საქართველოს მოქალაქეები - ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია და სხვები (სულ 52 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N760 |
ავტორ(ებ)ი | ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია, ნელი გურგენიძე, თემურ ჩხეიძე, მოგელ ზუხბაია, ზურაბ ლომიძე, ანზორ ბურჯანაძე, კონსტანტინე აბულაძე, ჯემალ მარგველიძე, ირაკლი ჟორდანია, |
თარიღი | 24 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს. 2. შეტანილია იმ პირების მიერ, ვინც პირადაპირ წარმოადგენს სადავო ანტიკონსტიტუციური ნორმის შედეგად დაზარალებულებს, კერძოდ, ყოფილი საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციას.
3. სასარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან: • წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით; • აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; • შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა; • მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად; • სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ; • აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი. სარჩელში მითითებული სადავო საკანონმდებლო ნორმა, ჩვენი მტკიცებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს მე-14 მუხლით, მე-16 მუხლი თ და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რის გამოც ის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს წარმოადგენს.
4.სარჩელში გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა არ ყოფილა გასაჩივრებული და გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო მუხლების ანტიკონსტიტუციურობა მე-14 მუხლთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის თანასწორობას კა-ნონის წინაშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონე-ბრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდე-ბლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდე-ბისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩვენს მიერ გასაჩივრებული სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი „საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანაგარიშება“ დისკრიმინაციულად არ ანიჭებს სახელმწფიო კომპენსაციის მიღების უფლებას პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც იყვნენ პარლამენტარები ანუ საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები 1990 წლამდე პერიოდში.
სადავო კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით: „1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 15 ოქტომბრის 1/2/174. 199 გადაწყვეტილებით საქმეზე საქართველოს მოქალაქენი ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ლევან ალექსიძე, გიორგი ქავთარაძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუცისს მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა: „სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა, როგორც ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები. ისინი საპარლამენტო პენსიით უზრუვნელყოფის თვალსაზრისით თვით სადავო ნორმის შემცველმა კანონმა გაუთანაბრა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც 1992 წლიდან არიან არჩეული. რაც შეეხება სადავო ნორმას, იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონალურად ერთნაირი სტატუსის მქონე პირებს, კერძოდ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია პარლამენტის წევრები.. . . სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, კოლეგია იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკაშირებით, რომ სადავო კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით მათი უფლებების დარღვევა შეიძლება მომხარიყო პოლიტიკური შეხედულებების გამო. სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა იწვევს პარლამენტის წევრთა პენსიით უზრუნველყოფის ისეთ დიფერენცირებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს. სადავო ნორმა ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებითაც, რომლის დაცვის ობიექტთა შორის მოიაზრება აგრეთვე მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის უფლება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. . .“ სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ აქ გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყუოფის უფლება გულისხმობს მის სამართლიან და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განხორციელებას.“
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან დაახლოებით სამ წელში 2005 წლის 27 დეკემბერს მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური, ჩვენს მიერ გასაჩივრებული სადავო კანონი, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, რომელმაც, ჩვენი მტკიცებით, ასევე დისკრიმინაციულად არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საქართველოს პარლამენტის 1992 წლის შემდგომ არჩეულ დეპუტატებთან შედარებით საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის თვალსაზრისით. სპეციალური კანონით კომპენსაცია ეწოდა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული პენსიას, რაც, ჩვენი მტკიცებით, მოპასუხემ გააკეთა განზრახ დისკრიმინაციული სოციალური უზრუნველყოფის უფლების შელახვის მიზნით, რათა დაუფარავად არ დაპირისპირებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 16-ე და 30.4-ე მუხლები და ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, კერძოდ, ამ პაქტის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე,. . .“
ამრიგად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადავო კანონის მუხლები ვერ უძლებს კრიტიკას თანაზომიერების პრინციპის თვალსაზრისით. ამასთან, სადავო ნორმებით დადგენილი სოციალური უზრუნველყოფის - კომპენსაციის შეზღუდვის მიზანი არ არის და ვერ იქნება ლეგიტიმური, რის გამოც ის საფუძველშივე გაუმართლებელი და არაკონსტიტუციურია.
სადავო მუხლების ანტიკონსიტუტციურობა კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, ის არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ჯგუფს. ინდივიდის მიერ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების რეალიზაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვათა უფლებებს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესებს. აღნიშნული ღირებულებების დაცვის ინტერესი განაპირობებს ადამიანის კონკრეტული ქმედებების/უფლებების შეზღუდვის საჭიროებას.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აერთიანებს მრავალმხრივ, ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ უფლებრივ კომპონენტებს, რაც განაპირობებს ინდივიდუალური მიდგომების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. პირებს ეკისრებათ თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო ინტერესებიდან ან მესამე პირების კონსტიტუციურად დაცული ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე – თანაზომიერების პრინციპის მკაცრი გამოყენების საფუძველზე. სამართალშემოქმედმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს სენსიტიური სფეროების მოწესრიგებისას – სადაც არსებობს უფლებათა დაცვის განსაკუთრებული საჭიროება. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ეხება მოწყვლად ჯგუფებს. . . „, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ) ჩვენი მტკიცებით, მოსარჩელეებს, როგორც ხანდაზმულ, პენსიონერ ადამიანებს, რომელთათვისაც საარსებოდ მნიშვნელოვანია კომპენსაცია მათი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ოჯახური გარემოებების გათვალისწინებით.
ამრიგად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადავო მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს და ის ანტიკონსტიტუციურია.
სადავო მუხლების ანტიკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადავო მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „შრომის სამართლიანი ანაზღაურება“. სადავო კანონი კომპენსაციას განსაზღვრავს, როგორც „პირის ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.“ ხოლო ტერმინი „კომპენსაციის მიმღები პირი“ განსაზღვრულია, როგორც „პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია“. მიგვაჩნია, რომ სადავო მუხლები იწვევს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის საკითხში ისეთ დიფერენცირებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, რის გამოც ის ანტიკონსტიტუციურია.
სადავო მუხლების ანტიკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით
კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვის ობიექტია მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის უფლება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მიხედვით. კერძოდ, ამ პაქტის მე-9 მუხლით: „სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. . .“ ჩვენს მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმები კი არღვევევნ ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა აღნიშნულ უფლებას, რადგან ის გულისხმობს სოციალური უფლების უზრუნველოფას სამართლიანად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმების ეწინააღმდეგება აგრეთვე კონსტიტუციის 39-ე მუხლის მოთხოვნებს, ანტიკონსტიტუციურია და უნდა გაუქმდეს.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი