მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/6/808 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ივნისი 2017 19:30 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №808) მომართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2016 წლის 21 ივლისს.
2. №808 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 22 ივნისს.
3. №808 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში სავალდებულო უფასო პოლიტიკური რეკლამის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის განაწილების წესს საზოგადოებრივი და საერთო მაუწყებლებისთვის.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება. 49-ე მუხლის მე-3 უნქტის შესაბამისად, „პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“.
6. №808 კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის რეალიზებისთვის მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობისა და უფასო სარეკლამო დროის პოლიტიკური პლურალიზმისათვის არსებულ მნიშვნელობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც სარგებლობენ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებით, არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და სადავო ნორმების საფუძველზე, მათთვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას.
7. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-2 მუხლის რ1 პუნქტი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია „ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია“. ამავე მუხლის უ1 პუნქტის თანახმად, კვალიფიციური პარტია თავის მხრივ არის პარტია, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ხსენებული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც, დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფა დამოკიდებულია არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების შეხედულებებსა თუ შესაძლებლობებზე, არამედ მათ მიერ წინა არჩევნებზე მიღწეულ შედეგზე. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ არასწორია დამოუკიდებლად არსებული კვალიფიციური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წევრი კვალიფიციური პარტიის ერთ სამართლებრივ სიბრტყეში მოქცევა, რადგან პირველ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული შედეგი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა, თუ რა შედეგები მოიპოვა საარჩევნო ბლოკის წევრმა ცალკეულმა საარჩევნო სუბიექტმა. აღნიშნული ასევე წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის უხეშ დარღვევას.
9. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ზღუდავს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების უფლებას, სხვა საარჩევნო სუბიექტების ხარჯზე და წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება, რომელიც არ იწვევს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, კვალიფიციურ საარჩევნო პარტიებსა და, მეორე მხრივ, იმ სუბიექტებს შორის, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიც არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა.
10. მოსარჩელეთა თანახმად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისეთი ობიექტურად შეზღუდული რესურსის ფარგლებში, როგორიც მაუწყებელთა საეთერო დროა, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის დრო გაანაწილოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მაქსიმალურად მისცეს ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც რეალურად კონკურენტუნარიანია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ თანაბარი ოდენობის სარეკლამო დროის ბლოკში შემავალი კვალიფიციური პარტიებისთვის გადაცემა, დამოუკიდებლად არსებული კვალიფიური პოლიტიკური პარტიების მსგავსად, (რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელისთვის დროის შემცირებას გულისხმობს), ნაკლებად ეფექტურს ხდის სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ღონისძიებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც.
11. №808 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად ადგენს და მიუთითებს იმ სამართლებრივ დოკუმენტზე, რომლითაც საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული საქმიანობა ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად. მოსარჩელეთა მითითებით, იმისათვის, რათა კანონი მიღებულად ჩაითვალოს, პარლამენტმა უნდა დაიცვას რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის ეტაპები, რაც არ ყოფილა დაცული სადავო ნორმების მიღების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ მუხლთან მიმართებითაც არაკონსტიტუციურია.
12. სარჩელის ავტორები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე, ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების შეჩერება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. №808 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი მე-6 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდაოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე, როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ადგენს თანასწორ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. მათი მტკიცებით, ისინი (არჩევნებში დამოუკიდებლად მოასპარეზე კვალიფიციური პარტია) და საარჩევნო ბლოკის წევრი კვალიფიციური პარტიები არ არიან თანასწორი სუბიექტები და ორივე ტიპის პარტიისათვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფა ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს.
6. წინასაარჩევნო სარეკლამო დროის მიღებასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების არსებითად თანასწორობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილებაში საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების იმჟამინდელი რედაქციის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში, არა უმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა“.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „...წინასაარჩევნო პროცესში ყველა საარჩევნო სუბიექტს გააჩნია თანაბარი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს თანასწორი საარჩევნო გარემო. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, სხვა სუბიექტების თანაბრად, აქვს ინტერესი, განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაცია და მის ფარგლებში გამოიყენოს ყველა ის რესურსი, რომლით სარგებლობის შესაძლებლობას მოქმედი საარჩევნო კოდექსი იძლევა და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ურთიერთობა/ეფექტური ინტერაქცია საარჩევნო სუბიექტსა და ამომრჩეველს შორის. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას კი უდავოდ წარმოადგენს უფასო წინასაარჩევო რეკლამა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ურთიერთობის ფარგლებში არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტი არსებითად თანასწორად უნდა იქნეს განხილული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სუბიექტები, რომელთა შორის თანაბარ მოპყრობას მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევად მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ მიმართ თანასწორი მოპყრობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს ვერ შეზღუდავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ დასტურდება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის.
9. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, არსებობს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს, თუმცა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მიუთითებს მხოლოდ თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეები აპელირებენ მათი და საარჩევნო ბლოკში შემავალი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების არსებითად არათანასწორ სუბიექტობაზე. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების არსებითად უთანასწორობასა და მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის დაუშვებლობაზე მითითება ვერ გამოდგება კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი სხვა არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან შემხებლობის შესახებ, ამგვარად, №808 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №808 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები -„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის
განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 22 ივნისის №3/4/808 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 22 ივნისის №3/4/808 განჩინებასთან დაკავშირებით.
2. №808 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს, მათ შორის, წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ქვემოთ მოყვანილი არგუმენტაციის გამო მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში აკმაყოფილებდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების წინაპირობებს.
3. განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-8 პარაგრაფში მითითებულია, რომ „მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას ასევე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან ნორმების არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მიუთითებს მხოლოდ თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეები აპელირებენ მათი და საარჩევნო ბლოკში შემავალი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების არსებითად არათანასწორ სუბიექტობაზე. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების არსებითად უთანასწორობასა და მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის დაუშვებლობაზე მითითება ვერ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი სხვა არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან შემხებლობის შესახებ“.
4. ვერ გავიზიარებ განჩინების სულისკვეთებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის დასასაბუთებლად მოსარჩელე მხარეს დამოუკიდებელი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია და მის მიერ მოყვანილი მსჯელობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევის დასაბუთებას ემსახურება. ვფიქრობ, რომ სასარჩელო მოთხოვნის მითითებული ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღება ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელის ფორმალურ წაკითხვას.
5. უდავოა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9. იხ. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/15/713 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/2/753 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №1/4/870 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის ფორმალურად წაკითხვას და აღნიშნული არგუმენტაციისთვის მოსარჩელის მიერ მიცემული სტრუქტურით ბოჭვას. №808 კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება აგებულია იმგვარად, რომ მოსარჩელე მხარე არ ახდენს კონკრეტული არგუმენტების დიფერენცირებას კონსტიტუციური უფლებების მიხედვით, რაც უპირობოდ არ გულისხმობს, რომ სარჩელში მითითებული არგუმენტები მხოლოდ ერთ კონსტიტუციურ უფლებას მიემართება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს უფასო სარეკლამო დროის თანაბრად განაწილება კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს შორის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ „უფასო საეთერო დრო წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პოლიტიკურ სუბიექტთა სუბსიდირების ერთ-ერთ არაპირდაპირ ფორმას. საარჩევნო სუბიექტებისათვის ამგვარი რესურსის უფასოდ გადაცემით სახელმწიფო მათ ხელს უწყობს თავიანთი პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებამდე მიტანასა და არჩევნებში წარმატების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში სატელევიზიო და რადიო მედია-საშუალებები ნამდვილად აღარ წარმოადგენენ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას საარჩევნო სუბიექტებისათვის, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან როლს ამგვარი კომუნიკაციის მიზნებისათვის. სარეკლამო დრო კი ითვლება ყველაზე უშუალო და მარტივ გზად ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობისათვის, თვით მედია-საშუალებების ჩარევისა და მათი მხრიდან პოლიტიკური გზავნილების ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გარეშე, თუმცა რეკლამა იმავდროულად დაკავშირებულია არცთუ უმნიშვნელო ფინანსურ დანახარჯებთან. სახელმწიფოს მხრიდან უფასო დროის მიღების შესაძლებლობის შექმნა კი შესაძლებელს ხდის პირდაპირ ინტერაქციას, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ფართო მასასა და, მეორე მხრივ, საარჩევნო სუბიექტს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის საარჩევნო პროცესში პოლიტიკური სივრცის სიჭრელესა და, შედეგად, ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული და რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.
8. „საარჩევნო პროცესის სამართლიან ბუნებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი განამტკიცებს რა საარჩევნო უფლებას, ადგენს ამ უფლების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს და მოითხოვს, რომ შეიქმნას საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის საჭირო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მიმდინარე პოლიტიკური დებატებისა და საკითხების თაობაზე, იმ საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკაზე, რომლებიც იბრძვიან პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად.
10. პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საკუთარი გზავნილის/პოლიტიკური მესიჯის მაქსიმალურად ფართო მასებისთვის მიტანის შესაძლებლობა.
11. სატელევიზიო ეთერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას ამომრჩევლამდე საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური გეგმების მისატანად და ამომრჩეველთა ხმების მოპოვების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. იმავდროულად, საეთერო მაუწყებლობაში რეკლამის განთავსება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პოლიტიკური რეკლამის ფინანსურ ტვირთზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიუთითა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს მხრიდან უფასო დროის მიღების შესაძლებლობის შექმნა შესაძლებელს ხდის პირდაპირ ინტერაქციას, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ფართო მასასა და, მეორე მხრივ, საარჩევნო სუბიექტს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის საარჩევნო პროცესში პოლიტიკური სივრცის სიჭრელესა და, შედეგად, ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული და რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მათ შორის, უფასო სარეკლამო დროის ფორმით, ხორციელდება პოლიტიკური პარტიების დახმარების გზით, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -20).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს მხრიდან უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა რეალურად უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის არსებობას წინასაარჩევნო პროცესში, იმავდროულად, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნამდვილი ნების ფორმირების პროცესზე, რამდენადაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, მედიის შუამავლობით, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ საარჩევნო სუბიექტებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -21).
13. ამდენად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი გზავნილი მიიტანონ ამომრჩეველთან, ხოლო ამომრჩეველს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკურ პლურალიზმს, არამედ ასევე საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზებას.
14. იმავდროულად, უფასო საეთერო დრო წარმოადგენს ამოწურვად რესურსს, რომელიც უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ადგენს უფასო სარეკლამო დროის საერთო ხანგრძლივობას. მოსარჩელეთა აზრით, ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ამომრჩევლისადმი საკუთარი გზავნილის სრულყოფილად მიტანის შესაძლებლობაზე.
15. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმით უფასო სარეკლამო დროით მოსარგებლე პირთა წრის გაფართოვებით იკარგება უფასო პოლიტიკური რეკლამის მთავარი დანიშნულება და გაუმართლებლად იზღუდება ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების მიერ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული უფლება. ვინაიდან საეთერო დრო შეზღუდულ რესურსს წარმოადგენს, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თანაბარი ოდენობის სარეკლამო დროის გადაცემა საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიებისათვის ამცირებს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობას და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიების ეფექტურობას, ართულებს უფასო სარეკლამო დროის ინსტიტუტის მიზნების მიღწევას. ამდენად, უფასო სარეკლამო დროის სწორ განაწილებას გააჩნია არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის რეალური პოტენციალი.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების პროცესს და არა იმას, რომ მან ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სადავო ნორმებით ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში ჩარევის დადგენა უკვე დაასრულა, ჩარევა სახეზეა და მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს ჩარევის კონსტიტუციურობა. დაცულ სფეროში ჩარევის დადგენა არის კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის განუყოფელი ნაწილი, საჭიროებს სადავო ნორმის საფუძვლიან ანალიზს და მისი განხორციელება განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში შეუძლებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-2).
17. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება სადავო ნორმასა და დაცულ უფლებას შორის მიმართების წარმოჩენა. მოსარჩელის მიერ დაყენებული საკითხი უფასო საეთერო დროის განაწილების წესის შესახებ შინაარსობრივად მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია რომ კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების კრიტერიუმებს.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრი
ლალი ფაფიაშვილი
22 ივნისი, 2017 წელი