საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1612 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
თარიღი | 3 ივნისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ |
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ,, 1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. 2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლები; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით. შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს და შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის საქართველოს იურიდიული პირი (პარტია), რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება დარღვეულია.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმატიული აქტების შინაარსი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ამით ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. შესაბამისად, არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის წინაპირობები და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია იდაოს სადაო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციოა სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციურ დანაწესთა შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოში სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველოფის პროცესში. შესაბამისად, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი(საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ,,კონსტიტუციაშიმითითებულიადამიანისძირითადიუფლებები, მათიშინაარსისგათვალისწინებით, ვრცელდებააგრეთვეიურიდიულპირებზე) მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებათაგან რომელიმეს დარღვევას, ადგილი აქვს დისკრიმინაციას და/ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია დარღვეული უფლებისა და თავისუფლების თუ თანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 311 დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძლვები. სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით, შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, მასში (სარჩელში) მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,ა“ და ,,ე“ , ასევე ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად. სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სადაოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, კონკრეტულად კი კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით (29-ე მუხლთან მიმართებაში).
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული მათი უფლებები და თავისუფლებები. დავის საგანს წარმოადგენს კანონის (მთავრობის დადგენილებების) კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას, ასევე განსაზღვრავს უფლებას დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და უფლებას ზრუნავდე გარემოს დაცვაზე. იმავე მუხლის დანაწესით გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით, ასევე უზრუნველყოფილია კანონით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უფლება, რადგან აქ გათვალისწინებულია სწორედ რომ არამარტო ახლანდელი, არამედ მომავალი თაობების ინტერესებიც. ჩვენს მიერ გასაჩივრებული განკარგულება თავდაყირა აყენებს ზემოთ აღწერილ კანონის იმპერატიულ დათქმას. აღნიშნული განკარგულებით საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“(რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს), რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით გადასცა, საყურადღებოა რომ გადაცემა იქამდე განხორციელდა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. მეტიც, რიონის ხეობის დიდი ნაწილი, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, თურქულ კომპანიას, ისე გადასცა, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, იმის თაობაზე შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა. ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე, დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა.ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.ამ დროს, საქართველოს მთავრობას, წინსწრებით, 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაუცია. საყურადღებოა, რომ დრემდე აღნიშნული განკარგულება არ არის განთავსებული საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, რაც დამატებით არღვევს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დანაწესს არადა, 21 ნოემბერს მიღებული სხვა განკარგულებები მარტივად ხელმისაწვდომია. „ენკა რინიუებლზისთვის“ 576 ჰექტარი ფართობის გადაცემის შესახებ მთავრობის განკარგულება არც საკანონმდებლო მაცნეში იძებნება. წესით, განკარგულება საჯაროდ უნდა იყოს გამოქვეყნებული.განკარგულების მიხედვით, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 5 763 023 კვ.მ ფართობი (576.3 ჰექტარი), მათ შორის 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე.
განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.„ეს განკარგულება მიუთითებს გადაწყვეტილებების მიღების მანკიერ პრაქტიკაზე. მთავრობამ ნამახვანჰესის აშენებაზე ტენდერიც ისე გამოაცხადა, არავინ იცის, მასში ვინ მონაწილეობდა. შემდეგ, უბრალოდ გამოგვიცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებული არის ნორვეგიული „ქლინ ენერჯი“, რომელიც მანამდე ცნობილი იყო შუახევის ჰესის მშენებლობის „კარგი სახელით“. აქაც სახეზეა კონსტიტუციის 29-ე მუხლის აშკარა იგნორირება მეტად საყურადღებო ფაქტია ის, რომ ჰესის გახსნიდან ორ თვეში 37 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გააფორმეს კონტრაქტი იგივე კომპანიასთან, უკვე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონტრაქტის პირობები, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს აღებული, არ ვიცით, რადგან ხელშეკრულება კონფიდენციალურია. „ენკა რინიუებლზს“, რომელიც იგივე „ქლინ ენერჯია“, მთავრობამ რიონის ხეობაში გადასცა 576 ჰექტარი ისე, რომ არ არსებობდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, არც კვლევები. აქაც სახეზეა კონსტიტუციის მითითებული ნორმის უგულვებელყოფა. ნამახვანჰესის საქმეში რაღაც კვლევები დევს, რაზეც ირწმუნებიან, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის ჩატარებული, სინამდვილეში ბუტაფორიაა, ფორმალური სახე აქვს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ნებართვებამდე, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდათ და მიწებიც გადაცემული იყო.ამიტომაც, ფორმალური იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვაც, როცა წინა დღეს შეცვალეს დრო, რომ მაქსიმალურად ნაკლები დაინტერესებული მხარე ჩართულიყო ამ პროცესში და შეხვედრის ადგილი შეარჩიეს სამშენებლო არეალიდან 50 კმ-ის დაშორებით, მათთვის არასასურველ ადამიანებს რომ ვერ მიეღწიათ.
კომპანიის მიერ წარდგენილი მთელი რიგი კვლევები სამინისტრომ ისე შეითანხმა, რომ არ გაუსაჯაროვებია. არადა, სამინისტროს ევალებოდა დოკუმენტები 3 დღეში გამოექვეყნებინა. არც ეს დოკუმენტებია საჯაროდ ხელმისაწვდომი.
საქართველოს მთავრობა გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, ასევე არღვევს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგოთანამეგობრობის ძირითად პრინციპსაც, რომლის წევრიც საქართველო 2016 წელს გახდა.სხვა შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სახელწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტი კონფიდენციალური, რა მუხლი შეიძლება იყოს იქ ისეთი, რომლის ცოდნაც არ შეიძლება საქართველოს მოქალაქისთვის.წყალტუბოსა და ცაგერში, ის ადგილები, რაც მოსახლეობას ჰგონია, რომ მათი ტერიტორიებია, გარდა იმისა, ვისაც რეესტრში ჰქონდა რეგისტრირებული, უკვე კომპანიის საკუთრებაა, გამონაკლისის გარეშე.ამას მოწმობს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, როდესაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტებს ჯერ კარვის დაშლა მოსთხოვეს. მერე, სხვა ადგილას, ერთ-ერთი აქტივისტის კუთვნილ ეზოში, რომელიც რეესტრში სამწუხაროდ არ აქვს გატარებული, პოლიცია მათ არ აძლევდა კარვების დადგმის საშუალებას და ეუბნებოდნენ, რომ ის ადგილიც კომპანიას ეკუთვნის.
არც ნამახვანჰესის და არც რომელიმე სხვა ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ჰესის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი გაკეთებული არ არის. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს პროექტი არნახულ სარგებელს მოიტანს, არის მანიპულაცია და არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ზიანი, მოსალოდნელია ყველა მიმართულებით, როგორც ბუნებრივ გარემოზე, მათ შორის ტყის მასივებზე. ნამახვანჰესის პროექტი ითვალისწინებს 610 ჰექტარი ფართობის წყლის სარკის ზედაპირის შექმნას. დატბორვის ფართობი გაცილებით მეტი იქნება, რადგან ის ფერდობებსაც მოიცავს. შესაბამისად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება ტყის დიდი მასივი. სერიოზული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ტვიშის მიკროზონა იმიტომ, რომ ორ რეზერვუარს შორის ხვდება. ასევე, ხვანჭკარის მიკროზონა და შესაძლოა, უსახელოურიც.ზიანი არის კოლოსალური. ჩვენ არ ვიცით, რა წერია ხელშეკრულებაში, არ ვიცით რა ფასია განსაზღვრული, არ ვიცით სახელმწიფოს რა ვალდებულებები აქვს აღებული კომპანიის წინაშე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ნაწილი, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სასყიდლიანი პრივატიზების ფორმითა და ზოგიერთი მათგანის - აღნაგობის უფლებით, გადმოცემულ იქნა მკაცრად განსაზღვრული პირობებით: მიწებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნებისთვის, გასხვისების უფლების გარეშე. აქვე, მიწების გადმოცემის პირობად განსაზღვრულია ნამოხვანი - ალპანა - მამისონის გზის, ნამოხვანი - ალპანას 28 კმ. მონაკვეთის მშენებლობა და მისი უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსთვის, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლესი გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების და სოციალური სტანდარტების განხორციელების ვალდებულებებზე.აღსანიშნავია, რომ იმ გადმოცემულ სახელმწიფო მიწებზე, რომელთაც ჰყავდათ ფაქტობრივი მოსარგებლეები, ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახელმწიფოს მოთხოვნის თანახმად, გაცემული იქნა კომპენსაციები სხვა მესაკუთრეებისთვის განსაზღვრული განაკვეთების იდენტურად.რაც შეეხება, ქვემო ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში არსებულ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაშიარსებულ ქონებებს - 278 ოჯახიდან კომპენსაცია გაცემულია 257 ოჯახზე - 30 მლნ ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ მოსახლეებზე მიმდინარეობს ფორმალური პროცედურები.
აღსანიშნავია რომ კერძო პირების მფლობელობაში არსებული მიწების უმრავლესობა არ იყო რეგისტრირებული. თუმცა, კომპანიის საკომპენსაციო პოლიტიკის თანახმად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კომპენსაციები გაიცა იდენტური განაკვეთებით როგორც მესაკუთრეებზე, ასევემფლობელებზე და ის მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო ფასს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს რომ გასაჩივრებული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ კი მის 29-ე მუხლის დანაწესს რის გამოც აღნიშნული განკარგულება ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა