საქართველოს მოქალაქე მერი ბიგვავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N723 |
ავტორ(ებ)ი | მერი ბიგვავა |
თარიღი | 23 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის არსებით განსახილველად მიღება კონსტიტუციის 89-ე მიხლის 1-ლი პუნქტის "ა" და "ვ" ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის, "ე" პუნქტის, 31-ე მუხლის, 39 მუხლის 1-ლი პუნქტის საკონსტიტუციო სამართალწარომების შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-16 მუხლის შესაბამისად; კონსტიტუციის მუხლი 89 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო... მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან,... კანონის,... შესაბამისობის საკითხებზე; ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ "ორგანული კანონის მუხლი 19. 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი; მუხლი 31. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობითი შეტანა. მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მოსარჩელე (საქართველოს მოქალაქე) ადასტურებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს; საკუთრების უფლებას - კონსტიტუციის 21-ე მუხლი; ყველა სამართლებრივი აქტის ვალდებულებას შეესაბამებოდეს კონსტიტუციასა და საქართველოს კონონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს - მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება - კონსტიტუციის 42 მუხლი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული საკითხები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხები არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საკითხები რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამდენად, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ სარჩელი არსებით განსახილველად იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: 1. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წ. 9 აგვისტოს № 320 ბრძანების „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესახებ", დანართის № 3 „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ მოდულების B3 "ოჯახის საშუალო თვიური ხარჯების" და B4-ის "ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი" არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1 პუნქტის და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში. 2. ამავე ბრძანების დანართი # 2 „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1 პუნქტის და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში. 3. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წ. 9 აგვისტოს № 320 ბრძანების „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესახებ", დანართი # 4 "საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის" პუნქტ „ა“-ს არაკონსტიტუციურად ცნობას მე-20 მუხლის მეორე პუნქტის და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ნაწილის "I ძირითადი მიზანი და მიღწეული შედეგების"პუნქტი 1.4 არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 პუნქტის დ მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებაში. ფაქტები, დაზარალებული 1. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წ. 9 აგვისტოს № 320 ბრძანების „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესახებ", დანართის № 3 „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ მოდულების B3 "ოჯახის საშუალო თვიური ხარჯების" და B4-ის "ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი" არაკონსტიტუციურია, რადგან: ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ ოკუპერებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო) უფლებამოსილია მის განმგებლობაში შემავალი საკითხების მოწესრიგების მიზნით შეიმუშავოს კონკრეტული წესი. მინისტრის # 320 ბრძანება უნდა ემსახურებოდეს მიზანს დადგინდეს პირთა მონაცემები და ის კრიტერიუმები, რომლებიც განაპირობებენ დევნილთა პრიორიტეტულობას ბინით უზრუნველყოფის პროცესში. