ირაკლი კაჭარავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1599 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი კაჭარავა |
თარიღი | 18 მაისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 23. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 58. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები 1. ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს: ი) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება; |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი; მე-13 მუხლის პირველი პუნქტი; 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ; 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი; 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; 313 მუხლის პირველი პუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის ქვეყანაში საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, როდესაც პირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითად უფლებათაგან მის შემთხვევაში რომელიმეს დარღვევას ან/და შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლება ან თავისუფლება, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას ან/და რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია, დარღვეული უფლებისა თუ უთანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის - ირაკლი კაჭარავას მიერ, რომელის კანონიერ უფლებებსაც ადგება ზიანი. მოსარჩელე ირაკლი კაჭარავა არის საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გარანტირებული აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს. კერძოდ, მოსარჩელე ირაკლი კაჭარავა მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგად მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
მოგახსენებთ, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა კონსტიტუციურობის განხილვა და მათი შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფებებთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების წინააღმდეგობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, მოკლედ მოგახსენებთ, რომ მოსარჩელე ირაკლი კაჭარავა არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად გააჩნია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც. მოსარჩელე მხარე, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, ეწეოდა იქ არაერთი ბიზნეს საქმიანობის განვითარებას. გარდა რუსეთის ფედერაციისა, მოსარჩელე მხარე ბიზნეს სამქიანობას ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვყანაში.
მოცემული მომენტისათვის ირაკლი კაჭარავას წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს მრავალწლიანი დევნა, როგორც რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ ასევე, დაწყებულია არაკანონიერი და უსაფუძვლო სისხლისამართლებრივი საქმის წარმოება მთელი რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევებით.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე არის ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება საერთაშორისო მასშტაბით, შესაბამისად საჭიროა, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად მოხდეს მისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დაცვა, რომლის შესაძლებლობასაც არსებული საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს კონკრეტულად მისთვის და ამის მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ არის ასევე საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა მოქალაქეობრივი ნიშნით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული კონკრეტული საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი სწორედ საქართველოს კანონის, კერძოდ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპინქტის შესაბამისობა და კონსტიტუციურობის საკითხის შეფასება საქართველოს უზენაესი კანონის და კონკრეტულად მისი მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა. ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ირღვევა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები, კერძოდ, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არის მის მიმართ დისკრიმინაციული და არ ხდება იმ ძირითადი უფლებების დაცვა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. საქართველოს მოქალაქე ირაკლი კაჭარავას არსებული კანონიდან გამომდინარე არ აქვს უფლება ისარგებლოს საერთაშორისო დაცვის იგივე სტანდარტით, რომლითაც სარგებლობს საქართველოს არამოქალაქე პირი. გამოდის, რომ ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემა, საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებს მას საერთაშორისო დაცვის სტატუს, თუმცა სტატუსის მინიჭება არ ხდება საქართველოს მოქალაქეთათვის იმ მიზეზით, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით ეძლევა უპირატესი დაცვის უფება, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ვერ უზრუნველყოფს პირის კანინიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, ამაზე არც საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონშია შესაბამისი განმარტება და არც საერთო სასამართლოების მიერ არ მომხდარა მსჯელობა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი წინამდებარე საკონსტიტუციო სარჩელში არსებული გარემოებების გაზიარება არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ირაკლი კაჭარავას კონსტიტუციით დაცულ და გარანტირებულ უფლებებს - სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თანასწორობის და თავისუფლად გადადგილებების უფლებებს შეექმნება საფრთხე, ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ პირი არის რუსეთის ფედერაციის მიერ დევნილი, მის წინააღმდეგ დაწყებულია უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა და ასევე, მისი მონაცემები რუსეთის ფედერაციის მიერ გადაგზავნილია ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად მის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოებში მოთხოვნილია საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. შესაბამისად საკანონმდებლო აქტის კონსტიტიტუციასთან შეუსაბამობის გამო უკვე დარღვეულია ირაკლი კაჭარავას უფლება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელით დაყენებულ საკითხზე შეიტანება კონსტიტუციური სარჩელი. ამასთან, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი და წარმოდგენილია ზემოხსენებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
აქვე სასამართლოს ყურადღების გამახვილება გვსურს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რომელიც ხელს შეუშლიდა წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა, სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მოსარჩელე წარმოადგენს სარჩელის წარმოდგენის უფლებამოსილ პირს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი განსახილველად მიღება და დაყენებული საკითხის არსებითად გადაწყვეტა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი ნაწილი და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით
მოგახსენებთ, რომ მოსარჩელე ირაკლი კაჭარავა არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად გააჩნია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც. მოსარჩელე მხარე, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, ეწეოდა იქ არაერთი ბიზნეს საქმიანობის განვითარებას. გარდა რუსეთის ფედერაციისა, მოსარჩელე მხარე ბიზნეს სამქიანობას ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვყანაში.
ირაკლი კაჭარავას მიმართ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს მრავალწლიანი დევნა, რომელიც თავისი ბუნებით, განმეორებადობით და ღონისძიებების ერთობლიობით, იმდენად სერიოზული და მწვავეა, რომ წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზულ დარღვევას, კერძოდ:
ირაკლი კაჭარავას წინააღმდეგ მოქმედებს დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის (ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით) მნიშვნელოვან ნაწილს (უფის ოლქს), სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარებით, მათ შორის სრულად უკანონოდ, დაუსაბუთებელი და უპრეცედენტო დარღვევებით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მეშვეობით მიმდინარეობს მისი განადგურების მცდელობა. გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი კაჭარავა არის მიზანმიმართული დევნის მსხვერპლი, ის იძულებული გახდა რომ საკუთარი უფლებების (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების) დაცვის მიზნით დაეტოვებინა რუსეთის ფედერაცია და ჩამოსულიყო საქართველოში.
მოსარჩელე მხარეს ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი არის მიზანმიმართული დევნის მსხვერპლი, მის მიმართ პერსონალუად არსებული მტრული დამოკიდებულების გამო. მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხიდან გამომდინარე, უპირობოდ მაღალი რისკების გათვალისწინებით, მას არ შეუძლია დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციაში - საკუთარ ოჯახთან, ვინაიდან დაბრუნებისას პირი დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე. ამასთან, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ირაკლი კაჭარავა არის საეთაშორისო ცირკულარით ძენბილი პიროვნება, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ არა მარტო რუსეთის ფედერაციაში, არამდე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მოახდინოს გასვლა.
სწორედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მოხდება მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უგულებელყოფა, 2020 წლის 18 ნოემბერს ვრცელი განცხადებით (განცხადება N 2700249) მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომლითაც ვითხოვდით, რომ ირაკლი კაჭარავას მინიჭებოდა საერთაშორის დაცვის სტატუსი. წარდგენილ განცხადებაში დეტალურად გაიწერა ირაკლი კაჭარავას სოციალური და ბიზნეს ცხოვრების დეტალები, ასევე ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, რომლთანაც მას ჰქონდა შეხება და რომელიც საფუძველი გახდა მისი დევნის და დისკრიმინაციის. (იხ. დანართი 6).
მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ განცხადებაში ნათლად ჩანდა ყველა ის საფრთხე, რომელიც მოსარჩელე მხარეს შეიძლება წარმოეშვას სამომავლოდ, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი განაცხადა (2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება N MIA 3 20 02847582) საერთაშორის დაცვის სტანდარტის ამუშავებაზე, ამის საფუძვლად კი დაასახელა ის, რომ ირაკლი კაჭარავა არის საქართველოს მოქალაქე და ის სარგებლობს უპირატესი დაცვით. (იხ. დანართი 7).
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ ირაკლი კაჭარავა არის საქართველოს მოქალაქე და მას იცავს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქეობა არ ჰყოფნის პირის კანონიერი და ძირითადი უფლებების დაცვას, ამასთან დაკავშირებით არც მიგრაციის დეპარტამენტს აქვს პასუხი და არც საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონშია შესაბამისი განმარტება. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან გამოყენებულ იქნა დისკრეციის უფლება იმგვარად რომ ზიანი მიადგა სუბიექტის კანინიერ უფლებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის მატერიალური შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. მოცემულ შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოხდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულობის საკითხის გაზიარება ჩვენს მიერ, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით არც საჯარო და კერძო ინტერესებია გათვალისწიებული და არც მართლზომიერების დაბალანსებას აქვს ადგილი. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა იმ ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა, რომელიც წარგდენილ განცხადებაში იყო მოყვანილი, გადაამოწმა, რომ ირაკლი კაჭარავას გააჩნდა ორმაგი მოქალაქეობა და თავისი შეხედულებისამებრ დაადგინა, რომ პიროვნებისთვის საქართველოს მოქალაქეობა იქნებოდა პრიორიტეტი, უფრო ზუსტად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავის მოქალაქეს არ მისცა შესაძლებლობა რომ მოეხდინა არჩევანის გაკეთება მოქალაქეობასა და საერთაშორისო დაცვას შორის, მოუსპო მას არჩევანის საშუალება, რითაც არსებითად დააზიანა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
თუ აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ ვიწრო გაგებით, დიახ, კაჭარავას იცავს საქართველოს მოქალაქეობა და ვერ მოხდება მისი ექსტრადირება, თუმცა თუკი გავითვალისწიებთ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, გამოვა რომ პიროვნებას, რომელსაც წესით უნდა გააჩნდეს ყველა ის კანონიერი უფლება, რომელიც მოქალაქეს, ვუზღუდავთ გადაადგილების შესძლებლობას ან/და გადაადგილების შემთხვევაში ვაგდებთ ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც არსებითად შელახავს, როგორც მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ასევე, შესაძლოა ხელყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ერთია, როცა პირს არ შეუძლია დაბრუნდეს ქვეყანაში, სადაც მას ჰყავს ოჯახი და აქვს თავისი ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო მეორეა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პროკურატურა და სასამართლო მის წინააღმდეგ იწყებს არაკანონიერ ბრძოლას და ბრალდების დოკუმენტს აფუძნებს მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, ყოველგვარი მატერიალური მტკიცებულებების არარსებობის ფონზე, ამ უკანონო და უსამართლო ქმედებებით კი ცდილობს, რომ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით მოახდინოს პირისთვის საფრთის შექმნა. გარდა ამისა, მნიშვნელოანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული საფრთხის წახალისებას პირდაპირ თუ ირიბად ახდენს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სადავო მუხლები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არის დისკრიმინაციული, უპირატესად ცუდ და რაც მტავარია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით და მასში არსებული ტერმინის ,,უცხოელის’’ განმარტება არ ხდება კანონდმდებლობის შესაბამისად (არ არსებობს მისი ზუსტი დეფინიცია), ეს კი თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ ნაწილთან, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად - ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი კაჭარავა არის საქართველოს მოქალაქე და კანონიერად იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული მუხლის პირველი დანაწესის შესრულება მოსარჩელე მხარის მიერ შეუზღუდავად არის შესაძლებელი, თუმცა რაც შეეხება საქართველოდან გასვლის უფლებას - მოცემულ შემთხვევაში, თუკი ის დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, მოხდება მისი ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, ასეთ შემთხვევაში, კი საქართველოს არ ექნება არანაირი ბერკეტი იმისა, რომ მოახდინოს საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და თავისუფლების დაცვა. ანუ, გამოდის რომ არსებული კანონმდებლობის ნიადაგზე, საქართველო ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეს.
როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, კაჭარავა არის მიზანმიმართული დევნის მსხვერპლი, მის მიმართ პერსონალურად არსებული მტრული დამოკიდებულების გამო. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით - ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობით, სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტების მიღებით და იმ ღონისძიებების გატარებით, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება, სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია, დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება, ხოლო სერიოზულ ზიანს წარმოადგენს - პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე, წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი, პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. მოცემულ შემთხვევში, ცალსახად ნათელია, რომ კაჭარავას მიმართ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს დევნა, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ზიანი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერც კანონმდებლობა და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ახორციელებს საკუთარი მოქალაქის დაცვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაწყებული დევნისგან.
მოცემულ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმეორდებით, რომ მართალია ირაკლი კაჭარავა სარგებლობს სპეციალური დაცვის უფლებით, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუმცა მისი დაცვა არ არის უზრუნველყოფილი საერთაშორისო დონეზე და შესაძლოა აღნიშნულმა გარემოებამ სამომავლოდ გამოიწვიოს მისი ძირითადი უფლებების იმგვარი შელახვა, რომლის კომპენსირებაც ვერანაირი მექანიზმით ვერ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოანია აღინიშნოს, რომ მსგავსი საკითხის განხილვისას სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს პიროვნებასთან დაკავშირებული ყველანაირი ფაქტობრივი მოცემულობა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა, სპეციალური დაცვის მექანიზმის ამოქმედება, პირის კანონიერი უფლებების დაცვის გარანტია იყოს, თუმცა რიგ შემთხვევებში, მხოლოდ სპეციალური დაცვის ინსტიტუტის არსებობა ვერ უზრუნველყოფს პირის საერთაშორისო დონეზე დაცვას. მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ექსტრადირების უფლების დაცვას.
გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დადგენილება არ იყო საკმარისი იმისათვის რომ მომხდარიყო ირაკლი კაჭარავას კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, 2020 წლის 23 დეკემბერს სარჩელით მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგი მოთხოვნით - ბათილად იქნას ცობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება N MIA 3 20 02847582 და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი კაჭარავას მიენიჭება საერთაშორის დაცვის სტატუსი, ხოლო მოთხოვნის სამართლბრივ საფუძვლად ძირითად შემთხვევაში გამოყენებულია საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში, ვინაიდან მისი გასაჩივრება მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად. (იხ. დანართი N8).
გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენი სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად ძირითად შემთხვევაში გამოყენებულ იქნა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის რიგი მუხლები მიგვაჩნია/მიგვაჩნდა, რომ ვერ უზურნველჰყოფდა პირის კანონიერი უფლებების დაცვას საერთაშორის დონეზე, 2021 წლის 17 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, რომელითაც მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო არსებული დავის შეჩერება და მოსამართლე ნანა აფციაურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო წარდგინების ფარგლებში.
სასამართლომ, მხოლოდ სხდომის ფარგლებში მოისმინა ირაკლი კაჭარავს წარმომადგენლების მიერ გაჟღებეული შუამდგომლობა და ისე რომ არ მოახდინა მისი მატერიალური ფორმით გაცნობა, უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო უარის თქმის საფუძვლად განგვიმარტა - სასამართლო მსგავსი დავების განხილვაში დროშია შეზღუდული და შესაბამისად ვერ მოახდენდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, სხვა შემთხვევაში მოხდებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო ვადების დარღვევა. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ და რა პრინციპებზე დარყდნობით მიიღო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება, გამოდის რომ სასამართლომ საქმის განხილვისათვის კანონით განსაზღვრული ვადა დააყენა მოქალაქის კანონიერ უფლებებზე და ინტერესებზე მაღლა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საკონსტიტუციო წარდგინების ფარგლებში, შესაძლოა მომხდარიყო საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში რიგი მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც მთლიანად შეცვლიდა საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების შედეგს და შესაძლოა პოზიტიური ზეგავლენა მოეხდინა პირის კანონიერი ინტერესების დაცვაზე.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლო და მოსამართლე ნანა აფციაური, დაეთანხმა ირაკლი კაჭარავას წარმომადგენლებს შუამდგომლობის სამართლებრივ შინაარსში, განგვიმარტა, რომ მასში არის ლოგიკა, რომ მოხდეს რიგი ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენა, რომელიც ზეგავლენას იქონიებს საქმის გადაწყვეტაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საპროცესო ვადებში იყო შეზღუდული, უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე, ასევე სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაგვისვა კითხვა, თავად რატომ არ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოგვცა რჩევა, რომ წარდგენილი შუამდგომლობის ბაზაზე აგვეგო საკონსტიტუციო სარჩელი და თავად დაგვეწყო ამ მხრივ დავა (იხ. დანართი N9, 2021 წლის 17 მარტის სხდომის ოქმის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გვიჩნდება განცდა, რომ სასამართლომ უბრალოდ თავიდან აიცილა საკონსტიტუციო წარდგინების მომზადება, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია დიდ დროსთან და მომზადების ტვირთი გადმოიტანა მოსარჩელე მხარეზე, რაც ბუნებრვია არ არის მართებული.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამატებით მოგახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ცნობილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე არის ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი კაჭარავასთავის ზეპირსიტყვიერად მიწოდებულ იქნა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში, მაშინ, როცა მას სურდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და უკრაინაში გამგზავრება (2021 წლის იანვარის თვეში), ხოლო განმეორებით აღნიშნული ინფორმაცია მისთვის მიწოდებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის გადამოწმების შედეგად (2021 წლის მარტი).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცონობილია ინფორმაცია პირის ინტერპოლის ძებნასთან დაკავშირებით, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ირაკლი კაჭარავასთვის არ ხდება ან/და ხდება თუმცა ადმინისტრაციული ორგანო გვაწვდის ცნობას, რომ მოსარჩელე მხარე არ არის ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება (თუმცა ზეპირსიტყვიერად გვიდასტურებს მისი ძებნის ფაქტს). ცნობის გაცემის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოს საპატრულო პოლიციას, მიგრაციის დეპარტამენტს და ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს საქართველოში, თუმცა მიუხედავად ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი ადმინისტრაციული ორგანო არ გვაწვდის ოფიციალურ დოკუმენტს პირის ძებნასთან დაკავშირებით, შესაბამისად გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ხდება კოორდინირებული მუშაობა და რეალური ფაქტის დაფარვა (თუმცა მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას ვიცოდეთ თუ რა მიზანს ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ინფორმაციის დაფარვა), რომლითაც საქართველო საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარი მოქალაქის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ასევე სიცოცხლისა და სხვა ძირითად და უმნიშვნელოვანეს უფლებებს.
მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მხირიდან ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტზე და უნდა მოხდეს მათი შესაბამისობის დადგენა საქართელოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემტხვევასთან მიმართებით ასევე ხდება ჯაჭვურად სხვა უფლებების დარღვევა და დასადგენია ზემოხსენებული მუხლების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებთან - მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, 31-ე 32-ე და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუქტის შესაბამისად - საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით. ზემოაღნიშნული ტერმინი ასევე გამოიყენება ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის შესაბამისადაც - უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის არცერთ მუხლში, მათ შორის, არც ტერმინთა განმარტებაში არ არის განმარტებული და ახსნილი ტერმინი ,,უცხოელი’’. ასევე, აღნიშნულ საკითხზე არ მომხდარა მსჯელობა არც საერთო სასამართლოების მხრიდან, შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს პრეცენდენტი და არ არსებობს ზუსტი განმარტება იმისა, თუ ვინ შეიძლება იყოს ამ სტატუსის მატარებელი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და 23-ე მუხლებში განმარტებულია თუ ვინ შეიძლება იყოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე განმცხადებელი პირი, კანონი არსად არ განმარტავს თუ რას ნიშნავს ,,უცხოელი’’ - პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა ? პირს, რომელსაც გააჩნია ერთდროულად რამოდენიმე ქვეყნის მოქალაქეობა ? პირს, რომელიც რომელიმე ერთი ქვეყნის მოქალაქეა ? თუ პირს, რომელიც დაბადებულია სხვა ქვეყანაში ? თუკი ჩვენი შეხედულებისამებრ განვმარტავთ ,,უცხოელს’’ შესაძლოა, რომ ამ სტატუსის ქვეშ მოვიაზროთ მოსარჩელე მხარეც, ვინაიდან მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად გააჩნია უცხო ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მას უკვე ეძლევა შესაძლობლობა, რომ ისარგებლოს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და 23-ე მუხლებით.
ყველა კანონს, მათ შორის საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონს გააჩნია თავისი მიზანი, რომელიც მიღწევადი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ყველა კანონში, ის სიტყვა, რომელიც ბუდოვანია, მოითხოვს განმარტებას, თუკი არ ხდება ნორმის/სიტყვის განმარტება, მას შესაძლოა ჰქონდეს მრავალნაირი ინტერპრეტაცია, რომელსაც ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მონაწილე მხარე განსაზღვრავს თავის შეხედულებისამებრ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არც კანონი განმარტავს და არც საერთო სასამართლოების მიერ მომხდარა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს კანონში არსებული ტერმინის - ,,უცხოელი’’-ის იმგვარად განმარტება, რომ ამ კანონის სფეროში დაცული ყველა სუბიექტისთვის გასაგები მნიშვნელობა მიენიჭოს. ამდენად, ,,ზემოაღნიშნული კანონის სადავო ნორმა ბუნდოვანი და ორაზროვანია, რომელიც იძლევა ნორმის სხვადასხვაგვარად წაკითხვისა და გამოყენების შესაძლებლობას. როგორც სპეციალური, ისე ზოგადი ნორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. ნორმის ბუნდოვანობის პრობლემა მისი განმარტების გზით უნდა იქნეს გადაწყვეტილი, კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარ განჭვრეტადი და ზუსტად განსაზღრული, აგრეთვე უნდა შეიცავდეს სხვა გარანტიებს თვითნებობის რისკისაგან დასაცავად. კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს მკაფიო, არაორაზროვანი და განჭვრეტადი ნორმა (კანონი), იგი ვალდებულია კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი, ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას (https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=9850; თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საკონსტიტუციო სარჩელი N 1525; მოთხოვნის არსი და დასაბუთება -აბზაცი 16-17)’’.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლოს მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტზე, სადაც საუბარია, რომ - ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლი ლტოლვილს ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, მოცემულ შემთხვევაში, კანონით მინიჭებული ზემოაღნიშნული სიკეთე ვერანაირად ვერ იქნება დაცული, ვინაიდან ერთის მხრივ არსებობს უფლება, ხოლო მეორეს მხრივ არსებობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის და თავისულების უკანონოდ აღკვეთის დაუძლეველი საფრთხე და შიში ამ უფლების რეალიზების შემთხვევაში. კანონის შესაბამისად, ირაკლი კაჭარავას აქვს უფლება რომ გაემგზავროს სხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოს კანონდებლობით მინიჭებული დაცვის სატატუსი, რომელშიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაცვა იგულისხმება, ვერანაირად ვერ ფარავას კანონის მიზანს, უფრო მეტიც, არსებული კანონი ვერ იცავს მას იმისგან რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის 58-ე მუხლით დაცული სიკეთის განხორციელების შემთხვევაში მის უფრო დიდ სიკეთეს - სიცოცხლეს და ჯანმრთრელობას ან თავისუფლებას არ შეექმნება საფრთხე.
მოცემულ შემთხვევაში ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებასაც, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით. ვინაიდან, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესაძლებლობას ანიჭიებს მხოლოდ უცხოელებს ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქემ და ამ შემთხვევაში ირაკლი კაჭარავამ საკუთარი უფლებების და მისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების მიზნით, რომ მიმართოს სასამართლოს, სასამართლოს მხრიდან არ იქნება გაზიარებული სარჩელის ფარგლებში წარდგენილი მსჯელობა, ვინაიდან საქართველო არ არის პრეცენდენტული სამართლის ქვეყანა, ხოლო კანონი არ არეგულირებს საქართველოს მოქალაქეობისთვის საერთაშორისო დაცვის სტანდარების მინიჭებას, შესაბამისად ამ ნაწილში მიგვაჩნია, რომ მოსარჩელე მხარისთვის ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, გარდა არათანაბარი მოპყრობისა.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონი მშრალად არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა სტატუსს, ვინაიდან მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან საერთაშორისო დაცვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიმართ ხდება მხოლოდ მოქალაქეობის განსაზღვრით, არ არის მოკვლეული მოქალაქის ფაქტობრივი გარემოებები. მოკლედ რომ ვთქვათ, კანონი და მიგრაციის დეპარტამენტი მოქალაქეს/პირს არ აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიოს ალტერნატივა - ისარგებლოს საქართველოს მოქალაქეობით თუ გამოიყენოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. ხოლო აუცილებლობა მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან თითოეული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან უნდა დადგინდეს, თუკი პირობითად არსებობს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების არსებითი შელახვის ალბათობაც კი, და პირს აქვს დასაბუთებულად იმის განცდა, რომ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდგომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საერთაშორისო დაცვა.
ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მოახდინოს საკუთარი მოქალაქის დაცვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველ ნაწილშია გაწერილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ვერ არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო მასშტაბით დაცვას, მიგვაჩნია, რომ მოქმედი კანონის სადავო ნორმები არის ანტიკონტიტუციური, ვინაიდან არ სრულდება ის პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც კონსტიტუციით არის აღიარებული და გარანტირებული.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ამ ფორმით არსებობის შემთხვევაში, როცა კანონი ვერ უზურნველყოფს საკუთარი მოქალაქის უფლებების სრულყოფილ დაცვას, რითიც მიგვაჩნია, რომ ირღვევა ირაკლი კაჭარავას შემდეგი უფლებები:
1. გადაადგილების თავისუფლება - როგორც მრავალჯერ აღინიშა, მოსარჩელე მხარე არის ბიზნესმენი და მას უწევ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაადგილება ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიზნით. გასაგებია, რომ მას მოცემული მომენტისათვის იცავს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა პიროვნების ცხოვრების განვითარებას ექმნება საფრთხე, მისი ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში ყოფნით, მას ერთმევა უფლება, რომ გადაადგილდეს და განავითაროს თავისი ცხოვრება და საქმიანობა, ლოგიკურია, მთელი ცხოვრება შიშის ქვეშ ვერ იცხოვრებს ადამიანი, მაშინ როდესაც არსებობს მისი საერთაშორისო დაცვის შესაძლებლობა. უკანონო დევნისთვის და მუდმივვი შიშის ქვეშ ცხოვრებისთვის. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა პლენუმის 2010 წლის 28 ივნისის #466 გადაწყვეტილებაში „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (II,პარ. 5), ‘’საქართველოდან გასვლის უფლების სუბიექტია „ყველა, ვინც კანონიერად იმყოფება“ საქართველოს ტერიტორიაზე. „ყველაში“ იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელიც,,. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია ზემოაღნიშნული გარემოება, ირაკლი კაჭარავას გადაადგილების უფლების შეზღუდვა ხდება უკვე საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, ვინაიდან, კონსტიტუცია მას აძლევს უფლებას რომ მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვება, თუმცა აღარ უზრუნველჰყოფს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე, გამოდის რომ კონსტიტუცია მას აძლევს უფლებას, რომლის რეალიზებაც ვერ ხდება, ვინაიდან რეალიზების შემთხვევაში პირი დგება უფრო დიდი სიკეთის ხელყოფის რისკის წინაშე.
2. თავისუფლება - იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ვერ მოახდენს ირაკლი კაჭარავას დაცვას, ლოგიკურია რომ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების, შემთხვევაში მოხდება მისი დაკავება და რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება. არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ანალიზი კი ცხადჰყოფს, რომ ირაკლი კაჭარავასთვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდება მსჯავრის დადება იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, შესაბამისად ბუნებრივია, რომ თუკი არ მოხდება მისი დაცვის სტანდარტების საერთაშორისო დონეზე განხილვა, მის თავისუფლებას ექმნება საფრთხე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მისი დაკავებისა და ექსტრადირების შემთხვევში, კაჭარავას ინტერესების დაცვას ვერც საქართველო შეძლებს, შესაბამისად ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ გააზრებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები და ის შესაძლო საფრთხე, რომელიც საერთაშორისო დაცვის სტანდარტის მიუნიჭებლობით შეიძლება დადგეს.
3. ოჯახთან ურთიერთობის უფლება - მოგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარის ოჯახი დღემდე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ირაკლი კაჭარავას ოჯახთან ურთიერთობა შეუძლია, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, სოციალური ქსელების მეშვეობით. იმისათის, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლოს ოჯახის წევრებთან (მეუღლესთან, შვილებთან) სრულფასოვანი ურთიერთობა, ამისთვის საჭიროა, რომ მათი შეხვედრა მოხდეს ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი ოჯახის წევრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას რომ მოახდინონ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ვინაიდან მათ შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიქმნას რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების პრობლემა ან/და ოჯახის წევრები შესაძლოა გახდნენ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების მხრიდან დევნისა და ტერორის მსხვერპლნი. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის ყოლისა და ოჯახთან სრულფასოვანი ურთიერთობის უფლებას გარდა საქართველოს კონსტიტიციისა, ასევე იცავს საერთაშორისო კანონდებლობაც, გადაწყვეტილების მიღების მომენტში აუცილებელია რომ განხილულ იქნას ზემოაღიშნული უფლების რეალიზების საკითხიც.
4. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება - გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციაში ირაკლი კაჭარავას წინააღმდეგ, გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაწყებულია დევნა, საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდგომ შესაძლოა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნას სერიოზული საფრთხე, შესაბამისად, იმ შემთხვევში თუკი მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად სასამართლოც უარს იტყვის მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების რეალიზების ხელშეწყობაზე და არ მოხდება მისთვის საერთაშორისო დონეზე დაცვის მექანიზმების ამუშავება, საქართველოს ტერიტორიის დატოვებას თანმდევ შედეგად შეიძლება მოჰყვეს კაჭარავას ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი შელახვა ან მისი სიცოცხლის ხელყოფა.
5. თანასწორობის უფლება - საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. გარდა იმისა, რომ საერთაშორის დაცვის შესახებ კანონი ვერ უზრუნველჰყოფს პირის საერთაშორისო დაცვას სრულყოფილად, კანონი ასევე არის დისკრიმინაციული, ვინაიდან შესაძლოა, რომ ერთი და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების სამართლებრივი რეჟიმის რეგულირება მოხდეს სხვადასხვაგვარად (საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას და ამავე კანონიეს მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით). საინტერესოა, რატომ აქცევს ზემოაღნიშნული კანონი საერთაშორისო დაცვის სტანდარტებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არა საქართველოს მოქალაქეს ? რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული დანაწესი ? სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე იცავს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მხოლოდ საქართველოს მოქალაქოება არ არის საკმარისი პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კანონი ამ შემთხვევაზე არაფერს ამბობს, შესაბამისად ლოგიკურია, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სჭირდება საერთაშორისო დაცვა და ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ასევე სჭირდება საერთაშორისო დაცვა, კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამავე დროს განმარტებული არ არის ამ კანონის მიზნებისთვის ვინ მოიაზრება „უხცოელის“ სახით. ეს არის ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინი. იგულისხმება, რომ უცხოელები არიან პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქენი) თუ ეროვონული ნიშნის მიხედვით დიფერენცირდება. ამ შემთხვევაშც, კი ბუნდოვანი რჩება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა სტატუსი და მათი უფლებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დაცვის საჭიროების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს დათქმას - ერთი და მეტი მოქალაქეობის მქონე პირის შემთხვეაში, საქმის შესწავლის გარეშე მოხდეს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, მით უფრო, თუკი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით განპირობებული სტანდარტი პირის უფლებრივ მდგომარეობას უპირატესად აუმჯობესებს, ვიდრე მოქალაქეობრივი სტატუსით არსებული დაცვის სტანდარტი. სახელმძღვანელო ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ (1951 წლის კონვენციის და 1967 წლის ოქმის თანახმად), ცალსახად ადეკლარირებს, რომ ორმაგი ან ერთდროულად რამდენიმე მოქალაქეობის მქონე განმცხადებლის საქმის შესწავლისას აუცილებელია, განვასხვავოთ მოქალაქეობა კანონის მიხედვით და შესაბამისი ქვეყნის მფარველობის ხელმისაწვდომობა. იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი მოქალაქეობის არსებობა ქმედითი არ არის, დაუშვებელია უარის გაცემა მფარველობის გაწევაზე.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებულ კვლევაში, ვრცლად არის განმარტებული დისკრიმინაციის არსი და სახელმწიფოს მიერ პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაციის არსებობის საკითხები.
ზემოაღნიშნული კვლევის შესაბამისად (გვ. 4, აბზაცი 4) – ‘’იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.
იმისათვის, რომ დადგინდეს დისკრიმინაციის არსებობის ფაქტი, უნდა მოხდეს რამოდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა:
· აქვს თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას? - მოცემულ შემთხვევაში ცალსახად ნათელია, რომ ერთი და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების სამართლებრივი რეჟიმის რეგულირება ხდება განსხვავებულად. კანონი უპირატესობას ანიჭებს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის სტანდარტების მინიჭებას, თუმცა საქართველოს მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ისარგებლოს საერთაშორისო დაცვით.
· გამართლებულია თუ არა მიზანი ობიექტურად და გონივრულად განსხვავებულად მოპრყობის არსებობის შემთხვევაში ? - მოცემულ შემთხვევაში განსხვავებული მოპყრობის მიზანი არ არის ობიექტური და გონივრული ვინაიდაინ, განსხვავებული მოპყრობით უფრო დიდ სიკეთეს ადგება საფრთხე და აჭარბებს იმ თავისუფელაბს/უფლებას, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად აქვს მინიჭებული ირაკლი კაჭარავას.
· რა ნიშნით ხდება დიფერენცირება ? - მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხდება მოქალაქეობის ნიშნით, გამოდის რომ საქართველოს მოქალაქეს, ვინაიდან იცავს საქართველოს მოქალაქეობა, მას ერთმევა შესაძლებლობა რომ ისარგებლოს საერთაშორისო დაცვის სტატუსით, ზემოღნიშნულიდან გამომდინარე კი მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეობა არ უნდა გახდეს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის საფუძველი და მისი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით. კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ყოვლისმომცველ თანასწორობას და გათანაბრებას, გარკვეული დიფერენცირების არსებობა დაშვებულია კონსტიტუციის მიერ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.65). საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილებაში განსაზღვრა, რომ ‘’სასამართლოს მიდგომა დიფერენცირების კონსტიტუციურობის შეფასებისას ვერ იქნება ერთგვაროვანი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის მიმართ’’ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებულ კვლევა - გვ.14-15 პარაგრაფი 3). საერთაშორისო დაცვის სტანდარტების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველად საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განსაზღვრა არათანაბარ პოზიციაში (დისკრიმინაციულ) აყენებს საქართველოს მოქალქაეს, რაც ეწინააღდგება კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ყველა ქვეყანა ვალდებულია, არსებული და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოახდინოს საკუთარი მოქალაქის დაცვა, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ. არსებული კანონი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ირაკლი კაჭარავას და ზოგადად საქართველოს მოქალაქეთა საერთაშორისო დაცვის საჭიროების დაცვას. ბუნდოვანი და ალოგიკურია, კანონი ემყარებოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, ბუნებრივია ადამიანი ბუნებით თავისუფალია და მას შეუძლია საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, განათლება ან/და დაოჯახება განახორციელოს სხვა ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობა იცვას პირს საქართველოს ტერიტორიაზე, საინტერესოა რა ხდება განსხვავებულ შემთხვევაში, რატომ არ ითვალისწინებს კანონი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას, საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება საერთაშორისო დაცვა ? თუ კანონის პასუხი ამ შემთხვევაში, ცალსახა, ხისტი და ბუტაფორიულია - საქართველოს მოქალაქემ უნდა იცხოვროს მხოლოდ საქართველოში.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონში განმარტებულია უფლებები, თუმცა ამ უფლებებით სარგებლობა მოცემულ შემთხვევაში უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული, საკონსიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმგავრი უფლებების მინიჭებაზე, რომლის დაცვაც გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული კონსტიტუციის მე-14 მუხლის (ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის) სწორად გაგებისა და სამართლიანად მისი გამოყენების თაობაზე. საქმეზე სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013 სასამართლო განმარტავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს. ამისათვის აუცილებელია, აღნიშნული პირები ამა თუ იმ შინაარსით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ და უნდა იყვნენ არსებითად თანასწორები კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით… არსებითად თანასწორი სუბიექტების დადგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე უთანასწორო მოპყრობა.“
„თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. კერძოდ, აუცილებელია, დადგენილი იყოს სამართლიანი ბალანსი და დიფერენცირებული მოპყრობით მიღწეული სიკეთე მნიშვნელობით აჭარბებდეს პირის შეზღუდული ინტერესის – თანასწორობის უფლების დაცვის ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ დარღვეულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები და სახეზეა დისკრიმინაცია.“ (საქართველოს მოქალაქეები – ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/12/1229, 1242, 1247, 1299, 14 დეკემბერი, 2018):
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანასწორობის უფლებიდან გამომდინარე, პირი დაცული იყოს ამგვარ სფეროში დიფერენცირებისაგან და სხვა არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფების მსგავსად მიუწვდებოდეს ხელი კანონიერი უფლებების დაცვის ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებზე.“ (საქართველოს მოქალაქეები – ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/12/1229, 1242, 1247, 1299, 14 დეკემბერი, 2). კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება როგორც მიზანშეუწონელი და სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე კი, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას. სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა დაუშვებელია.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი და გარანტიები აქვთ, ვიდრე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. “საერთაშორისო დაცვის შესახებ „ კანონის ფარგლებში კი სრულად საპირისპირო მოცემულობაა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტი კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
1. სადავო ნორმის, კერძოდ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტში დადგენილია, რომ ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება.
ნორმა კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან, რომლის შესაბამისადაც, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი პირდაპირ მითითებას აკეთებს, კანონის წინაშე თანასწორობაზე ყველა ნიშნით. შესაბამისად, ცხადია რომ სადავო ნორმის ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, იერარქიულად საქართველოს კონსტიტუცია არის ყველაზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი და ყველა სხვა საკანონმდებლო აქტი უნდა მოდიოდეს მასთან შესაბამისობაში.
2. ზემოთქმულის შესაბამისად, მიგვაჩნია რომ უნდა მოხდეს სადავო ნორმის შინაარსის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სადავო ნორმის შინაარსის შეუთავსებლობა, როგორც სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით (კოსნტიტუციის მე-11 მუხლი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე, ყოველგვარი ნიშნისგან განურჩევლად), ასევე, მასში გამოყენებული ნამდვილი აზრის და კონსტიტუციური ნორმის შინაარსის მიხედვით (კონსტიტუცია ამ მუხლთან მიმართებით არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს). ამასთან, კანონის წინაშე თანასწორობა, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტებით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი პრინციპია, რომლის შესაბამისადაც, ყველა ადამიანი, განურჩევლად რაიმე ნიშნისა, ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს და ეს ერთიდაიგივე კანონი თანაბრად უნდა იქნეს ყველა ადამიანის მიმართ გამოყენებული.
3. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში, როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში. სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპით - კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. აღნიშნული კი სახელმწიფოს წარმოუშობს ვალდებულებას, რომ იზრუნოს ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
4. თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას - მოცემული სადავო ნორმის ფარგლებში გაუგებარია მისი ნორმატიული შინაარსის არსი, ვინაიდან ცალსახაა, რომ მოქმედი კანონნმდებლობა უპირატესად ცუდ მდგომარეობაში აყენებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით არ ანიჭებს უფლებას რომ არჩევანი გააკეთოს მოქალაქეოასა და საერთაშორისო დაცვას შორის და ისარგებლოს საერთაშორისო დაცვა - ვერ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ვინაიდან განსხვავებას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეობრივი ნიშანი, მაშინ როდესაც სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ მოახდინოს საკუთარი მოქალაქის დაცვა, ის არსებითად აუარესებს მის მდგომარეობას, აყენებს მას უცხო ქვენის მოქალაქეის ინტერესებზე დაბლა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდგომ, როდეაც მოხდება მისი ექსტრადირება, საქართველო უძლური იქნება, რომ დიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სიცოხხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოცემული სადავო ნორმის შინაარსის განხილვისას ვერ იქნება გამოყენებული პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო უფლებამოსილია არათანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებს მოეპყრას განსხვავებულად.
5. სადავო ნორმის შინაარსის განხილვისას ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს კანონმდებლის ქმედების ხასიათი - ანუ ასეთი ქმედება (განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობრივი ნიშნით) ერთის მხრივ რამდენად ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და საერთოდ რა იყო ამ განსხვავების დადგენისას კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და მეორეს მხრივ ეს ქმედება იყო თვითნებური თუ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივი კვლევების შედეგებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, ადამიანს უკანონო დისკრიმინაციისაგან იცავს. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსის დადგენისა და მისი კონსტიტუციის მეორე თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განსაზღვრისას მნიშნელოვანია გამოკვლეული იქნას - დისკრიმინაციის დაშვების ლეგიტიმურობა, მისი მიზანი და დადგინდეს ის სიკეთე, თუ რის გადარჩენას ემსახურება მსგავსი უთანასწორობა. ამასთან, გამოსაკვლევია მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომით რამდენად დიდია დაცული სიკეთის მნიშვნელობა, შელახული სიკეთის მნიშვნელობასთან მიმართებით. ამასთან, განსხვავებული მოპყრობის გონივრული და სამართლიანი საფუძვლის დასაბუთებას სახელმწიფოს მყარი არგუმენტები ესაჭიროება, მოცემული სადავო ნორმის ფარგლებში კი მსგავსი დასაბუთება არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადამიანის ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე. შესაბამისად, დისკრიმინაციის აკრძალვა კონსტიტუციის მე-11 მუხლით, ვრცელდება არა მარტო სამოქალაქო და პოლიტიკურ, არამედ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ ადამიანის სოციალურ უფლებებზეც.
7. გარდა ზემოთქმულისა, განსხავებული მოპყრობის დისკრიმინაციად შეფასებისათვის, აუცილებელია, დადგინდეს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას და მართლაც იყო თუ არა ეს დაკავშირებული აკრძალულ საფუძველთან. პირველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის შინაარსი პირდაპირ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას და აწესებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფრო დიდი სიკეთით სარგებლობა შეუძლია ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. მოცემულ ვითარებაში კი სახელმწიფო ერთის მხრივ ადამიანთა ერთ ჯგუფს ეპყრობა უფრო უარესად, ვიდრე მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა სხვა ჯგუფს, ხოლო მეორეს მხრივ კი ვერ უზრუნველყოფს, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ისარგებლოს ისეთივე უფლებით, როგორითაც სარგებლობს ადამიანთა სხვა ჯგუფი - შესაბამისად, ცალსახაა, რომ ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას. რაც შეეხება აკრძალულ საფუძველს - განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზანს შორის. განსხვავებული მოპყრობის კანონიერი მიზნის დასაბუთება კი როგორც ავღნიშნეთ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც მოცემულ სადავო ნორმასთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი. არადა, საჭიროა არსებობდეს მნიშვნელოვანი გამართლება, რომ განსხვავებული მოპყრობა ობიექტურად გამართლებულად ჩაითვალოს.
8. გარდა მოქმედი შიდა კანონმდებლობისა, მოცემული საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ვისაუბროთ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ასევე იცავენ პირებს დისკრიმინაციისგან. მაგალითდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, ყველა ხელშემკვრელ სახელწიფოს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციის პირველი თავით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნული კონვენცია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან რატიფიცირებულია შესაბამისად, საქართველოს ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულება მოახდინოს საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული კონვენციის პირველი თავი კი ითვალისწინებს დისკრიმინაციის აკრძალვას, კერძოდ მისი მე-14 მუხლის შესაბამისად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. შესაბამისად, ეს მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს საკუთრივ კონვენციით გაცხადებული ყველა უფლების მიმართ. გარდა ამისა, ამავე კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლი აკეთებს დათქმას დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, რომლითაც დისკრიმინაციის აკრძალვა გავრცელდა ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი. ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლიც ასევე უზრუნველყოფს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას და აცხადებს, რომ დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.
9. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს დათქმას - ერთი და მეტი მოქალაქეობის მქონე პირის შემთხვეაში, საქმის შესწავლის გარეშე მოხდეს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, მით უფრო, თუკი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სატუსით განპირობებული სტანდარტი პირის უფლებრივ მდგომარეობას უპირატესად აუმჯობესებს, ვიდრე მოქალაქეობრივი სტატუსით არსებული დაცვის სტანდარტი. სახელმძღვანელო ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ (1951 წლის კონვენციის და 1967 წლის ოქმის თანახმად), ცალსახად ადეკლარირებს, რომ ორმაგი ან ერთდროულად რამდენიმე მოქალაქეობის მქონე განმცხადებლის საქმის შესწავლისას აუცილებელია, განვასხვავოთ მოქალაქეობა კანონის მიხედვით და შესაბამისი ქვეყნის მფარველობის ხელმისაწვდომობა. იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი მოქალაქეობის არსებობა ქმედითი არ არის, დაუშვებელია უარის გაცემა მფარველობის გაწევაზე.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დარღვეულია კონსტიტუციით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და სახეზე გვაქვს დისკრიმინაცია, არსებული განსხვავება კი ვერ და არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას. სადავო ნორმის შინაარსი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თვითნებური ხასიათის მატარებელია, რომელიც არ ეფუძნება სამართლებრივი კვლევების შედეგებს. სადავო ნორმის მიერ დაშვებული დისკრიმინაცია ვერ ჯდება კანონიერ საფუძველში, აღნიშნული დაშვებით გადარჩენილი სიკეთე არ აღემატება შელახულ სიკეთეს, არც სახელმწიფოს მხრიდან არსებობს განსხვავებული მოპყრობის გონივრული და სამართლიანი საფუძვლის მყარი და არგუმენტირებული დასაბუთება. შესაბამისად, სადავო ნორმა მიჩნეულ უნდა იქნას კონსტიტუციის მე-11 მუხლთან შეუთავსებლად და გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა