შპს „საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/730 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2016 17:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N730) მომართა შპს “საყდრიონმა”. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 1 მარტს.
2. N730 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 3 აგვისტოს.
3. N730 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება ამტკიცებს მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესებს. აღნიშნული წესები არეგულირებს ურთიერთობას, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, პირდაპირ მომხმარებელს, წყალმომარაგების ლიცენზიატსა და, მეორე მხრივ, ქსელის მფლობელს შორის. დასახელებული წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განმარტებულია ქსელის მფლობელის აქტივების მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება, რომელიც წარმოადგენს მესამე პირის მფლობელობაში არსებული, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო (ისტორიული) ღირებულებას. ხოლო წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები: გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური, ან/და გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი, ან/და გ.დ) ჩამკეტი არმატურა და გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს ,,საყდრიონი“ წარმოადგენს მესამე პირს, რომლის გაზის მილის უნებართვოდ გამოყენებით, განაწილების ლიცენზიატი შპს ,,ყაზტრანგაზ-თბილისი“ საკუთარ აბონენტებს აწვდის ბუნებრივ აირს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ქსელის მფლობელისათვის გადასახდელი გატარების საფასური არ არის სამართლიანი და ამ საფასურის სანაცვლოდ მესაკუთრის იძულება - ბუნებრივი აირი მიიტანოს განაწილების ლიცენზიატიდან მომხმარებლამდე - არის საკუთრების უფლების არსის დარღვევა.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით ბუნებრივი აირის ქსელის მესაკუთრისათვის მის საკუთრებაზე ზემოქმედების გამო, კომპენსაციის ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში მიიღება არა აქტივების საბაზრო ღირებულება, არამედ მისი წმინდა საბალანსო (ისტორიული) ღირებულება, რის გამოც, ირღვევა შპს ,,საყდრიონის“ საკუთრების უფლება. სადავო წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი დამატებით მიუთითებს ქსელის მფლობელის ინფრასტრუქტურაზე და იმაზე, რომ მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური ელემენტები, მაგალითად, გაზის მილსადენი ან ჩამკეტი არმატურა მონაწილეობს აქტივების ღირებულების განსაზღვრაში და არა ის შემოსავალი, რასაც განაწილების ლიცენზიატი (,,ყაზტრანსგაზ-თბილისი“) სხვისი (შპს ,,საყდრიონის“) ქსელის გამოყენების გზით მომხმარებლებისათვის გაზის მიწოდებით იღებს. აქტივების ღირებულების განსაზღვრისას ასევე ყურადღება არ ექცევა იმ გარემოებას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ქსელის მესაკუთრემ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოიყენოს სხვა უფრო მომგებიანი საქმიანობის წარმოებისათვის, ვიდრე საკუთარ ქსელში სხვისი გაზის გატარებაა.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა მესაკუთრის უფლება - მოითხოვოს საბაზრო ფასებში დაანგარიშებული სამართლიანი და გონივრული კომპენსაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
8. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. N730 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომლითაც განისაზღვრება ქსელის მფლობელისათვის გადასახდელი გატარების საფასური, საკუთრების ხელყოფისათვის გონივრულ კომპენსაციას არ ადგენს .
3. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი განმარტავს გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებას – მესამე პირის მფლობელობაში არსებული, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო (ისტორიული) ღირებულება. ამავე წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები: გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური, ან/და გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი, ან/და გ.დ) ჩამკეტი არმატურა და გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში). ზემოთ დასახელებული ნორმები ადგენს წესს, თუ როგორ უნდა მოხდეს (გაზის) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრა. თუ ქსელის მფლობელი მესამე პირი ფლობს გაზის მილსადენს, აღნიშნული მილსადენის ღირებულების დათვლა მოხდება მოცემული ნორმებით დადგენილი წესის მიხედვით.
4. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელისათვის პრობლემურია არა უშუალოდ ბაზის (მილსადენის) ღირებულების დათვლის წესი, არამედ - წესი, რომლითაც განისაზღვრება გაზის გატარების მომსახურების საფასური. სწორედ გატარების მომსახურების საფასური წარმოადგენს იმ კომპენსაციას, რომელიც გადაეცემა ქსელის მფლობელს მისი ქსელით სარგებლობისათვის. ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R = P * W, სადაც: R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ– ის გარეშე); P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/მ3).W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა (მ3). თავის მხრივ, საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასურის დათვლა ამავე წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხდება გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების, მისაღები შემოსავლის ნორმისა და მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობის გათვალისწინებით. ამდენად, გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება, რომლის განმსაზღვრელ ნორმებსაც ხდის მოსარჩელე სადავოდ, ცხადია, გავლენას ახდენს გატარების საფასურის განსაზღვრაზე, თუმცა არ წარმოადგენს უშუალოდ საფასურის განმსაზღვრელ წესს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი საკუთრებით სარგებლობისათვის დადგენილი კომპენსაცია არაკონსტიტუციურია, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ კომპენსაციის განმსაზღვრელი წესის დამდგენი ნორმები.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N730 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N730 (შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი