საქართველოს მოქალაქეები - ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია და სხვები (სულ 52 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/760 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია და სხვები (სულ 52 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - ვილენი ალავიძე, ირაკლი მოწერელია და მოსარჩელეთა წარმომადგენელი - ლია მუხაშავრია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №760) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა: ვილენი ალავიძემ, თენგიზ უჩანეიშვილმა, ირაკლი მოწერელიამ და სხვებმა (სულ 52 მოსარჩელე). საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 25 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის პირველ მარტს და 9 მაისს.
2. №760 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები 1990 წლამდე პერიოდში იყვნენ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ისინი, 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებისაგან განსხვავებით, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციით. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ნორმები იდენტური სტატუსისა და საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის ადგენს განსხვავებულ, დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
6. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 30-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით, თუმცა ხსენებულ ნაწილში მათ განმწესრიგებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს. ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მათ სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში, წარმოადგენს არა სადავო ნორმებით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის მიღების უფლების გაუქმება და ამ გზით დისკრიმინაციის აღმოფხვრა, არამედ ისეთი სამართლებრივი გადაწყვეტა, რომლის საშუალებითაც მოსარჩელეები მოექცევიან კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეში. მოსარჩელეთა მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს უნდა დაევალოს, მოსარჩელეები მოაქციოს კომპენსაციის მიმღებ პირთა ჩამონათვალში.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე აყენებდა შუამდგომლობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუმცა განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ უარი თქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე.
8. მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, 1990 წლამდე პერიოდში უფლებამოსილების განმახორციელებელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები და, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ამავე საბჭოს კომუნისტური პარტიის ის დეპუტატები, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მათი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმებისა და მოსარჩელეთა სამართლებრივი სტატუსის საფუძველზე, დიფერენცირების ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ სამართლებრივ-პოლიტიკური რეალობა.
9. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, შესადარებელი ჯგუფები წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ლეგიტიმაციის ხარისხით, სადეპუტატო საქმიანობის ალტრუისტული შინაარსისა და ალტერნატიული ხასიათის საქმიანობის დასაშვებობის ნიშნით მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში, ფაქტობრივად და სამართლებრივად არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. 1921 წლიდან 1990 წლამდე საქართველო იყო ოკუპირებული, რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია ხელისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით. აღნიშნული ვითარებისგან რადიკალურად განსხვავდება საქართველოს ტერიტორიაზე 1990 წელს ჩატარებული უზენაესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლებს რეალურად მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი გაეკეთებინათ თავისუფალი ნების საფუძველზე. შესაბამისად, განსხვავებულია ზემოხსენებული ორგანოების უფლებამოსილების განმსაზღვრელი ლეგიტიმაციის ხარისხი. 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შემდგომ, უზენაესმა საბჭომ შეიძინა რეალური წარმომადგენლობითი ფუნქცია და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით დაიწყო ხელისუფლების განხორციელება.
10. მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ 1990 წლამდე არჩეული სახალხო წარმომადგენელი, უფლებამოსილების განხორციელებისას არ იზღუდებოდა ალტერნატიული საქმიანობის განხორციელების აკრძალვით. დეპუტატის მანდატი არ ავალდებულებდა პირს, შეეწყვიტა ნებისმიერი სახის საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობა. წარმომადგენლობითი სესიის დროს, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად იგი დროებით თავისუფლდებოდა საწარმოო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან. ამასთან, უნარჩუნდებოდა საშუალო ხელფასი მის მუდმივ სამუშაო ადგილზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 1990 წლამდე ყოფილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბჭოს წევრებისთვის საბჭოში არჩევა და საქმიანობა არ წარმოადენდა მუდმივი და ძირითადი საქმიანობის სფეროს. ყოველივე ზემოხსენებული მიანიშნებს მაშინდელი სადეპუტატო საქმიანობის ალტრუისტულ ხასიათზე. აღნიშნული ვითარება არსებითად შეიცვალა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, რის შემდეგაც, უზენაესი საბჭოს წევრებს დაენიშნათ ხელფასი და აეკრძალათ ალტერნატიული სამსახურებრივი საქმიანობა.
11. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №760 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. მოსარჩლე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით“.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ქმნის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებისთვის. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაციები ადგენენ დისკრიმინაციულ დიფერენცირებას, ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან გამორიცხავენ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წლამდე. ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე არაერთხელ და არაორაზროვნად განმარტა, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებისთვის უკვე დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების გაუქმება. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად დააზუსტა: „ჩვენ არ მოვითხოვთ სადავო კანონის სადავო ნორმაში ჩამოთვლილ პირთათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის მოხსნას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს და დაავალოს პარლამენტს, შეიყვანოს მოსარჩელეები იმ პირთა ჩამონათვალში, რომლებიც ამ კანონში სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობენ ... ანუ კი არ გაუუქმდეს კომპენსაცია იმათ, ვისაც აქვთ, არამედ დაემატოს მოსარჩელეები და ეს კატეგორია, რათა მოხდეს დისკრიმინაციის აღმოფხვრა.“
4. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წლამდე, დაენიშნოთ სახელმწიფო კომპენსაცია. მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს დაავალოს სადავო ნორმების იმგვარად მოდიფიცირება, რომ გაიზარდოს კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე და მასში მოექცნენ მოსარჩელეთა კატეგორიაში მყოფი პირები.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი არსით „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელე მხარე, რეალურად, პრობლემურად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო ნორმით დადგენილ წესს, კერძოდ, 1990 წელს არჩეული უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებას. მოსარჩელეები ითხოვენ, სადავო ნორმების შინაარსის გაფართოებას იმგვარად, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე გაიზარდოს და მათში თვითონაც მოექცნენ. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც წარმოადგენს კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილს და არა ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭება სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე არ არის უფლებამოსილი, დაავალოს საქართველოს პარლამენტს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც მოსარჩელეებს მოიაზრებდა აღნიშნული კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრეში.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს №760 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №760 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი