საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/7/727 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 21 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 აპრილი 2017 18:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - ირმა ბანძელაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №727) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2016 წლის 29 თებერვალს. №727 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 თებერვალს.
2. №727 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი ადგენს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
5. №727 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გიორგი სეხნიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებდა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით. ამრიგად, მოწმე თავდაპირველად იკითხება საგამოძიებო ორგანოში, რადგან მოსარჩელის მტკიცებით, სარჩელის შემოტანის მომენტშიც კი ძალაში არ შესულა კანონი, რომლის თანახმადაც, მოწმე დაიკითხება პირდაპირ სასამართლოში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის სადავო პუნქტი სწორედ ამ სიახლეზე იყო გათვლილი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების ჩვენების უარყოფით ილახება მისი კონსტიტუციური უფლება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე დამყარებულ სამართალწარმოებაზე, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, შესაძლოა მოსარჩელის მიმართ სხვაგვარი განაჩენი დაედგინა სასამართლოს.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი არ იძლევა საშუალებას, რომ დაცვის მხარემ ბრალდებასთან თანაბარ პირობებში გამოიკვლიოს მოწმეთა ჩვენებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
8. №727 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ ბოროტად გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსი მოსარჩელის წინასწარი პატიმრობის პერიოდის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 28 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგან გიორგი სეხნიაშვილი სასჯელს უკვე იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2015 წლის 26 მარტს კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ და ერთ-ერთ ძირითად მოტივად მიუთითა, რომ იწურებოდა სასჯელის მოხდის ვადა და მოსარჩელე თავისუფლდებოდა პატიმრობიდან. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას წინასწარი პატიმრობის ვადაში არ ჩათვალა 117-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისათვის დაკავების დღიდან გიორგი სეხნიაშვილის მოთავსების ვადა სამარტოვო საკანში (2014 წლის 26 მარტიდან 2015 წლის 26 მარტამდე). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის პერიოდთან დაკავშირებით დევნის განმახორციელებლი ორგანოს რესურსის ბოროტად გამოყენებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
10. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ვინაიდან მოცემული სარჩელის სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, მას უფლება აქვს იდავოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დარღვეულია ან შეიძლება დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლი არ არის მოთავსებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი №727 სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილებით უკვე გადაწყვეტილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის. ამიტომ, სახეზეა №727 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. №727 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს 85-ე მუხლის მე-3 პუნქტს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე, როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი ფორმალური შესაბამისობა. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუკი ის ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამგვარი ფორმალური შეუსაბამობის არსებობა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს თავისთავად წარმოადგენს, მიუხედავად სარჩელის შინაარსისა.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, თავის მხრივ, განსაზღვრავენ კონსტიტუციური სარჩელის შედგენის წესს, სავალდებულო რეკვიზიტებს, ისევე როგორც იმ სავალდებულო დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს თან. დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „...კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი“. №727 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის გარდა სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართულია საქართველოს სისხლის სამართლის 205-ე მუხლის ტექსტი, რომელსაც ითვალისწინებდა 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (№
3616, 24/09/2010, ვებგვერდი, 24/09/2010) ის ჩამოყალიბდა სარჩელის შემოტანის დღისთვის მოქმედი ფორმით. ამგვარად, სარჩელს თან არ ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, რაც, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს კანონით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტის მოქმედი რედაქციის წარმოდგენა არ მომხდარა არც ზეპირი მოსმენით გამართულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო ნორმატიული აქტის ტექსტის დაურთველობა განაპირობებს მის ფორმით შეუსაბამობას ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, №727 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №727 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა