ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ და მაკა ტოხიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1567 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“, მაკა ტოხიშვილი |
თარიღი | 15 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები. | საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები. |
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, მუხლი 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არ მიღების საფუძველი, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეებს წარმოვადგენთ: 1. ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ რომლის მიზანია ხელი შეუწყოს
საქართველოს სწრაფ დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, საგანმანათლებლო სფეროში. ორგანიზაცია იცავს სტუდენტების უფლებებს, ხოლო უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებს ,,სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების პროგრამას“. ორგნიზაციში გაერთინებულ სტუდენტურ კოალიციას შეზღუდული აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში დემოკრტიული საგანმანათლებლო-პოლიტიკური აქტივობების განხორციელება, კერძოდ, განათლების რეფორმებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის კუთხით პოლიტიკის ცვლილებაზე საუნივერსიტეტო სივრცეში მუშაობა. ამიტომ განათლების პოლიტიკის ცვლილებისთვის რეფორმებზე მუშაობა იდეოლოგიურ თუ საკანონმდებლო ინიციატივების ჭრილში ხდება საუნივერსიტეტო სივრცის გარეთ, რის შედეგადაც სტუდენტებს ეზღუდებათ უნივერსიტეტებში პიროვნების თავისუფალი განვითარების, განათლების- პოლიტიკაში პრაქტიკულად ჩართვის და გაერთიანების თავისუფლება;
2. პოლიტიკური მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ახლად კურსდამთავრებული მაკა ტოხიშვილი, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით უნივერსიტეტში პრაქტიკული განვითარების საშუალება შეეზღუდა. მას ჰქონდა ინიციატივა, ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ორგანიზაცია საუნივერსიტეტო სივცეში, ჩეტარებინა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დებატები, გაემართა სტუდენტებს შორის იდეებზე და იდეოლოგიებზე დაფუძნებული პოლიტიკური დისკუსიები, თუმცა, მან მოიკვლია და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ჩანაწერით პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ინიციატივების განხორიელება ვერ შეძლო. ის არის რიგითი სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა უნარი, განვითარებულიყო პოლიტიკურად პრაქტიკულად საუნივერსიტეტი სივრცეში, თუმცა თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ამისი საშუალება არ მიეცა.
მოსარჩელეებს სადავო ნორმის ფარგლებში, ეზღუდებათ საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული ერთეულის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის ჩანაწერი, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები - ახალგაზრდული ორგანიზაციები. აღნიშნული, იმთავითვე კლავს სტუდენტების თავისუფლებას საუნივერსიტეტო სივრცეში, ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც შეძლებენ საჯაროდ და თავისუფლად გამოხატონ პოლიტიკური ინტერესი; დააფიქსირონ საკუთარი აზრი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით; შექმნან პოლიტიკის სტრუქტურული ერთეულები, თავიანთი გემოვნების და სურვილის მიხედვით და თავიდანვე ჩაერთონ ქვეყნის განვითარებისა და პოლიტიკური მართვის პროცესში, სადაც ახალგაზრდულ პოლიტიკურ წარმონაქმნებს შორის მოეწყობა დებატები, დისკუსიები, შემცირებული მასშტაბებით უნივერსიტეტებში შეიქმნება პოლიტიკური სივრცეები, რაც მიზანმიმართული იქნება ახალგაზრდებში დემოკრატიული საწყისების განვითარების, პოლიტიკაში ჩართულობისა და ქვეყნის მართვის პროცესში კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ. ანუ, ვერ ქმნიან პოლიტიკური პარტიების სტრუქტურულ ერთეულიებს - პოლიტიკური ორგანიზაციებს, რომელში ჩართულობაც უზრუნველყოფს პოლიტიკურად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს იდავონ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12, 22-ე და 27-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმატიული შინაარსი
საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-3 მუხლის მეხუთე ნაწილი ადგენს, რომ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეული.
აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე დღესდღეობით უნივერსიტეტებში არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულები. სტრუქტურულ ერთეულებში იგულისხმება პოლიტიკური პარტიების წარმონაქმნები (ახალგაზრული ორგანიზაციები) თუ სხვა ტიპის პოლიტიკური იდეოლოგიური ერთეულები. მაგალითისათვის, თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში ნაციონალისტურ, მემარჯვენე-მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიულ თუ სხვა ტიპის სტუდენტურ ერთეულებს, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკურ დებატებზე, იდეურად კამათობენ ერთმანეთში, მონაწილეობას იღებენ აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში. არ არის მათი დიალოგი მმართველ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციურ პარტიებთან. უნივერსიტეტებში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობა, ერთადერთი ორგანო, რომელიც მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის მართვაში. შესაბამისად გამორიცხულია ყველანაირი პლურალიზმი. ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობა არ უზრუნველყოფს რაიმე ტიპის პოლიტიკური პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობას, გარდა საუნივერსიტეტო მართვისა. ხოლო, აღნიშნულ მართვაშიც არ ხდება ალტერნატიული ორგანიზაციული პოზიციის წარმოშობა.
მაშინ, როცა საუნივერსიტეტო სივრცეში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა პოლიტიკურ დღის წესრიგზე და არათუ მსჯელობა, არამედ ახალგაზრდები, სტუდენტები უნდა ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ყველა ზემოთხსენებული აქტივობა და შესაბამისი განვითარების შესაძლებლობა უნივერსიტეტებში შეზღუდული აქვთ. მაგალითისათვის, 2019 წლის 20 ივნისის სტუდენტური აქტივობების მონაპოვარი - პროპორციული საარჩევნო სისტემა სწორედ ახალგაზრდების დამსახურებაა, მაგრამ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, დებატები და დისკუსია წარმართონ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც წესით თავად უნდა აყალიბებდეს და ზრდიდეს მათ პოლიტიკურად.
პოლიტიკური მსჯელობა უნდა იმართებოდეს საუნივერსიტეტო მმართველობაზეც, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია. უნივერსიტეტის რექტორს უნდა ჰქონდეს სივრცე და პლატფორმა, შეხვდეს სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკურ ახალგაზრდულ ჯგუფებს.
ის, რომ სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ მმართველ ორგანოს შორის პლურალისტური მოქნილი სისტემა არაა ჩამოყალიბებული, კარგად გამოჩნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,აუდიტორია 115-ის“ პერიოდში, როდესაც დიალოგის არქონამ წარმოშვა უზარმაზარი კრიზისი და სტუდენტებს მოუწიათ, ბოიკოტის რეჟიმში დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი. ისინი იბრძოდნენ მონოპოლიზირებული თვითმმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებიც თვითნებურად არამართლზომიერად განკარგავდნენ ფინანსებს.
დღესდღეისობით სტუდენტებს არ აქვთ პლატფორმა, სივრცე, რომ მონაწილეობა მიიღონ სტუდენურ მმართველობით თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ რჩებათ ერთადერთი რამ - გავიდნენ ქუჩაში, როდესაც ხედავენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უსამართლობას, რაც უარეს კრიზისს წარმოშობს, რადგან დასაწყისშივე ჩახშობილია დიალოგის ჯანსაღი შესაძლებლობა და ფორმა.
პოლიტიკურ მსჯელობაში იგულისხმება იდეოლოგიური მსჯელობაც, მაგალითად, სტუდენტები დასავლეთის ქვეყნებში უნივერსიტეტებში ქმნიან მემარჯვენე-მემარცხენე იდეოლოგიურ გაერთიანებებს, მათ შორის დებატები კი ავითარებს მონაწილე ახალგაზრდებსა თუ დამსწრე აუდიტორიას. დისკუსია გადადის არა პერსონიფიცირებულ, არამედ იდეოლოგიურ და იდეურ კამათში, რაც საერთო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებაზე და ახალგაზრდების მონაწილეობითობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მოქალაქეების უფლება, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისა, ორგანული კანონის თანახმად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში და ამასთან ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქეთა მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოაყალიბოს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფი იქნება ეს - ფილეალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ სხვა, თავისთავად ახალგაზრდებსაც აღჭურავს უფლებამოსილებით პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებით შექმნან და ჩამოაყალიბონ „პოლიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია - გაერთიანება“. გაერთიანება კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაში განიმარტა, რომ ეს უფლება „...იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთ-ერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში.
ადამიანი თავისი არსით, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შენაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ადამიანის თავისუფლება არ არის თავისუფლება საზოგადოებისაგან, ეს არის თავისუფლება საზოგადოებაში, სადაც არსებობს და გადაიკვეთება მრავალი თანხვედრი, თუ ურთიერთსაპირისპირო ინტერესი. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. დაცულია საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლად ჩამოყალიბების, თავისუფალი ასოციაციის პრინციპი, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი იძულებითი გაერთიანებების, თუნდაც მისი მონაწილეების დიდი ენთუზიაზმის ფონზე, საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების გარანტირების, არამედ დემოკრატიული გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის.[1]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა (United Communist Party v. Turkey), რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანების ფორმაა, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიის ჯეროვნად განხორციელებისათვის.[2]
აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულის შექმნა ხელს შეუწყობს, სტუდენტების როგორც პოლიტიკურ, სოციალურ თუ სამეცნიერო მსოლმხედველობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ისე მათ მისცემს შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი თავი პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვისა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და მათ საზოგადოებრივ ზრდას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც პოლიტიკაა.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი თანახმადაც „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ ეს მუხლი განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, რომ ადამიანის პიროვნულობა უზენაესი ღირებულებაა. პიროვნულობა განსაზღვრავს ინდივიდის არსს, მიუთითებს ადამიანის ყველაზე მკაფიო და ტიპურ მახასიათებლებზე, რომლებიც მას სხვა ადამიანებისაგან განასხვავებს. ადამიანის პიროვნება მუდმივად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, საკუთარი პიროვნების განვითარებისთვის მას ჭირდება თავისუფლება, თავისუფლების უფლების გარანტირებულობა. მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ საგანგებოდ ითვალისწინებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.[3]
ამავე განჩინებაში სასამართლომ ისაუბრა სხვა ადამიანებთან პერსონალური კავშირის შენარჩუნებაზე, როგორც პირადი ცხოვრების უფლების და პიროვნული განვითარების უფლების განსაკუთრებულ ასპექტზე: „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის ინდივიდის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობა.“[4]
როგორც ადამიანის განვითარების შესახებ გაეროს დეკლარაციაშია აღნიშნული, „ადამიანის პიროვნება ცენტრალური საგანია განვითარებისა და სწორედ იგი უნდა იყოს განვითარების უფლების აქტიური მონაწილე და მოსარგებლე“.[5] ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი პროგრესი, თითოეული ადამიანის პიროვნული ბედნიერება. ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფს მისი ნიჭის, პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარებას და, ამ თვალსაზრისით, იგი ადამიანის ღირსების უფლების განუყოფელი ნაწილია. შესაძლებლობების განვითარებით, ცოდნის მიღებით, გარესამყაროსთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება ადამიანი თავისუფალ პიროვნებად, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადეოების არსებობა. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება კონკრეტული უფლებების აღიარებითა და მათი დაცვითაა უზრუნველყოფილი. გაეროს დეკლარაციის (განვითარების უფლების შესახებ) მე-2 მუხლით, რომელიც გაერომ სწორედ ამ უფლების დაცვას მიუძღვნა, აღნიშნულია, რომ: „ყველა ადამიანს გააჩნია პასუხისმგებლობა თავისი განვითარებისა ... ისევე, როგორც მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რამდენადაც მხოლოდ საზოგადოებას ძალუძს უზრუნველყოს თითოეული ადამიანის სრული და თავისუფალი განვითარება“.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, რომლის ძალითაც თითოეულ პიროვნებას საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს, თავისი წვლილი შეიტანოს და ისარგებლოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური განვითარებით, რომელშიც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს. იგი მოიცავს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: ცოდნის შეძენა, დაქორწინების, შვილების გაჩენის, პიროვნების თვითგამორკვევის, პროფესიისა და საქმიანობის შერჩევის, საზოგადოებრივი საქმიანობის, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უფლებას, რომლებიც თავისუფალი ადამიანის განვითარებისა და მისი ბედნიერებისთვისაა აუცილებელი.
ეცნებითი, მორალური და სოციალური განვითარების და მისი ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. იგი თანაბრად მოიცავს ადამიანის ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური განვითარების სფეროებს; როგორც მისი ფიზიკური ყოფიერების, ისე სულიერ, ინტელექტუალურ ასპექტებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება. საქართველოს კონსტიტუციის 23 - ე მუხლით უზრუნვეყოფილია პოლიტიკური პარტიების თავისუფლება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ორგანული კანონით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ 21 -ე მუხლის პირველი ნაწილი პარტიას უფლებას აძლევს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი (ფილეალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვ.) იურიდიული პირის უფლების გარეშე.
სადავო ნორმის ჩანაწერი, რომ დაუშვებელია უნივერსიტეტებში შეიქმნას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულები პოლიტიკურ პარტიებს და უნივერსიტეტის სტუდენტებს ართმევს კონსტიტუციის ფარგლებში გარანტირებულ უფლებას, შექმნან სტრუქტურული ქვედანაყოფი - ახალგაზრული გაერთიანებები, იურიდიული პირის გარეშე. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას. ამ პუნქტის შინაარსი ვრცელდება არარეგისტრირებულ გაერთიანებებზეც, ვინაიდან გაერთიანება ფართო ცნებაა და იგი მოიცავს როგორც სახელმწიფოს მიერ კანონიერების წესის დაცვით რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ისე ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე არსებულ გაერთიანებებსაც. [6]
გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებაში.[7] გაერთიანების თავისუფლების ძირითადი უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ვინაიდან მათი არსებობა დემოკრატიული წესწყობილების მთავარი საფუძველია. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს პირის ინდივიდუალურ უფლებას, რომელიც მყარადაა დაკავშირებული კოლექტიურ უფლებასთან.[8]
„ადამიანი, თავისი არსით, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ადამიანის თავისუფლება საზოგადოებაში, სადაც არსებობს და გადაიკვეთება მრავალი თანხვედრი, თუ ურთიერთსაპირისპირო ინტერესი. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად....“[9] გაერთიანების უფლების მნიშვენლობა უპირველესად ადამიანის სამოქალაქო აქტივობის უზრუნველსაყოფად არის მოხსენიებული კონსტიტუციაში.
4.საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლების სფერო
განათლების უფლება ადამიანის ბუნებით მინიჭებული და კონსტიტუციით განმტკიცებული ფუნდამეტური ღირებულებაა. განათლების უფლება სოციალური უფლებების კატეგორიაში მოიაზრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებას და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას.[10] და ვინაიდან, განათლების უფელბა მიეკუთვნება სოციალური უფლებების კატეგორიას, სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შეუქმნას საქართველოს მოქალქეებს მიიღონ განათლება, განვითარდენენ ამა თუ იმ სფეროში საფუძვლიანად და განათლების მიღებისა და გაღმავების მიზნით, ჩაერთონ საქმიანობაში პრაქტიკულად. ყველა არსებული შესაძლებლობის გათვალისწინებით.
უნივერსიტეტებში პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნა, განავითარებს სტუდენტებს პოლიტიკურად და ხელს შეუწყობს მათ პოლიტიკის, როგორც მეცნიერების სრულფასოვან დაუფლებაში.
ამ საკითხთან მიმართებით საგულისხმო და გასათვალისწინებელია დასავლეთ ევროპისა და ამერიკის გამოცდილება, სადაც აპრობირებულია უნივერსიტეტებში პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, სტუდენტური პოლიტიკური კლუბების თუ გაერთიანებების შექმნა. გაერთიანებებს შორის ეწყობა დებატები, დისკუსიები, შემცირებული მასშტაბით უნივერსიტეტებში იქმნება პოლიტიკური სივრცეები, რაც იწვევს ახალგაზრდების დაინტერესებას, პოლიტიკაში ჩართულობას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ახალგაზრდები უნივერსიტეტებშივე ყალიბდებიან პოლიტიკოსებად. მაგალითად, ჰარვარდის კამპუსში პოლიტიკური გაერთიანება ჯერ კიდევ 1932 წელს ჩამოყალიბდა და დღესაც პოლიტიკური დებატების ცენტრს წარმოადგენს. კამპუსი მასპინძლობს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პოლიტიკურ დებატებსაც.[11] შესაბამისად, აყალიბებს მაღალი დონის პროფესიონალებს და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ადრეულ ასაკში შეიძინონ პოლიტიკური კულტურა, დებატებისა და ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარები.
მსგავსი გაერთიანებაა ჩამოყალიბებული კორნელის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის კამპუსში აქტიურად იმართება საჯარო დებატები და დისკუსია. ისინი თავიანთ წევრებს და ფართო საზოგადოებას უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევებ, განიხილონ ყველაზე აქტუალური პოლიტიკური და სოციალური საკითხები საუნივერსიტეტო სივრცეში ცნობილ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რომლებიც სტუმრობენ კამპუსს მნიშვნელოვან თემებზე დებატებში მონაწილეობისთვის. წევრები აძლევენ საშუალებას სტუდენტებს, უნივერსიტეტის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უმასპინძლონ. მაგალითად, კერძო საუბრები კორნელის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, სამეურვეო საბჭოსა და დეკანებთან; ამასთან, ეხმარებიან წევრებს, განავითარონ დემოკრატიული პროცესები, ჩართულობისა და სამუშაო შესაძლებლობების შექმნის -უზრუნველყოფით.[12]
იელის პოლიტიკური გაერთიანება - უძველესი და ყველაზე დიდი დებატების საზოგადოება ამერიკაში დაარსდა 1934 წელს, რომლის დებატებში ჩართულნი იყვნენ ისეთი საპატიო მოღვაწეები, როგორიცაა რონალდ რეიგანი, ჯო ბაიდენი, ლედი ბერდ ჯონსონი, მილტონ ფრიდმანი, სტრომ თურმონდი, ფარიდ ზაქარია, ჯონ კერი და სხვა. [13]
კემბრიჯის სტუდენტური გაერთიანება არის პოლიტიკური დებატების მიზნით შექმნილი კავშირი, რომელსაც მსოფლიოში 70 000 წევრზე მეტი ყავს გაერთიანებული და ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ სტუდენტურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელმაც წარსულში უმასპინძლა ისეთ დიდ მოღვაწეებს, როგორებიცაა - უინსტონ ჩერჩილი, თეოდორ რუზველტი და სხვა. ეს არის გაერთიანება, რომელიც დღემდე აყალიბებს ბევრ წარმატებულ პროფესიონალ პოლიტიკოსს.[14]
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, 22-ე და 27-ე მუხლების პირველი პუნქტებით დაცულ უფლებეში ჩარევა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლება ვრცელდება საკუთარი პიროვნების განვითარების უფლებაზე. ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფს მისი ნიჭის, პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარებას და, ამ თვალსაზრისით, იგი ადამიანის ღირსების უფლების განუყოფელი ნაწილია. შესაძლებლობების განვითარებით, ცოდნის მიღებით, გარესამყაროსთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება ადამიანი თავისუფალ პიროვნებად, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადეოების არსებობა. აქედან გამომდინარე კანონმდებლობა, რომელიც შეეხება პიროვნების თავისუფალ განვითარებას უნდა შეესაბამებოდეს და პასუხობდეს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ სტანდარტებს.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ერთის მხრივ ადამიანის პიროვნული ავტონომიის პირობებში საზოგადოებრივ გაერთიანებაში ჩართვას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული პროცესების განამტკიცებას. სწორედ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს პირების გაერთიანებას. გაერთიანების თავისუფლება თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ გაერთიანებათა თავისუფლებასაც.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია განათლების თავისუფლება. განათლება მიეკუთვნება სოციალური უფლებების კატეგორიას. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შეუქმნას საქართველოს მოქალქეებს მიიღონ განათლება, განვითარდენენ ამა თუ იმ სფეროში სიღრმისეულად, ჩაერთონ საქმიანობაში პრაქტიკულად განათლების მიღებისა და გაღმავების მიზნით.
აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერის: „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები“ არაკონსტიტუციურად ცნობა.
ლეგიტიმური მიზანი
სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი, შესაძლებლობა და უნარი, მოქნილად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული პროცესების გათვალისწინებით განახორციელონ პოლიტიკური დისკუსია საუნივერსიტეტო სივრცეში, შესაძლებლობა და უნარი შექმნან პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფები - ახალგაზრდული ორგანიზაცია/გაერთიანებები, რომელიც განავითარებს მათ პოლიტიკურად, მისცემს შესაძლებლობას ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში პრაქტიკულად, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის, როგორც მეცნიერების განვითარებასა და მეცნიერების ღრმად, პრაქტიკულ დაუფლებას თვით უნივერსიტეტის კედლებში. შესაძლებლობა და უნარი, გამართონ პოლიტიკური იდეოლოგიური და იდეური დისკუსიები, სადაც მონაწილეობას მიიღებს ათასობით სტუდენტი (რომელთაც აქვთ მისწრაფება, თავად შეცვალონ განათლების პოლიტიკა). შესაძლებლობა და უნარი, მოიწვიონ პოლიტიკოსები და ექპერტები, რათა მათთან ერთად განიხილოდ ქვეყანაში არსებული პრობლემები, გამართონ დებატები. შესაძლებლობა, განავითარონ დემოკრატიული პროცესები საგანმანათლებლო სივრცეებში, შეიმუშავონ საკანონმდებლო ინიციატივები, წინადადებები და რეკომენდაციები, დღევანდელი საკანონმდებლო ჩანაწერით შეზღუდული და დაუშვებელია. შესაბამისად, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების ფარგლებში, როგორიც არის პიროვნული განვითარების უფლება, განათლების უფლება და გაერთიანების შექმნის უფლება არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ჩანაწერი - დაუშვებელია უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში შეიქმნას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულები.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის N2/2/439 გადაწყვეტილება II, პუნქტი 2
[2] გვ. 306
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება, II.პ.4
[5] Declaration on the Right to Development, 4 December, 1986, მუხლი 2.
[6] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, გვ. 304
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის N2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[8] ტუღუში, ბურჯანაძე, მშვენიერაძე, გოცირიძე, მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის N2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.2;
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
[11] https://iop.harvard.edu/get-involved/harvard-political-union
[12] https://www.cornellpoliticalunion.org/aboutus
[13] https://ypu.sites.yale.edu/
[14] https://www.cus.org/about-the-union
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა