კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველო ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს:
- 1. მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები:
„ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ“;
- 2. მე-20 მუხლის მე-17 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები:
„ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ“;
- 3. 24-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები:
„ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ“,
ის ნორმატიული შინაარსი, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში, რომელიც უვადოდ კრძალავს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო პირების საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისად, ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პირის წევრად წარდგენა/არჩევა/დანიშვნას.
კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
- კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – “კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.1). მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია, არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით.
- სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან, “მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები”. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
- მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N2/5/556 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
- მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო წარსულში ბრალეულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმებს.
- შესაბამისად, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, შესადარებელ ჯგუფებს (კატეგორიებს) წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და შეუძლიათ დაიკავონ საარცევნო კომისიის წევრის თანამდებობა და მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, რომლებიც, მართალია, ფორმალურად ასევე აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაგრამ წარსულში დაუდასტურდათ საქართველოს სააარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და შესაძლებლობა ერთმევათ კომისიის წევრად იმუშაონ, მიუხედავად იმისა, რომ ვადაგასული, გაქარწყლებული ან მოხსნილი აქვთ სახდელი.
- მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავება, თავისი შინაარსით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს.
- მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, მომავალში საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების შეზღუდვის ვადას არ აწესებს, განსხვავებით ნასამართლევი პრეტენდენტისგან, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნასამართლობა უქარწყლდება ან ეხსნება და შეუძლია აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს (ასეთ დათქმას შეიცავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ აქ დასახელებული მუხლების სხვა ქვეპუნქტები). საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს საშუალება არ აქვს შეიცვალოს სამართლებრივი სტატუსი, რის შედეგადაც კომისიის წევრად მუშაობა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალება.
- “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად, რომლის თანახმადაც, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. შესაბამისად, პირს საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული უნდა ჰქონდეს დარღვევის დადასტურებიდან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ პირის ქმედებებში დარღვევის დადასტურებიდან გავიდა ერთი წელი შესაბამისად, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
- სისხლისსამართლებრივ სფეროში ნასამართლობის ინსტიტუტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, “მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე”. ამავე მუხლით გათვალისწინებულია ნასამართლობის გაქარწყლების და მოხსნის შემთხვევები, კერძოდ, დანაშაულის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის ტიპების მიხედვით, ნასამართლობის გაქარწყლების განსხვავებული ვადებია დაწესებული. ნასამართლობის მოხსნა კი გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით პირს ნასამართლობა ეხსნება ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. აქედან გამომდინარე, ნასამართლობა არის სამართლებრივი კატეგორია, ინსტიტუტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თანმდევი შედეგია და დროში შეზღუდული მოქმედება ახასიათებს.
- ნასამართლობისგან განსხვავებით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა მიემართება არა ზოგადად დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირებს, არამედ მათ, ვინც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და გადაცდომის ჩადენის გამო დაუდასტურდათ სასამართლოს მხრიდან ის. საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, მოითხოვონ თავიანთი სტატუსის შეცვლა (დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა ან გაქარწყლება), რაც, თავის მხრივ, მათ საშუალებას მისცემდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეკავებინათ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები მხოლოდ მოქმედი საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს და არ ვრცელდება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე. კომისიის წევრი კი არჩევნების შედეგების შეჯამაბეისთანავე მოკლე პერიოდში ასრუებს თავის უფლებამოსილებას. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას აწესებს.
- აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, დიფერენცირებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. სადავო ნორმა ადგენს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავისი საქმიანობა აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს, კერძოდ “სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისაკენ და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-21).
- შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, რომ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობასთან დაკავშირებული საკითხები კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულიროს და არ დაუშვას თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან პირიქით.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების “მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.2). “დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს... აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.4).
- მოსარჩელე არ უთითებს, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა დისკრიმინაციას იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებული რომელიმე ნიშნის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის არსებობა, თავისთავად, შეფასებადია თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებით.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. “კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, , II.2; იხ. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.3).
- თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. “ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.5).
- შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ - რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების თანაზომიერების ტესტს. კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას რომელი მათგანით იხელმძღვანელებს სასამართლო, დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებსა თუ ფაქტორებზე, მათ შორის, მნიშვნელოვანია ჩარევის ინტენსივობა და დიფერენცირების ნიშანი.
- განსხვავებული მოპყრობის შეფასებისას გამოსაყენებელი ტესტის განსაზღვრისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად უკავშირდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება კონსტიტუციიის მე-14 მუხლში მოხსენიებულ კლასიკურ ნიშნებს. “ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე, ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.4). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებული არც ერთი ნიშნის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა.
- მიუხედავად ამისა, სასამართლომ, შესაძლებელია, მკაცრი ტესტი მაინც გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ თანასწორობის უფლებაში ჩარევა მაღალი ინტენსივობით ხდება. აღნიშნულის განსახორციელებლად უნდა შეფასდეს “არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.6).
- მოცემულ საქმეზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებაში ჩარევის ინსტენსივობის დასადგენად, აუცილებელია სადავო ნორმის სრულყოფილი ანალიზი, მისი შინაარსისა და მოქმედების ფარგლების განსაზღვრა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო გათავისუფლებული პირებისთვის კომისიის წევრად გამწესებაზე უარის თქმა რამდენად მკვეთრად აშორებს არსებითად თანასწორ პირებს.
- როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიემართება არა უშუალოდ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, არამედ ამ მიზეზით პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს და ზოგადად, პირებს, რომელთა ქმედებებში სასამართლომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა. სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა და, ამავდროულად, საჯარო სამსახურიდან ამ მიზეზით გათავისუფლდნენ და ის პირებიც, რომელთა ქმედებებში სასამართლომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა. სამსახურიდან გათავისუფლება ერთჯერადად, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ხორციელდება. ამასთან, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ამ პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ, კერძოდ, შეცვალონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი დისციპლინური გადაცდომის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის მოხსნის ან გაქარწყლების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ადგენს აბსოლუტურ (ბლანკეტურ) აკრძალვას და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევადადასტურებულ პირებს საარჩევნო კომისიის წევრის გამწესების უფლებას განუსაზღვრელი ვადით უზღუდავს.
- განუსაზღვრელი ვადით დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა განსახილველ სამართალურთიერთობაში მყოფ არსებითად თანასწორ პირებს ერთმანეთისგან მკვეთრად აშორებს. შესაბამისად, დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი და სადავო ნორმის შეფასებისას სასამართლომ მკაცრი შეფასების ტესტით უნდა იხელმძღვანელოს.
- მკაცრი ტესტის გამოყენების პირობებში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენდეს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.60).
- ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. “თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ , II.9).
- ამასთან, “ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება “ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.15.).
- სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის, შეიმუშავოს საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე გამწესების ცხადი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
- ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უშკარაა, რომ სადავო ნორმა ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – საარცევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კვალიფიციური და ღირსეული პირის განწესებას. თუმცა, მხოლოდ ღირებული ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის ასეთი ინტენსივობის დიფერენცირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის. ამისთვის აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი და არსებობდეს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.
- მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება უვადოდ ზღუდავს მის უფლებას, დაიკავოს საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა. დისციპლინური გადაცდომა თავისი არსით წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია და არ იწვევს მნიშვნელოვანი კერძო თუ საჯარო სიკეთეების ხელყოფას. ამაზე მიუთითებს აღნიშნული ტერმინის ლეგალური დეფინიციაც, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომაა: 1) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; 2) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; 3) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
- აღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ დისციპლინური გადაცდომა არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ეკვივალენტური ქმედება, რომელიც ასევე წარმოადგენს საარჩევნო კომისიის წევრის განწესებაზე უარის თქმის წინაპირობას. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მოხსნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, “დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას უფლება აქვს მოხელეს ვადამდე ადრე მოუხსნას პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ”.
- განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არსებითად თანასწორ პირებს შორის გაუმართლებლად უთანასწორო მოპყრობას ადგენს და უფლებას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კერძოდ, კომისიის წევრობის მსურველ პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, უვადოდ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკრძალებათ დაიკავონ ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის ძირითად უფლებას.
- ,,ნებისმიერი სახლემწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი შრომით-სამართლებრივი წესრიგი, რომელიც გარანტირებულს გახდის ადამიანების შრომით დასაქმებას. ის ფაქტი, რომ შრომა სახელმწიფოს არსებობის საფუძველია, ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას ადამიანთა შრომითი დასაქმების შესაბამისი გარანტიები.
- საეჭვოდ მიგვაჩნია შრომითი უფლებების შემოფარგვლა მხოლოდ დასაქმებული ადამიანის უფლებებით. იგი გაცილებით ფართოდ უნდა განიმარტოს, რის საშუალებასაც იძლევა შრომის მომწესრიგებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობანი.
- არ შეიძლება შრომის უფლება განვიხილოთ როგორც რაღაც სტერილურად, მონისტურად მოცემული სამართლებრივი სიკეთე. სინამდვილეში იგი სიკეთეთა ჯამია.
- შრომასთან დაკავშირებული უფლებებების მთლიან კონცეფციაში ცენტრალური ადგილი უნდა მივაკუთვნოთ უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლიობას, რომლებიც სხვადასხვა ზომით დაკავშირებულია დასაქმებასთან. აქედან უკვე ჩანს, რომ შრომის თავისუფლება არ უნდა გავიგოთ, რაღაც განყენებულ ფასეულობად. მართალია, ნებისმიერ პირს უფლება აქვს თავისი უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით აირჩიოს შესაფერისი სამუშაო და ეს მოხდეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე (იძულებითი შრომის გამონაკლისი შემთხვევების გარდა), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ძალის ბრუნვაში სახელმწიფო თავისუფალია პოზიტიური ვალდებულებებისაგან. იგი ქმნის არა მარტო ამ ბრუნვის სამართლებრივ წესრიგს, არამედ თითოეული ადამიანის დასაქმების ინდივიდუალურ გარანტიებს. მაგრამ ყოველთვის ეს ხორციელდება იმ ფარგლებში, რასაც განაპირობებს შრომის ბაზარი და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის შესაძლებლობანი.
- სამართლებრივი სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზეობს - „მე თქვენ დაგიცავთ უმუშევრობისგან, მე შევქმნი ისეთ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც გარანტირებულს გახდის თქვენთვის სამუშაოს ხელმისაწვდომობას როგორც საზოგადოდ, ისე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“. ასეთი მიდგომა პირდაპირ შეესაბამება კონსტიტუციური უფლებებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების თანამედროვე ტენდენციებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ უფლებებთან მიმართებით, სახელმწიფოს თავშეკავების ვალდებულებას ემატება მისი პოზიტიური ვალდებულებანი. თავისუფლება უმაღლესი კონსტიტუციური სიკეთეა, მაგრამ იგი საჭიროებს ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით. კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლებათა შორის ყველაზე მეტად ამას მოითხოვს შრომის უფლება. ისევე როგორც საკუთრების უფლებას აზრი დაეკარგებოდა, თუ არ იქნებოდა მისი შეძენის გარანტიები, ასევე უაზრო იქნებოდა შრომითი უფლებების დაცვაზე საუბარი თუ ადამიანს არ ექნებოდა დასაქმების სამართლებრივი გარანტიები” (ბესარიონ ზოიძე, სტატია ,,შრომის თავისუფლების არსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში”: ციტირებულია - ,,შრომის სამართალი” (სტატიათა კრებული), რედაქტორი ვახტანგ ზაალიშვილი, გამომცემლობა ,,მერიდიანი”, თბილისი 2011 წ., გვ. 6-10).
- მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ ემყარება სამართლიან სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, რასაც შეიძლება დაეფუძნოს საარჩევნო კომისიის წევრის მაღალი სტატუსის მოპოვების შეზღუდვა.
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თვით ნასამართლევ პირებსაც, ნასამართლობის მოხსნის შემდეგ, არ უზღუდავს უფლებას, დაიკავონ თანამდებობა.
- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონიც კი არ აწესებს გასაჩივრებული ნორმების ანალოგიურ შეზღუდვას. შესაბამისად, საჯარო სამსახურში თავისუფლად შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც მანამდე ნებისმიერი, თუნდაც დისციპლინური გადაცდომის მიზეზით იქნა გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან.
- სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმ არსებით გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული აქტი არ აწესებს ვადას, რა ვადითაც იქნებოდა შეზღუდული საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველი. ვფიქრობთ, ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის მოხსნა არის შესაძლებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კანონმდებლობის ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ კი, გასაჩივრებული ნორმა არ აწესებს შეზღუდვის მოქმედების ამოწურვის ვადას.
- უფრო დაწვრილებით, საქართველოს კანონმდებლობა, როგორც დისციპლინური და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომის მოხსნას და გაქარწყლებას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ”. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით: ,,თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად”. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლით დეტალურად არის განსაზღვრული ნასამართლობის გაქარწლების საკითხები.
- ვფიქრობთ, ამ ფონზე წარსულში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ უნდა იყოს ის გადაულახავი ბარიერი, რომლის გამოც პრეტენდენტს სამუდამოდ წაერთმევა საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების უფლება.
- უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, არამედ, მე-14 მუხლსაც. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კ ა ნ ო ნ ი ს წინაშე თანასწორია...“
- ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ,,კანონში” გულისხმობს კანონს არა ფორმალური, არამედ მატერიალური გაგებით, როგორც ქცევის ზოგადი წესის შემცველ ნორმას, რომელიც მიმართულია სუბიექტთა განუსაზღვრელი წრისაკენ. მაშასადამე, კონსტიტუციით დადგენილია თანასწორობა არა მარტო პარლამენტის მიერ მიღეუბლი კანონის, არამედ სახელმწიფოში მოქმედი ყველა ნორმის წინაშე (ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა, ,,საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, გამომცემობა ,,მერიდიანი”, თბილისი, 2005 წ., გვ. 25) . შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თანასწორობის უფლებას იცავს არა ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის, არამედ ზოგადად ნორმატიულ წესრიგთან მიმართებით. შესაძლოა, ამ ნორმატიულ წესრიგში რომელიმე საკანონმდებლო აქტი ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს (სწორედ ამ წესრიგის უზრუნველყოფაა საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულება), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს დაცული კონსტიტუციური ნორმების საწინააღმდეგო წესის დამკანონებელი კანონის არსებობისასაც კი.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №1/1/539, საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: ,,დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა – ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის (ხელმისაწვდომობის) გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა: ,,კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად კანონმდებელმა უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა უნდა აირჩიოს. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”.
- საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჯანო ჯანელიძის, ნინო უბერის, ელეონორა ლაგვილავას და მურთაზ თოდრიას საქმეზე (№2/7/19, 2003 წლის 7 ნოემბერი,) აღნიშნულია: ,,სოციალურ, სამართლებრივ და დემოკარტიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით”.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის საკითხზე მიუთითა, რომ „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
- ვფიქრობთ, გასაჩივრებული ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ არის განპირობებული არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით. ის არ შეესაბამება იმ ლოგიკას, რასაც საქართველოს კანონმდებლობა პირებს უწესებს საარჩევნო კომიისიის წევრის თანამდებობაზე გამწესებისას სხვა შემთხვევაში, ანუ გასაჩივრებული ნორმა აწესებს თვითმიზნურ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას და, შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შეზღუდვა უსამართლო და უკანონოა.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით გასაჩივრებული ნორმის წინააღმდეგობის შემოწმებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის და კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შინაარსის განხილვა, რადგან, ,,ევროპულ კონვნციასა და ევროპული სამართლის პრეცედენტულ სამართალს ასევე შეუძლია მოახდინოს გავლენა საქართველოს კონსტიტუციის დებულებების განმარტებაზე. საქართველოს კონსტიტუციის დებულებების განმარტება ევროპული კონვენციის მიხედვით გამომდინარეობს იმ სამართლებრივი პრეზუმფციიდან, რომლის თანახმად, ქვეყანაში ყველა მოქმედი აქტი შეესაბამება ერთმანეთს”. (კონსტანტინე კორკელია, ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში”, გამომცემელი ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში, თბილისი, 2004 წ., გვ. 258)
- ადამიანია უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად: ,,ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედუელებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა”. მე-12 დამატებითი ოქმი კიდევ უფრო აფართოებს თანასწორობის უფლებას და ყველას თანასწორად აძლევს კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობის უფლებას, ანუ აწესებს, რომ ყველა თანასწორია არა მხოლოდ კონვენციით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, არამედ მთელი კანონმდებლობის წინაშე.
- კონვენციის მე-14 მუხლის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც დიფერენცირებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. ობიექტურობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის პრინციპები, რომლებიც პრევალირებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
- თანასწორობის პრინციპის დარღვევა იკვეთება მაშინ, როცა დადგინდება, რომ არაპროპორციული იყო მიმართება მისაღწევი მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. სტრასბურგის სასამართლო კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას ადგენს მაშინაც, თუკი გასაჩივრებული განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება კანონიერ მიზანს. მაგალითად, საქმეში, სეჯდიჩი და ფინჩი ბოსნია და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ (SEJDIĆ AND FINCI v. BOSNIA AND HERZEGOVINA), 22.12.2009წ. გადაწყვეტილება, ევროპის სასამართლომ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ ,,ებრაელსა და ბოშას არ მიეცათ უფლება, წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“ (,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის შერჩეულ განჩინებათა და გადაწყვეტილებათა კრებული”, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისი, 2010 წ.).
- საქმეში, ანდრეევა ლატვიის წინააღმდეგ (Andrejeva v. Latvia, 18.02.2009წ. გადაწყვეტილება) ,,განმცხადებლის საერთო სამუშაო სტაჟის გამოთვლისას საბჭოთა პერიოდში მუშაობის წლების გაუთვალისწინებლობა იმის გამო, რომ განმცხადებელი არ იყო ლატვიის მოქალაქე“, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევად (,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის შერჩეულ განჩინებათა და გადაწყვეტილებათა კრებული”, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისი, 2010 წ.).
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ ასევე საქმეზე „სიდაბრასი და ძიაუტასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Sidabras and Džiautas v. Lithuania, 27.07.2004 წ.) განმცხადებლები სიდაბრასი და ძიაუტასი ,,კგბ”-ს ყოფილი ოფიცრები იყვნენ. თავიანთი წარსული მოღვაწეობის გამო და ლიტვის ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების მოტივით, შესაბამისი აქტით, რომელიც მათ შემდგომში გაასაჩივრეს, შეეზღუდათ დასაქმების უფლება, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში. ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი ,,კგბ-ს” შესახებ, ძალაში შევიდა 1999 წელს, ანუ ლიტვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1990 წლის 11 მარტი) თითქმის 10 წლის შემდეგ. შესაბამისად, აპლიკანტების პროფესიული შეზღუდვა განხორციელდა მათი ,,კგბ”-დან ჩამოშორებიდან 13 და 9 წლის შემდეგ. იმ ფაქტს, რომ აქტის გასაჩივრება დაგვიანებული იყო, შეიძლებოდა ჰქონოდა განსაზღვრული მნიშვნელობა, თუმცა არა გადამწყვეტი, დაწესებული შეზღუდვების პროპორციულობის შეფასებისას, რადგან გასაჩივრებული აქტი ადგენდა არაპროპორციულ შეზღუდვებს, მიუხედავად დაწესებული აკრძალვის კანონიერებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლების მიერ გასაჩივრებული აქტი, მიუხედავად დაწესებული აკრძალვის კანონიერებისა, ადგენდა არაპროპორციულ შეზღუდვებს.
- სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ საქმეს №34369/97, თლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ, 6 აპრილი, 2000 წ. (Thlimmenos v. Greece). თლიმენოსი ნასამართლევი იყო , რადგან რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარი განაცხადა სამხედრო ფორმის ტარებაზე. სასჯელის მოხდის შემდეგ განცხადება შეიტანა სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსზე, რომელზეც იგი ნასამართლობის გამო არ დაუშვეს, ისევე როგორც სხვა გასამართლებული პირები. სასამართლომ დაადგინა, რომ თანასწორობის მოთხოვნა დარღვეულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირებს სახელმწიფო დიფერენცირებულად არ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. ამ შემთხვევაში მომჩივანი გათანაბრებული იყო სისიხლის სამართლის სხვა დამნაშავეებთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათგან განსხვავდებოდა რელიგიური მრწამსით, არ იყო გათვალისწინებული იმ პირის განსაკუთრებულობა, რომელსაც მსჯავრი დაედო მხოლოდ და მხოლოდ რწმენის თავისუფლების რეალიზაციის გამო, სასამართლომ დაადგინა, რომ თანასწორად განხილვა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესებს. მომჩივნის ნასამართლობა არ მიუთითებდა მის ამორალურ, ანტისაზოგადოებრივ განწყობაზე.
- აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გასაჩივრებული ნორმით უდავოდ ილახება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის იდეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ ემთხვევა იმ კანონიერ მიზანს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობით საარცევნო კომისიის წევრობის მსურველ პირებს შეიძლება შეეზღუდოთ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების უფლება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული ნორმის შეზღუდვა არ არის შემოფარგული განსაზღვრული ვადით.
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით N2/5/556 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო ანალოგიური დათქმის მქონე ნორმა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში. ხსენებული საქმე წარმოადგენს მსგავსს, ანალოგიურ სარჩელთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვანი იქნება მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, როგორც დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა.
|