საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N757 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კრავეიშვილი |
თარიღი | 17 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - გიორგი კრავეიშვილი, რომლის უფლებები (სხვა კონკურსატებისაც) უშუალოდ დაირღვევა სადავო არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების შედეგად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის, დადგენილება # 84-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში არსებულ ძირითად უფლებებთან. კერძოდ, კონსტიტუციის 41-ე მუხლთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. 2016 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #148 „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის #84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სადაც მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „4. დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია“. აღნიშნული სამართლის ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. ამდენად, კონსტიტუციის 41-ე მუხლი მე უფლებას მანიჭებს, გავეცნო სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, კერძოდ შეფასების დასკვნებს ექსპერტების ვინაობის ჩათვლით, ვინც შეაფასებს საკონკურსო ნაშრომს. ამ უფლებას ზღუდავს საქართველოს მთავრობის ზემოთაღნიშნული დადგენილება და შესაბამისად მითითებული სამართლის ნორმის მოქმედება არღვევს ჩემს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავ თხოვნით, არაკონსტიტუციურად სცნოს, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის, დადგენილება # 84-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი. გასულ წლებში, ჩემი ოჯახის დაფინანსებით, არაერთი ექსპედიცია მქონდა ჩატარებული ინგილოებთან და საქართველოში მცხოვრებ ლაზებთან. 2013 წელს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამენციერო ფონდის მიერ გამოცხადებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად მოვიპოვე გრანტი 21 000 ლარის ოდენობით, რითაც შევძელი გადამეხადა დოქტორანტურაში სწავლის 3 სემესტრის საფასური და თურქეთის ტერიტორიაზე შემესწავლა საქართველოს მოწყვეტილი კუთხეების (ლაზეთის, ტაოსა და შავშეთის) მუსიკალური ფოლკლორი. აქ განსაკუთრებით ავღნიშნავ ტაოურ ხალხურ მუსიკას, რომელიც მანამდე ჩვენთვის სრულიად უცნობი იყო. მიუხედავად ლაზეთში, შავშეთსა და ტაოში დიდი მუშაობისა, დასახელებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ბევრ სოფელში მისასვლელად. აქ აღარაფერს ვამბობთ კლარჯეთის მხარეზე, რომელიც საერთოდ ჩაუწერელი და შეუსწავლელი დარჩა. 2014 წლის 12 ნოემბერის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება #111-ით კვლავ გამოცხადდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი, სადაც კვლავ შევიტანე ჩემი პროექტი ანალოგიური სახელწოდებით, რომელიც გაგრძელება იყო ძველი პროექტისა. ვიმედოვნებდი, რომ მოვიპოვებდი გრანტს, რომლის საშუალებით დაფინანსდებოდა ჩემი დარჩენილი სამი სემესტრის სწავლის საფასური (4500 ლარი) და უფრო სრულყოფილად ვიმუშავებდი საქართველოს ისტორიულ მხარეებში. უპირველეს ყოვლისა ჩავიწერდი კლარჯულ ხალხურ მუსიკას. მიუხედავად ჩემი პროექტის მაღალი შეფასებისა, სამწუხაროდ კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ამ პროექტის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის მნიშვნელობა და არ დაფინანსდა ჩემი თემა (მისი ბიუჯეტი წელიწადნახევრის განმავლობაში 31 500 ლარს წარმოადგენდა, რომელიც თავად ფონდის ექსპერტების მიერ გონივრულ თანხად იყო შეფასებული). ამ მხარეების ხალხური მუსიკის დროულად შესწავლა აუცილებელია, რადგან ლაზეთში, შავშეთსა და განსაკუთრებით ტაოში 2014 წელს ჩემ მიერ მოპოვებული ძველი გრანტის ფარგლებში ჩატარებულმა ექსპედიციებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდა თაობაში არამარტო მუსიკის, არამედ ენის შენარჩუნების პრობლემაც დგას. გარდა ამისა, უკვე 20-25 წელია რაც სოფლების უმეტესობა იცლება და ხალხი ძირითადად ზაფხულში ამოდის, რაც ისედაც მინავლებულ ეროვნულ ტრადიციებს სრულ გაქრობას უქადდის. გარდა ამისა ამქვეყნიდან მიდის ის ხალხი, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს მამაპაპათაგან გაგონილი სიმღერები თუ დასაკრავები. ამიტომ მუშაობისას იმ ტერიტორიაზე გატარებულ თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელს ლაზეთში, განსაკუთრებით კი შავშეთსა და ტაოში წარმოებულმა ექსპედიციებმა თვალნათლივ დაგვანახეს თუ როგორ არის გაქრობის პირას მისული ჩვენი ხალხური სიმღერები და დასაკრავები. სასიმღერო მრავალხმიანობის (რითაც განთქმულია ჩვენი ფოლკლორი) დაკარგვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართული ყოფის ამსახველი სიმღერების (საქორწინო, შრომის, რელიგიური და ა. შ.) უდიდესი ნაწილი ან საერთოდ გამქრალია, ანდა თითოოროლა ნიმუშებითაა წარმოდგენილი, რომელიც ასევე გაქრობის პირასაა. ამით ცხადია იმის თქმა არ მინდა, რომ ადგილობრივთა სიმღერებში ქართული კვალი სრულებით არ იგრძნობოდეს, მაგრამ ამის პოვნა დღესაც კი საკმაოდ ძნელია და ახლო მომავალში დიდი ალბათობით შეუძლებელიც გახდება. სიმღერებთან შედარებით ქართული მუსიკალური სააზროვნო სისტება შედარებით უკეთესად საჭიბონე მუსიკაშია შემორჩენილი, თუმცა თურქული მუსიკის გავლენა აქაც საკმაოდ აშკარაა და ტრადიციული გუდასტვირი ლაზეთის გარდა სხვა მხარეებში (ტაო, შავშეთი) გადაშენების პირას არის მისული. არადა ჩვენი ხალხური მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა რომელსაც დროულად შესწავლა ესაჭიროება. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 2014 წლამდე სამწუხაროდ საქართველოს ამ ძირძველ მხარეებში არ იყო ჩატარებული არცერთი მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიცია, არადა ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტ საკითხს მოეფინებოდა ნათელი. ამრიგად პირველი მე ვიყავი, რომელმაც ვიმუშავე დასახელებულ ტერიტორიაზე. როგორც აღვნიშნე 2014 წელის 12 ნოემბერის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება #111-ით კვლავ გამოცხადდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი. მითითებული კონკურსი გამოცხადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის #128/5 ბრძანებით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები"-ს საფუძველზე. მითითებული ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ,,ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია", ხოლო მე-11 მუხლის თანახმად ,,საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირებისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე". აღნიშნული სამართლის ნორმები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას". ამდენად, კონსტიტუციის 41-ე მუხლი ყოველ მოქალაქეს უფლებას გვანიჭებს, გავეცნოთ სახელმწიფო დაწესებულებაში ჩვენს შესახებ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, კერძოდ იმ ექსპერტის ვინაობას ვინც აფასებს ნაშრომს. აღნიშნულ უფლებას მიზღუდავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის #128/5 ბრძანებით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები"-ს მე-9 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები. შესაბამისად მითითებული სამართლის ნორმების მოქმედება არღვევდა ჩემს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და 2015 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აღნიშნული ნორმების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/7446-15) ჩემი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლების სახით, მასზე არსებული ინფორმაციის, მის მიერ დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობა, რაც არის ადამიანის ბუნებრივი უფლება და ადამიანის თავისუფალი განვითარების, კერძოდ ზოგადი პიროვნული უფლების, უფრო კონკრეტულად, ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის, კონსტიტუციით აღიარებული შესაძლებლობა, როცა ამ შემთხვევაში ექსპერტი, რომელიც ასე ვთქვათ მონაწილეობს პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში, ხდება იმ ინფორმაციის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ პირზე მუშავდება. აქვე სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლით ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მასზე არსებულ ინფორმაციას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლს, რომელიც პირდაპირ, ცხადად ამბობს, რომ ექსპერტის ვინაობა აისახება შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ნორმატიული აქტის მოცემული პუნქტები წინააღმდეგობაში მოდის, როგორც კონსტიტუციასთან, ისე საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან.
საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ბექა ქანთარია, მუხლი 41. გვ. 497 – 512. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი ამკვიდრებს ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ ისინი არ უკავშირდება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის ყურადღების ცენტრშია სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებსა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლი განამტკიცებს სიტყვებს „ოფიციალური დოკუმენტი” და „ოფიციალური ჩანაწერი“. საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს საიდუმლო მონაცემებს, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ანუ ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციაა. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის პირველი წინადადება მოქალაქეს აძლევს უფლებას, გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულად მას ეხება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაყოფა შეიძლება რამდენიმე ჯგუფად: - პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს;... საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში. როგორც ამ ნორმიდან ნათლად ჩანს, ოფიციალური დოკუმენტი შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ, გარკვეულ შემთხვევაში, კანონის საფუძველზე, მოახდინოს მისი შეზღუდვა. სწორედ ამ შეზღუდვის გამოვლინებაა გარკვეული ინფორმაციის მიჩნევა სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პერსონალური მონაცემების საიდუმლოებად. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის დებულება იცავს პირის უფლებას, არავისთვის გახდეს მისი თანხმობის გარეშე ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს ეხება. დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარიდან მოყვანილი ეს ციტატები ნათლად მეტყველებს მასზედ, რომ ჩემი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ“ მუხლი 20. თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.“. ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება # 84 „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს, ის ანტიკონსტიტუციური ნორმაა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა