საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/24/766 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 14:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №766) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 6 ივნისს. №766 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 დეკემბერს.
2. №766 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო სასჯელში არ თვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანონო პატიმრობაში, ანდა პატიმრობაში იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც შემდგომ გამართლდა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს.
6. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული უფლების თვითნებურად შეზღუდვის საპირწონეს უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ფარგლებში გათვალისწინება წარმოადგენს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №766 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნის არსისა და მისი დასაბუთების ჩამოყალიბებისას მოსარჩელე მხოლოდ იმას განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო სასჯელში არ თვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა პატიმრობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთება, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ მის უფლებებს. მოსარჩელის მიერ არ არის იდენტიფიცირებული არც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შემხებლობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობასა თუ თავისუფლების უფლების ცალკეულ მატერიალურ და პროცედურულ ასპექტებთან მიმართებით. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელს თან არ ერთვის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №766 („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა