საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/2/823 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 9 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 თებერვალი 2017 21:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი,
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე,
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №823) მიმართა საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 23 აგვისტოს. №823 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 9 თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, 423-ე მუხლი განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამგვარი განცხადების შეტანა დაიშვება, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 1998 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელე მხარესა და სს „თბილკომბანკს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა 60 ათასი აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელის თქმით, მას ბანკიდან თანხა არ გაუტანია ხელშეკრულების არასასურველი პირობების გამო.
2005 წლის 21 თებერვალს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქეთევან დოლიძეს დაეკისრა 67 200 აშშ დოლარის გადახდა სს „თბილკომბანკის“ სასარგებლოდ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ბანკიდან თანხის გატანის სალაროს გასავლის ორდერზე გაყალბებულ იქნა მისი ხელმოწერა, რის თაობაზეც ამ უკანასკნელმა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2011 წელს საჩივრით მიმართა ძველი თბილისის პროკურატურას და მოითხოვა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება ბანკის სალაროს გასავლის ორდერზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით. 2013 წლის 18 სექტემბერს პროკურორის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნულ დადგენილებაში მიეთითა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი შედეგების თაობაზე, რომლის თანახმადაც, დადასტურდა ბანკის სალაროს გასავლის ორდერზე მოსარჩელე მხარის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი. გამოძიებით ასევე ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ ბანკიდან 60 ათასი აშშ დოლარის გატანის ფაქტი.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ მოსარჩელე მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება ახალ გარემოებათა აღმოჩენის საფუძვლით. სასამართლოს მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, განცხადების წარდგენისათვის დადგენილი 5 წლიანი ვადის გასვლის გამო.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხელმოწერის გაყალბების ფაქტის დადგენის მიუხედავად, მას მაინც ეკისრება სს „თბილკომბანკთან“ დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა, რადგან სადავო ნორმის არსებობის გამო ერთმევა შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით და მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების შესრულებისთვის კი მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება შესაძლებელია გასხვისდეს იძულებითი აუქციონის ჩატარების გზით, როგორც ვალდებულების შესრულების ერთადერთი საშუალება.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლები სწორედ მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებათა დაცვაზეა ორიენტირებული, რომელთაც საკუთარი ბრალისაგან დამოუკიდებლად და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში ვერ მოახერხეს ისეთ მტკიცებულებათა მოპოვება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ერთ-ერთი მიზანი შესაძლებელია მტკიცებულებათა საიმედოობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა იყოს, თუმცა ამგვარი საფრთხე შესაძლებელია შეიქმნას თავად ხანდაზმულობის პერიოდშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი ვერ იქნება მტკიცებულებათა შენარჩუნების აბსოლუტური გარანტია. მას მხოლოდ შესაძლო რისკების შემცირება შეუძლია, რაც ვერ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტად.
11. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განაცხადის შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი, მოსარჩელის მტკიცებით, ეხებოდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვას 5 წლის ვადით და არა საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ამგვარად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, მოსარჩელის პოზიციით, გადაწყვეტილი არ არის და განხილული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად.
12. მოსარჩელე მხარე მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 28 სექტემბერსა და 2011 წლის 31 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე განსახორციელებელი აღსრულებისა და, შესაბამისად, მის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის განხორციელების შეჩერებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის აზრს დაკარგავს დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად არმიღების საფუძვლებს. კერძოდ, ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №823 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელისთვის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით პრობლემური არ არის სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოსათვის მიმართვის ყველა იმ საფუძველთან მიმართებით, რომლებიც ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა გაუმართლებლად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან კონკრეტული ვადით ზღუდავს მის შესაძლებლობას, სასამართლოსთვის მიმართვის გზით იდავოს საკუთარი უფლებების აღდგენისათვის.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილ, განცხადების შეტანისთვის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე. მოსარჩელის მტკიცებით, პირის კონსტიტუციური უფლება, სასამართლოს საშუალებით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული №161 კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. ამიტომ სადავო ნორმის გაუქმება მიუღებელია მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების გათვალისწინებით. „უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება მუდმივად, განუსაზღვრელად, საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თუკი კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უსასრულოდ დაუშვებდა უფლების საეჭვოობის შესაძლებლობას, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა თვით უფლების იდეასთან და საფუძველს გამოაცლიდა სამართლებრივ წესრიგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მართალია, მასში გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პირს ართმევს შესაძლებლობას, იდავოს საკუთარი უფლების თაობაზე და მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მაგრამ იგი წარმოადგენს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გამონაკლის აუცილებლობას.
4. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები, რომელთა მიმართ სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა პრობლემურია მოსარჩელე მხარისთვის, ასევე გათვალისწინებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/3/161 საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით. შესაბამისად, ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილებით ასევე იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსზეც, რომელიც სადავოდ არის გამხდარი №823 კონსტიტუციური სარჩელით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი 2013 წლის 5 ნოემბერს მიღებულ №3/1/531 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ დააკმაყოფილა №531 კონსტიტუციური სარჩელი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენდა 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხებოდა ამავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
6. №3/1/531 გადაწყვეტილებაში სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების სახეებზე, რომლებთან მიმართებითაც მოქმედებდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა. კერძოდ, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები“. ამასთან, 422-ე და 423-ე მუხლები ცალ-ცალკე ჩამოთვლიან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლებს (წინა პირობებს). შესაბამისად, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ თითოეულ საფუძველთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილს გააჩნია დამოუკიდებელი ნორმატიული შინაარსი.
7. №531 კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა საქმის წარმოების განახლების ზემოაღნიშნული ორი საფუძველი და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადით ზღუდავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას როგორც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით და ვალდებულია, იმსჯელოს სადავო ნორმის მხოლოდ გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსზე. კერძოდ კი, სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის გავრცელების კონსტიტუციურობის შეფასებას საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო (და არ ეხება საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო), ამასთან, მხოლოდ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ „პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს №3/1/531 გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც სადავოდ არის გამხდარი მოცემული დავის ფარგლებში №823 კონსტიტუციური სარჩელით. შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას №823 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №823 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
10. იმდენად, რამდენადაც არ ხდება №823 კონსტიტუციური სარჩელის მიღება არსებითად განსახილველად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას აღარ გაამახვილებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რადგანაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №823 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა