გიორგი გულიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1364 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გულიკაშვილი |
თარიღი | 12 ნოემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ნივთიერება - დეზომორფინის 0.00046 გრამის ოდენობის დამზადება-შენახვისათვის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ასევე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. ასევე არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ კი, სარჩელი:
ა. ფორმით და შინაარსით შეესაბამება მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
გიორგი გულიკაშვილი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს - სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით იდავოს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. სასჯელის ზომად კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რადგან მას აღმოჩნდა 0.1 მლ ნარკოტიკული ხსნარი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის სუფთა ოდენობა შეადგენდა 0.00046 გრამს, რაც დაკვალიფიცირდა დიდ ოდენობად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეზომორფინის, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების, ეფექტური დოზირების დადგენა არის ერთერთი ყველაზე რთული ამოცანა სპეცილისტებისათვის. ვინაიდან ეს ნივთიერება საქართველოს პირობებში მზადდება კუსტარულად, შესაბამისად, ნარკოდამოკიდებულთა მიერ გამოყენებული დოზების შესახებ უცხოურ ლიტერატურაში პრაქტიკულად არ მოიპოვება მონაცემები. ამიტომ, დეზომორფინის ერთჯერადი დოზის დასადგენად სპეციალისტები ეყრდნობიან კოდეინის ოდენობას, რომელიც გამოიყენება დეზომორფინის დასამზადებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ექსპერტთა მოსაზრების მიხედვით, საქართველოს პირობებში ნარკოდამოკიდებულის საშუალო ერთჯერადი დოზა დაახლოებით 0.0005 გრამი დეზომორფინია.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საშუალო რეგულარული ნარკოტიკების მომხმარებლისათვის ნარკოტიკული თრობის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 0.0005 გრამი დეზომორფინი. შესაბამისად, იმ პირისათვის, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ აღნიშნულ ნივთიერებას 0.1 მლ ხსნარში არსებული 0.00046 გრამი დეზომორფინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნარკოტიკული თრობის მისაღებად და ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად არ არსებობს გავრცელების საფრთხე.
მოცემულ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, მოსარჩელე გიორგი გულიკაშვილი არ წარმოადგენს იმ პირთა კატეგორიას, რომელსაც არ აქვს განვითარებული ტოლერანტობა აღნიშნული ნივთიერიების მიმართ, შესაბამისად ის ოდენობა, რომელიც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი, არ შეიცავდა გავრცელების საფრთხეს და მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის იყო განკუთვნილი. ამასვე მოწმობს პროკურატურის მიერ მის წინააღდეგ წარდგენილი ბრალი და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დადგენილა აღნიშნული ნივთიერების გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალობა.
შესაბამისად, სსკ-ის აღნიშნული მუხლის საფუძველზე პირი არაპროპორციული სასჯელით ისჯება ისეთი რაოდენობის ნივთიერების დამზადება-შენახვისთვის, რასაც მხოლოდ მომხმარებლისთვის შეუძლია ზიანის მიყენება. შესაბამისად, მსჯავრდებული, გიორგი გულიკაშვილი წარმოადგენს რეალურ მსხვერპლს დასახელებული ნარკოტიკული ნივთიერებების იმ ოდენობის ნაწილში, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში, ვინაიდან დაუშვებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ქმედების განმახორციელებელს აყენებს ზიანს და სხვათა ჯანმრთელობას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.
გ. მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
ვ. არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ე. მასში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწვყეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რაზე დაყრდნობითაც ვშუამდგომლობთ საქმზე განჩინებით გადაწვყეტილების მიღების შესახებ, მაინც, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ აღნიშნული საქმეები განსხვავდებოდა წინამდებარე საქმისაგან, სარჩელი აკმაყოფილებს არსებითად განხილვის საფუძვლებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელე - გიორგი გულიკაშვილის წინააღდეგ რუსთავის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანის მომენტში, შესაბამისად, 2013 წლის 19 სექტემბერსა და 2013 წლის 27 ნოემბერს, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისათვის განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე (2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, შესაბამისად). ხოლო 2015 წლის 8 ივლისის N3975-რს ცვლილების შედეგად, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი მთლიანად გადატანილ იქნა მე-3 ნაწილში და ზემოხსენებული დანაშაულისთვის საასჯელის ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ვინაიდან, ხსენებული ცვლილების საფუძველზე არ მომხდარა ნორმის არსებითი ცვლილება და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაადგილებას, წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში “სსკ”) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის, 0.00046 გრამის ოდენობით, დამზადება-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, იმდენად, რამდენადაც შეუსაბამო და აშკარად არაპროპორციულია კონსტიტუციის მე- 17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
„კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-186). „კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერცერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2). „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არამარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). ,,კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი... ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია ... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანისპიროვნულ აღიარებას.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება, II-30).
ზოგადად სასჯელის დანიშვნის დროს აუცილებელია სასჯელის მიზნების გათვალისწინება, რომლის მიღწევის საშუალებებიც პროპორციულობაში უნდა მოდიოდეს დანაშაულებრვი ქმედებასთან. ასეთი მიზნებია დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ხოლო „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული, კერძოდ, უნდა შემოწმდეს აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს მოსამართლეს შესაძლებლობით გაითვალისწინოს, ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორი, რათა გამოირიცხოს არაპროპორციული სასჯელის შეფარდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
„სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევის და კონსტიტუციურ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპოციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9). მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს:
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს; კონკრეტული ქმედებებისთვის (მოსარჩელე როგორც რეალური მსხვერპლი)- 0.1 მლ ნარკოტიკული ხსნარის, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის სუფთა ოდენობა შეადგენდა 0.00046 გრამს, დამზადება-შენახვისთვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, არღვევს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
პირველ რიგში მოცემულ შეთხვევაში უნდა განვსაზღვროთ თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ის საფრთხე, რომელიც ამ ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს. აღნიშნულ შემთხვევაში, დეზომორფინის ოდენობა (0.00046 გრამი), რომლის გამოც გიორგი გულიკაშვილი იქნა დამნაშავედ ცნობილი, წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც გამოსადეგარია მხოლდ და მხოლოდ ტოლერანტობა განვითარებული პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის, და არ შეიცავს საზოგადოებაში მისი შემდგომში რეალიზაციის ან სხვაგვარად გავრცელების რეალურ საფრთხეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე, საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია. ნარკოტიკული ნივთიერებები/საშუალებები, მათი მავნე თვისებების მიუხედავად, ასეთი თავისთავადი რისკის მატარებელი არ არის, ამიტომ მათი დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). ზუსტად ანალოგიურ საფრთხესთან გვაქვს საქმე გიორგი გულიკაშვილის შემთხვევაშიც, რომლის მიერ დამზადებული-შენახული ნივთიერება ზიანს მხოლოდ მომხმარებელს აყენებს, შესაბამისად ამგვარი რაოდენობისათვის პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“
„ზოგადად, ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანრმთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გარკვევა უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებთან ურთიერთმიმართების დადგენის გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15). ამ შემთხვევაშიც, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი ასევე ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგია, თუმცა დეზომორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ აყენებს საფრთხის ქვეშ, ვინაიდან მცირეა მისი რეალიზაციის შესაძლებლობა.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია დეზომორფინის რაოდენობები. მცირე ოდენობის გრაფაში ამ ნივთიერებას არ აქვს განსაზღვრული ოდენობა, რაც ნიშნავს, რომ 1 გრამამდე ნებისმიერი ოდენობა ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. ზემოთქმულიდან გამომდიანრე, დეზომორფინის ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად. მართალია, სპეციალისტთა მოსაზრებით, დეზომორფინის 0.0005 გრამი საკმარისია პირადი მოხმარებისათვის, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს პირისათვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ დასტურდება. საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე ნივთიერების სხვა რაოდენობაზე, უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, კერძოდ, 2017 წლის 13 ივლისის 1/8/696 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. ხსენებულ შემთხვევაში პირი ისჯებოდა ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნიდა არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი (გადაწყვეტილება 1/8/696, II-19). იდენტური შინაარსით გამოიყენება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი განსახილველ საქმეში. გიორგი გულიკაშვილის შემთხვევა სწორედ ისეთ შემთხვევას წარმოადგენს, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ შეიძლება პირი სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. გიორგი გულიკაშვილის პირადი ჩხრეკისას (რომლის კანონიერების საკითხით ორივე ინსტანციის სასამართლოში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა დაცვის მხარის მიერ) აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები გამოუსადეგარია გავრცელებისათვის და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კი, მხოლოდ პირადი ზიანის მომტანი ოდენობისათვის თავისუფლების აღკვეთა, როდესაც არ არსებობს ამ ნივთიერების გავრცელების საფრთხე, მიიჩნევა არაპროპორციულ სასჯელად და შესაბამისად წინააღდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით ადამიანისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენს ადამიანის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას. იგივე არგუმენტით, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: “ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ დეზომორფინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის მედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83).“ (გადაწყვეტილება 1/8/696, II- 19).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ თავად ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, და არ გააჩნია შემხებლობა სხვათა ჯანმრთელობასთან.
ასევე, ნათელია, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას და მხოლოდ ქმედების განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობას მიემართება. ამრიგად, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი თვითმიზნად იქცევა და აღარ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურეს და აუცილებელ საშუალებას. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2 ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, 0.00046 გრამი ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზდება-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე- 17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა