ირაკლი კაჭარავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1599 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 13 აპრილი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 აპრილი 2022 14:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი კაჭარავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1599) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კაჭარავამ. №1599 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 20 მაისს. №1599 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 13 აპრილი.
2. №1599 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 313 მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განმარტებას და ადგენს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. ზემოაღნიშნული კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილია ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლება, იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. №1599 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელის განმარტებით, რუსეთში მის მიმართ მიმდინარეობს უკანონო სისხლისამართლებრივი დევნა და იგი იძულებულია, იმყოფებოდეს საქართველოში. ამავდროულად, მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა და ქვეყნის დატოვების შემთხვევაში მოხდება მისი ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელემ მიმართა შესაბამის სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭებისთვის, თუმცა მას უარი ეთქვა აღნიშნულ დაცვაზე იმ მიზეზით, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყანაში სარგებლობს უპირატესი დაცვით.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იგი საჭიროებს საერთაშორისო დაცვის მიღებას, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში საფრთხე ექმნება მისი კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებას მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირის მსგავსად საჭიროებს აღნიშნულ სტატუსს. კერძოდ, მართალია, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში სარგებლობს უპირატესი დაცვის უფლებით, თუმცა საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მის უფლებებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, მოხდება მისი ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში და საქართველოს არ ექნება არანაირი ბერკეტი უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და თავისუფლების დაცვა. ამდენად, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ვერ დაიცავს უფლებების დარღვევისგან და იგი საჭიროებს საერთაშორისო დაცვას.
7. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციით, მოსარჩელე არათანაბარ მდგომარეობაში არის ჩაყენებული უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით, რაც იწვევს მის დისკრიმინაციას მოქალაქეობრივი ნიშნით. ამდენად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი და მოსარჩელეს უნდა მიეცეს საერთაშორისო დაცვის მიღების უფლება.
8. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განმარტავს ტერმინ „უცხოელს“. მისი აზრით, აღნიშნული ტერმინი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მასში მოიაზრებოდნენ ის პირებიც, რომლებსაც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში, სრულად აღმოიფხვრება მოსარჩელის პრობლემა და კანონის საფუძველზე, უფლება ექნება, მიიღოს საერთაშორისო დაცვა.
9. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა კანონის მიზნებისათვის განმარტავს „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის“ ცნებას, კერძოდ, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით.
3. ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის №2/21/1305 განჩინება საქმეზე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/11/1276 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა განმარტავს „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის“ ცნებას. შესაბამისად, ნორმის მიზანია, სადავო კანონში განსაზღვროს „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის“ შინაარსი. ამდენად, სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე წესს, სამართლებრივ შედეგს მოსარჩელე მხარისთვის და, შესაბამისად, არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის თვითმყოფად საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა დიფერენცირება არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული ყველა იმ უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით, რომლებიც, კანონის საფუძველზე, სარგებლობენ საერთაშორისო დაცვის მიღების უფლებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყანაში, როგორც საქართველოს მოქალაქე, სარგებლობს უპირატესი დაცვით, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება მისი უფლებების დაცვა. კერძოდ, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, მოხდება მოსარჩელის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში და ამით მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება. ამდენად, მოსარჩელე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირების მსგავსად, დგას საერთაშორისო დაცვის მიღების საჭიროების წინაშე.
6. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქესაც ჰქონდეს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება.
7. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სადავო ნორმების რეგულირების ფარგლები. სადავო ნორმები განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს და ადგენს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებას, იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება. შესაბამისად, სადავო ნორმები აღმჭურველი ხასიათისაა და არ გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მიღების უფლებას გამოიწვევს.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისაკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელე პრობლემურად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო ნორმით დადგენილ უფლებააღმჭურველ წესს, არამედ ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების ფარგლების გაფართოებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების მინიჭებას. მსგავსი მოთხოვნა „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელისთვის კონკრეტული უფლების (საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღების უფლების) მინიჭება სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ №1599 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1599 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი კაჭარავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე