ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/1612 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის №2405 განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1612) მომართა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. №1612 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 7 ივნისს. №1612 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1612 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის №2405 განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული უძრავი ქონება, მასზე აღნაგობის უფლებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით განმტკიცებულია გარემოს დაცვის უფლება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით“.
5. №1612 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა გარემოს მიაყენებს კოლოსალურ ზიანს. კერძოდ, სადავო განკარგულების საფუძველზე, შპს „ენკა რინიუებლზს“ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ასაშენებლად და ექსპლუატაციაში მისაღებად, აღნაგობის უფლებით, გადაეცა რიონის ხეობაში არსებული 576,3 ჰექტარი მიწის ფართობი, 99 წლით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 610 ჰექტარი ფართობის წყლის სარკის ზედაპირის შექმნას, რის შედეგადაც, წყლის ქვეშ მოექცევა ტყის დიდი მასივი, ტვიშისა და ხვანჭკარის მიკროზონები, შესაძლებელია, დაიტბოროს უსახელოურიც.
6. მოსარჩელის თქმით, შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ რიონის ხეობაში არსებული ტერიტორიის გადაცემა განხორციელდა მანამ, სანამ დასახელებული კომპანია მიიღებდა ნებართვას „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე. ამასთან, აღნიშნული ნებართვა გაიცა ისე, რომ არ არსებობდა სათანადო კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა დასახელებულ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის აშენების შედეგად გარემოსადმი მიყენებულ შესაძლო ზიანს. ამგვარი კვლევები ჩატარდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ კომპანიას მიეცა „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა. გარდა ამისა, დასახელებული კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევები სამინისტრომ შეათანხმა ისე, რომ არ მომხდარა მათი გასაჯაროება, მაშინ, როდესაც სამინისტროს გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტების 3 დღის ვადაში გამოქვეყნების ვალდებულება.
7. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო განკარგულება არ არის განთავსებული საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და არ იძებნება არც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამასთან, სახელმწიფოსა და შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, რის გამოც უცნობია კონტრაქტის პირობები და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები. დასახელებული კონტრაქტი, მისი კონფიდენციალური შინაარსის გამო, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ასევე ევროკავშირის ენერგოთანამეგობრობის ძირითად პრინციპებსაც, რომლის წევრიც საქართველო 2016 წელს გახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულება არღვევს გარემოს დაცვის უფლებას.
8. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერებას. მისი თქმით, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე „ნამახვანის“ ჰესების კასკადის სამშენებლო და ე. წ. მოსამზადებელი სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოადგენს იურიდიულ პირს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო იურიდიული პირების კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს, რომლებიც მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მოწესრიგებულ საკითხებთან მიმართებით. შესაბამისად, №1612 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გამოარკვიოს, სადავო აქტის სამართლებრივი ბუნება, აქვს თუ არა მას ნორმატიული ხასიათი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა უნდა მოხდეს ამგვარი აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრისა და ობიექტის გათვალისწინებით. კერძოდ, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორ ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის №2405 განკარგულების კონსტიტუციურობას. აღნიშნული განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული ქონება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება, რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ გადასცეს წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული უძრავი ქონება აღნაგობის უფლებით.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის სადავოდ გამხდარი განკარგულება არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგად წესს. აღნიშნული განკარგულება ზუსტად განსაზღვრავს როგორც იმ კონკრეტულ სუბიექტს, რომელსაც უძრავი ქონება გადაეცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით და მასზე აღნაგობის უფლებით, ასევე, იმ ქონებას, რომელიც მას გადაეცა. სადავო აქტი ვერ იქნება გამოყენებული სხვა ანალოგიური ურთიერთობის მიმართ, რომლის მონაწილეთა ვინაობა მისი გამოცემის დროისათვის განუსაზღვრელი იყო. მისი მოქმედება ამოიწურება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ერთჯერადი გადაწყვეტით. შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის №2405 განკარგულება ვერ იქნება განხილული როგორც ნორმატიული აქტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1612 კონსტიტუციური სარჩელი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1612 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში