რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1550 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1550) მომართეს რევაზ ელიავამ და სოსო ელიავამ. №1550 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 27 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1550 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1550 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი აწესრიგებს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისევე, როგორც ცრუმაგიერ პირებთან მიმართებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საფუძველს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში მიიჩნევა პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილი საგადასახადო ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, სასამართლოსთვის პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის წარდგენასთან ერთად, ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 35-ე თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის წესს.
5. №1550 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ გადასახადის გადამხდელის, შპს „ბოჰემა 2012-ის“ ცრუმაგიერ პირებად და კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მათ მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა სასამართლოს როლი ამ პროცესში განისაზღვრება მხოლოდ ცრუმაგიერობის ფაქტის დადგენით. შესაბამისად, ბრძანების გამოცემისას სასამართლო არ ადგენს, თუ რა ფარგლებში იქნა გამოყენებული ცრუმაგიერი პირი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით.
7. ამასთან, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას, განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, თითოეული ცრუმაგიერი პირისთვის გადაცემული ქონების მოცულობა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის მონაწილეობის ფარგლები ამ პროცესში, რათა, საბოლოოდ, სწორედ აღნიშნული ფარგლების პროპორციულად გამოიყენოს მათი ქონების მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამგვარი ვალდებულების არარსებობის პირობებში, დგება ისეთი ფაქტობრივი მოცემულობა, როდესაც სადავო ნორმების საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, თითოეული ცრუმაგიერი პირის ქონებაზე განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მთლიანი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით. მსგავსი მოწესრიგება, მოსარჩელე მხარის პოზიციით, იწვევს მათი, როგორც ცრუმაგიერი პირების, საკუთრების კონსტიტუციური უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
9. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას ასაბუთებს აგრეთვე იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანოსათვის მინიჭებული სრული დისკრეციის პირობებში, როგორც წესი, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა ხდება ცრუმაგიერი პირის მთლიან ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულებაც, ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აღემატება საგადასახადო დავალიანების მოცულობას. მაგალითისათვის, №1550 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ერთ-ერთი მოსარჩელის შემთხვევაში, ყადაღა დაედო, მათ შორის, უძრავ ქონებას, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღემატებოდა 3 მილიონ ლარს, მაშინ, როდესაც საგადასახადო დავალიანების მოცულობა შეადგენდა მხოლოდ 430 287 ლარს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება და საგადასახადო ორგანოს მიერ მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება ხდება, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების პროცესში, თითოეული ცრუმაგიერი პირის გამოყენების ფარგლების განსაზღვრის გარეშე და მასთან შეუსაბამოდ.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1550 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება და საგადასახადო ორგანოს მიერ თითოეული ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება ხდებოდეს მისი პასუხისმგებლობის ფარგლების გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო დავალიანებისგან თავის არიდების მიზნით, ცრუმაგიერი პირისთვის გადაცემული ქონების მოცულობის პროპორციულად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში მიიჩნევა პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
4. დასახელებული ნორმებით დადგენილია ცრუმაგიერი პირის ცნება და ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, ასევე, მითითებულია ის საპროცესო კანონმდებლობა, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მოწესრიგებულია შესაძლო ცრუმაგიერი პირის ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შემთხვევა როგორც სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შედეგი.
5. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ, ერთი მხრივ, მათ მიზანს არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ცრუმაგიერი პირის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელების საფუძვლების ანდა მოცულობის განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმები არ შეიცავს, აგრეთვე, საგადასახადო დავალიანებისაგან თავის არიდების პროცესში თითოეული ცრუმაგიერი პირის მონაწილეობის ფარგლების დამდგენ წესს. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტა და, შესაბამისად, საგადასახადო დავალიანებისაგან თავის არიდების პროცესში მისი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 716 თავის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, დასახელებულ ნორმებში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის ამოკითხვა.
6. ამდენად, ზემოთ მოყვანილი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1550 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების და მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1550 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1550 კონსტიტუციური სარჩელი („რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1550 კონსტიტუციური სარჩელი („რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების და მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი