რკ „სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/637 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 19 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რკ „სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N637) მომართა რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებულმა კოოპერატივმა კოლხიდამ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 27 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 19 მაისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლი განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადას და ადგენს: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი კანონია, ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის ძირითად უფლებებს. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ქმნის თავისუფალი მეწარმეობის განვითარების კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და ადგენს, რომ „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს, რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებულ კოოპერატივ კოლხიდას“ ბალანსზე სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, ერიცხება და მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) იმყოფება თევზის სატბორე დაზუსტებული ფართით 33667,0 კვ.მ. მოსარჩელემ 2013 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ მოახდინა უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია და მიუთითა სადავო ნორმაზე, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2014 წლის 16 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებულ კოოპერატივ კოლხიდას“ ბალანსზე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომაც გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სადავო ნორმაზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 21 ნოემბერს მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზების მოთხოვნით. ქონების ეროვნულმა სააგენტომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა რომ საპრივატიზაციო ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ ვერ ახდენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციას. ასევე, რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ ვერ ახერხებს კოოპერატივის სტატუსის მოპოვებას, რადგან ამისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მის ბალანსზე არსებულ ქონებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვერ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და კოოპერატივის წევრთა დასაქმებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლს, 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/5/517 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. N637 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია იურიდიული პირი, რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან, მათ შორის, კონსტიტუციის მე-6 მუხლთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
4. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს რა იურიდიულ პირს, უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან მიმართებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N637 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის N2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ კოოპერატივი ვერ განკარგავს თავის ქონებას, ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ასევე ვერ ახდენს კოოპერატივის სტატუსის მოპოვებას, ვერ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მის განვითარებას, ვერ ახორციელებს კოოპერატივის წევრთა დასაქმებას.
9. როგორც აღინიშნა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვებით, იურიდიულ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს, 2012 წლიდან წაერთვა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლება. ამგვარად, სადავო ნორმა არ არეგულირებს კოოპერატივის რეგისტრაციისა და მისი საქმიანობის წესებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის არასწორ აღქმას და არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი N637 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. მოსარჩელე ასევე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. სადავო კანონის 74 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, „2012 წლის პირველი იანვრის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ვერ ახერხებს საკუთრების უფლების აღიარებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. თუმცა სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის არაკონსტიტუციური ნორმა, რომლის თანახმადაც, საკუთრების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N637 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ „მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ემსახურება პროცესის ეკონომიურობას და საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, არ განიხილოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთხელ უკვე გადაწყვეტილია. ამავე დროს, დასახელებული ნორმა უშვებს სასამართლო პრაქტიკის გადახედვის შესაძლებლობას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან“.
14. მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, იურიდიული პირებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლების ჩამორთმევა არღვევს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება N2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე სპს „გრიშა აშორდია“ ითხოვდა იგივე ნორმის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმის საფუძველზე იურიდიულ პირებს აღეკვეთათ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა, რაც მოსარჩელის პოზიციით ეწინააღმდეგებოდა საკუთრების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპს „გრიშა აშორდიას“ კონსტიტუციური სარჩელები N522 და N553 არ დაკმაყოფილდა.
16. ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობის საკითხი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს სასამართლო პრაქტიკის გადახედვისა და საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში N637 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მითითებულია საკითხი, რომელიც უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და იგი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილვ
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №637 (რკ „სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე