კონსტიტუციურობა შეფასებადია არა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, არამედ კონსტიტუციის მე-12 მუხლთან. ამდენად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. ამასთან, სადავო ნორმას გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს არსებითად განსახილველად მიღების კრიტერიუმებს.
16. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ექიმი ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი. სპეციალისტის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები – მდმა და მეტამფეტამინი მიეკუთვნება სტიმულატორების ჯგუფის პრეპარატებს. მისი თქმით, განსახილველ საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები – 0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) გაცილებით ჩამორჩება ამავე ნარკოტიკული საშუალებების მინიმალურ თერაპიულ დოზას. კერძოდ, მეტამფეტამინის მინიმალურ თერაპიულ დოზას წარმოადგენს 5 მილიგრამი, ხოლო მდმა-ს?? 60 მილიგრამი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია 0,000305 გრამი მდმა-ს ან/და 0,000106 გრამი მეტამფეტამინის მოხმარებამ, განურჩევლად მიღების ფორმისა (პერორალურად ან/და ინტრავენურად), რაიმე ეფექტი გამოიწვიოს არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანის, არამედ ბავშვის ორგანიზმზეც კი.
17. სპეციალისტმა განმარტა, რომ სტატისტიკურად სტიმულატორის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა აღემატება დეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვს. აღიშნული აიხსნება იმით, რომ სტიმულატორის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების (ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა) მოხმარება იწვევს ენერგიის მოზღვავებას და ადამიანს უბიძგებს გარკვეული აქტიური ქმედებების განხორციელებისკენ.
18. სპეციალისტის თქმით, სტიმულატორის ჯგუფის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები შესაძლოა თავმოყრილი იყოს ხსნარში. ასეთ შემთხვევაში, ხსნარში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ერთმანეთის ჯვარედინ რეაქციას გააძლიერებენ. შესაბამისად, შესაძლებელია ნარკოგენული ეფექტის მიღება იმგვარი ხსნარისგან, ე.წ. „კოქტეილისგან“, რომელში არსებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები ჩამორჩება ამავე ნივთიერებების თერაპიულ დოზებს. ამასთან, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები (0,000305 გრამი მდმა და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი) იმდენად ნაკლებია ამავე ნივთიერებების მინიმალურ თერაპიულ დოზაზე, რომ წარმოუდგენელია მათმა ერთობლივად მოხმარებამ რაიმე სახის ეფექტი გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმზე. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების მოცემული ოდენობები შესაძლოა წარმოადგენდეს მისი მოხმარების შედეგად შპრიცზე დარჩენილ ანაფხეკებს ან მის შესანახად გამოყენებულ ქაღალდზე მორჩენილ კვალს.
19. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი ალექსანდრე დადიანიძე. მოწმის თქმით, მდმა-ც და მეტამფეტამინიც ერთი ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების – ამფეტამინის ნაწარმია. კერძოდ, ამფეტამინზე მეთილის ჯგუფის დამატებით მიიღება მეტამფეტამინი, ხოლო შემდეგ უკვე დიოქსიდების დამატებით – მდმა. მათი დამზადება ხდება კუსტარულად, ხოლო მათი მოხმარება შესაძლებელია როგორც პერორალურად, ასევე ინტრავენურად.
20. მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც საშუალებას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს ამა თუ იმ ხსნარში არსებული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობაც კი. გარდა ამისა, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა შესაძლებელია როგორც მის მოსახმარად გამოყენებულ ინსტრუმენტზე, ასევე იმ საგანზე (მაგ., ქაღალდზე, რომელშიც რაღაც დროს გახვეული იყო ნარკოტიკული საშუალება), რომელშიც ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი 11 წლიანი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში ყოფილა ერთეული შემთხვევები, როდესაც ამოღებულ იქნა ათეულობით მოსახმარად გამოყენებული შპრიცი. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, იგეგმებოდა მათი გამორეცხვა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1408 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენა-შენახვას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენა-შენახვისთვის.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას და აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით ახლებურად ჩამოყალიბდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე და 109-ე გრაფები. დასახელებული ცვლილების შედეგად, მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და მეტამფეტამინის (მარილი) ის ოდენობები, რომლებიც არ აღემატება 0,05 გრამს წარმოადგენს მცირე ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების სადავოდ გამხდარი ოდენობები – 0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) წარმოადგენს არა დიდ (როგორც ამას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93-ე და 109-ე გრაფების დასახელებულ ცვლილებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა) არამედ მცირე ოდენობებს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აღარ კრძალავს 0,000305 გრამი მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შეძენა-შენახვას და აღარ ადგენს სასჯელს აღნიშნული ქმედებებისთვის. შესაბამისად, №1408 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი რეგულირება ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1408 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძვეზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1408 კონსტიტუციურ სარჩელზე („ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი