თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/1527 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 15:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1527) მომართა თეიმურაზ ლორიამ. №1527 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 25 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1527 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი, 312 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თანასწორ პირობებში შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, ხოლო მე-3 პუნქტი არეგულირებს საკუთრების ჩამორთმევის საკითხს.
5. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორი, რომელსაც სადავო კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. მისი მითითებით, რომ არა სადავო ნორმით დაწესებული ზედა ზღვარი, იგი სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებდა 700 ლარის ოდენობით. აღნიშნულის ნაცვლად, იგი ვერ სარგებლობს მისთვის განკუთვნილი კომპენსაციის სრული ოდენობით, რაც არღვევს მისი საკუთრების უფლებას, ამავე დროს, ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას შესადარებელ პირთა შორის.
6. მოსარჩელის მითითებით, სადავო კანონის საფუძველზე, მას წარმოშობილი აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მიიღებს შესაბამის მატერიალურ სარგებელს სრული მოცულობით. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გაანგარიშების წესის მიხედვით, მისი კომპენსაცია უნდა შეადგენდეს 560 ლარზე მეტს, თუმცა სადავო ნორმის საფუძველზე, იგი შემცირებულია ზემოაღნიშნულ ოდენობამდე. ამრიგად, სადავო ნორმა სრულიად უსაფუძვლოდ უზღუდავს მას კუთვნილი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას და, შესაბამისად, იწვევს საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა ასევე ადგენს დისკრიმინაციას, რადგან კომპენსაციის ოდენობისათვის დაწესებული ზედა ზღვარი არ ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამშვიდობო მისიებში, შეიარაღებულ კონფლიქტებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და სხვადასხვა სახის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით დაწესებული განსხვავებული მოპყრობა მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და არ არსებობს გარემოება, რომელიც გაამართლებდა მას.
8. მოსარჩელე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო სამართლის აქტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1527 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა აწესებს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის ზედა ზღვარს 560 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საკუთრების საყოველთაო უფლებას. სოციალურ უფლებათა საკუთრების უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის მე-19 მუხლის ფარგლები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინება საქმეზე „მოსარჩელეები - ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსაგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
5. კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის არსებობისათვის აუცილებელია, მოსარჩელემ დაადასტუროს, რომ მას კანონმდებლობის საფუძველზე გარანტირებული ჰქონდა კონკრეტული მატერიალური სარგებლის მიღება, რომლის რეალიზებაც არ მოხერხდა ან არასრულფასოვნად განხორციელდა სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის ოდენობაზე ზედა ზღვრის დაწესებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა ძალაშია ამავე კანონის ამოქმედების მომენტიდან - 2006 წლის პირველი იანვრიდან. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი, რაც უგულებელყოფილი იქნა სადავო ნორმის შემოღებით. ამასთან, კომპენსაციის გაანგარიშების წესი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისათვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობა სცდება 560 ლარს, მისი მოქმედების ნებისმიერ მომენტში პირობადებული იყო სადავო ნორმით დაწესებული ზედა ზღვრის არსებობით. ამდენად, დროის რომელიმე მონაკვეთში, სადავო ნორმის საფუძველზე, არ მომხდარა მოსარჩელისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის შემცირება და კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფა, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას.
6. მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის ასევე მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რის საფუძველზეც რეგულირებულია საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტი. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართების თაობაზე. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამდენად, ცალსახაა, რომ სახეზე არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევა. ამრიგად, არ არის დასაბუთებული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიასთან.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1527 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. №1527 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, დისკრიმინაციას წარმოადგენს კომპენსაციის მიმღებ პირთა ნაწილზე ზედა ზღვრის წესის გაუვრცელებლობა.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
10. სახელმწიფო განსაკუთრებით ფართო დისკრეციას ფლობს სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის განსხვავებული სახის და ოდენობის მატერიალური სარგებლის განაწილებისას. ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებით შესაძლებელია, სახელმწიფოს სხვადასხვაგვარი მიზანი ამოძრავებდეს. მაგალითისთვის, სოციალური გარანტიების შემოღება შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურში დასაქმების წახალისებას, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასებას, ქვეყნის და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას შეწირული სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ნაწილობრივ და სიმბოლურ კომპენსირებას და ა.შ. ამრიგად, დისკრიმინაციის წარმოსაჩენად აუცილებელია, დასაბუთებული იქნეს განსხვავებული მოპყრობის აშკარად არაგონივრული და ირაციონალური ხასიათი.
11. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენენ შესადარებელი პირები სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მოსარჩელე არის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი. ხოლო იმ პირთა წრეს, რომლებზეც არ ვრცელდება სადავო ნორმით განსაზღვრული კომპენსაციის ზედა ზღვარი, წარმოადგენენ სამშვიდობო მისიებში, შეიარაღებულ კონფლიქტებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და სხვადასხვა სახის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. აშკარაა, რომ შესადარებელ პირთა ჯგუფებისათვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნები და ბუნება ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება.
12. მოსარჩელისგან განსხვავებით, ზემოხსენებულ პირთა წრის შემთხვევაში, გარდა სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა და გაწეული შრომის დაფასებისა, სახეზეა ყველაზე მძიმე ადამიანური ტრაგედიის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების მცირედით შემსუბუქების მიზანი, რაც აბსოლუტურად განსხვავებულ ფუნქციასა და შინაარსს სძენს აღნიშნულ სამართალურთიერთობას. ამდენად, ცალსახაა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პირთა ჯგუფები და მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის გაანგარიშების წესები ერთმანეთთან შედარებადი ვერ იქნება. ამგვარი დიფერენცირება გამოწვეულია სრულიად რაციონალური საფუძვლით და არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირების გონივრულობას.
13. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქეების უფლება, თანასწორ პირობებში შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება სადავო ნორმის ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1527 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1527 კონსტიტუციური სარჩელი („თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი