საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/780 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 14 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 თებერვალი 2017 17:58 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - გიორგი ნონიაშვილი; მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თათია მესხია და გიორგი თორდია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №780) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 28 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 6 თებერვალს.
2. №780 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას ამ ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კერძო პირმა მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადება. აღნიშნული მოთხოვნის სასამართლოსთვის წარდგენისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მე-14 მუხლის 194 პუნქტის საფუძველზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე, განმცხადებელს განუსაზღვრავს 30 დღიან სარეგისტრაციო ვადას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენისას ხდება სარეგისტრაციო წარმოების 3 დღის ვადით შეჩერება, სარეგისტრაციო წარმოების ზოგადი, 30 დღიანი ვადა მაინც განაგრძობს მოქმედებას. მისი დინება გრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუკი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს სასამართლოს განჩინებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამგვარი შეზღუდვა კი შესაძლებელია განხორციელდეს მრავალჯერადად. მოსარჩელე აგრეთვე აკონკრეტებს, რომ იგი არ ხდის სადავოდ თავად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ინსტიტუტს, არამედ სწორედ მისი ვადის გასვლის შემდგომ, სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში, პირისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებული უფლების შელახვას.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერი სხვა მოქალაქის ნივთსა თუ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სწორედ ამგვარად შეზღუდოს მესაკუთრის საკუთრების უფლება, როგორც უშუალოდ მოსარჩელის შემთხვევაში განხორციელდა.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის დამაზუსტებელი წესი მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მე-14 მუხლის 194 პუნქტის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების ან/და სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის მოთხოვნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციის მიღებამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სწორედ სადავო ნორმაში კითხულობდა იდენტურ შინაარსს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული ძირითადი უფლების შეზღუდვის საფუძველს.
9. ამის გარდა ,, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, იძლევა მისი იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობას, რომ საკუთრების უფლება იზღუდება სასამართლოს შესაბამისი განჩინების გარეშე. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოადგენს საკუთრების არსთან შეუსაბამო რეგულაციას, ვინაიდან აღნიშნულზე ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სასამართლო, ხოლო სადავო ნორმა უშვებს საკუთრების უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომ გამორიცხულია სასამართლოს ყოველგვარი მონაწილეობის შესაძლებლობა.
10. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვას კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
12. მოსარჩელე მოითხოვს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერებას საკუთრების უფლების ეფექტურად დაცვისა და სამომავლო ზიანის თავიდან არიდების მიზნით. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ აგრეთვე ნებისმიერი მესაკუთრის საკუთრების უფლებას და ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს საჯარო ინტერესისთვის, ვინაიდან ქონებრივი უფლებების სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ძალაში რჩება. ამდენად, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საფრთხე არ შეექმნება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების სასამართლოს მიერ დადგენილი წესით განხორციელებას. შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
13. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის რედაქცია შეიცვალა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონით, რაც ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
14. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მხოლოდ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს და მის მიზანს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების პრაქტიკულად რეალიზებისთვის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შექმნა წარმოადგენს.
15. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ მიმოიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და განმარტა, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია შეუძლებელია სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების გარეშე და სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება კანონმდებლობით განსაზღვრული 3-დღიანი ვადის განმავლობაში. ამასთან, ხსენებულ ვადაში არ იზღუდება მესაკუთრის კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება, ხოლო ამ ვადაში სასამართლოს შესაბამისი განჩინების წარმოუდგენლობა იწვევს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას.
16. მოპასუხის არგუმენტაციით, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარსადგენ დოკუმენტაციასთან, ისე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობასთან ამ წარმოების შეჩერებისა თუ შეწყვეტის ინსტიტუტებთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია კანონმდებლობის სხვა ნორმებში და არა უშუალოდ სადავო ნორმაში.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან, არ არსებობს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის შინაარსობრივი მიმართება და არ უნდა იქნეს №780 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებული.
18. მოპასუხე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის შუამდგომლობას საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მისი დაკმაყოფილების შედეგად შესაძლებელი იქნება ნივთზე, რომელზეც რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, სხვა უფლების, ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. ამასთან, ნორმის მოქმედების შეჩერება შეაფერხებს სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №780 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი არის სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით, მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენა, რის შემდგომაც ხდება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება, ხოლო ამგვარი შეჩერება მესაკუთრისთვის ფაქტობრივად იმგვარი სამართლებრივი ეფექტის მქონეა, როგორიც თავად ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციას გააჩნია და, შედეგად, იწვევს პირის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
3. სადავო ნორმის თანახმად, „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. ამ ნორმის შინაარსი გულისხმობს დეკლარირებას, თუ რა სახის სამართლებრივი შედეგების რესურსი გააჩნია ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას. კერძოდ, ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის პერიოდში მესაკუთრეს ეკრძალება ისეთი უფლებების განხორციელება, როგორიც არის, რეგისტრირებული ყადაღის გარდა, სხვა უფლების ან ვალდებულების, აგრეთვე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია.
4. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემას ქმნის არა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის დროს მესაკუთრისთვის დასახელებულ უფლებათა შეზღუდვა, არამედ ამგვარი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნისას წარსადგენი დოკუმენტაცია. კერძოდ, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს წესს, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლოსთვის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნის წარდგენის შესახებ, ასევე ამ მოთხოვნის სასამართლოს მიერ ჩაბარების თაობაზე კანცელარიიდან ამონაწერი საკმარისია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, რათა მან შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება, განუსაზღვროს განმცხადებელს 30 დღიანი ვადა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების წარსადგენად, ხოლო ამ ვადის განმავლობაში მისი, როგორც მესაკუთრის უფლება იყოს შეზღუდული.
5. ამასთან, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის განხორციელებისას შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის 194 პუნქტი და არა უშუალოდ სადავო ნორმა. მართალია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინსტრუქციის დასახელებული ნორმა 2016 წლის 1 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნა („„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №151 ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი), თუმცა მასში არსებული შინაარსი, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ისევე როგორც თავად შეჩერების უფლებამოსილება, რაც მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების დროს, მოცემულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში.
6. შესაბამისად, პრობლემა, რომელიც, მოსარჩელის აზრით, იწვევს მისი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვას, მომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, არამედ ამავე კანონის სხვა რეგულაციებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, №780 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №780 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა