ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1408 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი ჩხეიძე |
თარიღი | 5 მარტი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“
ბ. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს 0,000305 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი (მარილი)“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი |
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის“ დანართი N2-ით გათვალისწინებული ნუსხის 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 0,000305 გრამ „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი)-სა და 0,000106 გრამ „მეტამფეტამინს (მარილი) განსაზღვრავს როგორც დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოთხოვნის არსი და სუბიექტი
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალებების 0,000305 გრამი „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა.
სარჩელით ასევე სადავოა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის“ დანართი N2-ის (შემდგომში დანართი N2) 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფები და მათში განსაზღვრული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, რაც შემდგომში განაპირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ფაქტების მოქცევას სისხლისსამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში.
(იხ. ზემოაღნიშნული ჰორიზონტალური გრაფები):
93 მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 1 1
109 მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) - 1 1
სწორედ აღნიშნული დანართი და მასში განსაზღვრული ოდენობები აძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს კონკრეტულ შინაარსს. კერძოდ, ადგენს, რომელი ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის, მცირე, დიდ ან განსაკუთრებით დიდ ოდენობად და, შესაბამისად, განაპირობებენ სსკ-ის 260-ე მუხლით დასაკისრებელ სანქციას.
წინამდებარე საქმეში მოსარჩელეა ირაკლი ჩხეიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/1746-17) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კონკრეტულად, დიდი ოდენობით - 0,000305 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, დიდი ოდენობით - 0,000106 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი (მარილი)“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.[1] გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის ფაქტზე და სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს იდავოს ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
განსახილველ საქმეში სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების, კონკრეტული ოდენობის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის არსებული სამართლებრივი რეგულაციების კონსტიტუციურობა. კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის“ დანართი N2-ის (შემდგომში დანართი N2) 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ახდენს 0,000305 გრამი „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
ალტერნატიულად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სადავო ნორმის ფარგლებში, აღნიშნული ნარკოტიკული საშულებების, კონკრეტული ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის ინკრიმინირება კონსტიტუციურად გამართლებულია, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ახდენს 0,000305 გრამი „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან
2.1. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების მიმართება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამ უფლების „არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა, ან შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსთვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლოატაციის ობიექტი“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოაქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლმენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ II.30)
კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციის დროს „სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ... სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 32).
სადავო ნორმები უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვასაც განიხილავს კრიმინალურ აქტად და მათზე აწესებს უკიდურესი სასჯელის ზომას - თავისუფლების აღკვეთას. წარმოდგენილ საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალების უმცირესი რაოდენობით შეძენა/შენახვისთვის სასჯელის ზომა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
კონკრეტული ნივთიერების/საგნის ფლობა, შეძენა, შენახვა, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს თავად ნივთიერების/საგნის ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.[2] საკონსტიტუციო სასამართლოს არერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,...ნარკოტიკული ნივთიერებების ... დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“.[3] სწორედ ამიტომ, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა შესაძლოა სისხლისსამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებაროს მხოლოდ ისეთი სამართლებრივი სიკეთეების დაცვის მიზნით, როგორიცაა მისი რეალიზების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სხვა.
ბუნებრივია, ნარკოტიკების რეალიზებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკები დამოკიდებულია როგორც ნარკოტიკული საშუალების თვისებებზე ისე მის ოდენობაზე. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში“ მოცემული ცხრილი ემსახურება სწორედ შესაბამისი ნარკოტიკული საშუალების თვისობრიობისა და ოდენობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი საფრთხის პროპორციულად ქმედების დასჯადობის ხარისხის განსაზღვრას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრადაციაც შესაძლოა პრობლემური იყოს საფრთხეებს შორის ზუსტი ზღვრის დაწესების სირთულიდან გამომდინარე, კანონმდებელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს საკითხის სათანადო მოწესრიგებას. ამის საწინააღმდეგოდ, გაუმართლებელია ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის მიმართ ერთნაირი სამართლებრივი რეჟიმის გავრცელება, რამდენადაც, შეუძლებელია ნებისმიერი დოზის ნარკოტიკული საშუალება იყოს იდენტური რისკის შემცველი და შესაბამისად, თანაბარ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს.
მოცემულ საქმეში, მოსარჩელის პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ ნივთებში, ექსპერტიზამ დაადასტურა სხვადასხვა ნივთების მოთეთრო ფერის დანაშრევებში 0,000305 გრამი ,,მდმა“-ს და 0.000106 გრამი მეტამფეტამინის არსებობა. ცხადია, მათი ოდენობებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისა და სხვათა ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. სახელმწიფო მის ხელთ არსებულ უმკაცრეს ინსტრუმენტს - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედების დასჯადობა (თუნდაც ეს ქმედება მიიჩნეოდეს ასოციალურად, ის არანაირ უშუალო ზიანს არ უქმნის სხვა პირებს) ზოგადი პრევენციის მიზნით. კონკრეტული პიროვნების ინსტრუმენტალიზება ზოგადი აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად, ისე რომ ამ პირის წინარე ქმედება არ ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ თუ კრიმინოგენულ საფრთხეს, პირდაპირ შემხებლობაშია პირის ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან.
2.2. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების მიმართება კონსტიტუციის მე-11 მუხლთან
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს ამ ნორმით განმტკიცებული უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. სადავო ნორმების მე-11 მუხლთან მიმართების შემოწმებისთვის უნდა შეფასდეს, ადგილი ხომ არ აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (ან პირიქით).
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი N2-ში გაწერილია თითოეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები. აქედან გამომდინარე, სწორედ აღნიშნული კანონი აძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს კონკრეტულ შინაარსს, რადგან მისი საშუალებით ხდება აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების კლასიფიცირება შესაბამის ოდენობად.
ზოგადი წესებით, დანართ N2-ში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. თუმცა, აღნიშნული ზოგადი წესიდან კანონი არაერთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ავრცელებს განსხვავებულ რეგულაციებს მათ შორის მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - ზე და მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა)-ზე. დანართი N2 ნარკოტიკული საშუალებების მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)-თვის და მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) არ ითვალისწინებს არათუ მცირე, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობასაც. როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები აღნიშნულ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი - უკვე წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
93 მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 1 1
109 მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) - 1 1
მოსარჩელის არგუმენტაციით, მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის საკმარისი რაოდენობა („მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამი; „მეტამფეტამინი (მარილი)“ 0.000106 გრამი). ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში, რადგან საქართველოს კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამის მაგალითია მარიხუანა, რომლის 5 გრამამდე შეძენა/შენახვისთვისაც პირს არ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პირს პასუხისმგებლობა ასევე არ ეკისრება ზოგიერთი სახის ნარკოტიკული საშუალების კანონით განსაზღვრული წესით მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგება ემყარება იმ ლოგიკას, რომ პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შეძენა/შენახვა, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, არ წარმოადგენს იმ საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე და ზემოაღნიშნული პირები (ვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ან სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისათვის) არიან არსებითად თანასწორები, კანონი რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს ავრცელებს მათზე. იმის გამო, რომ კანონმდებელი „მდმა“-სა და „მეტამფეტამინ (მარილზე)“ არ განსაზღვრავს მცირე და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის საწყის ოდენობებს, პირი, რომელიც იძენს/ინახავს მხოლოდ საკუთარი პირადი მოხმარებისთვის საკმარის ოდენობას, ექცევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში, თანაც იმგვარად, რომ ამ ქმედებაზე სანქციის სახით განსაზღვრულია 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო იმავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ან სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 500 ლარიანი სანქციით, ან 15 დღემდე პატიმრობით და უფრო მეტიც, გამონაკლის შემთხვევებში ტოვებს სანქციისგან თავისუფალ არეალს.
აქედან გამომდინარე სადავო ნორმები პირდაპირ მიმართებაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსთან, რადგან მათ საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ვარგისი ოდენობით შეძენა/შენახვაც კი პირდაპირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კანონი ამ ნივთიერებისათვის არ განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის საწყის და მცირე ოდენობას. ხოლო იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ან სხვა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის ფაქტი ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებში, რაც, უთანასწორო მდგომარებაში ამყოფებს არსებითად თანასწორ პირებს.
3. ალტერნატიულად: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების მიმართება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან
2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 25).
მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი სანქციის განსაზღვრისას კანონმდებელი სარგებლობს ფართო დისკრეციით, სასჯელის კონსტიტუციურობა შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის აშკარა არაპროპორციულობის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება.“[4]
სადავო ნორმები უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმის მიხედვით, კონკრეტული ნივთიერებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს. მსგავსი ინტენსივობის სანქცია ცალსახად მიმართული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებისაკენ, ამავდროულად, უნდა არსებობდეს გონივრული მოლოდინი, რომ სასჯელის შეფარდებით მიღწეული იქნება მისივე მიზნები და მხოლოდ ქმედების ჩამდენის დასჯის პრიმიტიული მიზნით არ დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
პირადი მოხმარებისთვის მიზნით 0,000305 გრამი „მდმა“-სა და 0.000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს ისეთი სერიოზული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებას, რაც გაამართლებდა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის უმკაცრეს ზომას. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ აჩენს სასჯელის ვერც ერთი მიზნის მიღწევის გონივრულ მოლოდინს და გვევლინება ზოგადი პრევენციის მიზნით პირის ინსტრუმენტალიზების საშუალებად, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:
ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია 311-ე მუხლის მოთხოვნები.
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას ფიზიკური პირების მიერ, როდესაც მათ დაერღვათ ან შესაძლებელია უშუალოდ დაერღვეთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით.
სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება კანონქვემდებარე აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, ამდენად არ დგას სუბსიდიარობის პრობლემაც.
კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
[1] დანართი #
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” №1/8/696, II, 9
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” №1/8/696, II, 7
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
4. მოთხოვნის დასაბუთება
4.1 საკითხის სისხლისსამართლებრივი მოწესრიგება
სადავო ნორმების კონსტიტუციურ უფლებებთან წინააღმდეგობის შეფასებამდე, მნიშვნელოვანია უფრო ზოგადად მიმოვიხილოთ საკითხის სისხლისსამართლებრივი რეგულირება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის ზოგადი ლოგიკით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს დანაშაულს და ის მიიჩნევა ადმინისტრაციულ გადაცდომად. კანონმდებლობის ამგვარი ლოგიკა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რა დროსაც არაა დადასტურებული მისი გასაღების, ან რაიმე ფორმით საზოგადოებაში გავრცელების მიზანი, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელ, და შესაბამისად, სისხლის სამართლისთვის საინტერესო ქმედებას.
ასეთ პირობებში, სისხლის სამართლებრივ ქმედებას და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის ზღვარი დამოკიდებულია როგორც კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ნარკოლოგიურ თუ სამედიცინო თვისებებზე, ისე მის ოდენობაზე და შესაძლოა, მისი მიღების/მოპოვების გზებზეც. ჩამოთვლილი ფაქტორები მეტ/ნაკლებად თანაბარი მნიშვნელობისაა და შეცდომა იქნება, თუკი ყურადღება გამახვილდება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ბუნებაზე, ან პირიქით, აქცენტი გაკეთდება მხოლოდ ოდენობაზე, იმის მიუხედავად, რა ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაული მოქცეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 კარში, სადაც ერთიანდება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ მომენტიდან იძენს სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობას, როდესაც ამ ქმედებით საფრთხე დაემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნარკოტიკული დანაშაულის (მათ შორის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების) დასჯადობის მიზანი არაა პირის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ინკრიმინირება, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირადი მოხმარება, ან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ფლობა არ წარმოადგენს იმ ინტენსივობისა და საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი რეჟიმი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა ფორმალურად ზემოაღნიშნულ ლოგიკას ემყარება, შინაარსობრივად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივ ქმედებას შორის არსებული ზღვარი აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრინციპებზე დგას. ამის დასტურია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის არ ითვალისწინებს მცირე, ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობას და მათი უმცირესი რაოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად, რასაც თან სდევს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სანქცია (5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). პრობლემურია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე განსაზღვრული მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობებიც, რომლებიც იმდენად მცირეა, რომ წინააღმდეგობაში მოდის ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვის კრიმინალიზაციის ზემოაღნიშნულ ზოგად ლოგიკასთან.
4.2 სადავო ნორმების საფუძველზე პირადი მოხმარებისთვის მიზნით 0,000305 გრამი „მდმა“-სა და 0.000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ შეძენა/შენახვის კრიმინალიზების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
კონსტიტუციის მიზნებისთვის, „ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები...“ საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სახელმწიფო ამ უფლებას არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 16) ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გასაზღვრა ძირითადად უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. ამავდროულად, როდესაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ცალსახად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან უშუალოდ მომხმარებელთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე იმ საშიშროებისგან, რომელსაც საზოგადოებისთვის ქმნის ნარკოტიკული საშუალების გამავრცელებელი. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და ინტერესი, რომ ჯანმრთელობის საფრთხე არ დაემუქროს თავად ნარკოტიკული საშუალების მფლობელს, მაგრამ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება, მით უფრო სასჯელის უკიდურესი ზომით - თავისუფლების აღკვეთით, ცალსახად პრობლემურია, რადგან ქართული კანონმდებლობით თვითდაზიანება, ან თვითდაზიანების მცდელობა არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას (მანამ, სანამ ამით უშუალო საფრთხე არ დაემუქრება გარეშე პირებს, ან ზოგად წესრიგს). მსგავსი რეგულირების ერთადერთი დასაბუთება შესაძლოა იყოს იგივე ქმედების (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შენახვა, რაც ცალსახად განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის) გენერალური, ზოგადი პრევენცია. „ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 52).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადაო ნორმებით ხდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ინსტრუმენტალიზება და სხვა პირთა მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
ღირსების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, „არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. .... კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. თუმცა ვერც ერთი სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
4.3 ალტერნატიულად:
სადაო ნორმების საფუძველზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზაციაზე ზემოთ უკვე იყო საუბარი და სარჩელის ამ ნაწილში მხოლოდ ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულ სისხლის სამართლის სანქციის ფორმასა და ზომაზე გამახვილდება ყურადღება. სადავო ნორმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი, ან უფრო დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას განიხილავს იმდენად საშიშ დანაშაულად, რომ მისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას.
როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით განსხვავებულ სასჯელებს ითვალისწინებს იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა აღმოჩენილი: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარისი ოდენობისთვის - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დიდი ოდენობისთვის - 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის - 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნივთის შეძენა/შენახვის აკრძალვა, მისი სოციალური საშიშროებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა, სახელმწიფომ ამავდროულად, უნდა დაასაბუთოს რომ კონკრეტული ქმედების ინკრიმინირება მისი საპირწონე სამართლებრივი სიკეთის დაცვის ეფექტური და პროპორციული საშუალებაა. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ/კრიმინოგენულ საშიშროებასთან.
ცხადია, ბრუნვიდან ამოღებული ნივთის შეძენა/შენახვისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს მისი რაოდენობა - ამ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების ოდენობა. ამავდროულად, როდესაც სასჯელის ზომა დაკავშირებულია ოდენობებთან, ოდენობის ზრდის პარალელურად, სასჯელის დამძიმება უნდა ხდებოდეს მეტად ფრთხილი, მოქნილი გრადაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოდენობებზე ზედმეტად მკაცრმა და ხისტმა ბმამ შესაძლოა წარმოშვას არსებითი უთანასწორობა სასჯელის ზომის განსაზღვრისას.
ამის ნათელი მაგალითია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის დღეს არსებული რეგულირება, როდესაც ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს შორის უმცირესი სხვაობა არსებით გავლენას ახდენს როგორც დანაშაულის კატეგორიაზე, ისე სანქციის ზომაზე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და მისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, როცა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მისთვის მაქსიმალური სანქციის ზომა 8 წელია).
ნარკოტიკული საშუალებებთან მიმართებით ზღვრული ოდენობის კონცეფცია, ზოგადად ევროპის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება სწორედ იმ მიზნით, რომ შეფასდეს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ოდენობის ფლობის, მისი შენახვის ან მისი მოხმარების გავლენა საზოგადოებრივ წესრიგზე და შესაბამისად განისაზღვროს, უნდა მოექცეს თუ უნდა გავიდეს ის სამართლებრივი სივრციდან, დადგინეს მასზე ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმები, (პორტუგალიის მაგალითი). ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების ოდენობებზე ასევე დიდწილად არის დამოკიდებული თუ დანაშაულის რომელ კატეგორიაში ექცევა კონკრეტული შემთხვევა (დიდი ბრიტანეთი)[1]. ნარკოტიკული საშუალების ოდენობებთან მიმართებით არ არსებობს ერთიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონსენსუსი, თუმცა, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში კონკრეტული ქმედების მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზნით, რაზეც როგორც წესი, სასამართლოს კონტროლს დაქვემდებარებული დისკრეციული სისტემა მოქმედებს.[2]
სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული. სახელმწიფოს მიერ დანაშაულად მიჩნეული ქმედებისთვის შეფარდებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც სასჯელის ბუნება და ზომა, აგრეთვე ის, თუ რამდენად მიიღწევა ამ ზომისა და ფორმის სანქციით ზოგადად სასჯელის მიზნები. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დეტალურად აქვს ნამსჯელი სასჯელის მიზნებზე და ცალკეულ მიზნებს შორის არსებულ ურთიერთკავშირზე. გადაწყვეტილებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ სასჯელი არამხოლოდ უნდა ისახავდეს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს, არამედ მისით მიღწევადი უნდა იყოს ეს ლეგიტიმური მიზანი და სასჯელის შეფარდება არ უნდა წარმოადგენდეს კანონმდებლის თუ სამართალშემფარდებლის თვითმიზანს.
საქმეში ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობის კრიმინალიზებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, და ამ ქმედებისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომ ქმედების ინკრიმინირება თანმდევი სასჯელით გამოიყენოს როგორც ultima ratio. განსახილველ შემთხვევაში სასჯელი გამოიყენება როგორც სხვა პირებზე ზეგავლენის, მათი დაშინების მიზნით, რა დროსაც ხდება კონკრეტული ადამიანების, მათი თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა არამხოლოდ იმით, რომ მათ სახელმწიფო ანიჭებს კრიმინალის, საზოგადოებრივად საშიში პირის სტატუსს, არამედ იმითაც, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა, თავისუფლების აღკვეთა.
ამ შემთხვევაში სასჯელის ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევა, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, არათუ შეუძლებელია, არამედ საერთოდ ბუნდოვანია, რამდენად ისახავს ამ მიზნებს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა.
პირის რესოციალიზაცია არ არის ავტომატური პროცესი, რაც თავისთავად ახლავს სასჯელის მოხდას. მით უფრო საეჭვო ხდება რესოციალიზაცია ისეთ ვითარებაში, როდესაც პირის ქმედება რეალურად მხოლოდ საკუთარი თავისთვისვე იყო სახიფათო. თვითსაფრთხისთვის კონკრეტული პირის დასჯისას, მისი იზოლაციაში მოქცევისას, უნდა იყოს ნათელი და ცალსახა არგუმენტი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების სასარგებლოდ. თავისუფლების აღკვეთა არაა რეაგირების ფორმა, რომელიც პირს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის თავის დანებებისკენ უბიძგებს. პირიქით, თავისუფლების აღკვეთის პირობებში უფრო მეტი რისკია იმისა, რომ პირის სოციალიზაცია გაუარესდება, რადგან ამ გზით ის წყდება საზოგადოებრივ ცხოვრებას და სანაცვლოდ უშუალო კონტაქტი აქვს სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავესთან.
მიუღწეველია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანიც, რადგან ერთი მხრივ, თუკი პირის ქმედება მხოლოდ მასვე უქმნიდა საფრთხეს, მის მიერ სხვა, გარეშე პირთა მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ალბათობა იმდენად აბსტრაქტულია, რომ დაუშვებელია ამ აბსტრაქტული შესაძლებლობის გამო პირის იზოლირება. ხოლო თუკი ასეთი სასჯელი მიზნად ისახავს კონკრეტულად ნარკოტიკული დანაშაულის შემცირებას (მოხმარება, ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა), თავისუფლების აღკვეთა ამ შემთხვევაშიც არაგონივრული სანქციაა, რადგან როგორც აღინიშნა, იზოლირებით არათუ მცირდება, არამედ პირიქით, შესაძლოა გაიზარდოს პირის მოტივაცია, მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული მიზანიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იქნეს მიღწეული, რადგან ამ შემთხვევაში დანაშაულს არ ჰყავს უშუალო, კონკრეტული დაზარალებული. საზოგადოებრივი თუ მართლწესრიგის ნორმების დარღვევის გამო პირის ამგვარი მკაცრი მეთოდით დასჯა მხოლოდ იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა მთლიან საზოგადოებასა და ასოციალური ქმედების ჩამდენ პირს შორის, არის მეტად სახიფათო მიზანი და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ ამგვარი მიზნის ქვეშ სახელმწიფო არაპროპორციულად გამოიყენებს ძალადობრივ მექანიზმებს. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისობრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 43).
შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტულ ნივთიერებებზე დააწესოს შეზღუდვები, ან საერთოდ აკრძალოს მათი თავისუფალი მიმოქცევა, მაგრამ აღნიშნული ნივთიერებების უკანონო მოხმარებისთვის, ან მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისთვის განსაზღვრული სანქციები უნდა იყოს გონივრული. „არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. ... განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოკიდებული ხდება კონკრეტულ ნივთიერებაზე/საშუალებაზე, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუგებარი და გაუმართლებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 82).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ვერც ერთ ძირითად მიზანს ვერ აღწევს სრულყოფილად. ასეთი სანქცია ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 83).
კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანიც იქნება ერთის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა. ასეთ დროს სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ამგვარი სასჯელი არათუ უვარგისი საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, არამედ პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და გამოიწვიოს/აამაღლოს ის რისკები, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული. ასეთი მიდგომა ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს და იწვევს დაუსაბუთებლად მკაცრ დასჯას. ისეთი ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია, რადგან ასეთი სასჯელი იმდენად შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, რომ ის ცალსახად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
ამავდროულად, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს უფრო მეტად პროპორციული ღონისძიებები. მაგალითისათვის, „თუკი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა ცალკეული ქმედების აკრძალვა, სახელმწიფო უფლებამოსილია, სწორედ ამგვარი ქმედებები აკრძალოს, მსგავსად ალკოჰოლური ზემოქმედებისას ავტომობილის მართვის აკრძალვისა, რაც უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 11).
4.4 კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაძლო დარღვევა
კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მსჯელობისას სასამარლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ აქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ადგილი, ან პირიქით.
მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალება რეალურად იმდენად მცირე ოდენობისაა, რომ ლოგიკურად შეუძლებელია მათი გავრცელების, ან სხვა პირებზე გადაცემის საფრთხეებზე საუბარი. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი მაინც არსებობს აღნიშნული საფრთხე, ის ზედმეტად აბსტრაქტული და ზოგადია.
შესაბამისად, როგორც ეს ზემოაღნიშნულ არგუმენტაციებშია მითითებული, თუკი ზოგადად კანონმდებლობით ადმინისტრაციულ გადაცდომებში ექცევა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა (იგულისხმება აღნიშნული ქმედების ერთჯერადად განხორციელება), ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოექცეს სისხლის სამართლის რეგულირების ფარგლებში, თუკი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თავად ნარკოტიკული საშუალების ბუნების გათვალისწინებით) ობიექტურად იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ არსებობს მისი სხვა პირისათვის გადაცემის, ან საზოგადოებაში რაიმე ფორმით გავრცელების გონივრული და ხელშესახები რისკი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად მარიხუანის შეძენა/შენახვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები ცალსახად ზემოაღნიშნულ ლოგიკას ემყარება, რადგან მარიხუანას 5 გრამამდე (აღნიშნული ოდენობა საკმარისია ამ ნარკოტიკული საშუალების რამდენჯერმე მოხმარებისთვის) ოდენობით შეძენა/შენახვა ითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად და მხოლოდ 5 გრამს ზევით ამ ნივთიერების შეძენა შენახვა ექცევა სისხლის სამართლის ფარგლებში. ცხადია, შესაძლოა არც 5 გრამი იყოს ის ოდენობა, სადაც უნდა გაივლოს ასეთი მკაფიო ზღვარი სისხლისსამართლებრივ დანაშაულსა და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ მცირე, კანონმდებლის გონივრულ მცდელობას მაინც აქვს ადგილი, რომ აკრძალული ნივთიერების შეძენა შენახვაზე არ დააწესოს აშკარად არაპროპორციული და გაუმართლებლად მზღუდავი მექანიზმები.
მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კანონმდებლობით, ყოველგვარი გონივრული გამართლების გარეშე, კონკრეტული ნივთიერების მოხმარება ექცევა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ფარგლებში, ხოლო კონკრეტული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სისხლის სამართლით დასჯად სფეროში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ არ/ვერ მოიხმარა მისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება და ამის გამო მასზე გავრცელდა სხვა და უფრო მძიმე სამართლებრივი რეჟიმი, ვიდრე ამ ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში გავრცელდებოდა, ცალსახად მიუთითებს კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეზე მხოლოდ პირთა ერთი კატეგორიის მიმართ. ასევე დაუსაბუთებელია კანონმდებლის მიერ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსხვავებული რეჟიმის დაწესება.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ახდენს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების 0,000305 გრამი „მდმა“ (3,4 მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი) და - 0,000106 გრამი „მეტამფეტამინი (მარილი)“ -ის შეძენა/შენახვის კრიმინალიზებას და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის“ დანართი N2-ით გათვალისწინებული ნუსხის 93-ე და 109-ე ჰორიზონტალური გრაფების შემდეგი შინაარსი:
93 მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 1 1
109 მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) - 1 1
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის, მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ალტერნატიულად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სარჩელში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის ინკრიმინირება არ არღვევს კონსტიტუციის მითითებულ ნორმებს, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმების საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობა და შესაბამისად, ალტერნატიულად იმსჯელოს მათ მიმართებაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან, მე-11 პირველ პუნქტთან.
[1]Genevieve Harris. Conviction by Numbers - Threshold Quantities for Drug Policy. Transnational Institute (TNI Drugs & Democracy Programme, the Netherlands). Series on Legislative Reform of Drug Policies Nr. 14; May 2011
[2]იხ: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, განმარტებები „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების“ ნუსხაში შემოთავაზებულ ცვლილებეთან დაკავშირებით
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა