საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/639 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი (მომხსენებელი მოსამართლე).
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით და “საქართველოს სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების (დადგენილების მიღების დროს არსებული რედაქცია) პრეამბულის, პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილი კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №639) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. №639 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 2 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 20 მაისს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული მთავრობის დავალიანების გადახდის წესს, კერძოდ, „საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისადმი განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისთვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან“.
5. “საქართველოს სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პრეამბულა მიუთითებს დადგენილების მიღების სამართლებრივ საფუძველსა და მიზანზე. პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას და განსაზღვრავს მის შემადგენლობას. დადგენილების მე-3 პუნქტი ადგენს კომისიის საქმიანობის ვადას, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, დამტკიცებულად ითვლება დადგენილებაზე თანდართული დებულება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს.
6. კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობის ვადა გადავადდა რამდენჯერმე, რაც მისი საქმიანობის არაეფექტურობაზე მიუთითებს და მოწმობს, რომ მისი შექმნის მიზანი, სინამდვილეში, მოქალაქეთა მოტყუებაა. მოსარჩელის განმარტებით, კომისიის საქმიანობის დასრულების საბოლოო/უცვლელი ვადის არარსებობის პირობებში, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ზოგად პრინციპებსა და 39-ე მუხლს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო. მოსარჩლის განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევად უნდა იქნეს შეფასებული.
8. დამატებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საშინაო ვალის ანაზღაურება ხდება დაუსაბუთებლად და შერჩევითად, რაც ნორმის დისკრიმინაციულობაზე მიუთითებს და არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სხვა პირისთვის სახელმწიფო ვალის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ “საქართველოს სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პრეამბულა, პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტსა და 39-ე მუხლს, ხოლო “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველო პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9).
2. ,,”საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №7 დადგენილებით, ,,”საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის №70 დადგენილებითა და ,,”საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის №87 დადგენილებით, “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, №639 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის მომენტისთვის ხსენებული ნორმები ძალადაკარგული იყო.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №639 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N№1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
6. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პრეამბულისა და მე-4 პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, აგრეთვე 39-ე მუხლთან მიმართებით.
7. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების შემსწავლელი კომისია ფუნქციონირებს არაეფექტურად და, რეალურად, არ ემსახურება მიზნების მიღწევას, რომელთა მისაღწევადაც არის შექმნილი, რაც კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უპასუხოდ დატოვეს მოსარჩელის მოთხოვნა შეხვედრისა და ვალის ანაზღაურების შესახებ, რაც შეუთავსებელია კონსტიტუცის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმეტაცია უკავშირდება გარკვეულ ფაქტებს, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა, თუმცა სარჩელში არაფერია ნათქვამი, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წამოადგენს თავად სადავო ნორმები მოსარჩელის უფლების დარღვევის საფუძველს. სადავო ნორმა უთითებს ხსენებული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, მაშინ როდესაც მოსარჩელის არგუმენტაციიდან არ იკვეთება, თუ რატომ წარმოადგენს კომისიის დებულების დამტკიცების ფაქტი მისი უფლების დარღვევის წყაროს. მოსარჩელე არ უთითებს იმას, თუ რატომ არის სადავო ნორმა მისი ღირსების შემლახველი ან კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ რომელ უფლებრივ ასპექტს ეწინააღმდეგება იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №639 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების პრეამბულისა და მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმით ირღვევა კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ვინაიდან საშინაო ვალის გაცემის პროცესი მიმდინარეობს დისკრიმინაციულად. იგი უთითებს, რომ გარკვეული პირების მიმართ განხორციელდა საშინაო ვალის ანაზღაურება, რაც არ განხორციელებულა მოსარჩელის მიმართ.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციური ნორმა-პრინციპი, რომლიც კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას და პირიქით. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ დიფერენცირება მომდინარეობს თავად ნორმის შინაარსიდან და არა პრაქტიკაში მისი არასწორი გამოყენებისაგან ან სადავო ნორმისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან იმაზე მითითება, რომ სახელმწიფომ გარკვეულ პირებს აუნაზღაურა საშინაო ვალი, სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის არგუმენტს საერთოდ არ წარმოადგენს. სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს შორის დიფერენცირება სადავო ნორმიდან მომდინარეობს. არც თავად სადავო ნორმა არ უკავშირებს საშინაო ვალის ანაზღაურებას გარკვეულ პირთა წრეს ან ადგენს განსხვავებულ უფლებებს სხვადასხვა პირების მიმართ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი №639 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა” და „გ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №639 (საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი