საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/812 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 სექტემბერი 2016 16:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №812) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძემ. №812 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 26 ივლისს.
2. №812 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 22 სექტემბერს.
3. №812 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირთა ნუსხა, რომელთა სპეციალური წოდებები გაუთანაბრდება შესაბამის სამხედრო წოდებებს, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენს 5 თვესა და 26 დღეს. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად, გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2007 წლის 24 ივლისიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სადაც მისი ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი 9 თვე და 23 დღე. 2009 წლის 24 აგვისტოდან იგი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, სამხედრო პოლიციის კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად დაინიშნა, საიდანაც 2011 წლის 4 იანვრიდან დათხოვნილი იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 4 თვეს და 22 დღეს.
7. 2013 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაზეც მიიღო უარი. თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა და თავდაცვის სამინისტროს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად აუცილებელ ერთ-ერთ პირობას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოსარჩელემ შეიარაღებულ ძალებში, საერთო ჯამში, იმსახურა 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი იყო შეიარაღებულ ძალებში სამსახურის არანაკლებ 10 წლიანი სტაჟი.
8. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის პერიოდის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღო მის მიერ უშიშროების სამინისტროში მუშაობის 10 წლიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 5 თვიანი სტაჟი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ორგანოები არ შედიოდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოსარჩელე აპელირებს სადავო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ მათზე დაყრდნობით, იმ პირებს, რომლებიც მოსარჩელის მსგავსად მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადავიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ზემოხსენებულ სამსახურში ნამსახურობი სტაჟი ეთვლებათ შეიარაღებულ ძალებში მუშაობის სტაჟად და აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ხოლო დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლის დრო. იმის გამო, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა არა სადავო რეგულაციებით დადგენილ პერიოდში, არამედ უფრო ადრე - 2005 წელს, იგი არ ექცევა კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ნიშანი არ წარმოადგენს დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით, რადგან სახეზეა უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მაღალი ხარისხი. აღნიშნულის მტკიცებისას იგი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სრულიად გამორიცხულნი არიან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს სახელმწიფო პენსია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, უმუშევრად დარჩენილ მოსარჩელეს შესაძლოა 15 წლის განმავლობაში მოუწიოს რეალური შემოსავლის გარეშე არსებობა.
10. სარჩელის მიხედვით, არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი, რასაც შესაძლოა ემსახურებოდეს სადავო ნორმები. აღნიშნული მეტყველებს დიფერენცირების გაუმართლებელ ხასიათსა და გასაჩივრებული რეგულაციების წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. სადავო ნორმები ადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირებს, რომელთა ვინაობაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.
3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეიარაღებულ ძალებში გადასული პირისაგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები არ ეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. ამის გამო, იგი ვერ იღებს სახელმწიფო კომპენსაციას და ხდება მისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევა. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმა საერთოდ არ ეხება ნამსახურობის სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლის საკითხს არეგულირებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების ისეთ შინაარსს, რომელიც მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, №812 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არ მიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №812 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი