საქართველოს მოქალაქე მერი ბიგვავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N 2/6/723 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2016 14:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერი ბიგვავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №2 დანართის, №3 დანართის B3 და B4 მოდულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №4 დანართის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულების №1 დანართის 1.4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N723) მომართა საქართველოს მოქალაქე მერი ბიგვავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 24 თებერვალს.
2. N723 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 აგვისტოს.
3. N723 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ვ” ქვეპუნქტები, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (შემდეგში №320 ბრძანება) №2 დანართი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმას, №3 დანართის B3 და B4 მოდულები ადგენს ოჯახის საშუალო თვიურ ხარჯებსა და შემოსავლის გადანაწილების ხვედრითი წილის განსაზღვრის ცხრილს, №4 დანართი ადგენს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმებს, მათ შორისაა კრიტერიუმი №ა კომპაქტურად(ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას.
5. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ“ განკარგულების №1 დანართის 1.4 პუნქტის თანახმად (შემდეგში №1162 განკარგულება) , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის და მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ადეკვატური გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. აღნიშნული სტრატეგია უვადოა, ხოლო სტრატეგიის განხორციელების „სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს 2012-2014 წლებში განსახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ამ ვადაში დასრულებას.
6. კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას ყველა სხვა სამართლებრივ აქტთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ , აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა “.
7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების ხელშეუხებლობის მარეგლამენტირებელი ნორმაა. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია , რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან , მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან , არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა , როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , ჯანმრთელობის , სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად “.
8. N723 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი.
9. მოსარჩელის განმარტებით, №320 ბრძანების №2 დანართი არ ითვალისწინებს სამინისტროს ვალდებულებას, დევნილებს გააცნოს დანართი №1.2-ით გათვალისწინებული კითხვების შინაარსი მანამ, სანამ დევნილი ოჯახის უფლებამოსილი პირი ხელს მოაწერს განაცხადს და გამოთქვამს მზაობას, პასუხი გასცეს კითხვებს, რომლის შინაარსი მისთვის ცნობილი არ არის. მინისტრის ბრძანება არ განსაზღვრავს კითხვებზე გაცემული პასუხების შემოწმების მექანიზმს და არც დევნილების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას.
10. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №320 ბრძანების №3 დანართის B3 და B4 მოდულებით განსაზღვრული კითხვები არაპროპორციულია სამინისტროს მიზნის მისაღწევად, დაადგინოს დევნილი ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად სამინისტრომ მოსარჩელე დაავალდებულა, დაადასტუროს საკუთარი ვინაობა, გაამჟღავნოს ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებზე. გარდა ამისა, დასახელებულ მოდულებს წამძღვარებული არ აქვს საშუალო თვიური ხარჯებისა და შემოსავლის დაანგარიშების წესი.
11. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
12. N723 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ №320 ბრძანების №4 დანართის „ა“ ქვეპუნქტი ქმნის დევნილთა მიერ სხვათა საკუთრებაში შეჭრის საშიშ პრეცედენტს, რათა ამ გზით მიიღონ გამოძევების ოქმი, რადგან სწორედ ამ ოქმის წარდგენის შემდგომ შეუძლია დევნილს დაამტკიცოს, რომ უსახლკაროა. აღნიშნული სადავო ჩანაწერი პირს უბიძგებს, რომ ჩაიდინოს დანაშაული. გარდა ამისა, მოსარჩელე ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მის ბუნდოვანებაზე მიუთითებს. მისი განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ქმედება, რომლსაც კანონი არ ითვალისწინებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებით, №4 დანართის №ა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, №1162 განკარგულებით ძალდაკარგულად გამოცხადდა №403 განკარგულება და დამტკიცდა ახალი სამოქმედო გეგმა, თუმცა არ განსაზღვრულა გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა. ზემოთქმული უგულებელყოფს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებას და პირის უფლებას - ჰქონდეს საცხოვრისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განცხადებით, №1162 განკარგულების №1 დანართის 1.4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლსა და 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელე შუამდგომლობს, ექსპერტის სახით მოწვეულ იქნენ სამოქმედო გეგმის განხორციელების საკოორდინაციო მექანიზმის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოში იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს. აღნიშნული გამომდინარეობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუკი ის ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამგვარი ფორმალური შეუსაბამობის არსებობა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს თავისთავად წარმოადგენს, სარჩელის შინაარსის მიუხედავად.
2. „„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, თავის მხრივ, განსაზღვრავენ კონსტიტუციური სარჩელის შედგენის წესს, სავალდებულო რეკვიზიტებს, ისევე როგორც იმ სავალდებულო დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს თან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/4/621 განჩინება საქმეზე „შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-2). დასახელებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს „მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები“. №723 კონსტიტუციურ სარჩელში მათ შორის სადავოა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულების №1 დანართის 1.4 პუნქტი.
3.№723 კონსტიტუციურ სარჩელში სამართალწარმოების მოპასუხე მხარედ მითითებულია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. აღნიშნული განკარგულების მიმღებს კი წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარესაც უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული ორგანო. მოპასუხე მხარის მითითება წარმოადგენს კანონით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნას. კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხის მიუთითებლობა განაპირობებს მის ფორმით შეუსაბამობას ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ“ განკარგულების №1 დანართის 1.4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)
5.მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების („დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“) №3 დანართის („საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი“), მოდულების B3 („ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები“), B4 („ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი“) და №2 დანართის („საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი“) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
6.საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის გაცემის წესს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტურ უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს „...„ოფიციალურ ჩანაწერებში“ უკვე არსებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის შინაარსობრივ ფარგლებზე და ასეთი ინფორმაციის გაცემის წესზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №1/5/625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
7.სადავო ნორმის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან არაკონსტიტუციურად ცნობასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შესაბამისი თანამდებობის პირები ინფორმაციის შეგროვებას ახორციელებენ კონსტიტუციის დარღვევით, განაცხადისა და კითხვარის შევსებისას მისგან სახელმწიფო იღებს ინფორმაციას, რომელსაც, მოსარჩელის აზრით, არ უნდა იღებდეს. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს უკვე სახელმწიფო ორგანოს მფლობელობაში არსებული ინფორმაციის დაცვის სტანდარტებს. იგი არ არეგულირებს სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის შეგროვების წესს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოს მფლობელობაში არსებული მისი პირადი ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემას შეეხებოდა. შესაბამისად, სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №2 დანართის და №3 დანართის B3 („ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები“) და B4 („ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი“) მოდულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8.ხსენებულ ნორმებს მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრების უფლების ცალკეული კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის სხვადასხვა მუხლით და კონსტიტუციის მე-20 მუხლის დაცვის ქვეშ არ ექცევა ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ურთიერთობა. „...მე-20 მუხლის პირველ პუნქტში პირადი ცხოვრების მთელ რიგ უფლებრივ კომპონენტებთან ერთად თავშივე მოხსენიებულია ზოგადად „პირადი ცხოვრება“, რაც თითქოს იმის ვარაუდს ქმნის, რომ ეს ცნება გულისხმობს პირადი ცხოვრების მთელ სფეროს ამომწურავად. თუმცა, ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა მე-20 მუხლი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-13). „კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში სადავო ნორმით ჩარევა სახეზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი ადგენს ადამიანის პირად სფეროში საქმიანობისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის შეზღუდვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6).
9.სადავო ნორმებიდან გამომდიანრე პირი საკუთარი ნებით აწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამ ნორმის საფუძველზე არ ხდება სახელმწიფო ორგანოების მიერ საკუთარი ინიციატივით, პირის ნების საწინაღმდეგოდ, პირადი ხასიათის მქონე რაიმე ინფორაციის მოპოვება. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული ფაქტი კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში ჩარევას. სარჩელში არ გვხვდება არგუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნებაყოფლობით ინფორმაციის მიწოდებასა და ადამიანის პირად სფეროს, პირადი კომუნიკაციის უფლებას შორის კავშირს წარმოაჩენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების №2 დანართის და №3 დანართის B3 („ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები“) და B4 („ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი“) მოდულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. N723 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი ამავე ბრძანების დანართის №4 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „ა“ პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. დანართი №4 განსაზღვრავს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმებს. აღნიშნული დანართის „ა“ პუნქტი უმაღლესი საჭიროების მქონედ განსაზღვრავს სუბიექტს, რომლის მიმართაც მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. აღნიშნული დანაწესის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს ნორმა მას აიძულებს კანონის დარღვევით შევიდეს სხვის საცხოვრებელ ბინაში რათა შემდეგ მიიღოს ცნობა მის მიმართ მიმდინარე გამოსახლების პროცესის არსებობის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტსა და 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულ არგუმენტებს, რომლებიც დაასაბუთებდა სადავო ნორმით მოსარჩელის საკუთრების ან კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების დარღვევის რეალურ საფრთხეზე ან შესაძლებლობაზე. სარჩელში არ არის დასაბუთებული პრიორიტეტულობის განსაზღვრის გასაჩივრებული წესი თავისთავად, რომლის მიზანია შეზღუდული რესურსის განაწილების წესის განსაზღვრა, რატომ არღვევს მოსარჩელის ხსენებულ უფლებებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არ მიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების შემთხვევაში იდავოს კანონის იმავე ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე. ზემოთხსენებული საფუძვლებით სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა არ ართმევს მოსარჩელეს სასამარლოში იმავე დავის საგანზე ახალი კონსტიტუციური სარჩლის წარდგენის შესაძლებლობას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის, 22–ე, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N723 არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი