საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/728 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 13:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 22-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №728) მომართა საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძემ. №728 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის პირველ მარტს.
2. №728 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 27 იანვარს.
3. №728 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2331 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონიერი ქურდობა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევებას, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“, ხოლო 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებულია განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2003 წლის 11 დეკემბრიდან სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2010 წლის 10 დეკემბერს. კანონიერი ქურდის სტატუსის გამო იგი იძულებული გახდა, გათავისუფლებისთანავე დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. 2015 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელე, საფრანგეთიდან დეპორტირების შემდეგ, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან არ არის ცხადად განმარტებული, თუ კონკრეტულად რა ქმედება მოიაზრება კანონიერი ქურდობის ცნების ქვეშ. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს ამა თუ იმ მსოფლმხედველობის გამო პირის დასჯას. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ წაყენებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც მის მიმართ უკვე დადგა და აღსრულდა განაჩენები. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს, მე-18 მუხლის პირველ პუნქტს, 22-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებს, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
8. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ გასაჩივრებული რეგულაციის არსებულ ფორმულირებაში არ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება.
9. 2016 წლის 3 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ხსენებულ განცხადებაში წარმომადგენელი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით მოსარჩელე გამართლდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. ხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და 22-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევებას, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოდან ყველა იმ პირის თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში“. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, ვინაიდან საქართველოში კანონიერი ქურდობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მოსარჩელე იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, ხოლო საქართველოში დაბრუნებისთანავე მოხდა მისი დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.
3. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას. გასაჩივრებული რეგულაცია ახდენს ქმედების, კანონიერი ქურდობის კრიმინალიზებას და სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლებას აღკვეთას. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი არის „ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა ჯგუფს“. სადავო რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება, საქართველოში თავისუფლად შემოსვლა ან საქართველოდან თავისუფლად გასვლა. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონიერი ქურდობა წარმოადგენს დასჯად ქმედებას, ვერ ჩაითვლება პირის იძულებად, დატოვოს საქართველოს ტერიტორია ან პირიქით − ხელი აიღოს საქართველოში დაბრუნებაზე. ხსენებული სადავო ნორმის მიზანია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და პრევენცია, იგი არ ავალდებულებს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს შორის.
4. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და 22-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, №728 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი, ემსახურება რა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, ადგენს საპროცესო გარანტიას, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სადავო ნორმა, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას. მის საფუძველზე არ დგინდება მტკიცების ტვირთის გადანაწილება ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების რომელ ასპექტს შეიძლება ზღუდავდეს. სადავო ნორმის საფუძველზე პირის ბრალდებისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
6. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, №728 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულება განამტკიცებს განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპს და ადგენს, რომ „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, იცავს ინდივიდს ერთი და იმავე ქმედების გამო განმეორებითი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებისგან, მეორე მხრივ კი, ემსახურება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ორგანოების ბოჭვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-35).
8. როგორც უკვე აღინიშნა სადავო ნორმით განსაზღვრულია კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების − კანონიერი ქურდობის შემადგენლობა და შესაბამისი სანქცია. გასაჩივრებული რეგულაცია არ ადგენს რაიმე სახის დანაწესს პირის ორმაგი მსჯავრდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე უბრალოდ უთითებს ხსენებული კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე და კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, თუ რატომ ზღუდავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ პირის უფლებას. მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ხდება განმეორებით მსჯავრდების წყარო.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, №728 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N728 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
12. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენის თანახმად, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გათავისუფლდა პატიმრობიდან. შესაბამისად, გაუგებარია რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს სადავო ნორმის მოქმედებით. ზემოხსენებული გარემოებების გამო, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №728 („საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №728 („საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან, 22-
ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი
ირინე იმერლიშვილი