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ბრძანების დანართი # 3-ის „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ მოდულის B3-ში „ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი“ და მოდულის B4-ში „ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი“ არსებული კითხვები არაადეკვატურია და არაპროპორციულია სამინისტროს მიერ მისაღწევ მიზანთან, ანუ დადგინდეს დევნილი ოჯახის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა, როგორც ეს გათვალისწინებულია მინისტრის # 340 ბრძანებით. ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას დევნილებთან დაკავშირებულ სფეროში და არაკონსტიტუციური არიან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის და 41-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში. სოციოლოგიურ მეცნიერებაში სოციალური კვლევის მონაცემების შეგროვების, ორგანიზებისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ანკეტირება / კითხვარი ერთ-ერთი ასეთი მეთოდია. "მოდული B3-ის "ოჯახის საშუალო თვიური ხარჯების" კითხვები თვეში საშუალოდ რამდენს ხარჯავთ კვებაზე, ტანსაცმელზე, სამომხმარებლო საგნებზე და ა.შ. სოციოლოგიურ კვლევებში გამოიყენება სამომხმარებლო კალათის და მისი ჯამობრივი ციფრის გასარკვევად და არა ადამიანის მატერიალური მდგომარეობის დასადგენად. სამომხმარებლო კალათა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ანუ ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის დასაანგარიშებლად გამოიყენება. კითხვებით რომელ საპონს თუ შამპუნს ხმარობთ და რა ტანსაცმელს ყიდულობთ, რამდენ ტუალეტის ქაღალდს ხარჯავთ თვეში და რა წამლებს ყიდულობთ, ამით რა შეიძლება დაადგინოს სამინისტრომ? მოგეხსენებათ, ზოგი ადამიანი ჭამა-სმაზე ხარჯავს მთელ თავის ფულს, ზოგი ჩაცმაზე და გართობაზე, ზოგიც წიგნებზე და ცოდნაზე. ოჯახის მატერიალური მდგომარეობის დასადგენად საჭიროა ერთი კითხვა: როგორია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? შემოსავლისა და ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელის შეფარდებით ადვილად დგინდება როგორია დევნილის მატერიალური მდგომარეობა - სიღარიბის ზღვარს ზემოთაა თუ ქვემოთ. ამრიგად, მიზნის მიღწევა, დევნილის მატერიალური მდგომარეობის გაგება, შესაძლებელია ნაკლებადმზღუდავი საშუალებით, ვიდრე ტუალეტის ქაღალდის, შამპუნის და ტანსაცმლის შესახებ ინფორმაციის მოძიებით სამინისტროს მიერ. მოდული B4-ის "ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალის" კითხვები: უცხოეთიდან მიღებული გზავნილები (ფულადი და არაფულადი), საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავლები და ა.შ. ლახავენ დევნილის, როგორც მოქალაქის კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას პირადი ცხოვრების, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობზე და ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს სადაც წერია: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი .... ხელშეუხებელია“. ხოლო კონსტიტუციის 41-ე მუხლში, პუნქტი 2 წერია: „ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე...“. სოციალური კვლევების დროს ეს კითხვები გამართლებულია, რადგან ამ დროს დაცულია რესპონდენტის ანონიმურობა. ე.ი. მე შემიძლია კითხვებს გავცე პასუხი ჩემი პიროვნების დასახელების გარეშე. ჩვენს შემთხვევაში კი, პირადობის დადასტურება პროცედურის აუცილებელი კომპონენტია. სოციალურ კვლევებში ანკეტირება ნებაყოფლობითი პროცესია. სამინისტრომ კი იძულებული გახადა ადამიანი გაემჟღავნებია ინფორმაცია მის ჯამრთელობაზე, ფინანსებზე და სხვა პირად საკითხებზე. კითხვებს პასუხი თუ არ გაეცი და ანკეტირება თუ არ გაიარე - ბინას არ მოქცემენ. ეს კი კანონდარღვევაა. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების იძულებით გადაადგილების შესახებ, E/NC.4/1998/53/ADD.2, პრეამბულა, პუნქტი 2. მე-18 მუხლის თანახმად „ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს უფლება იცხოვროს ადეკვატურ პირობებში“. ხელისუფლების პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებზე უსაფრთხო ხელმისაწვდომობა ნებისმეირ ვითარებაში და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე: ა. აუცილებელი საკვები და სასმელი წყალი; ბ. თავშესაფარი და საცხოვრებელი; გ. შესაფერისი ტანისამოსი; დ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სანიტარული მომსახურება; სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების დროს ეს კითხვარი შეიძლება დაშვებული იყოს, რადგან აქ მოქალაქე ნებაყოფლობით იღებს გადაწყვეტილებას სთხოვოს სახელმწიფოს მიანიჭოს ეს სტატუსი და ნებაყოფლობით გადის ამ პროცედურას. დევნილის სტატუსი კი, უკვე მეტყველებს ადამიანის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს სჭირდება სოციალური თუ მატერიალური დახმარება და ყველა საერთაშორისო საკანონმდებლო აქტი და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს მთავრობას დაუყოვნებლივ გაუწიოს დევნილს დახმარება, პირველ რიგში თავშესაფრით და პირველადი დახმარების საგნებით. დევნილებისთვის, რომლებსაც ომის დროს დაუხოცეს ნათესავები, დაუბომბეს სახლები და გადაუწვეს ქონება, როგორც ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში, ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, 22 წლის ლოდინის შემდეგ, სამინისტრო იძულებულს ხდის მას გაიაროს ეს დამამცირებელი პროცედურები, რათა დაუმტკიცოს მთავრობას, რომ ის საჭიროებს ამ დახმარებას. ამ კითხვარის მთავარი არალეგიტიმურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ მოდულებს არ აქვთ წამძღვანებული საშუალო თვიური ხარჯებისა და საშუალო თვიური შემოსავლის დაანგარიშების ახსნა-განმარტება. სოციალურ კვლევებში ასეთი დაანგარიშების რამოდენიმე მეთოდი არსებობს. მინისტრის # 320 ბრძანებაში არ არის ეს გაწერილი და არც სამინისტროს სხვა ნორმატიულ აქტებში თუ საბუთებში ეს არ არის ახსნა-განმარტებული. ჩვენ, დევნილებმა არ ვიცით ეს მეთოდები. არც არავის აუხსნია როგორ უნდა დაგვეთვალა საშუალო თვიური ხარჯი კვებაზე, ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, ამ საგნების დეტალური ნუსხაც არ არის ჩამოთვლილი ამ სადავო ნორმატიულ აქტში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მოდული B3-ის კითხვების მონაცემები არც არის ასახული სამინისტროს მიერ შედგენილ კრიტერიუმებში. დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ეს კრიტერიუმები განსაზღვრულია მინისტრის # 320 ბრძანების, დანართების #4 და #5-ის მიერ. ამ დანართებში 13 პუნქტია. არც ერთ ამ პუნქტში არ არის ასახული დანართი # 3, მოდული B3-ის „ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები“-ს მონაცემები. მაშინ, რისთვის აგროვებდა სამინისტრო ამ მონაცემებს, თუ ეს მონაცემები/ციფრები კრიტერიუმებში არ არის ასახული და მისაღწევ მიზანს არ ემსახურება? ეს კითხვარი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, სადაც წერია: "საკუთრება ... აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების ... უფლების გაუქმება". სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჩემი, მოქალაქის უფლება საკუთრებაზე ომის დროს და ომის შემდგომშიც, 22 წლის განმავლობაში უარს მეუბნება ამ უფლებაზე. ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის # 320 ბრძანებულების დანართ # 3-ის "საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის", მოდული B3-ში "ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები" და მოდული B4-ში "ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი" მოთხოვნილი ინფორმაცია არაადეკვატური და არაპროპორციულია სამინისტროს მიერ მისაღწევ მიზანთან და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 41-ე და 21-ე მუხლებით დაცული დევნილი მოქალაქეების უფლება პირადი ცხოვრების, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობზე და საკუთრების ხელშეუვალობაზე და სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებაზე უპირობოდ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დამცირების გარეშე უზრუნველყოს დევნილი პირი ცხოვრებისათვის საჭირო ყველა საშუალებით. 2. ამავე ბრძანების დანართი # 2 „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი“ არაკონსტიტუციურია, რადგან: მინისტრის # 320 ბრძანებაში განაცხადის ფორმა შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: „ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი_______ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურების მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტით დადგენილი დანართი # 1.2 კითხვარის შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს, ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ სამინისტროს აქვს უფლება საჭიროებისდა მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვების შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია“. მაგრამ აქ არსად წერია, რომ: „ჩვენ წინასწარ გავეცანით მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტით დადგენილი დანართი # 1.2-ის კითხვებს, ინფორმირებული ვართ ამ კითხვების შინაარსზე და მათზე გაცემული პასუხების შემოწმების ყველა მექანიზმზე, მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრების საბანკო ოპერაციებთან ხელმისაწვდომლობაზე სამინისტროს მიერ და ხელმოწერით ვადასტურებთ ამას“. ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია რომ: მინისტრის ბრძანებაში უნდა ასახულიყო სამინისტროს ვალდებულება გაეცნო დევნილებისათვის ზემოაღნიშნული კითხვარის შინაარსი, სანამ დევნილი ოჯახის უფლებამოსილი წევრი მოაწერს ხელს ამ განაცხადს, მით უმეტეს, რომ კითხვარი შეიცავს კონფიდენციალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მინისტრის ბრძანებაში ახსნილი უნდა ყოფილიყოს დევნილებისთის კითხვებზე გაცემული პასუხების შემოწმების მექნიზმები, ანუ როგორ აპირებს სამინისტრო შეამოწმოს ისეთი მონაცემები, რომლებიც მაგალითად, დაკავშირებულია საბანკო ოპერაციებთან, უძრავი ქონების ფლობასთან, ფულადი თუ არაფულადი საჩუქრების მიღებასთან და ა. შ. და მხოლოდ ამის შემდეგ აეღო დევნილისაგან შესაბამისი ნებართვა დევნილის საბანკო ანგარეშებთან და საბანკო ოპერაციებზე წვდომის თაობაზე. დევნილებს აქვთ უფლება იცოდნენ მათზე შევსებული კონფიდენციალური კითხვარი, რომელიც შეიცავს მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს: ა. რამდენად დაცულია? ბ. სად ინახება საბუთები ამ ინფორმაციით? გ. ვინ არის პასუხისმგებელი ამ საბუთების დაცვაზე? დ. ვის მიუწვდება ხელი ამ საბუთებამდე? ე. რა ვადით ინახება ეს საბუთები? არც მინისტრის # 320 ბრძანებაში და არც სამინისტროს სხვა ნორმატიულ აქტებში ეს საკითხები არ არის გაწერილი. სახალხო დამცველის აპარატში ჩემს მიერ შეტანილ განცხადებაზე მივიღე პასუხი, რომელსაც მოჰყვებოდა ჩემზე შევსებული კითხვარის სრული კომპლექტი. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ სამინისტრო ასაჯაროვებს ადამიანის პირად მონაცემებს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში, პუნქტი 2 კი წერია: „ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე“. ასეთი თანხმობა დევნილებს სამინისტროსთვის არ მიუცია და არც განაცხსდის ფორმაში და არც სხვა ნორმატიულ აქტებში ეს პირობა არ არის შეტანილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2015 წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებაში (გვ. 12, აბზაცი 3) წერია: „განაცხადში ასახული კითხვები დადგენილი ნორმატიული აქტით, რომელიც გამოქვეყნებულია კანონით დადგენილი წესით და ცნობილია ყველა პირისათვის“. ამავე დროს სასამართლო ვერ ასახელებს, რომელი კანონით დადგენილი წესით და სადა არის ეს კითხვები გამოქვეყნებული და იმასაც ვერ ხსნის, თუ, რომელი კვლევით, ან რომელი გამოკითხვით იცის სასამართლომ, რომ ეს კითხვარი ცნიბილია ყველასა პირისათვის. ჩემთვის და ჩემს გვერდით, იმ დღეს იქ მდგომ ასობით დევნილისათვის ეს კითხვები უცნობი იყო. სამინისტროს დოკუმენტში „დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების და პროცედურების ზოგად დებულებები, პუნქტში „ ‐ ინფორმირებული გადაწყვეტილება“ წერია: „ იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ სრული, მიუკერძოებელი და სწორი ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობისა და ალტერნატივის შესახებ რაც ხელს შეუწყობს მის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას“. სამინისტროს მიერ ასეთი ფორმით შედგენილი განაცხადი, სადაც დაფიქსირებული მხოლოდ დევნილის მზაობა გასცეს პასუხი კითხვარს, მაგრამ არ არის დაფიქსირებული, რომ დევნილი პირი ინფორმირებულია თუ რაზე აძლევს ამ მზაობას, ანუ მას არ მიეცა საშუალება წინასწარ გაცნობოდა კითხვარის შინაარსსა და ამ კითხვართან დაკავშირებულ ყველა საკითხთს, არღვევს ზემოთხსენებულ ზოგად დებულებას. ის უხსნის სამინისტროს ვალდებულებას და მის პასუხისმგებლობას დაიცვას პიროვნების უფლება მისი პირადი ცხოვრების და საქმიანობის ინფორმაციის ხელშეუხლებობაზე, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-20 და 41-ე მუხლებით. ადამიანის იძულება არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი. დევნილს ხელი რომ არ მოეწერა განაცხადის ფორმისათვის, მისი გვარი და სახელი არ ჩაიწერებოდა აპლიკანტთა სიაში და არც იქნებოდა განხილული. ე.ი. დევნილი პირი კარგავდა საცხოვრებლის მიღების უფლებას. ამრიგად მიმაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მიზანდასახულ, არაპირდაპირ იძულებას დევნილიზე ანკეტირების პროცესის გასავლელად და ამიტომ მიმაჩნია, რომ განაცხადის ეს ფორმა არაკონსტიტუციურია. 3. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წ. 9 აგვისტოს № 320 ბრძანების „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესახებ", დანართი # 4 "საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის" პუნქტ "ა" არაკონსტიტუციურია, რადგან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ პუნქტში 2.2.2 წერია: “…ამ პროექტების ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება და/ან საკუთრებაში არ გადაეცემათ, ასევე კერძო სექტორში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული დევნილები, რომლებიც არიან რისკის წინაშე, დარჩნენ უსახლკაროდ.“ სამოქმედო გეგმის ამ პუნქტს და აგრეთვე პუნქტებს 2.1.3 და 2.1.4. ეხმიანება მინისტრის # 320 ბრძანების, დანართი # 4 შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის" პუნქტი „ა“, სადაც წერია: "კომპაქტურდ (ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილები, რომელი შენობებიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას". აღნიშნული კრიტერუმი ფასდება 3 ქულით. მე ვცხოვრობდი ქირით. ქირის გადაუხდელობის გამო ბინის მესაკუთრემ მთხოვა მისი კუთვნილი ბინის დაცლა. აღნიშნული დანართის სადავო პუნქტის მიხედვით მე უნდა წარმედგინა სამინისტროსთვის საბუთი ბინის მეპატრონისაგან ბინის დაცლის პორცედურის განხორციელებაზე, „თუნდაც პოლიციის ოქმის სახით ჩემი ამ გამოსახლების თაობაზე“, როგორც ეს განმარტა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე. სამინისტროს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2015 წ. 9 იანვრის გადაწყვეტილების ( გვ. 10, ბოლო აბზაცი) მიხედვით: იმისათვის, რომ დევნილ ოჯახს მიენიჭოს აღნიშნული კრიტერიუმით გათვალისწინებული ქულა, სახეზე უნდა იყოს ფართის მესაკუთრის მიერ კანონით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენება. მაგრამ ამ დროს სასამართლომ ვერ დაასახელა კანონი და მექანიზმი, რომლის მიხედვით მე უნდა მაეძულებინა ბინის დიასახლისი, ჩემს გამოსახლებაზე მისი ბინიდან დაეწერა და მოეცა საბუთი. რამდენადაც გავიგე, მე უნდა მომეთხოვა ჩემი მოხუცი დიასახლისისაგან ცნობა იმის თაობაზე, რომ ის მასახლებდა მისი კუთვნილი ბინიდან. ან მის კანონიერ თხოვნაზე დამეცალა ბინა, არ უნდა შემესრულებია ეს თხოვნა, იძულებული გამეხადა მოხუცი ქალი გამოეძახა პოლიციისთვის, გამევლო ყოვლად დამამციერებელი პროცედურა პოლიციის მიერ ჩემი ძალად გაყვანისა ბინიდან. ამ პროცედურის თაობაზე ოქმის შედგენის შემდეგ მე მექნებოდა საფუძველი სამინისტროს ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და ამ ეგრეთწოდებული „კანონიერი პროცედურის“ გავლის შემდეგ მომენიჭებოდა 3 ქულას. ე.ი. მე მაიძულებენ კანონდარღვევის ჩადენას, რადგან კონსტიტუციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით: "არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების გარეშე". ამჟამად მე უსახლკარობის გამო ვცხოვრობ ხან ერთ და ხან მეორე ნათესავთან. სამინისტროს ამ ნორმატიული აქტით, მე რომელ ნათესავს უნდა მოვთხოვო ცნობა გამოსახლების შესახებ? მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა სწორედ ამ პუნქტს, რომ მე უნდა წარმედგინა გამოსახლების ცნობა. მე განვმარტე, რომ სასამართლოში ზუსტად იმიტომ მოვედი, რომ 1993 წელს, სოხუმიდან გამოსახლების შემდეგ, 22 წლის განმავლობაში მთავრობამ არსად არ ჩამასახლა და ჩემს კითხვაზე: - ამ შემთხვევაში რომელ ინსტანციას უნდა მოვთხოვო ცნობა ჩემი გამოსახლების თაობაზე, გარდა დევნილთა სამინისტროსი, - პასუხი ვერ მივიღე. სადავო ნორმატიული აქტი აძლევს საფუძველს და ქმნის საშიშ პრეცედენტს იმ ფაქტებისთვის, როდესაც დევნილები იჭრებიან სხვადასხვა შენობებში, უკანონოდ იკავებენ მათ და ელოდებიან, როდის გამოაძევებს მათ პოლიცია, ხშირად ძალის გამოყენებითაც, რათა მერე მიიღონ პოლიციისაგან ოქმი ამ პროცედურის ჩატარებისა და მხოლოდ ასეთი ოქმის წარდგენის შემდეგ დევნილს შეუძლია დაუმტკიცოს სამინისტროს, რომ ის უსახლკაროა. მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ არ ჯდება სამართლებრივი სახელმწიფოს კანონიერების ჩარჩოში. ეს ხომ ადამიანის იძულებაა ჩაიდინოს დანაშაული. დევნილთა სამინისტრო იძულებულს ხდის დევნილები ჩაიდინონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. იძულება ასეთი ქმედებების ჩადენისა უკანონოა და დასჯადია. მიმაჩნია, რომ მინისტრის # 320 ბრძანების, დანართი # 4 "საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის" პუნქტ „ა“ ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. ანუ მის საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ქმედება, რომლიც კანონით არ არის განსაზღვრული და ამრიგად ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს - "არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ" . 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის "I ძირითადი მიზანი და მიღწეული შედეგების"პუნქტი 1.4 არაკონსტიტუციურია, რადგან: საქართველოს მთავრობამ 2009 წ. 28 მაისს # 403 განკარგულებით დაამტკიცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-1024 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომელიც დაყოფილი იყო 3 ეტაპად სხვადასხვა კატეგორიების დევნილებისთვის და მიზნად ისახავდა აღნიშნული წლების განმავლობაში ყველა დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. 2010 წ. მე შევიტანე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ვაპროტესტებდი ფაქტს ჩემთვის საცხოვრებლით არ დაკმაყოფილებას, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ამ გეგმის მიხედვით. სასამართლომ უარი თქვა ჩემი სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ჯერ არ გასულა საქართველოს მთავრობის 2009 წ. 28 მაისის # 403 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის დადგენილი ვადა - 2009-2012 წწ. (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წ. 22 დეკემბრის # 3/3901-2010 დადგენილება). 2012 წ. დიდი ხანია გასულია. მთავრობამ ჩემს წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯერაც არ შეასრულა. 2015 წ. 9 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებაში წერია რომ საქართველოს მთავრობამ 2012 წ. 13 ივნისის # 1162 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოაცხადა მთავრობის 2009 წ. 28 მაისის # 403 განკარგულება და დაამტკიცა ახალი 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, თუმცა რომელიმე საბუთით არ განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადა, ე.ი. ეს გეგმა უვადოა. (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წ. 9 იანვრის # 3/1179-14 გადაწყვეტილება). ამრიგად სასამართლომ ჩემი პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გასულია კანონით, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წ. მიღებული გადაწყვეტილებით და ყველა გონივრული მოთხოვნით გათვალისწინებული ვადები, უსაფუძვლოდ მიიჩნია. თუ სახელმწიფოს ზემოთ აღნიშნული საბუთი უვადოა, მაშინ მის თავში არსებული ციფრები 2012-2014 რა არის? ან შეიძლება სახელმწიფო გეგმას, რომლის შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მილიონობით ლარის თანხა და რომელზედაც სამინისტროს ევალება ანგარიშის ჩაბარება იყოს უვადო? შეიძლება სახელმწიფოში არსებობდეს კანონი, მაგრამ ის არ მოქმედებდეს მოქალაქესთან მიმართებაში, რადგან მისი შესრულების ვადები არ არის დაფიქსირებული? 1. საქართველოში 1994 წ. 3 აგვისტოდან ძალაშია საერთაშორისო პაქტი „ეკონომიური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომლის მე-11(1) მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე და რაც მთავარია ჰქონდეს საცხოვრებელი. 2. „ევროპის სოციალური ქარტიის“ 3-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს უფლებას საცხოვრებელ ადგილზე. 3. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 25-ე მუხლიც ხაზს უსვამს ადეკვატური საცხოვრებლის უფლებებზე. დევნილთა სფეროში არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სახელმძღვანელოდოკუმენტი. ეს დოკუმენტებია: 1)გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ, E/NC.4/1998/53/ADD.2, პრეამბულა, პუნქტი 2. ამ დოკუმენტის მე-18 მუხლის თანახმად „ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს უფლება იცხოვროს ადეკვატურ პირობებში“. ხელისუფლების პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებზე უსაფრთხო ხელმისაწვდომობა ნებისმეირ ვითარებაში და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე: ა. აუცილებელი საკვები და სასმელი წყალი; ბ. თავშესაფარი და საცხოვრებელი; გ. შესაფერისი ტანისამოსი; დ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სანიტარული მომსახურება; 2) გაეროს მიერ 2005 წ. 28 ივნისს მიღებული დოკუმენტი ე.წ. „პინეიროს პრინციპები; 2009 წლის 29 დეკემბერს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე გაეროს დანართი „Framework on Durable Solutions for Internally Displaced Persons (იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გრძელვადიანი გადაწყვეტის ჩარჩო-პრინციპები). ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტის ერთ-ერთი პირობა დევნილთა დისკრიმინაციის გარეშე ადეკვატურისტანდარტული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა; 3)ევროპის საბჭოს 2009 წლის N1877 რეკომენდაცია, სადაც ევროპის საბჭო სახელმწიფოებს მოუწოდებს შექმნან ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული დევნილთა დაცვის ეფექტური მექანიზმები, მათ შორის თავშესაფრით უზრუნველყოფა. საქართველო ერთ-ერთია იმ 16 ქვეყანას შორის, რომელსაც სპეციალური ეროვნული კანონმდებლობა აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით. დევნილთა სფეროში არსებულ ძირითად მარეგულირებელ აქტს წარმოადგენს 1996 წლის საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ რომლის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ის ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. ამ კანონით სახელმწიფომ გამოხატა მზადყოფნა და აიღო პასუხისმგებლობა საქართველოში მცხოვრები დევნილების სამართლებრივი, ეკონომიური და სოციალური გარანტიების, მათ შორის დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (მუხლი 3, 5). ამ კანონების შესრულებას მე 22 წელია ველოდები. 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის უვადოდ გამოცხადება ნიშნავს საერთაშრისო თუ შიდა სახემწიფოებრივ ყველა ნორმის უგულვებელყოფას და ამრიგად ირღვევა კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და 21-ე მუხლის პირველი პუნქტი. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის საცხოვრებელი ადგილის ხელუხლებლობის პრინციპს. საცხოვრებლით დაცული ინტერესი მოიცავს საცხოვრებლით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, საცხოვრებლის დაცვას ზიანის მიყენებისაგან. სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჩემი საცხოვრისი 1993 წელს და ამ ნორმატიული აქტით ფაქტიურად იხსნის მის მოვალეობას "ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების" დაცვისაგან. ამიტომ მიმაჩნია, აღნიშნული სადავო პუნქტით სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციით მინიჭებულ ადამიანის უფლებას ჰქონდეს საცხოვრისი მისი ცხოვრების ვადაში (კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტი) და ამ გეგმის შესრულების უვადოდ გამოცხადება ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ყველა ზემოთჩამოთვლილი კანონების დარღვევად, ანუ კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მეორო პუნქტების დარღვევად. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა