საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/25/757 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2016 16:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე გიორგი კრავეიშვილი და მისი წარმომადგენელი თამაზ კრავეიშვილი; მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ზაზა თაქთაქიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №757) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 18 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს.
2. №757 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლების პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტები.
3. „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლი ადგენს, წარდგენილი პროექტების ექსპერტთა მეშვეობით შეფასების წესებსა და პირობებს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
4. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
5. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში, თუმცა საბოლოოდ დაფინანსება ვერ მოიპოვა. შემდგომ ამისა, მოსარჩელემ მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მისი პროექტის შეფასებაში მონაწილე ექსპერტთა ვინაობის გამხელის თაობაზე, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის არგუმენტით, რაც, თავის მხრივ, დადგენილი იყო „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 128/5 ბრძანებით. საბოლოოდ, საერთო სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 128/5 ბრძანებით განსაზღვრული ექსპერტთა კონფიდენციალურობის დამდგენი ნორმები ბათილად იქნა ცნობილი კანონთან შეუთავსებლობის საფუძვლით, ხოლო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დაევალა მოსარჩელისათვის ექსპერტთა ვინაობის წერილობით გაცნობა. თუმცა საერთო სასამართლოს მიერ ბათილად გამოცხადებული ნორმა ექსპერტის კონფიდენციალურობის თაობაზე 2016 წლის 29 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აისახა „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში.
6. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაყოფა შეიძლება რამდენიმე ჯგუფად. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს.
7. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ამკვიდრებს ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ყველას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ ის არ უკავშირდება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
8. სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი განამტკიცებს სიტყვებს: „ოფიციალური დოკუმენტი“ და „ოფიციალური ჩანაწერი“. საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს საიდუმლო მონაცემებს, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ანუ ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციაა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ექსპერტის ვინაობა, რომელიც მონაწილეობდა მის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში, გახდა იმ ინფორმაციის ნაწილი, რომელიც მასზე მუშავდებოდა. შესაბამისად, ის უფლებამოსილია, ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს დაუბრკოლებლად.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
10. ამასთან, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება იცავს პირის უფლებას, არავისთვის არ გახდეს მისი თანხმობის გარეშე ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს ეხება. დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
11. საქმის ზეპირი მოსმენის დროს მოსარჩელემ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ნორმა „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების სხვა ნორმის მოქმედებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, კონკურსანტისთვის მინიჭებულ უფლება - აიცილოს არასასურველი ექსპერტი, ფორმალური ხასიათისაა, რადგან ვინაობის თაობაზე წინასწარი ინფორმირების გარეშე, შემთხვევითობის პრინციპით ექსპერტის აცილება რთულია. აცილების უფლების რეალურობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ექსპერტის მიკერძოებულობისა და არაკომპეტენტურობის რისკის აღმოფხვრა.
12. მოსარჩელის მოსაზრებით, ექსპერტის მიკერძოებულობის საფრთხეს ზრდის ის გარემოება, რომ ექსპერტისათვის ცნობილია იმ პროექტის ავტორის ვინაობა, რომელსაც ის აფასებს, მაშინ როდესაც პროექტის ავტორისათვის ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია.
13. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მას შეეძლო, კანონქვემდებარე აქტის სადავო ნორმა გაესაჩივრებინა საერთო სასამართლოში კანონთან შეუთავსებლობის საფუძვლით, თუმცა საერთო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილება უფლების დაცვის უფრო ეფექტურ საშუალებად.
14. დამატებით, კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმის შეჩერების თაობაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. თუმცა ზეპირი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მოხსნა დასახელებული შუამდგომლობა, ვინაიდან ნორმის შეჩერებას მისთვის ეფექტი ექნებოდა უშუალოდ ექსპერტთა შერჩევის დაწყების დროისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი დასრულებულია, რის გამოც არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სამართლებრივი ინტერესი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
16. მოპასუხის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არასწორად ხდება სადავო ნორმის განმარტება. კერძოდ, მოპასუხის პოზიციით, კონკურსის დასრულებამდე ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალურობა ემსახურება ექსპერტის მიმართ პოტენციური ზეგავლენის თავიდან აცილებას, რაც ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს. ხოლო კონკურსის დასრულების შემდგომ, მოსარჩელე უფლებამოსილია, გაეცნოს პროექტის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს, რაც, ასევე, მოიცავს ექსპერტის ვინაობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას. მოპასუხე ნორმის ამგვარ ინტერპრეტაციას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 128/5 ბრძანებაში არსებობდა პირდაპირი მითითება ექსპერტთა დასკვნის გაცნობისას ექსპერტთა კონფიდენციალურობის თაობაზე, ხოლო ასეთი პირდაპირი მითითება არ არსებობს „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში. დამატებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტების პირობებში მას მიმართება აქვს 41-ე მუხლის მხოლოდ პირველ პუნქტთან.
17. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონქვემდებარე აქტის გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება კანონს, საკანონმდებლო სივრცე იძლევა ამ საკითხის საერთო სასამართლოში გადაწყვეტის საშუალებას. ამ შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში არ იარსებებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის არაერთ ნორმაში მითითებულია მტკიცების ტვირთის თაობაზე, რომელიც მოსარჩელეს აქვს დაკისრებული სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებსაც უნდა შეეხებოდეს და ადასტურებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, „სარჩელში მოყვანილი...მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412; II-8). „მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება №2/4/420; II-7). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1)
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმას ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალურობა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს არღვევს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის გაცემის წესს, კერძოდ, „ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტურ უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს „... „ოფიციალურ ჩანაწერებში“ უკვე არსებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის შინაარსობრივ ფარგლებზე და ასეთი ინფორმაციის გაცემის წესზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №1/5/625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
3. სადავო ნორმის კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მას არ აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ მას შეეხება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფო ორგანოში არსებული ინფორმაციის მესამე პირებისგან დაცვის გარანტიებს. ის არ არეგულირებს პირის მიერ მის შესახებ არსებული ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოდან გამოთხოვის საკითხებს. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №757 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
გიორგი კვერენჩხილაძე