გიორგი გულიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1364 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 23 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 მაისი 2021 15:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გულიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00046 გრამის ოდენობით) დამზადებისა და შენახვის გამო.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1364) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი გულიკაშვილმა. №1364 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 15 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 23 აპრილს.
2. №1364 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას, ჩადენილს დიდი ოდენობით და აღნიშნული დანაშაულისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის დასახელებული დებულება კრძალავდა სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. №1364 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის 19 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0,00046 გრამი) დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადებისა და შენახვისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განაჩენით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, პირადი მოხმარების მიზნით, დაამზადა და შეინახა 0,00046 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი. მოსარჩელის განმარტებით, მას დეზომორფინის მიმართ განვითარებული აქვს ტოლერანტობა. მისი თქმით, დასახელებული ოდენობის დეზომორფინი წარმოადგენს ერთი მოხმარებისთვის საჭირო დოზას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიმართ ტოლერანტობაგანვითარებული პირისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხე.
7. მოსარჩელის მტკიცებით, 0,00046 გრამი დეზომორფინის პირადი მოხმარების მიზნით დამზადებით და შენახვით ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ამსრულებელს, მის ჯანმრთელობას. შესაბამისად, სადავო ნორმის ერთადერთ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს ამავე რეგულაციით აკრძალული ქმედების ზოგადი პრევენცია, თუმცა, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესებით, ხდება ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია და მისი მიზნის მისაღწევ საშუალებად ქცევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ თავად ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
8. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
9. მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე სპეციალისტად მოწვეულ იქნეს დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი – დავით ოთიაშვილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1364 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლების ეკვივალენტური უფლება დაცულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1364 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00046 გრამის ოდენობით) დამზადებისა და შენახვის გამო.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ადგენს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით დამზადებისა და შენახვისთვის. „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ახლებურად ჩამოყალიბდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე გრაფა. დასახელებული ცვლილების შედეგად, დეზომორფინის ის ოდენობა, რომელიც არ აღემატება 0,001 გრამს, წარმოადგენს მცირე ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,00046 გრამი წარმოადგენს არა დიდ (როგორც ამას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე გრაფის დასახელებულ ცვლილებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა) არამედ მცირე ოდენობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აღარ ადგენს სასჯელს 0,00046 გრამი დეზომორფინის დამზადებისა და შენახვისთვის. შესაბამისად, №1364 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი რეგულირება ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1364 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1364 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი გულიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი