ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ და მაკა ტოხიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/1567 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ და მაკა ტოხიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების ‒ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ... ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები“ - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1567) მიმართეს იურიდიულმა პირმა ‒ ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრიმა“ და საქართველოს მოქალაქე მაკა ტოხიშვილმა. №1576 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2021 წლის 18 თებერვალს. №1567 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1567 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას, მათ შორის, პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განსაზღვრავს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე ყველას უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილია გაერთიანების თავისუფლების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
5. №1567 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) სტუდენტებისთვის ქმნიდეს პლატფორმას პოლიტიკურ დღის წესრიგზე, იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივ, აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ საკითხებზე მსჯელობისათვის, პოლიტიკურ და საუნივერსიტეტო/სტუდენტურ მმართველობაში მონაწილეობისათვის. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს უნივერსიტეტებში წარმოდგენილია მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობა ‒ ერთადერთი ორგანო, რომელიც მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის მართვაში და არ უზრუნველყოფს რაიმე ტიპის პოლიტიკურად პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობას, გარდა საუნივერსიტეტო მართვისა. ამგვარი სისტემა კი გამორიცხავს პლურალიზმს, რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის.
6. მოსარჩელეების განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა გამორიცხავს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პარტიების წარმონაქმნებისა (ახალგაზრდული ორგანიზაციების) თუ სხვა ტიპის პოლიტიკურ-იდეოლოგიური (მაგ., ნაციონალისტური, მემარჯვენე-მემარცხენე, სოციალდემოკრატიული და სხვ.) სტრუქტურული ერთეულების დაფუძნების შესაძლებლობას, რომლებიც იდეურად ორიენტირებული იქნებოდნენ პოლიტიკური დებატებისა და დისკუსიების გამართვაზე, სტუდენტების მმართველ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგზე. მოსარჩელეების არგუმენტაციით, უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულის შექმნა ხელს შეუწყობს სტუდენტების როგორც პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო მსოფლმხედველობის, პოლიტიკური კულტურის, დებატებისა და ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, აგრეთვე მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი თავი პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვისა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს სტუდენტების ჩამოყალიბებასა და ზრდას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის პოლიტიკა.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებს, ერთი მხრივ, აძლევს შესაძლებლობას, ორგანული კანონით დადგენილი წესით შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური პარტიაა უფლებამოსილი ჩამოაყალიბოს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ‒ ფილეალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ სხვ. ამგვარად, ამ თვალსაზრისით, თავისთავად, ახალგაზრდებიც აღჭურვილი არიან უფლებამოსილებით, პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებით შექმნან და ჩამოაყალიბონ „პოლიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია ‒ გაერთიანება“, რასაც სადავო ნორმა გამორიცხავს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების და განათლების მიღებისა და მისი ფორმების არჩევის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და გაერთიანების თავისუფლებას.
9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, №1567 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო სფეროში არსებულ გამოცდილებაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1567 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის შესაბამისად, გამორიცხულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესაძლებლობა.
3. მოსარჩელეების არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაცია აფერხებს სტუდენტების მიერ პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვას, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ განვითარებას, პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო მსოფლმხედველობის, პოლიტიკური დებატების კულტურის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციასა და დიალოგს. სწორედ აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიიჩნევენ მოსარჩელეები, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება განათლების მიღებისა და მისი ფორმების თავისუფლად არჩევის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
4. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა, უმაღლესი განათლების მიზნებთან შეუსაბამისობის გამო, დაუშვებლად მიიჩნევს მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესაძლებლობას მხოლოდ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამორიცხავს პირთა მხრიდან სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების თავისუფლად არჩევის ან/და მითითებული აქტივობების სტუდენტების მიერ განხორციელების შესაძლებლობას. სადავო ნორმა საერთოდ არ შეეხება საუნივერსიტეტო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსს ან/და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელების საკითხს და, ამ მხრივ, არ გამორიცხავს სტუდენტის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ის საგანმანათლებლო პროგრამა, დაგეგმოს, განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს იმ საგანმანათლებო აქტივობაში, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად უზრუნველყოფს მისი პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო მსოფლმხედველობის, პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური დებატების, დისკუსიისა და სხვადასხვა ზოგადი თუ პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
5. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ბუნებრივია, საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში მონაწილეობით და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებით ადამიანები იღებენ გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას, მათ შორის, იყალიბებენ და ავითარებენ პოზიციებსა და მსოფლმხედველობას, გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს, მათ შორის, თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციასთან თუ საგანმანათლებო სფეროსთან დაკავშირებულს. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ თავად დასახელებული საქმიანობის განხორციელება განათლების უფლებით არის დაცული.
6. გარდა ზემოაღნიშნულისა, №1567 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნასა და საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის მიმართებას.
7. მოსარჩელეები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია უფლება, ჩამოაყალიბოს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ‒ ფილეალი, წარმომადგენლობა თუ ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და მისი მიზნების რეალიზაცია. ამასთანავე, მოსარჩელეების პოზიციით, თავისთავად, ახალგაზრდებიც აღჭურვილი არიან უფლებით, პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებით შექმნან და ჩამოაყალიბონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „პოლიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია ‒ გაერთიანება“, რომელთა მეშვეობითაც მოეწყობა დებატები, დისკუსიები, შემცირებული მასშტაბით უნივერსიტეტებში შეიქმნება პოლიტიკური სივრცეები, რაც გამოიწვევს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიტიკით და გაზრდის პოლიტიკაში ჩართულობას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
9. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია გაერთიანების თავისუფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით. გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის №2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. ამასთანავე, ნებისმიერი გაერთიანება, ისევე, როგორც ამ გაერთიანების დაფუძნების, მისი საქმიანობის ორგანიზებისა და თავისუფლად განხორციელების უფლება არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებაში არსებული ტერმინი „გაერთიანება“ გამოიყენება არაპოლიტიკური მიზნით შექმნილი გაერთიანებების აღსანიშნავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის №2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). პოლიტიკური პარტიების თავისუფლად შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება კი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით.
11. განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგულაცია გამორიცხავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც (მისი არსებობის შემთხვევაში) „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილია და არსებული პოლიტიკური პარტიისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირის უფლებები არ გააჩნია. სხვაგვარად, პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის არსებობა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის ორგანიზების ნაწილია. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის შექმნის უფლება, თუ რომელიმე კონსტიტუციური უფლების ნაწილს განეკუთვნება, ის დაცული უნდა იყოს არა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, არამედ იმ კონსტიტუციური დებულებით, რომელიც ადგენს პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელეების უფლება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესახებ, არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის.
12. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნის კონტექსტში, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელეები ვალდებული არიან, წარმოადგინონ, რა თვალსაზრისით განეკუთვნება უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის შექმნა მათი კონსტიტუციური უფლების ნაწილს და ამგვარი შესაძლებლობის არარსებობა რა თვალსაზრისით ზღუდავს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებას. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეებს არც პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების, მისი საქმიანობის ორგანიზების და მის საქმიანობაში მონაწილეობის, პოლიტიკური იდეოლოგიის გავრცელების ან/და პოლიტიკური ინტერესის გამოხატვისა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ეზღუდებათ. სხვაგვარად, აუცილებელია, მოსარჩელეებმა წარმოაჩინონ, რომ უშუალოდ პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფუძნების გარეშე არსებითად რთულდება ან შეუძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და მისი მიზნების მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად.
13. მოსარჩელეები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, როგორც აღინიშნა, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით მოითხოვენ. დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე ყველას უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი წარმოადგენს უზოგადეს დებულებას და მისი მიზანია, დაუცველი არ დარჩეს საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას იმ ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე, იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული სხვა კონსტიტუციური დებულებებით.
15. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის შექმნა შესაძლებელია, განეკუთვნებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს. აღნიშნული კი, გამორიცხავს სადავო რეგულაციასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის შინაარსობრივ მიმართებას. ამასთანავე, №1567 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმიდან მომდინარე იმგვარი შეზღუდვის არსებობას, რაც დაცული არ არის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით.
16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, №1567 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული №1567 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ და მაკა ტოხიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი