საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/779 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 აგვისტო 2016 16:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271–ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „გარდა ამ კოდექსის 272–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, 272–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და მეორე წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №779) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით მალანიამ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 21 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 23 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში სასკ–ი) 271–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. 272–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი ორი წინადადების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ „შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“;
4. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სარჩელში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ 2013 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე–10 ნაწილით შედგენილ იქნა №ებ855819 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით, იგი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართლადამრღვევად. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 04 ივლისის №20/27–1273249 დადგენილებით ძალაში დარჩა მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რის შემდგომაც სარჩელის ავტორმა საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოთ ხსენებული საჯარიმო ქვითრისა და დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაზეც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.
5. სარჩელის ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმა სამართალდამრღვევად ცნობილ პირს ართმევს შესაძლებლობას, სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ასეთი პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გარდა სხვა სახის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება, გაფრთხილების გამოკლებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოშიც კი არ საჩივრდება. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს პირის მიმართ ისეთი სახდელის დაკისრების თაობაზე, როგორებიცაა: ჯარიმა, სამართალდარღვევის საგნის, იარაღის ან ობიექტის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა, იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები.
6. მოსარჩელის აზრით, საკუთრების, პიროვნული განვითარებისა და შრომის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის თავიდან ასაცილებლად, უნდა არსებობდეს ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან, ჯარიმის მსგავსად, საურავის დაკისრების შემთხვევაშიც საკუთრების უფლებაში შეცდომით ჩარევის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც პირის მიმართ საურავის დაკისრების თაობაზე საბოლოო სიტყვას მხოლოდ ერთი – პირველი ინსტანციის სასამართლო ამბობს.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმით, ერთ–ერთი სახდელის ზომა, რომლის გასაჩივრებაც სააპელაციო სასამართლოში იკრძალება, არის ჯარიმა. ჯარიმა, ისევე როგორც სხვა სამართალდარღვევები, არ ემსახურება დაზარალებულის კომპენსირებას, არამედ ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული. მოსარჩელის თქმით, სასკ–ის 23–ე მუხლის შესაბამისად, სახდელის მიზანს წარმოადგენს სამართალდამრღვევის რესოციალიზაცია და ახალი სამართალდარღვევის ჩადენის პრევენცია და არა სამართალდარღვევის შედეგად დაზარალებული პირის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რაშიც ის იმყოფებოდა დარღვევის ჩადენამდე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი სააპელაციო გასაჩივრების უფლების აკრძალვის თანაზომიერება მკაცრად უნდა შეფასდეს.
8. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს თანაზომიერების პრინციპზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არსებობს ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, როგორებიცაა ჯარიმის, გამასწორებელი სამუშაოს, კონფისკაციის სააპელაციო გასაჩივრება მხოლოდ მაშინ, როცა დავის საგნის ღირებულება აღემატება განსაზღვულ თანხას, დავის საგნის ღირებულების მიუხედავად, სავალდებულო სააპელაციო გასაჩივრების არსებობა მაშინ, როცა ეს აუცილებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოში ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №779 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №779 („საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი