საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/6/751 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2016 11:09 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია), მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №751) მიმართა საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილმა. №751 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 18 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 28 დეკემბერს.
2. №751 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტი და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) ჩამოთვლის პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ, დაიკავონ შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა. სადავო ნორმები ამგვარ სუბიექტებად განსაზღვრავს: ა) პირს, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; ბ) პირს, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. №751 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით, იგი ცნობილ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ კონკრეტული ნორმის დამრღვევად და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან გასულია 4 წელი, თუმცა მოსარჩელე მხარისთვის სასამართლო დადგენილებით დადგენილი შედეგი განგრძობადია და სადავო ნორმებით უვადოდ ეკრძალება საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერ რგოლში, ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიაში წევრის თანამდებობის დაკავების უფლება.
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო წარსულში ბრალეულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე განწესების კრიტერიუმებს. შესაბამისად, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და შეუძლიათ დაიკავონ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა, მეორე მხრივ, მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, რომლებიც, მართალია, ფორმალურად ასევე აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაგრამ წარსულში დაუდგინდათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და ამ მიზეზით ერთმევათ კომისიის წევრად მუშაობის შესაძლებლობა.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, მომავალში საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების შეზღუდვის ვადას არ ადგენს, განსხვავებით ნასამართლობის მქონე პირისგან, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნასამართლობა უქარწყლდება ან ეხსნება და შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული თანამდებობა უპრობლემოდ დაიკავოს. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს კი საშუალება არ აქვს, შეიცვალოს სამართლებრივი სტატუსი, რის გამოც, მას კომისიის წევრად მუშაობა ეკრძალება განუსაზღვრელი ვადით.
8. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანზე, რომლის საფუძველზეც სადავო ნორმა ახდენს პირთა გაუმართლებელ დიფერენცირებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის არსებობა, თავისთავად, შეფასებადია თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა ამა თუ იმ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების მიმართ განსახილველ სამართალურთიერთობაში მყოფ არსებითად თანასწორ პირებს მკვეთრად აშორებს ერთმანეთისგან, დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი და ამიტომ სადავო ნორმის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შეფასების მკაცრი ტესტით.
10. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კვალიფიციური და ღირსეული პირის განწესებას, თუმცა სადავო ნორმები პირის უფლებას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კერძოდ, კომისიის წევრობის მსურველ პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა უვადოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებათ ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავება.
11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია), მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 22 ივნისის საქართველოს კანონით სადავო ნორმები შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, სადავო ნორმების ამჟამინდელი რედაქციით ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებების დაკავების აკრძალვა შემოიფარგლა თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში და, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სადავო ნორმამ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა, შეწყვიტა მოქმედება. იმავდროულად, აქტუალობა დაკარგა მოსარჩელის პრობლემამ - არაკონსტიტუციურად ცნობილიყო აღნიშნული თანამდებობების დაკავების განუსაზღვრელი დროით აკრძალვა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის № 1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №751 კონსტიტუციურ სარჩელზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №751 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი