„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/726 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 მაისი 2016 15:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №726) მიმართა “შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 26 თებერვალს.
2. №726 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს.
3. №726 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იცავს საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს აღნიშნული უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“.
6. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა სამოქალაქო სამართლებრივი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთს არაპროპორციულად ანაწილებს, კერძოდ, იგი სამოქალაქო სამართალწარმოების მონაწილეს აკისრებს პრეზუმფციის უარყოფის ტვირთს და ასევე გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის, მისი გამოყენების პრაქტიკა. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბერის N2/15651-15 გადაწყვეტილებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე მსჯელობისას მათი პოზიციის საწინააღმდეგოდ არსებული გარკვეული გარემოებები ჩათვალა დადგენილად, შესაბამისად, მათ დააკისრა აღნიშნული გარემოებების უარყოფის ტვირთი.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, სადავო ნორმა წარმოადგენს შეჯიბრებითი პროცესის ელემენტს, რაც, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტია, მაგრამ საერთო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მას მიენიჭა არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა საქმის განმხილველ მოსამართლეს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს და არ შეესაბამება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, უფლების შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
10. ამდენად, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს: ა) პირის მიერ გარკვეული გარემოებების ცოდნის შემთხვევაში ამ გარემოებათა ცოდნის პრეზუმფცირებას ამ პირის ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის მიმართ და მასვე, ამ გარემოებათა შესაბამისად, ცოდნის უარყოფის მტკიცების ტვირთის დაკისრება ბ) საწარმოს პარტნიორის მიერ გარკვეული გარემოებების შესაძლო ცოდნის შემთხვევაში ამ გარემოებათა ცოდნის პრეზუმფცირებას საწარმოს მიმართ და მასზევე ამ გარემოებათა ცოდნის უარყოფის მტკიცების ტვირთს დაკისრება ან/და საწარმოს მიერ გარკვეული გარემოებების შესაძლო ცოდნის შემთხვევაში ამ გარემოებათა ცოდნის პრეზუმფცირებას ამ საწარმოს პარტნიორის მიმართ და მასევე ამ გარემოებათა ცოდნის უარყოფის მტკიცების ტვირთის დაკისრება, გ) კერძოსამართლებრივი გარიგების ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერების ვარაუდი და ამ მხარისთვის მისი კეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთის დაკისრება.
11. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს“.
4. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლო სადავო ნორმის საფუძველზე უმრავლეს შემთხვევაში სამოქალაქო პროცესის მხარეს აკისრებს ტვირთს, ამტკიცოს საკუთარი კეთილსინდისიერება და დაადასტუროს, რომ მისთვის გარკვეული გარემოებების შესახებ უცნობი იყო. მოსარჩელეს მაგალითად მოჰყავს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მას, როგორც მოპასუხეს, დააკისრა აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ დადებული გარიგების შესაძლოდ არაგონივრული ფასის გამომწვევი გარემოებების მტკიცების ტვირთი.
5. სადავო ნორმა განსაზღვრავს პირის ვალდებულებას, დაასაბუთოს თავისი სასარჩელო მოთხოვნა თუ შესაგებელი. საქმისთვის რელევანტური სხვადასხვა გარემოების მტკიცების ტვირთის კონკრეტული ფორმით განაწილების ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს, მათ შორის, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიდან. უფრო მეტიც, ამგვარი ნორმები შეიძლება განსაზღვრავდეს არა მხოლოდ მტკიცების ტვირთის განაწილებას, არამედ მტკიცების ფორმასაც (მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, ზეპირი სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადასტურებულ იქნეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით).
6. სადავო ნორმით, მხარეს მოეთხოვება იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულება, რომლებიც მას კანონის მიხედვით ეკისრება. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ მატერიალური ნორმის შემადგენლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით ანაწილებდეს მტკიცების ტვირთს, მაგრამ აღნიშნული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს და არა აბსტრაქტულად.
7. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება პირის ვალდებულებით, დაასაბუთოს თავისი სამართლებრივი პოზიცია, რომელიც მიემართება დავის ფარგლებში გამოყენებადი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსს. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, თუ შესაბამისი მატერიალური ნორმიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, თითოეულ მხარეს ევალება თავისი სამართლებრივი პოზიციის დასაბუთება. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენილად ჩათვლა და მათი უარყოფის ტვირთის მეორე მხარისთვის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს, მათ შორის, 102-ე მუხლის პირველ ნაწილს.
8. მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია უკავშირდება მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემას მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებთან კავშირში, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მტკიცების ტვირთის მოსარჩელისთვის პრობლემური შინაარსით განაწილება ამოიკითხა. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ უშუალოდ სადავო ნორმა შეიცავს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ ნორმატიულ შინაარსს.
9. ამდენად, №726 კონსტიტუციური სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №726 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა